“სიკვდილის წინ რომ მითხრან – რომ ცხონდე მას შეუნდეო, უარს ვიტყვი და ჯოჯოხეთში ჩავალ”

79

28 აგვისტო ბესო ზანგურისთვის განსაკუთრებული დღეა. მსახიობი ამ დღეს დაიბადა და წლევანდელ, 43-ე დაბადების დღეს განსაკუთრებულად შეხვდა. მიზეზს ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

ბესო ზანგური: ჩემი დაბადების დღე მიყვარს, პირველ რიგში, იმიტომ, რომ დედაღვთისმშობლის მიძინების დღე არის. მადლობელი ვარ უფლის, რომ ბედად მერგო, ამ დღეს დავბადებულიყავი. მჯერა, რომ შემთხვევით არაფერი ხდება. ღვთისმშობლის მფარველობას ყოველთვის ვგრძნობ. უფალმა იმითაც მიმანიშნა მფარველობაზე, რომ ჩემი ყველა შვილი 28 რიცხვშია დაბადებული.

28 აგვისტო ჩემთვის ძალიან ბედნიერი დღეა. წელს ჩემს დაბადების დღეზე, 43 წლის ასაკში, ცხოვრებაში პირველად ვეზიარე. მამა შალვა კეკელიამ მაზიარა, რისთვისაც უფალს და მას მადლობას ვწირავ.

– როგორ მოხდა, რომ ამ ასაკში ეზიარეთ პირველად?

– სიძულვილი, რომელსაც გავცემთ, შემდეგ ჩვენს შვილებს უბრუნდებათ, ასევე, მრისხანებისა თუ ჩვენი თავისუფალი ცხოვრების შედეგი. ჩვენ თავზე შეიძლება ვერ ვიგრძნოთ, მაგრამ უფალი აუცილებლად დაგვანახვებს, რომ შესაბამისი შედეგები შენი შვილის თავზე გადატყდება.

იყო რაღაც ძალიან ცუდი მომენტი ჩემს უფროს შვილთან დაკავშირებით და გადავრჩი, უფალმა თავიდან მაჩუქა შვილი. ამან გადამადგმევინა ეს ნაბიჯი. სიძულვილის დაძლევა მხოლოდ სინანულით შეგვიძლია. მართლმადიდებლებისთვის სხვა გზა არ არსებობს და ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ, სანამ ის ვინმეს გაანადგურებს.

– რა მოხდა შვილთან დაკავშირებით, თუ შეგიძლიათ ამაზე საუბარი…

– არ მინდა ამაზე საუბარი, მაგრამ ეს იყო ის განსაცდელი, რომელიც ორ გზას გიტოვებს: ან უფალთან მისვლას ან ჯოჯოხეთში ჩასვლას თვითმკვლელობით. ამიტომ თავის მოკვლის ნაცვლად უფალთან დავრჩი და უფალი დამეხმარა.

– წლევანდელი დაბადების დღე ნამდვილად განსაკუთრებული ყოფილა, მაგრამ ზოგადად როგორ აღნიშნავთ ხოლმე ამ დღეს?

– მე ძალიან მიყვარს ჩემი დაბადების დღე. ხომ არიან ადამიანები, რომ ამბობენ, უიმე, არ მიყვარს ჩემი დაბადების დღე, ასაკი მემატებაო. ჩემთვის არ არსებობს იმაზე მაგარი დღე, ვიდრე დღე, როცა მე დავიბადე. სიცოცხლეზე ძვირფასი დედამიწაზე არაფერია. ადამიანს სიცოცხლე უნდა გიხაროდეს, განცდები და გრძნობები რომ გაქვს, ამას რა უნდა სჯობდეს?! მე ამით ძალიან ბედნიერი ვარ და ციფრებს არ ვუყურებ. თავი ჯერ ისევ ოცი წლის ბიჭი მგონია. წლევანდელ დაბადების დღეზე მხოლოდ შვილები შემოვიკრიბე და მათთან ერთად აღვნიშნე ეს დღე.

– ბავშვობაში როგორი იყო ეს დღე?

– ძალიან განებივრებული ბავშვი ვიყავი. ცუდ პერიოდშიც კი, არ მახსოვს, ჩემს სახლში შუქი არ ყოფილიყო ან საჭმელი მოგვკლებოდა. ეს ყველაფერი დამთავრდა მაშინ, როცა დედა ცუდად გამიხდა. სინათლე ჩაქრა. ცოტა ხანი ინერციის დამსახურებით, თავი ისევ განებივრებული ადამიანი მეგონა, მაგრამ დადგა პერიოდი, როცა ჩემს დაბადების დღეზეც კი მე თვითონ უნდა მომეწყო ჩემი თავისთვის დღესასწაული და საერთოდ, ყველაფერზე მე უნდა მეზრუნა. თუ თავს არ მიხედავ, ამას შენ ნაცვლად არავინ გააკეთებს. ამიტომ ვამბობ, დიდ ბედნიერებას ფეხდაფეხ მოსდევს დიდი იმედგაცრუებები და ამიტომ მინდა, ყველას ვუთხრა, შეირგონ და დააფასონ ის, რაც აქვთ. მოვა დრო და აუცილებლად იტყვიან, თურმე, რა ბედნიერი ვიყავი და რაზე ვფიქრობდიო.

– ვინც სოციალურ ქსელში თვალს გადევნებთ, იცის, რომ თქვენი მეუღლე საკმაოდ ყურადღებიანი უნდა იყოს.

– ჩემი მეუღლე – გვანცა წულეისკირი, პროფესიით ძალიან განსხვავდება ჩემგან – პოლიციელია, თავდაცვის სამინისტროში მუშაობს. ჩვენი 13-წლიანი თანაცხოვრება, სამი შვილით, ბედნიერებით მიექანება წინ და ხანდახან მეშინია ამ ბედნიერების. ღმერთს ვთხოვ, ცუდი არაფერი მოხდეს. გრძნობა არ განელებულა, პირიქით, აღმაფრენა წლებთან ერთად იზრდება.

– გვანცა როგორ ცდილობს თქვენი დაბადების დღის გაფერადებას?

– რომ არა ის, აბსოლუტურად ყველა დღესასწაული გაუფერულდებოდა. ძალიან მელანქოლიური და დეპრესიული ტიპაჟი ვარ და დედაჩემის ავადმყოფობის შემდეგ, ყველაფერი შეიცვალა. ახლა უკვე ამ ყველაფერს ჩემი მეუღლე მიკეთებს და ამისთვის მადლობა საკმარისი არ არის. ალბათ, მთელი ცხოვრება უნდა ვემსახურო მას იმისთვის, რაც ჩემთვის აქვს გაკეთებული. სიყვარული ხომ მსახურებაა?! ამ ქვეყანაში კარგად არ იციან სიყვარულის არსი, ეს ჰგონიათ ვნება, მაგრამ არა, ეს მსახურებაა, რომელიც ადამიანის სრულიად უპირობო მსახურებას მოიაზრებს. ყოველი დღე ბედნიერებით, სიხარულითა და სიყვარულით, ერთმანეთის მეგობრობაში უნდა გადიოდეს. თუ ურთიერთობაში ეს არ არის, ყველაფერი დამთავრებულია. საბედნიეროდ, ჩვენ შორის ეს გრძნობები ძლიერდება და ძლიერდება.

– ყველაზე გამორჩეული დაბადების დღე გავიხსენოთ…

– გვანცა ახალი შერთული მყავდა და ყაზბეგში ერთად შევხვდით ჩემს დაბადების დღეს. ეგ დღე ნამდვილად გამორჩეულად მახსოვს.

– გამორჩეული საჩუქარი?

– მანქანა, საათი, სახლის გარდა ყველაფერი უჩუქებიათ ჩემთვის. მანქანა მეგობარმა მაჩუქა. ქუჩაში გამიყვანა და მითხრა, შეხედე და მითხარი, რომელი მანქანა მოგწონსო. „X 5“ დავინახე, რომელიც მაშინ იშვიათობა იყო და ვუთხარი, ეს-მეთქი. კი ბატონოო და ერთ საათში სადაც ვიყავი, იქ მომიყვანეს. მაშინ ეს მანქანა ახალი შემოსული იყო და ეს საჩუქარი ძალიან კარგად დამამახსოვრდა.

– გახსოვთ, ბავშვობაში რა სურვილები და ნატვრა გქონდათ?

– ჩემი ყველა სურვილი და ნატვრა შემისრულდა. მართლა, თუკი რამე მინატრია, ყველაფერი მივიღე. მაგალითად, მამაჩემს უკითხავს, სახლი გიყიდო თუ მანქანაო, მე მანქანა ავირჩიე, წამიყვანა და მიყიდა. ბავშვობა ძალიან ბედნიერი მქონდა. ერთადერთი, რაც ჩემს გულსა და სულს მძიმედ ედება, დედაჩემის ავადმყოფობაა. დანარჩენი ყველაფერი კარგადაა. რუსთაველის თეატრში, რობერტ სტურუასთან უამრავი როლი ვითამაშე და სულ რომ აღარაფერი ვითამაშო, ეს მეყოფა ისტორიაში შესასვლელად. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ყველა კარგად მყავს, ოჯახი გვერდში მიდგას და ამაზე დიდი სიმდიდრე არაფერია.

– თუმცა, სახლთან დაკავშირებითაც იყო სანერვიულო…

– სახლი ახლაც არ მაქვს, ნაქირავებში ვცხოვრობ და არ ვიცი, ეტყობა, ჯერ არ დამიმსახურებია.

– სტუდენტობისდროინდელი დაბადების დღეები როგორი იყო?

– სტუდენტობაში ჯგუფელებთან ერთად აღვნიშნავდი. სტუდენტობის შემდეგ მაშინვე რუსთაველის თეატრში მოვხვდი და ყველა დაბადების დღე, ბოლო სამის გარდა, რობერტ სტურუასთან და ჩვენს მსახიობებთან ერთად აღვნიშნე. რობიკო როცა ქეიფობს, იქ დღესასწაულია. არ არსებობს სუფრაზე დღესასწაული არ მოაწყოს. თვითონ დადგება თამადად და გარწმუნებთ, რომ ვერავინ დაათრობს (იცინის). ყოველთვის გრანდიოზული და გრაციოზული დაბადების დღეები გამოდიოდა. ისეთი ადამიანები იყვნენ ჩემ გვერდით, რომ სხვანაირად წარმოუდგენელიც იქნებოდა.

– რა ცვლილებები მოიტანა ასაკმა და გამოცდილებამ?

– სინანული და პატიება ვისწავლე, სამი წლის წინ ეს არ შემეძლო. აბსოლუტურად ყველას ვაპატიებ ყველაფერს ერთი ადამიანის გარდა, რომელმაც მოწმენდილ ცაზე საშინელი ჩირქი მომცხო. ჩემს ბულინგს გადავიტანდი, მაგრამ ბულინგის ქვეშ მოყვნენ ჩემი შვილებიც. სიკვდილის წინ რომ მითხრან: იმისთვის, რომ ცხონდე, მას შეუნდეო, უარს ვიტყვი და ჯოჯოხეთში ჩავალ. ვერ დავივივწყებ იმის გამო, რომ ჩემს შვილებს ორი წელი აბულინგებდნენ, მე კი ჩემი შვილების გამწარებას ვერავის ვაპატიებ.