“სპეცრაზმელებისგან პასუხს რომ ვითხოვთ ვერბალური და მორალური ძალადობა არ ითვლება ძალადობად”

29

ტელეკომპანია „იმედის“ მუსიკალური პროექტების პროდიუსერმა სოფო ტოროშელიძემ ორი დღის სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, საკუთარ პოზიციაზე ვრცლად ისაუბრა.

სოფო ტოროშელიძე „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს მორიგ სტატუსს და საუბრობს მოსახლეობის ნაწილის კრიტიკასა და ბულინგზე, რომელიც მიემართება სხვადასხვა პროფესიის იმ წარმომადგენლებისკენ, რომლებიც გარკვეული პოლიტიკური შეხედულებების მქონე მედიასაშუალებებში მუშაობენ.

„ასეთი გამეტებული ლანძღვა-გინება ერთმანეთის და დამცირება… ეს რა ცალკე უბედურება და სენი გვჭირს, ხალხო. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ როგორი ფორმით გამოხატავს, ან ვინ როდის წყვეტს სწორ მხარეს რომ დადგეს?! კარგი, მე „მედროვე“ ვარ და უკანალის მიმცემი და ის ჩემი კოლეგები და მეგობრები, რომლებმაც კიდევ უფრო ადრე მიიღეს კონკრეტული გადაწყვეტილებები, ის კი არა, რომ ამდენი ხანი ყველა აქციაზე ვდგავართ უკვე მერამდენე წელი წავიდა აღარც მახსოვს ამ ციკლის, ისინი რატომ ათრია ხალხმა? ისინიც რატომ ლანძღა ასე გამეტებით? სპეცრაზმელებისგან პასუხს რომ ვთხოვთ ფიზიკური საშინელი ძალადობისთვის, ვერბალური და მორალური ძალადობა არ ითვლება ძალადობად?!

რაც შეეხება პროფესიებს, ამ ქვეყანაში ვერავინ დამაჯერებს, რომ რომელიმე ადამიანს ოდესმე მაინც არ უმუშავია და საქმე არ უკეთებია ისეთ სამსახურში, სადაც ზედა რგოლი არ ტარდება პოლიტიკურ ინტერესებში! ეს შეიძლება ნაკლებად ეხებოდეს მაგალითად IT-ს, მაგრამ ვინ დამაჯერებს, რომ ხელოვნება არ ეხება და ეჯახება ამ პრობლემას მთელი თავისი არსებობა?! დღეს ვინც ხმამაღლა ყვირის და იბრძვის, განა იმას არ უწევდა სახელმწიფოს დაფინანსებულ პროექტში, თუ კონცერტში მონაწილეობა?! და ეს ასეც უნდა ყოფილიყო, იმიტომ, რომ მორალისტებს მხოლოდ მორალის ფუნქცია აქვთ და არა ალტერნატიული სამსახურის შეთავაზების, თუ საქმის!

ჩვენ ყველანი სინამდვილეში ერთ სახლში ვცხოვრობთ, რომელიც ირყევა და ინგრევა. გამოგვეცალა საყრდენი კედლები და ვისაც როგორ და რა დროს შეუძლია, ისე გამორბის ამ სახლიდან და ერთმანეთს ვამხნევებთ და ვეუბნებით, „ნუ გეშინია“! რაც უფრო მეტნი ვიქნებით, ახალ სახლს უფრო სწრაფად ავაშენებთ! იგივე საქმეს, იმ ადამიანებთან ერთად, ვისთანაც ვაკეთებთ და ვისი პატივისცემაც მე, პირადად, ყველაზე მეტად მაქვს, უფრო მშვიდ და ჯანსაღ გარემოში გავაკეთებ ბევრად უფრო წარმატებით და ხარისხით.

შეუძლებელია, ომში საქმეზე ფიქრი საერთოდ! მაგრამ ამ დანგრეული სახლიდან ზოგს ოჯახი ჰყავს გამოსაქცევი, ზოგს უზარმაზარი ბანკის ვალი ზურგზე მოკიდებული (რომლის პროცენტები ასტრალშია უკვე და ეს ზუსტად ის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რისთვისაც ვიბრძვით, რომ დასრულდეს), ზოგს კიდევ რიდი და შიში უბრალოდ ქუჩაში დარჩენის!!!

ასე მარტივია სახლიდან გამოქცევა?! ვისწავლოთ, პირველ რიგში, ერთმანეთის პატივისცემა, თანადგომა, ღირსება. ეს გვაქვს სასწავლი, პირველ რიგში, და ახალ სახლს აუცილებლად ავაშენებთ!“, – წერს სოფო ტოროშელიძე სოციალურ ქსელში