“ ხმასაც ვერ ვიღებდით და ასე ვუყურებდით მე და სოფო, როგორ ქრებოდა დედა ჩვენ თვალწინ”

149

მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

“თვალები”

დედაჩემი მამას სიკვდილის მერე სულ უფრო და უფრო სუსტდებოდა. თავიდან ეს შეუმჩნეველი იყო, თუმცა, დროთა განმავლობაში ავადმყოფობამ თავისი გაიტანა და დედას მეხსიერების დაკარგვა დაეწყო. ძნელი საყურებელი იყო ეს ჩემთვის და სოფოსთვის-თან ყველაფერს უკეთებ რაც საჭიროა ასეთ დროს და თან ხედავ, რომ ვერ შველი. ნელ­-ნელა მეტყველების უნარიც დაკარგა, მხოლოდ თვალებით გველაპარაკებოდა. ჰო, და კიდევ -სიმღერით. სიმღერა აცოცხლებდა, წარმოუდგენელ გარდასახვას იწვევდა. ერთხელ დავუჯექი და ველაპარაკებოდი. უემოციოდ მიყურებდა, ალბათ, ვერც მცნობდა. უცებ ვუთხარი, ხომ არ ვიმღეროთ­მეთქი, ავიღე გიტარა და მისი საყვარელი სიმღერა დავიწყე. თვალები აენთო, სინათლე ჩაუდგა, მომაჩერდა და ამყვა ღიღინით, ემოციით, როგორც იცოდა ხოლმე. ასე მეგონა, თავიდან დაიბადა, თითქოს ავადმყოფობაც სადღაც გაქრა. მისი თვალები იმდენ რამეს მეუბნებოდა, ალბათ, სიტყვებით გაჭირდებოდა ამდენის გადმოცემა.

ამ თვალების გახსენებამ ერთი ბავშვობიდან გამოყოლილი მტკივნეული მოგონება გააღვიძა ჩემში. მაშინაც დედას ვკარგავდი. მამამ სიონში წაგვიყვანა დასასვენებლად მე, სოფო და დედა. სანოვაგით მოგვამარაგა, ნაქირავებ ოთახში დაგვტოვა და თვითონ თბილისში დაბრუნდა. ვიქნებოდით მე ასე ხუთი წლის, სოფო კი რვის. მეორე თუ მესამე დღეს სიონის წყალსაცავზე წავედით. კარგა ხნის სეირნობის შემდეგ ნაპირზე, მინდორში გავჩერდით. აქ ვიყოთ და ვიცურაოთო, გვითხრა დედამ, ოღონდ ჯერ მე შევალ, ვნახავ, ღრმა არ იყოსო და წავიდა ლივლივა და გამჭვირვალე წყლისკენ. რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ უცებ თითქოს წყალმა შეისრუტაო. ვხედავთ მე და სოფო, რომ მის სხეულს თითქოს მიწა და წყალი ერთდროულად ყლაპავს. ინსტინქტურად მისკენ დავიძარით, მაგრამ ჩვენკენ მოტრიალდა და განწირული ხმით აყვირდა, არ მომეკაროთ, არ ჩამოხვიდეთ, არ გაბედოთო. ამ დროს უფრო და უფრო იძირებოდა. უკვე ხმაც აღარ მესმოდა, ვხედავდი მხოლოდ მის თვალებს. გაშეშებულები ვიდექით, კაციშვილის ჭაჭანება არ იყო, ხმასაც ვერ ვიღებდით და ასე ვუყურებდით მე და სოფო, როგორ ქრებოდა დედა ჩვენ თვალწინ. არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდა ეს, რაღაც დიდმა ძალამ ამოიყვანა შლამიდან უკვე წელამდე ჩაფლული. გარდაუვალ სიკვდილთან ბრძოლაში თვალები ერთი წამითაც არ მოუშორებია ჩვენთვის. წარმომიდგენია, რამდენი რამ იფიქრა და განიცადა იმ სულ რამდენიმე წუთში. ამ დროს მეცხვარე დავინახეთ, ფერდობზე ჩამორბოდა დასახმარებლად, თან ყვიროდა, მანდ რამ შეგიყვანათ, ამ ადგილს იმდენი ადამიანის ცოდვა ადევს, არ იცოდითო? ახლა, როცა დედა აღარ მყავს ცოცხალი, ეს თვალები მახსოვს და მელაპარაკება.

#სიმართლეგითხრათ”