“როცა პატარა შვილები გყავს და მეუღლეც ახალგაზრდაა, ეს უფრო გინარჩუნებს ახალგაზრდობის შეგრძნებას”

50

როგორ აღნიშნავს თამარ ივერი საკუთარ დაბადების დღეს, რამდენად უყვარს ეს დღე და როგორ შეეცვალა მისდამი დამოკიდებულება დროსთან ერთად, ამას მისგან შევიტყობთ.

თამარ ივერი: 8 სექტემბერს ვარ დაბადებული. იყო დრო, როდესაც ამ დღის მოახლოება ძალიან მიხაროდა, უფრო მეტიც, მთელი წელი ველოდებოდი, მაგრამ ალბათ, ადამიანი 30 წელს რომ გადასცდება, მერე უფრო ნაკლებად უხარია ამ დღის დადგომა, რადგან ყოველი წელი ასაკის მატებასთან ასოცირდება (იცინის). ბავშვობაში ერთი სული გაქვს, როდის გახდები დიდი, მაგრამ როდესაც დიდი ხდები, მერე უკვე ყოველი მომატებული წელი გაწუხებს (იცინის). ჯერ იმ ასაკში არ ვარ, რომ შემაწუხოს, მაგრამ ცოტა განცდები მაინც ახლავს. მეორე მხრივ, ყოველი განვლილი წელი ახალი გამოცდილებაა, ბევრ ახალს იძენ და სწავლობ. მადლობელი უნდა იყო ღმერთის, რომ კიდევ ერთი წელი გაჩუქა. მსოფლიოში საშინელებები ხდება, დღეს დაზღვეული არაფრისგან ხარ და ამიტომ ყველა დღე და წელი უნდა დავაფასოთ. ნამდვილად ასეა, ვცდილობ, მადლიერი ვიყო იმის გამო, რაც მაქვს და უფლის ყოველი წლისთვის და ჯანმრთელობისთვის მადლობელი ვიყო.

საერთოდ, ძალიან მიყვარს რიცხვი რვა, ჩემი ცხოვრების რიცხვია. ეს რიცხვი უსასრულობის სიმბოლოა, თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ ადამიანს, რომელიც რვა რიცხვშია დაბადებული, მთელი ცხოვრება აღმართ-დაღმართებზე უწევს სიარული, რვიანიც ხომ ასე გამოიყურება ვიზუალურად. ნუმეროლოგიურადაც რვა ჩემი ციფრია. ამ რიცხვში დაბადებულებს უყვართ შრომის შედეგად მიღწეული წარმატება და ლიდერობა. ეს არის დაცემებისა და აღმასვლების სიმბოლო. სხვათა შორის, უცხოეთში, სადაც მიცხოვრია, სახლის ნომერი თითქმის ყოველთვის რვა იყო. ახლა თბილისში 44 ნომერში ვცხოვრობ, ციფრთა ჯამი ისევ რვა გამოდის და ალბათ, ეს დამთხვევებიც რაღაცას ნიშნავს. ბედნიერი ვარ, ამ რიცხვში რომ დავიბადე. მით უმეტეს სექტემბერში, ეს თვე ხომ ახლის დასაწყისთან ასოცირდება. კარგის მოლოდინით არის სავსე და მიმაჩნია, რომ ამ მხრივ, ძალიან გამიმართლა.

– როგორ აღნიშნავთ ხოლმე დაბადების დღეს?

– ადრე, ბავშვობაში, უფრო მქონდა განსაკუთრებული დღესასწაულები. მერე, კარიერიდან გამომდინარე, დაბადების დღეს ხან სპექტაკლი ემთხვეოდა, ხან რეპეტიცია და ნელ-ნელა გადავეჩვიე დიდი დაბადების დღეების გადახდას. თუმცა, რა თქმა უნდა, ახლაც იკრიბებიან მეგობრები და ახლობლები და რამდენიმე ადამიანი მაინც იყრის ხოლმე თავს. ისეც მომხდარა, რომ მე და ჩემი მეუღლე ქალაქიდან გავსულვართ და ეს დღე რომანტიკულად აღგვინიშნავს. წელს ვენაში მიწევს აღნიშვნა.

– როგორ შეიცვალა დაბადების დღეები თქვენს ცხოვრებაში საყვარელი ადამიანის შემოსვლისა და შვილების დაბადების შემდეგ?

– პირველ წლებში მე და ჩემი მეუღლე ძალიან რომანტიკულად აღვნიშნავდით ამ დღეს, ხან – კომოს ტბაზე, ხან – პარიზში, ხან – სად. ბავშვების დაბადების შემდეგ შეიცვალა მდგომარეობა და ახლა უფრო ოჯახურ წრეში აღვნიშნავ ან რესტორანში. გადახვევები არის ხოლმე, პომპეზურადაც აღმინიშნავს, მაგრამ უფრო მეტად მაინც შვილებისა და ოჯახის გარემოცვაში, მე და ჩემი მეუღლე რომანტიკული ვახშმების მოწყობას ვეღარ ვახერხებთ (იცინის).

– რამდენად გჩვევიათ საკუთარი თავის განებივრება კარგი საჩუქრებით, ერთგვარი დაჯილდოება?

– ვაიმე, საჩუქრებთან დაკავშირებით ერთი სახალისო ამბავი გამახსენდა. ჩემი გოგო მუდმივად განაწყენებული იყო, რადგან სახლში საჭმელს რომ ვამზადებდით, ყოველთვის ამბობდა, კიდევ მინდაო. ჩვენ ვეუბნებოდით, უკვე შეიჭამა, რაც გაკეთდა, რაც დაეტია ტაფაზე და მეტი აღარ არისო. ახალ წელს თოვლის პაპასთვის მიწერილ წერილში ვხედავ, ამ ჩემს შვილს უწერია, მობილური, ის, ეს და ყველაზე დიდი ტაფაო – არც მეტი, არც ნაკლები, ამას სთხოვდა თოვლის ბაბუას (იცინის). მე და ჩემი მეუღლე ორი დღე დავდიოდით ბაზრობაზე, რომ ყველაზე დიდი ტაფა გვეშოვა და ჩემს შვილს ისე გაუხარდა ნაძვისხის ქვეშ ამ საჩუქრის ნახვა, რომ მართლა სასწაული გეგონებოდა (იცინის).

რაც შეეხება საკუთარი თავისთვის საჩუქრის გაკეთებას, კი, ამ მხრივ, ჩემს თავს ვანებივრებ ხოლმე. იქნება ეს ბეჭედი, სამაჯური, ჩანთა თუ სხვა რამ, მიყვარს, როცა ჩემს თავს ვასიამოვნებ. სუნამო იმდენი დამიგროვდა, რომ გამოყენებას ვერ ვასწრებ. თუ ვინმე მოდის, მოსწავლე იქნება თუ სხვა, ყველას სუნამო მოაქვს საჩუქრად და გეფიცებით, ერთი 15-20 სუნამო გაუხსნელი მიდევს. ჩემი პრინციპია, თუ ჩემთვის უცნობ სურნელს მჩუქნიან, მივდივარ მაღაზიაში, ტესტერს ვამოწმებ და თუ ვიგრძენი, რომ ჩემი სურნელი არ არის, სხვას ვჩუქნი. სუნამო ძალიან ინდივიდუალურია და მიმაჩნია, რომ წინასწარი კონსულტაციის გარეშე ის ადამიანს არც უნდა აჩუქო.

– განსაკუთრებულ საჩუქართან დაკავშირებით რა გახსენდებათ?

– კი, ყოფილა ასეთი, მაგალითად, ძალიან ძვირფასი საათი, ფეხსაცმელი და ასე შემდეგ. ეს უფრო მეტად მაშინ, როდესაც სხვადასხვა ქვეყანაში ვმოგზაურობდი და ფანები მყავდა, ბიზნესმენები და ასე შემდეგ (იცინის).

– რომელი დაბადების დღე დაგამახსოვრდათ განსაკუთრებულად?

– ერთ-ერთი პარიზული დაბადების დღე. მაშინ მამუკა კუდავა იყო ელჩი და საქართველოს საელჩომ ძალიან დიდი დაბადების დღე გადამიხადა ჩემი სპექტაკლის შემდეგ. პარიზის ოპერის დირექტორი, მთელი ხელმძღვანელობა, სოლისტები, მომღერლები, ყველა იყო მოწვეული. მართლაც ძალიან პომპეზური დაბადების დღე გადამიხადეს.

– ახლავს დაბადების დღეს ფიქრი წარსულზე, შეცდომებზე… თუნდაც სინანული?

– რა თქმა უნდა. ყოველთვის ასეა. დავჯდები და ვფიქრობ ხოლმე, როგორ ვიცხოვრე, რა წაიღო და რა შემმატა წინა წელმა და ასე შემდეგ. მინდა გითხრათ, რომ ამ დღეს ადრე პანიკები მემართებოდა (იცინის). როგორც კი ჩემი დაბადების დღე დადგებოდა, ანუ ერთი წელი მომემატებოდა, მაშინვე სარკისკენ გავრბოდი, აბა ერთი ნაოჭი თუ მომემატა-მეთქი. მერე მივხვდი, რომ წლები კი მემატებოდა, მაგრამ ნაოჭები არ ჩანდა და მიხაროდა (იცინის). დედაჩემი 80 წლის იყო და სახეზე ნაოჭები არ ჰქონია, მაგრამ მეტყოდა ხოლმე, შვილო, ასაკი რომ მოგემატება, ნაოჭებიც გაგიჩნდებაო და ამიტომაც იყო, რომ საკუთარ დაბადების დღეზე დილით ადრე წამოვხტებოდი და პირველ რიგში, სარკისკენ გავრბოდი ნაოჭის აღმოსაჩენად (იცინის). რომ ვერ ვპოულობდი, მშვიდად ვაგრძელებდი დღეს (იცინის). მერე ჩემი თავი შთავაგონე და რეალურად, ასეცაა, რომ ასაკი და წლები მხოლოდ ციფრებია. ტრაგიკულად არ უნდა იფიქრო მათ მატებაზე. შენ იმხელა ხარ, რა ასაკისადაც გრძნობ თავს. ეს, რა თქმა უნდა, ცოტა, სირაქლემას პოზიციაში ყოფნასაც ნიშნავს, წლებს თავისი მიაქვს, მაგრამ ვგრძნობ, რომ ჩემში დღემდე ცხოვრობს ბავშვი, პატარა გოგონა. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგია და გარეგნობაზეც აისახება. არაფერი ისე არ აბერებს ადამიანს, როგორც შინაგანი განცდა იმისა, რომ დაბერდა. ისიც მოქმედებს, რომ მე გვიან გავთხოვდი და გვიან შემეძინა ბავშვები. ჩემი შვილები ჯერ 10 წლის არიან და ეს მაგრძნობინებს, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა და პატარა გოგო ვარ. ზოგი 37 წლის ასაკში ბებია ხდება და ეს, ალბათ, სხვანაირად მოქმედებს. როცა პატარა შვილები გყავს და მეუღლეც ახალგაზრდაა, ეს უფრო გინარჩუნებს ახალგაზრდობის შეგრძნებას (იცინის).

თუმცა, ერთსაც ვიტყვი, როცა დედა ცოცხალი მყავდა, უფრო ახალგაზრდა და პატარა გოგოდ ვგრძნობდი თავს. სანამ ვიღაც შვილს გეძახის და შენ მას დედას ეძახი, თავი სულ პატარა გგონია. როცა დედა წავიდა, უცებ ვიგრძენი, რომ გავიზარდე და ეს ძალიან მტკივნეული იყო. ამიტომ, ვისაც დედა გყავთ, მოუფრთხილდით მათ, რომ დიდხანს გყავდეთ, მათი წასვლა დიდი სიმწარეა.