“10 წლის ასაკში ძალიან დიდი დატვირთვა ავიღე საკუთარ თავზე”

რთული პერიოდების, ჩავარდნების, ტრაგედიების თუ განსაცდელების გარეშე ცხოვრება არ არსებობს. კარგია თუ ცუდი, ეს ასეა და ყველა თავისებურად ცდილობს, ამ ყველაფერთან გამკლავების გზებს მიაკვლიოს.

ნატუკა გულისაშვილი: როდესაც ჩემს ცხოვრებაში პრობლემები ჩნდება ან ცუდი პერიოდი დგება, ვამბობ ხოლმე, რომ ეს კიდევ ერთი გაკვეთილია, რომელიც უფალმა გამომიგზავნა. უფალი არასდროს მოგივლენს ისეთ განსაცდელს, რომლის გაძლება და გადალახვაც არ შეგიძლია. მე ასე მჯერა.

როდესაც მამა გარდაიცვალა, 10 წლის ვიყავი. მაშინ ჩემი ცხოვრება ამოტრიალდა. მამა იყო ჩვენი ოჯახის მამოძრავებელი ძალა და მაშინ მივხვდით, რომ ყველას როლი შეიცვალა. მანამდე მამა ზღაპრულად გვაცხოვრებდა ჩვენი ოჯახის ქალბატონებს, უცებ ეს შეწყდა და მამაკაცის როლი ქალებმა შევითავსეთ. 10 წლის ასაკში ძალიან დიდი დატვირთვა ავიღე ჩემს თავზე. აღარ ვიყავი განებივრებული პატარა გოგონა, უცებ ძალიან დიდი ადამიანი გავხდი, ბავშვობას ავტომატურად დავემშვიდობე. ამ ამბავმა ძალიან გამაძლიერა, ამას მერე და მერე უფრო მივხვდი.

რთული პერიოდები ამით არ დასრულებულა. ძალიან მძიმეა, როდესაც ოჯახი გენგრევა. სამი წლის შვილთან ერთად მარტო დავრჩი. ეტყობა, მამამ ნაადრევად წასვლით, მამაკაცების გარეშე ცხოვრება მასწავლა. ათი წლის ასაკში ძალიან ძლიერ ქალად მაქცია და მივხვდი, როცა ღმერთი ორ ხელსა და ორ ფეხს, ჯანმრთელობასა და შრომის უნარს გაძლევს, ყველაფერს შეძლებ.

იყო პერიოდი, როცა ჩემს ცხოვრებაში აღარ იყო თეატრი, ტელევიზიიდანაც გამოგვიშვეს, ძალიან ცუდი დრო იყო. იმ დროიდან ერთი მომენტი მახსოვს ძალიან მძაფრად: დილით მზე ამოვიდა, მაგრამ მე არ გამიხარდა. კედლისკენ გადავბრუნდი და თავზე საბანი გადავიფარე. კედელს ვუყურებდი და მასზე ყველაფერი ცუდი მეხატებოდა. ძალიან არ მომეწონა ეს მდგომარეობა. არ მიყვარს სიტყვა დეპრესია, მაგრამ რეალურად ამ მდგომარეობას ასე ჰქვია. ვიგრძენი, რომ დავსუსტდი, ჩემს თავს ვეღარ ვმართავდი. არ შეიძლება, ასეთ მდგომარეობას ჩაჰყვე. ამქვეყნად მხოლოდ შენ არ ხარ. მარტო რომ იყო, თუ ამდენად არ გიყვარს საკუთარი თავი, შეგიძლია, საბანი გადაიფარო და კედლისკენ გადატრიალდე, მაგრამ როცა შენ გარშემო შენი საყვარელი ადამიანები არიან, ასე არ უნდა მოიქცე. შეიძლება, ვინმემ თქვას, რა ადვილად ლაპარაკობს, ასე მარტივი არ არისო, მაგრამ ყველას თავისებური ფსიქიკა აქვს. ვიღაცას შეუძლია, ამ მდგომარეობიდან თვითონ გამოვიდეს, ვიღაცას არ შეუძლია, ამიტომ აუცილებლად დროულად უნდა მიმართოს სპეციალისტს. მე იმ თაობიდან ვარ, როცა ფსიქოლოგთან და ფსიქიატრთან მისვლა სამარცხვინოდ მიაჩნდათ. ჩემს ახალგაზრდობაში, გეტყოდნენ: ოჰ, რა გჭირს სამაგისო, თვითონ გამოხვალ მდგომარეობიდანო. არადა, ეს ყველას არ შეუძლია. ამიტომ ძალიან კარგია, რომ ფსიქიატრის, ფსიქოლოგის თუ ნევროპათოლოგის დახმარების მიღება დღეს სირცხვილად აღარ ითვლება. მადლობა უფალს, ჩემში არის რაღაც ძალა, რომელმაც ამ მდგომარეობასთან დამოუკიდებლად გამკლავების საშუალება მომცა. კიდევ ვამბობ, 10 წლის ასაკში ჩემს გონებასა თუ ფსიქიკაში დიდი გარდატეხა მოხდა. ის ჩემთვის იმხელა ტრავმა იყო, ვამბობდი ხოლმე, ამის შემდეგ რას ვერ უნდა გავუძლო-მეთქი.

– მატერიალური პრობლემების გამკლავება უფრო გაგიჭირდა თუ დეპრესიული მდგომარეობიდან გამოსვლა?

– რთულია ამაზე პასუხის გაცემა. ორივე ერთმანეთზე არის გადაჯაჭვული. როდესაც შენი ძალიან ახლობელი მიდის ამ ცხოვრებიდან, ძალიან ცუდად ხარ. მე მერე ძმა გარდამეცვალა, შემდეგ დედა წავიდა. ძალიან ცუდად ხარ, მაგრამ ამ დროს ძლიერდები კიდეც. ჩვენ, მსახიობებს, უხილავი კედელი დაგვყვება – თითქოს, ბოლომდე არ ვუშვებთ ჩვენს გონებამდე მომხდარის სიმძაფრეს. ძალიან რთულ მომენტში მიფიქრია, რომ მე იმ ადამიანებს ძალიან ვჭირდებოდი, ვინც გვერდით მყავდა. როდესაც შემოსავალი აუცილებელია, როდესაც შვილს უნდა აჭამო, ოჯახს უნდა მიხედო, უკვე სხვა ძალა გეძლევა და თავს რაღაცების უფლებას ვერც მისცემ. თუმცა, ძალიან რთულია, როდესაც ყველაფრისგან გადაიწვები. როდესაც აღარაფერი გინდა. მე მქონდა პერიოდი, როდესაც თეატრში სპექტაკლებზეც კი აღარ მინდოდა წასვლა, გადაცემის გადაღება მქონდა და სიკვდილივით მეზარებოდა. ზუსტად ვიცოდი ამის მიზეზი, იმდენად გადამწვარი ვიყავი, რომ „რესტარტი“ მჭირდებოდა. მე რამდენიმე ჩემებური ხერხი მაქვს ამ მდგომარეობის შესაცვლელად. ყველაზე მარტივია – ასეთ დროს, უბრალოდ, გავდივარ ქალაქიდან. შორს წასვლა არ არის საჭირო, შეიძლება, მცხეთაში წავიდე და ცოტა ხანს სვეტიცხოვლის ეზოში ვიჯდე.

ბუნებასა და სიმშვიდეში დადებითი ენერგიით ვივსები. ან შეიძლება, ისეთ მეგობართან გავატარო მთელი დღე, რომელიც ძალიან დადებითი ენერგეტიკის მატარებელია. გარშემო უამრავი ახლობელი მყავს, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავისი საუბრით სხვანაირ სტიმულს გაძლევენ. ამიტომ, როდესაც ვგრძნობ, ძალიან დავიღალე, ამ გზებს მივმართავ. შეიძლება ითქვას, რომ ეს მეთოდები ჩემთვის ყველაზე აპრობირებულია (იცინის). როდესაც რამდენჯერმე გამოხვალ ასეთი მდგომარეობიდან, უფალს მადლობას უხდი და რწმენა გაქვს, რომ ამაზე მეტი აღარაფერი მოხდება, ხვდები, რომ არაფერია ისეთი, რასაც ვერ გაუმკლავდები. ღმერთს სულ ძალასა და ჯანმრთელობას ვთხოვ და მჯერა, რომ ეს საკმარისია სირთულეებთან გასამკლავებლად. კიდევ ერთი პრინციპი მაქვს, რაც არ უნდა მოხდეს, ჩემს თავს ვეუბნები „ესეც გაივლის“. რაც არ უნდა ცუდი ხდებოდეს დღეს, მომავლის იმედი ყოველთვის უნდა გქონდეს. არავის აქვს ია-ვარდით მოფენილი ცხოვრება. შენზეა დამოკიდებული, სირთულეებზე ჩაიციკლები და მის გარდა ვერაფერს დაინახავ თუ იტყვი, რომ ამასაც გადავლახავ და რომ ცხოვრება მშვენიერია. ერთხელ ვცხოვრობთ ამქვეყნად და მე არ მაქვს იმდენი დრო, რომ ის ცუდად ყოფნასა და უარყოფით ფიქრებს დავუთმო. ძალიან ხანმოკლეა ჩვენი წუთისოფელი და უნდა შევეცადოთ, ყოველი დილა დადებითი განწყობით დავიწყოთ. რაც მოსახდენია, აუცილებლად მოხდება. შენ ყველაფრისთვის მზად უნდა იყო და ცხოვრება განაგრძო. ცხოვრება ბრძოლაა, მაგრამ თუ ამას დრამატულად შეხედავ, აუცილებლად დეპრესიაში ჩავარდები. თუ იტყვი, რომ ამ ცხოვრებაში კი არ იბრძვი, მას ამაყად გადიხარ და ძალიან მაგარი ხარ, დამიჯერეთ, მაშინ ყველაფერი ბევრად უფრო კარგად წავა.

– თუმცა, როცა უამრავი პრობლემაა, რთული არ არის დილით ბედნიერმა გაიღვიძო?

– არ არის რთული. ესეც ჩემი გამოცდა იყო. არჩევანი მქონდა. იმდენად არ მომეწონა კედლისკენ სახით, საბანგადაფარებულს ყოფნა, რომ მივხვდი, ეს უნდა შემეცვალა. არ არის რთული, გაუღიმო საკუთარ თავს და დილა მშვიდობისა უთხრა. ღმერთს მადლობა გადაუხადო, რომ თვალი გაახილე და თუ ამის გამო მართლა მადლიერი ხარ, ბედნიერებასაც იგრძნობ. თუ დილით თავის ტკივილით გაიღვიძე და დაიწყებ, აუ, თავი მტკივა, თავს საშინლად ვგრძნობ და საშინელი დღე მექნება, ასეც იქნება. მარტივად მიუდექი, დალიე წამალი და თავის ტკივილი გაგივლის. სიცხიანი ხარ? ეგეც გაივლის. ეს მარტივი მაგალითებია, მესმის, რომ მდგომარეობები გაცილებით რთულია, მაგრამ რამდენად რთულიც არ უნდა იყოს, ისიც გაივლის. თუ ადამიანი ვერც ტკივილს გრძნობ და არც პრობლემებთან გიწევს შეჯახება, მაშინ მკვდარი ხარ. ყველაფერს შეიძლება, დადებითად შეხედო, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს. იმას არ ვამბობ, რომ დილას ტაშითა და სიხარულისგან ხტუნაობით ვიწყებ, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემს თავს განწყობა შევუქმნა და ყოველი წამი დავაფასო. ალბათ, ამას ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებაც განსაზღვრავს. ჩემმა საღ-სალამათმა ძმამ დაიძინა და თრომბის გამო დილით ვეღარ გაიღვიძა. ესეც მაგალითად მაქვს. მოდი რა, შეირგე ყოველი დილა და მადლიერი იყავი, რომ გაიღვიძე. ვიღაც იფიქრებს, რომ სათქმელად მარტივია, მაგრამ არც ჩემთან მოსულა ეს განწყობა მარტივად. მწარე ცხოვრებისეულმა გამოცდილებებმა მიმიყვანა ამ აზრამდე. დღეს ზუსტად ვიცი, რომ ყოველი გათენებული დილა სასწაულია და ვცდილობ, ის დავაფასო.

ასევე იხილეთ