“ყველას მამას ყველაფერი გავუკეთე და მამაჩემისთვის არაფერი გამიკეთებია”

60

უამრავი ულამაზესი ამღერებული ლექსის ავტორის, შესანიშნავი პოეტის, მორის ფოცხიშვილის დაბადებიდან 11 ივნისს ზუსტად 90 წელი შესრულდა. პოეტის უმცროსმა ქალიშვილმა, ცნობილმა რეჟისორმა, ბასა ფოცხიშვილმა, მამას არაჩვეულებრივად აქცია-პერფორმანსი მიუძღვნა.

ბასა ფიცხიშვილი ,,სარკეს” ესაუბრა:

– სულ მწყდებოდა გული, რადგან ყველას მამას ყველაფერი გავუკეთე და მამაჩემისთვის არაფერი გამიკეთებია, ვგულისხმობ საიუბილეო ღონისძიებებს. მაგრამ მამა ჩემი ნაწილია, სათუთი თემაა ჩემთვის და მერიდება, ვინმეს რამე ვთხოვო ჩემთვის.

11 ივნისამდე ერთი კვირით ადრე, გვიანი ღამით, როცა ისევ მამის ლექსებს ვუჯექი,მომივიდა იდეა, რომ ამ ფორმით შესაძლებელი იყო, ეს თარიღი აღმენიშნა და კვლად განმეცადა ის სულიერი სიახლოვე, რაც მამასთან ყოველთვის მაკავშირებდა. ვფიქრობ, კარგი გამოვიდა.

– რამ განსაზღვრა თქვენი პროფესიული არჩევანი?

– კინოს სიყვარულმა. როცა 17 წლის ხარ, არჩევანს დიდი ფიქრისა და განსჯის შედეგად არ აკეთებ. ინტუიციით მიდიხარ იქითკენ, რაც ძალიან გიყვარს.

თეატრალურ ინსტიტუტში სწავლა ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის და კარგადაც ვსწავლობდი. სხვათა შორის, ჩემი და, თამრიკო, მიკითხავდა კინო-მხატვრობის საგანს.

– რატომ არ წახვედით ,,დიდ ავიაციაში”, არ აირჩიეთ მხატვრული ან დოკუმენტური კინო?

– მოკლემეტრაჟიანი ფილმები მეც მაქვს გადაღებული. ჩემს საკურსო ნამუშევარში მთავარ როლს დათო მიქაბერიძე ასრულებდა – თვითმფრინავის ბიჭებიდან ერთ-ერთი, რომელიც თამრიკოს მეგობარი იყო. 90-იანებში ყველაფერი გაიყინა. მეც მოვძებნე გზა, სადაც დავიხარჯები, როგორც რეჟისორი.

– რომელ კლიპს გამოარჩევდით თქვენი შემოქმედებიდან?

– კლიპს ,,ვაგონი მიჰქრის”. ეს არამხოლოდ კლიპი იყო, არამედ აქცია, სადაც ყველა თავის სათქმელს ამბობდა. გენერალი გია ყარყარაშვილი, რომელიც კლიპის გადაღების დროს ქალაქში არ იყო, ჩამოვიდა და ერთი კადრისთვის ბოლომდე დაიხარჯა. კლიპი მხატვრულად სწორედ ამ თვალის ჩაკვრამ შეკრა. არც ვიცოდი, ბოლო კადრი ეს თუ იქნებოდა. დამონტაჟებისას მივხვდი, რომ წერტილი აქ უნდა დამესვა.

– ბავშვობის ზედნაშენია შემდეგ მთელი ცხოვრება. როგორი იყო თქვენი ბავშვობა?

– ლაღი და საინტერესო. მამას დავყავდით წარმოდგენებზე, თეატრებში. ბალეტი უზომოდ უყვარდა. ერთმანეთთან ურთიერთობა არასოდეს გვწყინდებოდა. ერთად საუკეთესოდ ვერთობოდით. მთავარი მოვლენები ხდებოდა ღამით, დილამდე ვარჩევდით ფილმებს, წაკითხულ წიგნებს.

– ლექსებს ხონ არ წერდით?

– არც მე და არც თამრიკოს ერთი ლექსიც კი არ დაგვიწერია. უამრავი ლექსი ვიცი ზეპირად და არამარტო მამის, არამედ ბევრი პოეტის. ლექსის წერის არც სურვილი მქონია და არც მცდელობა.