“როგორც შვილის გაჩენა იყო ჩემთვის მოვლენა, ზუსტად ასეთივე მოვლენაა ვენახი”

258

მსახიობი მაკა ძაგანია იუბილარი გახლდათ. როგორ აღნიშნავს ის საკუთარ დაბადების დღეს, უყვარს თუ არა ეს დღე და როგორ ხვდება წლების მატებას, ამაზე თავად მოგვიყვება.

მაკა ძაგანია: ვერ ვიტყვი, რომ ჩემი დაბადების დღე გაგიჟებამდე მიყვარს და სულმოუთქმელად ველოდები ხოლმე, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ არ მიყვარს. უფრო შუალედური დამოკიდებულება მაქვს. ახალი წელი უფრო მიყვარს, ვიდრე საკუთარი დაბადების დღე. ვგიჟდები ამ დღესასწაულზე. გარშემო ყველა გახარებულია, ყველა ბედნიერია და ზეიმობს, რაც სულ სხვანაირ მუხტს ქმნის და ეს ძალიან მაბედნიერებს. ჩემი დაბადების დღეც ბევრს უხარია ჩემ გარშემო, მაგრამ ახალი წელი საყოველთაო ზეიმია და მას სულ სხვა ემოციები ახლავს თავს.

– წლევანდელ დაბადების დღეს როგორ შეხვდი?

– ოჯახურ გარემოში შევხვდი, შვილებთან, ქმართან და დედასთან ერთად. ცოტა ხანგრძლივი დაბადების დღე გამომივიდა. 19 მაისს შევხვდით, 20-ში გავაგრძელეთ აღნიშვნა და 21-შიც რომ მილოცავდნენ, ჩემი ქმარი გაოცებული მეკითხებოდა, დღესაც? რა ამბავიაო (იცინის). ბევრი მოლოცვა მივიღე და რაც ყველაზე მეტად მაბედნიერებს, ესაა – ამდენი ადამიანის სიყვარული და ამდენი კეთილი სურვილი. საერთოდ, ადამიანებს გვიჭირს ერთმანეთისთვის კარგის თქმა, მაგრამ საკუთარ დაბადების დღეზე კომენტარებშიც კი ცუდს არავინ დაგიწერს და ამიტომ თავიდან ბოლომდე დადებითად იმუხტები უამრავი ადამიანის დალოცვის და კეთილი სურვილების მიღებით.

– ისეთი პროფესია გაქვს, შეიძლება, ამ დღეს ყოველთვის ვერ დაისვენო. გადაღებაზე ან თეატრის სცენაზე თუ გაგიტარებია დაბადების დღე?

– კი, როგორ არა. ვინ მოგიხსნის გადაღებას, რეპეტიციას ან სპექტაკლს ამის გამო. უამრავჯერ ვყოფილვარ რეპეტიციაზე, სპექტაკლიც მქონია და მერე გვიქეიფია, გადაღებაც მქონია და მერე წავსულვარ თეატრში და იქ აღმინიშნავს. ხშირია ასეთი შემთხვევები, მაგრამ ამასაც თავისი ხიბლი აქვს. იმ დღეს გადაღებაზეც და რეპეტიციაზეც საზეიმო განწყობაა. ჩემი დაბადების დღეა თუ სხვისი, ნებისმიერ შემთხვევაში ასეა. მერე მოდიხარ და ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად აგრძელებ, ასე რომ, დაბადების დღეს სამსახურში წასვლა, ჩვენს პროფესიაში პრობლემა არ არის. შეიძლება, ოფისში რომ მუშაობდე, მთელი დღე ერთ ოთახში ვერ გაატარო ეს დღე განსაკუთრებულად, არ ვიცი, არ მქონია ასეთი გამოცდილება და თავს ვერ დავდებ, მაგრამ ჩვენს პროფესიაში ნამდვილად არ არის მოსაწყენი, პირიქით, ბევრი ადამიანის გარემოცვაში, უფრო მეტადაც მხიარულობ.

– რომელიმე დაბადების დღე განსაკუთრებულად თუ გახსენდება?

– ყველა დაბადების დღე განსაკუთრებულია. ამ დღეს ისეთ რამეებს აკეთებ, რაც ყველაზე მეტად გსიამოვნებს. ყველა დაბადების დღე განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა ისეთი, როგორიც იმ მომენტში მინდა, რომ იყოს. წელს ვენახში მინდოდა ყოფნა, შეიძლება მომავალ წელს, რუსთაველის გამზირზე დგომა მომინდეს.

– ბავშვობის დაბადების დღეები როგორ გახსენდება?

– ძალიან დიდი ხნის წინ იყო (იცინის). დედისერთა ვარ და სავარაუდოდ, გათამამებული ბავშვი ვიყავი. ჩემი მშობლები მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ ფერად სამყაროში მეცხოვრა. მიუხედავად 90-იანი წლების დუხჭირი ცხოვრებისა, მაინც ცდილობდნენ, რომ ჩემი ცხოვრება ძალიან ლამაზი ყოფილიყო. არ მახსოვს, რომ რამე მაკლდა ან რამეზე გული მწყდებოდა, მით უმეტეს, ჩემს დაბადების დღეზე. ბავშვობაში კიდევ უფრო სხვანაირად ერთობი და სხვა ემოციებით ელოდები ამ დღეს. მახსოვს, თინეიჯერობის დროს მე და ჩემი დაქალები დღეებს ვითვლიდით ხოლმე (იცინის). თუმცა, ისეთი დაბადების დღეებიც მქონია, მხოლოდ ხაჭაპური და ლიმონათი რომ გიდევს მაგიდაზე, მაგრამ გვერდით სამი დაქალი გიზის და ყველაზე ბედნიერი ხარ. მომთხოვნიც არ ვყოფილვარ, ვკმაყოფილდებოდი იმით, რაც იყო და 90-იანებში სანატრელიც ბევრი არაფერი იყო. მაგალითად, ჩემს შვილს რომ გასართობი ცენტრი და დიდი ტორტი უნდა, ჩვენს დროს, სულ სხვა რეალობა იყო. შეიძლება, დაბადების დღეზე ტორტი საერთოდ არ მქონოდა, მაგრამ უბედნიერესი ვყოფილიყავი ჩემს სამ დაქალთან ერთად. ახლა ცენტრებში რომ თავს პრინცად და პრინცესად გაგრძნობინებენ, ჩვენ დროს ასე არ იყო (იცინის).

– დედისერთობის გამო ეგოისტი იყავი?

– კი, ცოტა ეგოისტი ვიყავი. ბიძაშვილები მყავს, ერთად და-ძმანივით გავიზარდეთ. უფროსი ჩემზე ექვსი წლით პატარაა. მახსოვს, ის რომ გაჩნდა, ვიგრძენი, რომ ვიღაც შემეცილა სიყვარულში და ვეჭვიანობდი. ერთ სახლში ვცხოვრობდით და არ მომწონდა შემცილებელი რომ გამიჩნდა. მანამდე მივეჩვიე, რომ მე ვიყავი დედოფალი, აბსოლუტურად ყველა ჩემ გარშემო ტრიალებდა (იცინის). მემჩნეოდა კიდეც, მაგრამ მალე გადამიარა, რადგან მალე წამოვიდა სიყვარულის გრძნობა მის მიმართ. ცოტა გონში რომ ჩავვარდი, ყველაფერი შეიცვალა და ახლა მასზე ძვირფასი არავინ მყავს.

– თუ გახსოვს, რაზე ოცნებობდა პატარა მაკა და დღევანდელი ცხოვრება რამდენად არის ბავშვობისდროინდელ სურვილებთან თანხვედრაში?

– საერთოდ შემეცვლა წარმოდგენები. ფეხი ავიდგი თუ არა, ცეკვა დავიწყე. მთელი ჩემი გონება ბალეტისკენ იყო მიმართული. ვგიჟდებოდი, ისე მიყვარდა და ჩემს ოცნებებში ვხედავდი, მომავალში როგორ ვხდებოდი დიდი ბალერინა. 16 წლის ასაკში, ძალიან უცებ, ჩემს გონებაში ყველაფერი გადატრიალდა და აბსოლუტურად სხვაგან წავედი. სცენა, აპლოდისმენტები, მაყურებელი – ეს უცვლელია და მსახიობობა ძალიან შორსაც არ არის ჩემი თავდაპირველი ოცნებისგან, მაგრამ ცეკვა არ არის. მთლიანად თეატრისკენ წამოვედი და მთელი ჩემი ბავშვობის წარმოდგენები ბალერინობის შესახებ, სადღაც გაქრა. ბალეტთან დაკავშირებული მოგონებები ძალიან ტკბილია, მაგრამ ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო და რა თქმა უნდა, არ ვნანობ. ერთადერთი, რაც დამრჩა ისაა, რომ ბალეტის ყურებისას თვალზე ცრემლი მადგება.

– ოჯახის წევრები როგორ გაფასებენ – ასაკის მატებასთან ერთად შეიცვალე?

– მგონი, არ შევცვლილვარ. 24 წლის ასაკში ვარ ჩარჩენილი. ჩემი შვილია 24 წლის და მეც სადღაც იქ ვტრიალებ. რომ ვუყურებ, მახსენდება, რომ 24 წლის არის და მერე ვხვდები, რომ მე ვერ ვიქნები ამ ასაკის (იცინის). ალბათ, შევიცვალე – როგორ შეიძლება 24 და 44 წლის ასაკში ერთნაირი იყო, მაგრამ მე ვერ ვგრძნობ და არც ოჯახის წევრები მეუბნებიან ამას.

– წარსულ შეცდომებზე რომ ფიქრობ, ცდილობ, საკუთარ ცხოვრებაში ცვლილებები შეიტანო?

– საერთოდ, რა თქმა უნდა, ვცდილობ, რაღაცები შევცვალო. თუმცა, შეიძლება, შეცდომა დავუშვი, სადღაც ფეხი წამოკარი, წავიქეცი და ავდექი, მაგრამ ეს გზა რომ არ გამევლო, მე ხომ დღეს ის არ ვიქნებოდი, რაც ვარ?! უშეცდომო ცხოვრება არ არსებობს, ყველა თავის გზას გადის, თავისი შეცდომებით და შესაბამისად, ამას სინანული ახლავს. ალბათ, ასეც არის საჭირო, რომ ჩვენ ის ვიყოთ, ვინც ვართ.

ზოგადად, ალბათ, გადასადგმელ ნაბიჯებზე წინასწარ ფიქრი სჯობს წარსულთან დაკავშირებულ სინანულს. რაც გავლილია, აღარაფერი ეშველება, მაგრამ მომავალში შემიძლია, რაღაცების შეცვლა, ამიტომ მე ძალიან ბევრს ვფიქრობ, სანამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მივიღებ, დრო რომ გავა, მერე რომ არ გამიხდეს სანანებელი. ამიტომ, ძალიან კმაყოფილი ვარ იმ გზით, რომელიც გავიარე.

– ასაკის მატება და გარეგნული ცვლილებები – ამაზე როგორ რეაგირებ?

– თითქოს, ახლა და ახლა უფრო დავიწყე ცვლილებებზე დაკვირვება. ოცდამეერთეე საუკუნეში ბევრი საშუალება არსებობს იმის გამოსასწორებლად, რაც არ მოგწონს, მაგრამ მე მაინც ბუნებრიობის მომხრე ვარ. ის ნაოჭიც რომ მოდის, ვფიქრობ, რომ უნდა გქონდეს. არ ვამბობ, რომ თავს არ უნდა მოვუაროთ, მაგრამ მე ბუნებრიობა მირჩევნია. ახლახან გავიწმინდე სახე, ცხოვრებაში პირველად და ალბათ, მეორედ ამას აღარ გავაკეთებ. თითქოს, ჩემი არ არის. ბოტოქსზე ჯერ არც ვფიქრობ, მაგრამ შეიძლება, ორ წელიწადში ვთქვა, უი, მჭირდება და მინდა-მეთქი. ახლაც მჭირდება, მაგრამ არ მინდა. 44 წლის გავხდი, პატარა აღარ ვარ და ბუნებრივია, რომ ჩემს სახეზე რაღაცები გაჩნდა, მაგრამ ჯერ ვეგუები და თუ მივხვდი, რომ აღარ მომწონს, ავდგები და მერე გავიკეთებ, რაც დამჭირდება. თუმცა, მაინც მეეჭვება, ასე მოვიქცე (იცინის).

– რას უსურვებ საკუთარ თავს?

– ახალი გამოწვევა მაქვს, რომელთანაც ადრე არანაირი კონტაქტი არ მქონია, მიწასთან ურთიერთობას ვგულისხმობ. ეს ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ფაზაა. როგორც შვილების გაჩენა იყო ჩემთვის მოვლენა, ზუსტად ასეთივე მოვლენაა ჩემთვის ჩემი ვენახი. ძალიან მაბედნიერებს და ბევრი გეგმა მაქვს მასთან დაკავშირებით. ჩემს თავს ვუსურვებ, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვე ჩემს გეგმებს და შევძლო, იმ ჩანაფიქრის განხორციელება, რომელიც ჩემს გონებაშია.