“ესენი მგონი გვეღადავებიან… ორშაბათს რატომ გვეტყვით? და შაბათს, ან კვირას არა, როცა უფრო მეტ ადამიანს შეეძლება მოსვლა”
“ორშაბათს რატომ გვეტყვით? და შაბათს, ან კვირას არა, როცა უფრო მეტ ადამიანს შეეძლება მოსვლა. თქვენ მართლა რძეს ხომ არ იწველებით ხალხნო?! ესენი მგონი გვეღადავებიან” – ასე ეხმაურება ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ოპოზიციის განცხადებას, საიდანაც გაირკვა, რომ სამმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ სამოქმედო გეგმის წარდგენა 4 დღით გადადო.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ისინი 4 ნოემბერს აქციას გამართავენ და სწორედ იქ გააცნობენ საზოგადოებას, თუ როგორია მათი გეგმა.
ოპოზიციის შეხვედრას “ძლიერი საქართველოს” ოფისში “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის”, “კოალიცია ცვლილებისთვის” და “ძლიერი საქართველოს” ლიდერები ესწრებოდნენ.
“ვიცით, რომ არავინ აპირებს, რომ რამდენიმე ჭინკას და კუდრაჭას გაატანოს ჩვენი არჩევანი. ყველა ის პირი, რომელიც გააგრძელებს მონაწილეობას ამ კრიმინალურ სქემაში, რითაც მოპარული იყო არჩევნები, აუცილებლად იქნება დასჯილი. ჩვენი მთავარი ამოცანაა ბრძოლა ამ არჩევნების არალეგიტიმურობის აღიარებისთვის. რაც მთავარია ჩვენ შევიკრიბებით ორშაბათს საღამოს 19:00 საათზე რუსთაველზე და იქ მოგახსენებთ სამოქმედო გეგმას, თუ როგორ ვიმოქმედებთ” – თქვა “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ.