გივი სიხარულიძის “უცნობი მხარე”👇
– ვინ არის გივი სიხარულიძე?
გივი სიხარულიძე: ერთი უბრალო ადამიანი, რომელსაც მაგრად უყვარს თავის სამშობლო და კაცი, რომელსაც უნდა, რომ მისი ქვეყანა ვაჟკაცებით, რაინდებითა და კდემამოსილი მანდილოსნებით იყოს სავსე.
– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?
– რომ არასდროს შევარცხვინო მამაკაცის სახე. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. იყო ნამდვილი მამაკაცი, ანუ, ის, რაც ბევრისთვის უკვე აღარაფერს წარმოადგენს, ჩემთვის ყველაზე დიდია.
– ოდესმე გიკეთებიათ საქმე, რომელიც გძულდათ?
– რა თქმა უნდა. ძალიან ხშირად მიკეთებია ისეთი საქმეები, რაც არ მომწონდა, არც მიყვარდა, მაგრამ იმისთვის, რომ მეარსება და მშიერი არ მოვმკვდარიყავი, ვაკეთებდი.
– გულჩვილი ადამიანი ხართ?
– ადამიანი თუ გულჩვილი არ არის, ჩათვალოს, რომ ადამიანი არ არის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
– ბოლოს როდის იტირეთ და რის გამო?
– ძალიან ხშირად ვტირი. ბოლო ხანებში სულ ცრემლები მომდის. ჩემი ქვეყანა რითაც ტრაბახობდა, რაც იყო ჩვენთვის საამაყო და პრიორიტეტი, დღეს აღარ არსებობს. ჩვენთან იზრდებოდნენ ნამდვილი ვაჟკაცები და ნამდვილი ქალები, მაგრამ დღეს ეს წაიშალა, გაქრა. ჩვენ აღარაფერი ვართ. დღეს მხოლოდ, დიდი, ზღაპრული მოგონების ცუდი ვარიანტი ვართ. ამას ძალიან განვიცდი.
– რას გააკეთებდით, ლატარიაში რომ მილიონები მოიგოთ?
– არ გეგონოთ, რომ არსებულ საბავშვო სახლს ან მოხუცთა თავშესაფარს დავეხმარებოდი. არა, მე თვითონ გავხსნიდი ასეთ სახლებს, მე თვითონ შევარჩევდი იქ მომუშავე ადამიანებს, დავუნიშნავდი მაღალ ხელფასებს და ამ ბავშვების ან მოხუცების ერთ თეთრსაც თუ შეჭამდნენ, სასტიკად მოვექცეოდი. უკვე გახსნილებს იმიტომ არ დავეხმარებოდი, რომ დღეს ასეთი ადგილები კორუფციის ბუდეა.
– პირადად თქვენთვის რას გააკეთებდით?
– პირადად ჩემთვის არაფერი მჭირდება, ყველაფერი მაქვს.
– გინდათ, რომ მსოფლიო მასშტაბით იყოთ ძალიან ცნობილი და გავლენიანი ადამიანი?
– ამაზე არ მიოცნებია, მაგრამ რომ ვიყო, ძალიან კარგი იქნებოდა. სათქმელი მხოლოდ ერთი მაქვს – პატიოსნება, სინდისი, ნამუსი!!! პირველი, ვისაც დედამიწის ზურგზე ყოფნას ავუკრძალავდი, რომის პაპია, რომელმაც კაცზე კაცისა და ქალზე ქალის ქორწინება დაუშვა.
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე ცუდ საქციელად?
– უამრავი რამ მაქვს გაკეთებული ისეთი, რაც არ უნდა გამეკეთებინა. ძალიან მრცხვენია იმ საქციელების, მაგრამ ადამიანი ვარ და ადამიანის ბუნება ასეთია, ჩვენ შეცდომებით ვცხოვრობთ. ანგელოზი ნამდვილად არ ვარ. უამრავჯერ მომიხდია ბოდიში. იმდენი კაცობა უნდა გქონდეს, რომ საკუთარ დანაშაულს მიხვდე, აღიარო და ბოდიშიც მოიხადო. ეს, უპირველეს ყოვლისა, შენს სულიერ მდგომარეობას მოუხდება და არა მას, ვისაც ბოდიშს მოუხდი.
– ყველაზე უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენიათ…
– ესეც უამრავი ყოფილა. ერთს გავიხსენებ: ერთ თანამდებობის პირ ქალთან შევედი კაბინეტში საქმეზე. ძალიან შეუხედავი ქალი დამხვდა. მე არ მიყვარს შეუხედავი ხალხი. ქალებში სილამაზე მიყვარს. გარეგნობიდან გამომდინარე, ამ ქალის მიმართ ცუდად განვეწყვე, მაგრამ ნახევარ საათში მისი კაბინეტიდან რომ გამოვედი, მე კაბინეტიდან მაცილებდა სოფი ლორენი, ჯინა ლოლობრიჯიდა, რომი შნაიდერის შესახედაობის ქალი. მისმა შინაგანმა ბუნებამ ნახევარ საათში იმდენად გაალამაზა, რომ ვერც წარმოიდგენთ. რომ მოვდიოდი, ძალიან დათრგუნული ვიყავი, შემრცხვა საკუთარი ფიქრების და ჩემს თავს ვეუბნებოდი, არასდროს განსაზღვრო პიროვნების ფასი მისი გარეგნობით-მეთქი.
– ოდესმე რამე მოგიპარავთ?
– არასდროს არაფერი მომიპარავს. წამირთმევია, მაგრამ მოპარვით – არა. ორი მილიონი შარი მქონდა, ორი მილიონჯერ წამირთმევია და ცუდი ამბებიც მომხდარა, მაგრამ მოპარვით ცხოვრებაში ერთი ლარიც კი არ მომიპარავს.
– როგორი დამოკიდებულება გაქვთ ტყუილთან?
– ტყუილების გუდა ვარ, სულ ვიტყუები, მაგრამ ბოროტად არა. ეს მოხდა, ის მოხდა და ვიცინით. ჩემს ცხოვრებაში ერთხელაც კი არ შევპირებულვარ ადამიანს რამეს და მომიტყუებია. თუ რამეს ვიტყვი, აუცილებლად გავაკეთებ. მატყუარა კაცი, რომელიც დამაზიანებელ ტყუილებს ამბობს, ყველაზე დიდი საშინელებაა საზოგადოებისთვის. შაყირი სხვა საქმეა.
– შეგიძლიათ, მიხვდეთ, როცა თვითონ გატყუებენ?
– კაცი, რომელსაც ჰგონია, რომ ვერავინ მოატყუებს, თავშივე მოტყუებულია. ცხოვრება ისეთია, იმდენად ჭრელი ხალხი არსებობს და ისე მოგატყუებენ, შესაძლოა, თავიც კი მოგაკვლევინონ. ამიტომ, ამ საკითხში ზედმეტი თავდაჯერებულობა არ ვარგა, ამან შეიძლება, დაგღუპოს.
– ყველაზე სასტიკი როდის ყოფილხართ?
– ყველაზე სასტიკი მაშინ ვარ, როდესაც ვინმეს ჩაგრავენ. მეზიზღება, როცა სუსტ ადამიანს ცუდად ექცევიან, ვერ ვეგუები ამას და ძალიან მაგარი ჩხუბები მქონია, როცა ასეთი რამე შემიმჩნევია. მე რომ დამიშავოს ადამიანმა რამე, ამას უფრო ვაპატიებ, ვიდრე იმას, რომ სუსტი დაჩაგროს.
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად ცხოვრებაში?
– ყველაზე დიდ მარცხად ჩემი შვილისა და მეუღლის გარდაცვალება მიმაჩნია. ყველაზე დიდ გამარჯვებად – მწერლობის ნიჭი, რომელიც ღმერთმა მიბოძა.
– რა მოგისმენიათ საკუთარ თავზე განსაკუთრებულად კარგი და ცუდიც, რამაც გული გატკინათ?
– გულისტკივილი ყოველთვის არის. განსაკუთრებით მწერლებში. საერთოდ, მწერლები ხომ გულისხმიერი ადამიანები უნდა იყვნენ და რეალურად, ძალიან სასტიკები არიან. მე, მაგალითად, როცა ვინმე თავის ნაწერს მომიტანს შესაფასებლად, არ შემიძლია, ცუდი ვუთხრა. რომც არ ვარგოდეს, მაინც შევაქებ, კარგს ვიპოვი, შანსს მივცემ, სტიმულს მივცემ, მაგრამ ჩემი კოლეგები ძალიან სასტიკები არიან. უფრო მეტიც, ცინიზმით არიან სავსე. ეს საშინელებაა. მე პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში რომ გავიმარჯვე ჩემი წიგნით, უნდა გენახათ, აქ რომ ჩამოვედი, როგორ შემხვდნენ. ეს, ალბათ, 40 წლის წინ იყო. პირველივე გამარჯვებით უამრავი მტერი გავიჩინე. მერე მეორე გამარჯვება, მესამე, მეათე და რაც უფრო წინ წავედი, მით უფრო მეტი მტერი შევიძინე. ძალიან ცუდი ადამიანები არიან ჩემს წრეში. მსახიობებიც ასეთები არიან. საერთოდ, ხელოვანი ხალხი ძალიან მოშურნეა ერთმანეთის მიმართ. კი ვერაფერს გიშავებენ, მაგრამ მაინც გულსატკენია. ძალიან ცუდები არიან. პირდაპირ ვეუბნები, რომ არასწორები არიან. მე რა უნდა დამიშაონ, საქართველოში ერთ-ერთი პირველი დამრტყმელი და მოჩხუბარი ვიყავი, პირში ყველა „მეპატხალიმება“, ზურგს უკან, ალბათ, მაგინებენ, მაგრამ ამ უნიჭოების არც გინება მაინტერესებს და არც ქება. მათ შორის უმეტესობა მწერალი არც არის, ვურჩევდი, რომ კალამს ხელი გაუშვან და სხვა საქმეს მიხედონ.
რაც შეეხება კარგის მოსმენას, ყველაზე მეტად ერთი მომენტი მახსენდება – ქალაქის საერთო ტუალეტში რომ შევდივარ და გაუბედურებული ტუალეტის მომვლელი ქალბატონი, რომელსაც კაპიკები აქვს ხელფასი, ფულს არ მახდევინებს. მე ძალით მაინც დავდებ ხოლმე, მაგრამ წარმოგიდგენიათ? ტუალეტში მუშაობს დამლაგებლად ეს ანგელოზი ადამიანი და იმდენად უყვარხარ, რომ არ უნდა ფული გამოგართვას. ეს სიყვარულის უდიდესი გამოხატულებაა.
– რისი კეთება არ გიყვართ ყოველდღიურ რეჟიმში?
– ვერ ვიტყვი, რომ დიდი შრომისმოყვარე ვარ, შრომა მეზიზღება. ადამიანმა ძალიან ბევრი დრო უნდა გაატაროს გართობაში და ცოტა იშრომოს. დღეში ერთი საათი იმუშაოს და 23 საათი დროს ატარებდეს, ერთობოდეს (იცინის). ასეთი უნდა იყოს ცხოვრება. ვინც ის მოიგონა, შრომა აკეთლშობილებს და ალამაზებს ადამიანსო, დღეში რვაჯერ უნდა სცემო ჯოხით (იცინის).
– ყველაზე დიდი უსამართლობა, რომელსაც შეჯახებიხართ?
– ყოველდღე ვუყურებ ამ უსამართლობას. არა მოყვასის მოყვარული ხალხის ბობოქრობა ტელეეკრანებზე. პარტიები, ორგანიზაციები, ენჯეოები, მენჯეოები, მათ რომ ვუყურებ, მხოლოდ საკუთარ თავზე შეყვარებულ ხალხს ვხედავ, რომელებსაც უნდათ, საკუთარი ცხოვრება მოიწყონ და არა ერის ბედნიერებისთვის მებრძოლ ადამიანებს. ამიტომ მთელი ცხოვრება გულნატკენი დავდივარ. ვხვდები, რომ სიტყვები „მოყვასი“, „წესიერება“, „სინდისი“ – ეს ღმერთის მოგონილი მცნებებია ადამიანებისთვის, ჩვენ კი ამ ყველაფერს თავი ავარიდეთ. არ გეგონოთ, რომ მე ჩემს თავს გამოვრიცხავ ამ ხალხისგან, მეც მათ შორის ვარ. ჩვენ, ყველა ერთად, ღმერთს ზურგი შევაქციეთ და ეშმაკს ჩამოვართვით ხელი, ამიტომაც ვიღებთ საკადრის პასუხს.