“დის გარდაცვალების შემდეგ სიბერის აღარ მეშინია”

80

დალი ჩიტალაძემ თბილისში მოდის ექსპერტის სახელი დაიმკვიდრა და შეძლებული ქალების გარდერობის განახლებაზეც ზრუნავს. იმ ქალებს კი, ვისაც ფინანსური საშუალება არ აქვთ, თავისი ბლოგით “შოპინგ ვიზ დალი” (შოპინგი დალისთან ერთად) აძლევს პრაქტიკულ რჩევებს, მაგალითად, როგორ იყვნენ მოდურები მეორადებში შეძენილი სამოსით.

დალი ჩიტალაძე 61 წლისაა. არც ასაკი აშინებს და არც “სარისკო” ფერები. ის მუდამ კარგ განწყობაზეა და ცდილობს, ცრემლი, რომელიც მის თვალზე ხანდახან ჩნდება, არავის დაანახოს.

ამ მომხიბვლელი ქალის დღესასწაულივით ცხოვრების მიღმა ბევრი ტრაგედია იმალება. სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა სირთულესა და პრობლემაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ახალგაზრდობაში ძმა დაკარგა, რამდენიმე წლის წინ კი უმცროსი და გამოეცალა ხელიდან. სწორედ დის გარდაცვალების შემდეგ გააცნობიერა, რომ ადამიანისთვის წლების მატება, დაბერება უფლის საჩუქარია.

დალი ჩიტალაძე:

– ასაკი არასოდეს დამიმალავს. ღვთის დიდი მადლია, როცა ბერდები, ეს განსაკუთრებით მაშინ გავაცნობიერე, როდესაც ჩემზე 10 წლით უმცროსი და გარდამეცვალა. მაშინ მივხვდი, თურმე რა ბედნიერებაა, როდესაც წლები გემატება, ბერდები, შენს შვილებს უყურებ.

როცა ვიღვიძებ, ვცდილობ, კარგ ხასიათზე ვიყო, რადგან ცხოვრება გრძელდება. სულ მიხარია ცხოვრება, გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და ამის შედეგია თუნდაც ის, რომ სიბერის არ მეშინია.

ახლა ის ეტაპი მაქვს, როდესაც ცხოვრებისეული გამოცდილება გაძლევს საშუალებას, საინტერესოდ იცხოვრო. მუდმივად ვცდილობ, ვისწავლო ახალი, ვიყო პროგრესული ყველაფერში, ურთიერთობებში, განათლებაში, საქმეში. თუ პროგრესული არ ხარ, მაშინვე ბერდები. როგორც კი ხელს ჩაიქნევ და ჩათვლი, რომ აღარ გჭირდება სიახლე, რომ ცხოვრება გავიდა, დარწმუნებული იყავი, რომ მეორე დღიდან ასაკი მაგრად დაგეტყობა.ჩემთვის არ არსებობს სიტყვა “დავიღალე”.

— როგორ ფიქრობთ, ქალებს რატომ აშინებთ ასაკის მატება?

– არ ვიცი. არც ერთ ეტაზე მქონია განგაში, რომ უკვე ასაკი მემატება და ვბერდები. ძალიან მარტივად ვეგუები თუნდაც იმ გარემოებას, რომ შეიძლება ვარჯიშის პროცესში ჩემი სხეული ისეთი ელასტიკური არ არის, როგორიც 20 წლის წინ იყო. ჩემს სხეულზე ასაკობრივ გამოვლინებებს ძალიან ჯანსაღად აღვიქვამ.

— უკან რომ იხედებით, საკუთარ ცხოვრებას რომ უყურებთ, ბევრი კორექტივი შეიტანეთ მასში?

– კი, წარსულის კორექციის სურვილი ნამდვილად მაქვს. ცხოვრებაში ერთი და იგივე შეცდომა ბევრჯერ დამიშვია. ყველაზე მეტად რასაც ვნანობ, ის არის, რომ მხოლოდ ერთი შვილი მყავს.

— რამ შეგიშალათ ხელი?

– ისე მოხდა, რომ ვახოს მამას ძალიან მალე გავშორდი. თითქმის 20 წელიწადი ემიგრაციაში ვცხოვრობდი და არც ვფიქრობდი მეორე შვილზე. მეორედ უკვე 39 წლის ასაკში გავთხოვდი. ბუნებრივია, გათხოვების გარეშე შვილი არც მინდოდა. გათხოვების მერე კი უკვე ასაკი მქონდა და ბევრი პრობლემა იყო. ჩემს მეუღლეს ორი შვილი ჰყავდა, მე ჩემი მყავდა და, სიმართლე გითხრათ, გარკვეული პრობლემების გადალახვა დამეზარა, რომ 40 წლის ასაკში შვილი გამეჩინა.

— როცა ორ ადამიანს საერთო შვილი არ ჰყავს, ეს შეიძლება ურთიერთობაში პრობლემების მიზეზი გახდეს?

– ჩემს ქმარს იმდენად უყვარს ჩემი შვილი და მე – მისი შვილები, რომ დღის წესრიგში არასოდეს დამდგარა და არ გვიგრძვნია, რომ საერთო შვილი გვაკლდა.

— შეიძლება, რომ ქალი ბედნიერი იყოს ოჯახურ ცხოვრებაშიც და წარმატებული – საქმეშიც?

– თუ გათხოვება გინდა, იშვიათად, რომ კარიერა გამოგივიდეს. ოჯახი ორი ადამიანის ერთად ყოფნაა და ამ დროს, როცა ერთი ადამიანი სულ კარიერაზე ფიქრობს, იქ ოჯახი არ არის. სიმყუდროვე ქალმა უნდა შექმნას, კაცი შეიძლება უბრალოდ დაგეხმაროს. სიმყუდროვის შექმნას ბევრი დრო სჭირდება, რაც კარიერისტ ქალს ვერ ექნება. როცა ოჯახს ააშენებ, შექმნი სიმყუდროვეს, მაშინ უფრო შეგიძლია კარიერაზეც იფიქრო, მაგრამ მაინც დაბალანსებული უნდა იყოს ეს ყველაფერი.

როცა გავთხოვდი, დიდი ხანი მუშაობაზე არც მიფიქრია. ახლა უკვე იმდენად მყარია ჩვენი ურთიერთობა, იმდენად კარგად არის დალაგებული ოჯახი, რომ მაქვს იმის საშუალება, საქმეში აქტიური ვიყო.

— რომ არ გათხოვილიყავით, ამერიკაში დღეს ვინ იქნებოდით?

 ყველა ვარიანტში ძალიან წარმატებული კარიერა მექნებოდა. ჯანი ვერსაჩეს მაღაზიაში კლიენტების მომსახურება მევალებოდა. შემდეგ საკონსულტაციო ბიზნესკომპანიაში ვიცეპრეზიდენტი ვიყავი. არ ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას, რომ ნიუ იორკში წარმატებულ კარიერას ოჯახი ვარჩიე.