“ჟე ტემ-მეთქი, ვუთხარი… კაცი გაგიჟდა, ნამდვილად გიჟიაო, ჩემზე ფიქრობდა, ალბათ…” – რას გვიყვება ცუცა კაპანაძე სანიოლისთან შეხვედრაზე

247

საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ოქროს ბიჭებთან შეხვედრის ემოციები, დიდხანს გაჰყვებათ ჩვენს თანამემამულეებს. დაუვიწყარი ღამის ფრაგმენტებს გადავსებული აქვს სოციალური ქსელები. 

ცუცა კაპანაძის და ვილი სანიოლის ფოტომ სოციალურ ქსელში აჟიოტაჟი გამოიწვია. ამაზე, დღეს, უკვე ბევრს იცინის ცუცა და “პრაიმტაიმთან” იხსენებს იმ ემოციებს, რაც გუშინდელ ამაღელვებელ საღამოს მოჰყვა.

ცუცა კაპანაძე: – ცხადია, ევროპის ჩემპიონატს ვუყურე, ჩვენი ბიჭების თავდადებული ქომაგი ვარ და ვამაყობ იმით, რომ ასე თავდაუზოგავად თამაშობდნენ, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ჰქონდათ გაჩაღებული მოედანზე, რათა ქომაგების გულები გაეხარებინათ და მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ, ვინ ვართ!

დიდი მადლობა ჩვენს გმირს, ბატონ ვილის. მისი დამსახურებაა ასეთი გუნდის შექმნა და ბიჭების თამაში. მე კარგად მახსოვს, 1981 წელს “დინამო” რომ გახდა ჩემპიონი, რა ხდებოდა საქართველოში. ინგრეოდა აქაურობა, წავედით სტადიონზე, შევიკრიბეთ. ვიღაცამ ბურთი შემოაგდო და ერთი ამბავი ატყდა. ეს რომ მქონდა ნანახი, მინდოდა ყველა ფეხბურთელი მენახა და მათთვის მადლობა პირადად გადამეხადა.

ამერიკიდან ერთი კვირით ვარ ჩამოსული და ჩვენი ფეხბურთელების ნახვის შანსს ხელიდან ნამდვილად ვერ გავუშვებდი.

სცენასთან მისვლაში ჩემი პირველარხელები დამეხმარნენ. რაც იქ ხდებოდა, ეს ემოცია ცხოვრებაში არ დამავიწყდება. ერი და ბერი ყველა ერთად იყო და მათი გაერთიანება ამ უნიჭიერესმა, საამაყო ბიჭებმა მოახერხეს.

ჩვენი ფეხბურთელები პატარა ბავშვებივით იყვნენ სცენაზე, ვგიჟდებოდი, ისეთი გულწრფელები და კარგები იყვნენ.  მეც მათ ასაკში მეგონა თავი, ჩემი ასაკი სულ დავამავიწყდა, მათთან ერთად ვკიოდი განწირული ხმით (იცინის). სათითაოდ ვკოცნიდი, ვეხუტებოდი ამ გულწრფელ ბიჭებს. არც თვითონ იშურებდნენ სითბოს.

მერე ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად დავინახე ბატონი ვილი, ჩვენი გმირი! და ვიფიქრე, ახლა შუბლის ძარღვი უნდა გავიწყვიტო და მივიდე-მეთქი. ინგლისურად მივულოცე გამარჯვება და შემდეგ ფრანგულზე გადავედი: ბონჟუღ, მეღსი, მეღსიი-მეთქი და მერე ვუთხარი – ჟეტეემ-მეთქი. კაცი გაგიჟდა! ნამდვილად გიჟიაო, ჩემზე ფიქრობდა, ალბათ. ბოლოს ფოტოს გადაღება ვთხოვე. უიი, უიიო და ჩავეხუტეთ ერთმანეთს, მადლობა გადამიხადა ფრანგულა და ინგლისურად (იცინის).

ამაყი ვარ და ვულოცავ მთელ ერს გამარჯვებას. განსაკუთრებით ბიჭებს.

მინდა მათ მშობლებს გადავუხადო მადლობა, ასეთი არაჩვეულებრივი გულწრფელი შვილების აღზრდისთვის. დასაფასებლები არიან, რომ ასე უყვართ თავიანთი ქვეყანა.

მადლობა უფალს, რომ ეს ბედნიერება ჩემს ერთან ერთად ვიზეიმე. საოცარი საღამო იყო. ყველა ქართველი ემოციებისგან დაიცალა. დაუვიწყარი დღე იყო…

წარმატება ყველას და მადლობა თქვენ.