“რაც მიოცნებია და ხანდახან ოცნებაც ვერ გამიბედავს, ახდა”

72

„ქავერ შოუს“ გამარჯვებული ვიოლეტა მგალობლიშვილი გახდა. მისი ცხოვრება უცებ სრულიად შეიცვალა და 25 წლის ასაკში, მის ანგარიშზე უკვე საოცარი მიღწევებია.

ვიოლეტა მგალობლიშვილი: ეს გასაოცარი შეგრძნებაა. უზომოდ ბედნიერი ვარ. მინდა, რომ ჩემი სიხარული ირგვლივ ყველას გავუზიარო. ნამდვილად არ ველოდი გამარჯვებას. „ბლექ სის“ სცენაზე, ჩემთან ერთად, ძალიან ღირსეული კონკურსატები იდგნენ და ასეთ რამეს ვერ ვიფიქრებდი. ოთხივე ერთმანეთს ვეხმარებოდით. ძალიან ცოტა დრო გვქონდა, სულ რაღაც სამი თვე, რომ სიმღერები, რომელიც გაგონილიც არ გვქონდა, სრულყოფილად გვესწავლა და ამ პროცესში ერთმანეთს ძალიან ვუჭერდით მხარს.

– კონკურენცია არ იგრძნობოდა?

– მე ჩემს თავზე ვისაუბრებ: ნამდვილად არ მქონია ეგ მომენტი და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ არც ჩემს მეგობრებს ჰქონდათ. კონკურენციაცაა და კონკურენციაც. ჩვენს სფეროში, შეიძლება, ხშირია ბინძური კონკურენციის შემთხვევები, მაგრამ აქ მსგავსი არაფერი დამიფიქსირებია. პირიქით, შემიძლია, გითხრათ, რომ მე „ქავერ შოუმ“ ძალიან ბევრი კარგი მეგობარი და კოლეგა მაჩუქა, რომლებიც მთელი ცხოვრება ჩემთან იქნებიან და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ.

– როცა შედეგი გამოაცხადეს, გაოცებული იყავი. რა განცდა გქონდა, როცა საკუთარი სახელი და გვარი გაიგონე, როგორც გამარჯვებულის?

– რაც მიოცნებია, ხანდახან ოცნებაც კი რომ ვერ გამიბედავს, „ბლექ სი არენას“ სცენაზე ის ახდა, რეალობად იქცა. თითქოს, რომ არ გჯერა, სიზმარი რომ გგონია, ეს მომენტი იყო, ამიტომაც მქონდა გაოცებული სახე. მე? მე ვარ გამარჯვებული? ნამდვილად ჩემი სახელი და გვარი დაასახელეს? მართლა შოკში ვიყავი და მეტყობოდა კიდეც. ნელ-ნელა ვიჯერებ, შოკიდან გამოვდივარ, მაგრამ ბოლომდე – ჯერ კიდევ ვერ (იცინის).

– როგორი გამოხმაურება მოჰყვა ნაცნობებისგან თუ უცნობებისგან?

– მართლა სასწაული. არც ჩემი და არც ჩემი ოჯახის წევრების ტელეფონი, დღემდე არ გაჩერებულა. ისეთ სითბოსა და სიყვარულს ვიღებ, არც ვიცი, ალბათ, ამად ღირს ცხოვრება. თურმე, რამდენი ადამიანია ირგვლივ, რამდენი გულშემატკივარი, რომელსაც შენი კარგად ყოფნა და ბედნიერება მთელი გულით უხარია და ღიად გიზიარებს საკუთარ ემოციებს.

– კონკურსის ფორმატიდან გამომდინარე, არც ის არის გასაკვირი, რომ სხვის გულშემატკივარს არ მოეწონო. იყო კრიტიკული კომენტარებიც?

– ყველანაირად ვცდილობ, კომენტარები არ წავიკითხო, მაგრამ ერთს გამოვყოფდი. თუ ის ადამიანი ჩვენს ინტერვიუს წაიკითხავს, მინდა, ვუთხრა, რომ მე არასდროს არაფერი მომიგია. როდესაც ადამიანები იმას ამტკიცებენ, რომ თითქოს, რომელიღაც კონკურსში გავიმარჯვე და ეს ჩემი მეორე გამარჯვებაა, ეს სრული აბსურდია. არ შეიძლება, დაუზუსტებელ ინფორმაციას მტკიცებით ფორმაში აზიარებდე. მადლობა ღმერთს, უარყოფითი კომენტარი ძალიან ცოტაა, მაგრამ ერთი-ორი ძალიან მომხვდა გულზე. ერთ-ერთი ამ შინაარსის იყო და არ შეიძლება, ადამიანებს მსგავსი ინფორმაცია ისე გაუზიარო, რომ ელემენტარულად „იუთუბზე“ არ გადაამოწმო. შენ თუ სხვას გულშემატკივრობდი და გული გწყდება, რომ ვიოლეტამ გაიმარჯვა, გასაგებია, მისაღებია, ჯანსაღი კრიტიკის მომხრე ვარ, მაგრამ გააჩნია, რას ამბობ. ამის გამო ძალიან ბევრი ვიტირე. შეიძლება, ძალიან ცოტა პროექტი იყოს ისეთი მართალი, როგორიც „ქავერ შოუ“ გამოვიდა. ნეტა იცოდნენ, კულისებში რამხელა სიყვარული იყო ადამიანებს შორის. ერთი პროცენტიც რომ ენახათ ჩვენი ურთიერთდამოკიდებულება იმ ადამიანებს, ვინც დღეს წერს, ვიოლეტამ როგორ მოიგოო, მგონია, რომ ასეთი მიდგომა აღარ ექნებოდათ. ჩვენ არ გვაქვს ეს მომენტი, პირიქით, ოთხივე ერთმანეთს ვგულშემატკივრობდით. კადრებშიც ჩანს ეს და დასანანია ეს ყველაფერი.

– მოდი, მოგვიყევი შენი გამოცდილებების შესახებ მუსიკალურ შოუებში…

– „ქავერ შოუ“ ჩემთვის მესამე პროექტია. ძალიან პატარა ვიყავი – 13 წლის, როცა „მხოლოდ ქართულში“ ვმონაწილეობდი, შემდეგ იყო „ვოისი“. ვოისის ფინალში ვიდექი, „მხოლოდ ქართულში“ ამდენი ვერ შევძელი. ასაკით მართლა ძალიან პატარა ვიყავი და არც გამოცდილება მქონდა. ერთობა და მხარდაჭერა, რაც ამ შოუში იყო, არცერთ წინა კონკურსში არ მინახავს და მიგრძნია.

– საკმაოდ რთულია ასეთი გამოცდილებების შემდეგ კიდევ ერთხელ კონკურსში მონაწილეობა. როგორ მიიღე ეს გადაწყვეტილება?

– არაფრით არ ვაპირებდი ამის გაკეთებას. ძალიან ბევრი რეკლამა შემხვდა და ჩემმა მეგობრებიც მეკითხებოდნენ, რას იზამო, მაგრამ უარს ვამბობდი. ალბათ, ბედისწერის დამსახურებით, მე და რუსკა მაყაშვილი აღმოვჩნდით ერთ-ერთ ღონისძიებაზე ერთად. რუსკამ მითხრა, გაგიჟდი? ძალიან მაგარი პროექტი იწყება და რას აკეთებ, ანკეტას არ აგზავნიო? ალბათ, ჩემი თავის არ მჯეროდა და ამიტომაც ვიკავებდი თავს. რუსკას სიტყვებმა ძალიან დიდი გავლენა იქონია. უნდა გააკეთო, სასწაული პროექტი იქნება, სასწაულ ადგილასო და მაშინ ვთქი, რომ ვცდიდი და რამდენიმე დღეში ქასთინგზე მივედი. სცენა ძალიან მიყვარს, მით უმეტეს, ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ისეთ სცენაზე გამოსვლა, როგორიც „ბლექ სი არენაა“. სცენის ასეთი სიყვარული რომ არა, ალბათ, საერთოდ ვერაფერს შევძლებდი.

– სცენის სიყვარული ახსენეთ, საიდან იწყება ეს ამბავი?

– ბაღიდან. მერე სკოლაშიც ვმღეროდი, სამუსიკო სკოლაშიც დავდიოდი. ტაძარშიც ვიმღერე, გუნდშიც, კვარტეტშიც. ბავშვობიდან დღემდე საკმაო გამოცდილება დავაგროვე.

– ბავშვობიდანვე გადაწყვეტილი გქონდა, რომ ამ გზას გაყოლოდი?

– ინტერესთა კონფლიქტი მქონდა. სკოლაში გადასარევად ვსწავლობდი. კონსერვატორიაში ჩაბარება ვერ გავბედე. კარგი იქნებოდა, ეს გამეკეთებინა. იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ეს საქმე ვისწავლე. მაინტერესებდა და კარგადაც ვსწავლობდი, მაგრამ პარალელურად, რომ კონსერვატორიაში ჩამებარებინა, კარგი იქნებოდა. შეიძლება, ახლაც ვცადო, ამაზე ვფიქრობ. მთელი ჩემი კარიერა, სამსახური, მუსიკით არის გაჯერებული. სხვაზე არაფერზე ვფიქრობ, თუნდაც, ჩემს პროფესიაზე – იურისტობა ვერც წარმომიდგენია. ძალიან მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ. მე მყავს „სტატუს ბენდი“, ძალიან ბევრ კონცერტს ვატარებთ. გვერდით გადასარევი ბიჭები მიდგანან და მომავალშიც ბევრ კარგ პროდუქტს შევთავაზებთ ჩვენს მსმენელს.

– არაჩვეულებრივ პრიზებზეც მოგვიყევით…

– სასწაული პრიზებით დავსაჩუქრდი. სახლი მაჩუქეს და არ ვიცი, ამაზე დიდი ბედნიერება რა არის. „ბრავომ“ მაჩუქა სინგლი და ასე შემდეგ. ეს სინგლი იქნება ტრამპლინი ჩემთვის, რომლის მეშვეობითაც, შემეძლება, ქავერ მომღერლიდან საკუთარი სიმღერების შემსრულებელ მომღერლად ვიქცე. ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია.