“რომ არ გებრძვი, არაფრად გაგდებ, ყურადღებას არ გაქცევ ეს მეთოდი მომწონს”

51

მოდელი ნათია შელეგია ზოდიაქოთი კირჩხიბის ნიშანს მიეკუთვნება, თუმცა, როგორც ამბობს, მისი დაბადების რიცხვიდან გამომდინარე, მასში ლომის თვისებები დომინირებს.

ნათია შელეგია: 22 ივლისს ვარ დაბადებული, ეს კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნისთვის ბოლო დღეა და რადგან მე საღამოს საათებში ვარ დაბადებული, რამდენიმე ასტროლოგმა მითხრა, რომ ლომის ზოდიაქოში გადავდივარ. მე თვითონაც ვატყობ, რომ ჩემი თვისებები უფრო ლომისკენ იხრება, ვიდრე კირჩხიბისკენ.

– კირჩხიბი ძალიან მზრუნველია. საკუთარი ახლობლებისთვის სიცოცხლეც კი არ ენანებათ. ასეთი ხართ?

– კი, სხვათა შორის, მართლა ძალიან მზრუნველი ვარ. შვილებისთვის რომ მზრუნველი დედა ვარ და ასევე, მზრუნველი მეუღლე, მგონი, ეს ბუნებრივიცაა. ვინც ძალიან მიყვარს, ყველაზე შემიძლია, ვიზრუნო, რადგან მინდა, მათ ყველაფერი კარგად ჰქონდეთ.

– ყველაფერს მთელი გულით აკეთებენ, არ უყვართ დაუმთავრებელი და „მიფუჩეჩებული“ საქმეები.

– ეგეც მართალია. ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს. თუ ხელს რამეს მოვკიდებ, მინდა, საქმე ბოლომდე მოვიყვანო. არ მიყვარს საქმის მიფუჩეჩება, მისგან რომ მალე განვთავისუფლდე. ეს ჩემთვის მიუღებელია.

– კირჩხიბი შინაგანად ბავშვია, რომელსაც სასწაულების სჯერა…

– ოცნება ვის არ უყვარს?! კი, ასეთიც ვარ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ რეალობას ვწყდები ხოლმე, თუმცა, რა თქმა უნდა, სასწაულებისაც მჯერა. რატომ არ უნდა მჯეროდეს? ცხოვრება ასეთია – ზოგჯერ, როცა რამე მთელი გულით გინდა, მაგრამ მისი ასრულება წარმოუდგენელი ჩანს, უცებ ყველაფერი ისე დალაგდება და ზუსტად ისე მოხდება, როგორც ოცნებობდი. ეს სასწაულია, აბა, რა არის?!

– კირჩხიბებს სხვების გასაჭირი, საკუთარივით, გულთან ახლოს მიაქვთ…

– ადამიანი თავის პრობლემაზე რომ მელაპარაკება, რა თქმა უნდა, გულთან ახლოს მიმაქვს. თუ ჩემი რჩევა სჭირდება, უკან არ დავიხევ და თუ რამით მისი დახმარება შემიძლია, რა თქმა უნდა, გვერდით დავუდგები. შეიძლება, რთულია, როცა ყველას ტკივილი გულთან ახლოს მიგაქვს, მძიმდები, მაგრამ რას იზამ, როდესაც ადამიანს სჭირდები და შენთან მოდის პრობლემით, თუ რამე შეგიძლია, თუნდაც მოსმენა და რჩევის მიცემა, მე ვფიქრობ, ვალდებული ხარ, მოუსმინო. ასეთ დროს გულგრილი ვერ ვიქნები.

– კირჩხიბებს ძალიან ადვილად შეუძლიათ ადაპტირება. გამძლეები და ძალიან მოხერხებულები არიან ნებისმიერ სიტუაციაში.

– ალბათ, ასეა. ადაპტირება შემიძლია, მაგრამ მოხერხებულობაზე რა გითხრათ (იცინის). ვცდილობ, ყველანაირ სიტუაციას მოვერგო. როცა პრობლემის წინაშე ვდგები, ვცდილობ, ემოციებს არ ავყვე და მისი გადაჭრის გზები ვიპოვო ან უხერხული სიტუაციებიდან გამოსვლა შევძლო. პანიკას არ ვყვები, ვფიქრობ, რომ გამძლე და მტკიცე ხასიათი მაქვს. ყოველთვის ვცდილობ, სიმშვიდე შევინარჩუნო. თუმცა, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ეს არ გამომდის, განსაკუთრებით შვილებთან მიმართებაში (იცინის).

– კირჩხიბმა ყოველთვის იცის, რა სურს და მიზნისკენ ძალიან პრინციპულად და მშვიდად მიიწევს.

– ახლა ნამდვილად ასეა, ალბათ, ასაკმაც მოიტანა, მაგრამ ცოტა პატარა რომ ვიყავი, ასე არ იყო. მაშინ უფრო არეული ვიყავი, კარგად არ ვიცოდი, რა მინდოდა და ათას რამეს ვედებოდი.

– დამთმობი ხართ? კირჩხიბი რაც მისია, არასდროს თმობს.

– გააჩნია, რისი დათმობა მიწევს. თუ კამათია და რამის დათმობაა საჭირო, შემიძლია, დავთმო. არ ვიცი, რა უნდა იყოს ისეთი, რომ დათმობაზე ვერ წავიდე, სხვის აზრს ყოველთვის ვუსმენ. ჩემი აზრი მაქვს და ვცდილობ, მისგან ნაკლებად გადავუხვიო, მაგრამ ისე, რომ ვინმეს ამის გამო პრობლემა შევუქმნა, გამორიცხულია. ამ მიზეზით კონფლიქტს არ შევქმნი. ხოლო, თუ ახლობელი ადამიანი უნდა დათმო, ეს, რა თქმა უნდა, რთულია.

– კირჩხიბები ძალიან მრავალფეროვნები არიან.

– კი, ასეა, სულ ვცდილობ, რომ მრავალფეროვანი ვიყო. ვიყო პოზიტიური, ხალხს ჩემთან ურთიერთობა უყვარდეს და მგონი, გამომდის. დიდი სამეგობრო და სანაცნობო წრე მაქვს და ალბათ, მოსწონთ ჩემთან ურთიერთობა, თორემ ასე ხომ არ იქნებოდა (იცინის).

– კირჩხიბი არასდროს აგყვებათ ბრძოლაში, მაგრამ თუ მასთან ბრძოლას მაინც წამოიწყებთ, თავის დაცვა შესანიშნავად ეხერხება.

– კი, მართალია, არ ავყვები ადამიანს ბრძოლაში და უფრო იგნორითა და სიმშვიდით ვუპასუხებ. მიმაჩნია, რომ ის ამით უფრო გაღიზიანდება. რომ არ გებრძვი, არაფრად გაგდებ, საერთოდ, ყურადღებას არ გაქცევ, მე ეს მეთოდი მომწონს ყველაზე მეტად. სიმშვიდის შენარჩეუნება მარტივი არ არის, მაგრამ თავი როგორღაც უნდა მოთოკო.

– გადავიდეთ ლომის თვისებებზე. ლომი ქალი საჭიროებს სიყვარულს, თანაც ძალიან დიდი დოზით და უფრო მეტიც, პარტნიორისგან მსხვერპლსაც მოითხოვს, საკმაოდ ეგოისტური მიდგომები აქვს.

– მთლად ასეთი არ ვარ (იცინის). სიყვარულს ვინ არ მოითხოვს პარტნიორიგან, მაგრამ მსხვერპლი ნამდვილად არავისგან მომითხოვია. დიდი დოზით სიყვარულს კიდევ რა სჯობს, ეს ვის არ სჭირდება?! თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ სასწაულად მომთხოვნი ვარ.

– ლომებს აქვთ მოთხოვნილება, საყვარელმა ადამიანებმა კვარცხლბეკზე აიყვანონ და თავი დედოფლად აგრძნობინონ

– დიახ, დიახ, სწორედ ეგრეა (იცინის). თუ გვერდით სწორი ადამიანი გყავს, ასეც იქნება.

– ქალი ლომის მანერები, ხშირ შემთხვევაში, მამაკაცებს აჰიპნოზებთ…

– ვაიმე, ვფიქრობ, რა მანერები მაქვს ასეთი განსაკუთრებული (იცინის). მგონია, რომ ჩვეულებრივი ვარ. არ მიგრძნია, რომ ვინმე ჩემი მანერების გამო დაჰიპნოზებულიყო (იცინის). ყურადღებას ჩემი ვიზუალიდან გამომდინარე ყოველთვის ვიქცევდი, მაგრამ მანერებს რაც შეეხება, არ ვიცი, უბრალოდ, ყოველთვის ვცდილობ, ყველგან ზრდილობიანად და კულტურულად მოვიქცე.

– სამსახურში ლომები ნამდვილი პროფესიონალები არიან, განსაკუთრებული მოთხოვნები აქვთ საკუთარ თავთან.

– ეგეც მართალია, სამსახურში თუ რამეს ვაკეთებ, ბოლომდე ვიხარჯები, რომ ყველაფერი იდეალურად გამოვიდეს. საქმეს არასდროს მივაფუჩეჩებ. საერთოდ, მიყვარს ადამიანები, რომლებიც ყველაფერს პროფესიონალურად უდგებიან. თუ მუშაობ, საქმე გულით უნდა გააკეთო. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან კარგი თვისებაა.

– ლომებს სხვებზე მეტად უყვართ ფულის ხარჯვა…

– კი, კი, ზუსტად ჩემზეა. ძალიან მიყვარს ფულის ხარჯვა, საყიდლებზე სიარული, თუ მაქვს ამის საშუალება, უკან არ ვიხევ. ტანსაცმელში, ფეხსაცმელში ფული არ მენანება. ძალიან მიყვარს თავის მოვლის საშუალებების, ლამაზი ნივთების შეძენა და ასე შემდეგ. ასევე, ძალიან მიყვარს საჩუქრებით ადამიანების გაბედნიერება. აქედან გამომდინარე, ჩემთვის თანხის დაზოგვა და რამისთვის გადადება, ძალიან რთულია, არ გამომდის. ვხარჯავ იმდენს, რამდენიც მაქვს.

– ლომები ძალიან კარგი დიასახლისები არიან.

– ვერ ვიტყვი, რომ ძალიან კარგი დიასახლისი ვარ. არ მიყვარს და არც გამომდის საჭმლის მომზადება. დალაგებას რაც შეეხება, როგორც ყველა, მეც ვახერხებ, მაგრამ კულინარია არ არის ჩემი ძლიერი მხარე. ელემენტარულ კერძს გავაკეთებ, მაგრამ რაღაც საოცრებებს რომ ამზადებენ, ეს არაა საჩემო, ვერ ვიტყვი, რომ რამე განსაკუთრებულად კარგი გამომდის ან ეს პროცესი სიამოვნებას მანიჭებს. იმავეს ვერ ვიტყვი სასმელზე, ღვინის დეგუსტაციას პროფესიონალურ დონეზე დავეუფლე, შემიძლია, კარგ ღვინოს გავუწიო რეკომენდაცია, კარგი კოქტეილიც მოვამზადო და ასე შემდეგ.

– ლომის კიდევ რა თვისებებია თქვენში დომინანტური?

– კირჩხიბები უფრო ჩაკეტილები არიან საკუთარ თავში, არ უყვართ ხმაური, გასვლა, ლომი – პირიქით და მე ნამდვილად ასეთი ვარ, ძალიან მიყვარს გასვლა, საღამოებზე სიარული, ვესწრები ღონისძიებებს, მომწონს ბევრი ხალხი, ხმაური, ყურადღების ცენტრში ყოფნა, რაც უფრო ლომისთვის არის დამახსიათებელი და ამიტომაც ვფიქრობ, რომ ჩემში ამ ნიშნის თვისებები უფრო დომინანტურია, ვიდრე კირჩხიბის.