რა ოცნებები აუხდა დიდ სცენაზე გამოჩენით ნინი ორკოშნელს და როგორ ეხმარება 14 წლის გოგონას გარდაცვლილი მამა იმქვეყნიდან

42

წლევანდელი მეგაშოუ „ნიჭიერის“ მეოთხე ოქროს ღილაკის მფლობელი და ნახევარფინალისტი, საგარეჯოს რაიონის, სოფელ ნინოწმინდის საჯარო სკოლის მერვეკლასელი, 14 წლის ნინი ორკოშნელი გახდა.

ნინი ორკოშნელი: ჩემი ოცნებაა, გავხდე პოპულარული მომღერალი, ყველა რომ მიცნობდეს და ასევე, ვოცნებობ, ვიყო წარმატებული ჟურნალისტი. წლების წინ ჩემი სახლის მეორე სართულზე პატარა სცენა მოვაწყვე, კედელზე პიანინოს კლავიშები დავხატე და მივაწერე – „ნიჭერი“. მინდოდა, ჩემი საკუთარი სცენა მქონოდა, ჩემი მეგობრებიც მოდიან და სახალისო აქტივობებს ვატარებთ – ვკითხულობთ ლექსებს, ვმღერით, ვიღებთ ინტერვიუებს, ვაკეთებთ პატარა გადაცემებს. დედა, როგორც ჟიური, ისე ზის და ისაა ჩემი მთავარი შემფასებელი და გულშემატკივარი. მაშინ, როცა სცენა მოვაწყვე, ათი წლის ასაკში, ალბათ, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ოცნება – გამოვსულიყავი დიდ სცენაზე და გავმხდარიყავი „ნიჭიერის“ ნახევარფინალისტი – წლების შემდეგ ამიხდებოდა. ოცნებების ფოიერვერკი თუ ასე აციმციმდებოდა ჩემ თვალწინ, არ მეგონა. ჩემს პატარა სცენაზე, სადაც ჟურნალისტიც ვარ, გადაცემის წამყვანიც და მომღერალიც, ნელ-ნელა დავიწყე ჩემი ოცნებების ახდენა და მიხარია, რომ უკვე დიდ სცენაზე დავდექი, ნახევარფინალშიც გადავედი, ქუჩაშიც მცნობენ, მეფერებიან და უამრავი მოწერილი მესიჯი მხვდება სოციალურ ქსელში.

– ნინი, ვინ გირჩია „ნიჭიერის“ კონკურსში მონაწილეობის მიღება და ეს შენი პირველი საკონკურსო გამოცდილებაა?

– მე და დედამ გადავწყვიტეთ, კონკურსში მიმეღო მონაწილეობა და „ნიჭიერში“ გამოვსულიყავი. ძალიან მეშინოდა, მაგრამ გავრისკე და გამიმართლა. ძალიან ემოციური ვარ და რომ არ გამმართლებოდა, ალბათ, ტირილით გავსკდებოდი (იცინის). ათი წლის რომ ვიყავი, „რანინაში“ მივიღე მონაწილეობა და ათეულში ვიყავი. თუმცა, ნახევარფინალში ვერ გადავედი. მაშინ, გამოუცდელი ვიყავი, ძალიან პატარა. „რანინაში“ გამოცდილება მივიღე, „ნიჭიერი“ კი ჩემი მეორე კონკურსია და ძალიან მინდა, გავიმარჯვო. დათო ფორჩხიძემ რომ ღილაკს დააჭირა ხელი, ეს მომენტი მთელი ცხოვრება მემახსოვრება, მივხვდი, იმ წამს ჩემი ოცნება ახდა. სხვათა შორის, სანამ სცენაზე გავიდოდი, გავხედე ოქროს ღილაკს, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ რამდენიმე წუთში სცენაზე ოქროსფერი წვიმა წამოვიდოდა. ირგვლივ ყველაფერი ოქროსფერი გახდა. ცრემლიანი თვალებით ირგვლივ ვერაფერს ვხედავდი, მხოლოდ ოქროსფერი იყო ყველაფერი. მე ყველაფერს გავაკეთებ და თუ ხალხიც მხარს დამიჭერს, ფინალში გადავალ და გავიმარჯვებ, მერე კი დავიჯერებ, რომ ზღაპრის ბოლო კეთილია (იცინის). და, ჩემი ცხოვრებაც ორ ნაწილად გაიყოფა – „ნიჭიერამდე“ და მის შემდეგ.

– ოჯახში ვინ მღერის კარგად, ვისი ნიჭი დაგყვა გენეტიკურად? თუ დადიოდი მუსიკალურ წრეზე და სკოლაში როგორი მოსწავლე ხარ?

– ბაბუა, დედის მამა მღერის კარგად და ალბათ, ეს ნიჭი მისგან დამყვა. ჩემი ბიძაშვილიც კარგად მღერის. ადრე დავდიოდი მუსიკალურ წრეზე, მაგრამ მატერიალური მდგომარეობის გამო გამოვედი. სკოლაში კი, ათ ქულებზე ვსწავლობ, წარმატებული მოსწავლე ვარ.

– ნინი, ის, რომ ცხოვრებაში მხოლოდ ბედნიერი მომენტები არ არის და ზღაპრის ბოლო ყოველთვის კეთილი, სამწუხაროდ, ეს საკმაოდ ადრეულ ასაკში გაიაზრე და განიცადე. რამდენი წლის იყავი, როცა მამა გარდაიცვალა?

– ცხრა წლის ვიყავი, მამა რომ ინსულტით გარდაიცვალა. მამას, განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ჩემთან და მასთან დაშორება რთულად გადავიტანე. სიმღერის გარდა, ლექსების წერის ნიჭიც აღმომაჩნდა და ყველა ჩემი ლექსი მამას უკავშირდება, რადგან ლექსი, ჩემი სიმღერის მსგავსად, ემოციის გამოხატვის ერთ-ერთი ხერხია. გამიჭირდა, მაგრამ სიმღერამ გადამატანინა მამის გარდაცვალებისგან მოყენებული ტკივილი. როცა ტკივილი და მონატრება მომეძალებოდა, ან ვმღეროდი, ან ლექსის წერას ვიწყებდი. ხუთი წელი გავიდა და როცა მასზე ვსაუბრობ ან მახსენდება, ყოველთვის ცრემლი მადგება თვალზე, ვტირი და თავს ვერ ვიკავებ. რთულია ჩემთვის იმის გააზრება, რომ მამა ჩემ გვერდით არ არის, თუმცა, მის არსებობას ვგრძნობ და თქვენ წარმოიდგინეთ, ვხედავ კიდეც. ძალიან უხაროდა, როცა ვმღეროდი, ბევრს ვთამაშობდით ერთად და ალბათ, ახლა, ზემოდან რომ მიყურებს, უხარია ჩემი წარმატება. მისმა გარდაცვალებამ კიდევ უფრო დიდი სტიმული მომცა, მემღერა. მამა რომ გარდაიცვალა, ემოციების გამოსახატად კარგი ხერხი ვიპოვე – სიმღერა. მანამდე, უბრალოდ ვმღეროდი, მერე კი მთელი ემოციით, გულითა და გრძნობით ავმღერდი. სიმღერაში იმ გრძნობებს გამოვხატავ, რაც გულში მაქვს დაგროვილი და ძალიან ძლიერი გოგო უნდა ვიყო, ყველაფერი უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ მან იმქვეყნად ჩემით იხაროს და იამაყოს. უფრო მისთვის ვაკეთებ ყველაფერს. „ნიჭიერში“ გამოსვლაც მამას მივუძღვენი. სხვათა შორის, მამამ მიყიდა ფრანგული ულამაზესი კაბა და იმ კაბის მერე, ფრანგულად ავმღერდი, ფრანგული სიმღერები შემიყვარდა. „ნიჭიერშიც“ ფრანგული სიმღერა შევასრულე და წარმოიდგინეთ, არა მარტო მამის სიახლოვეს ვგრძნობდი, ვხედავდი, როგორ იდგა ჩემ წინ და მიყურებდა. სიზმრად არ მოდის, მაგრამ ცხადში მოვკრავ ხოლმე თვალს წამიერად. როცა ვმღერი, ვხედავ, რომ ჩემი მამიკო ჩემ გვერდითაა, სტიმულს მაძლევს, მმფარველობს და მეხმარება. დედა კი ჩემი ყველაზე მაგარი მეგობარი და გულშემატკივარია. ცდილობს, ხელი შემიწყოს და ჩემთვის ყველაფერი გააკეთოს. მე აუცილებლად დავუფასებ დედიკოს ამ შრომას და ამაგს. დათო ფორჩხიძემ რომ ღილაკს დააჭირა ხელი, დედა ტიროდა, გაშეშდა… მე და დედას ერთად იმდენი რამ გადაგვიტანია, როგორც მე, ისიც ჩემსავით განიცდის ჩემს ყოველ ნაბიჯს.

– როგორც ვიცი, საჩუქრებიც მიიღე, რომელზეც წლებია, ოცნებობდი.

– „რუსთავი 2-ზე“, გადაცემა „შუადღეში“ სტუმრად ვიყავი მიწვეული და ეთერი რომ დასრულდა, კიდევ ერთი ოცნება ამიხდა – ელექტროფორტეპიანინო მაჩუქეს. არ მქონდა და ძალიან გამიხარდა. აწი ყოველი ნოტი გამახსენებს, რომ ოცნებები ხდება, ამ ულამაზესი საჩუქრით ჩემი ცხოვრება კიდევ უფრო ფერადად და ლამაზად აციმციმდა. დიდი მადლობა ვაკო ავალიანს. მართლა ვერ წარმოვიდგენდი, იმ დიდ, თეთრ, ლამაზ, წითელი ბაბთებით გაფორმებულ ყუთში თუ ჩემი ოცნება იდო (იცინის). ასევე, დიდი ტელევიზორიც მაჩუქეს, რომელიც არ მქონდა და მითხრეს, ეს „ნიჭიერის“ პროდიუსერმა გაჩუქაო. ეს დღეებია, ჩემი ოცნებები ხდება და სულ სიხარულის ცრემლები მაქვს თვალებზე. იცით, კიდევ რა ოცნება მაქვს? მინდა, რომ გავიზრდები, ჩემი მუსიკალური სტუდია მქონდეს და ჩემნაირ ბავშვებს უფასოდ ვასწავლო სიმღერა და ბევრ გაჭირვებულს დავეხმარო. უფლის მადლობელი ვარ, ვიცი, რომ ბედნიერ ვარსკვლავზე გავჩნდი, მაგრამ თუ „ნიჭიერს“ მოვიგებ, ამაში საბოლოოდ დავრწმუნდები.