მაკა ძაგანიასა და გიგა ცერცვაძის იდილიური ოჯახური ცხოვრება ქალაქგარეთ ვენახის გაშენებამ კიდევ უფრო გაამყარა და სხვა ელფერი მისცა. ვენახში ყოველდღიური შრომა ბიოღვინის წარმოების სურვილს უკავშირდება, მთელი სამომავლო გეგმები სწორედ ღვინოს უკავშირდება, პროფესიული პაუზა კი, როგორც მაკას სჯერა, დროებითია და სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების“ აღდგენასაც ელოდება…
როგორ გაატარეთ ოჯახმა გიოს დაბადების დღე, რომელიც ახლახან 10 წლის გახდა?
ოჯახურად. შარშან გვქონდა ცენტრში დაბადების დღე, წელს აღარ გადაგვიხდია და სახლში ვიყავით, თუმცა ტორტი ჩავაქრეთ. მოკრძალებული დაბადების დღე გვქონდა.
გიოს, ალბათ, ყველა შენ გამსგავსებს…
ჩემი პატარაობის ფოტო გვიდევს სახლში და ისეთ ასაკში რომ ჩავარდა, უკვე ლაპარაკი დაიწყო, რომ დაინახა, იკითხა, ეს მე ვარო? ძალიან მგავს, თუმცა მამამისის ნაკვთებიც აქვს. ვისაც ჩემი პატარაობა არ ახსოვს, იყოფა აზრები, ვის ჰგავს, მამას თუ დედას. მერე რომ ნახავენ ჩემს ფოტოს, აზრი ეცვლებათ. დედას კაცია, დედას ჰგავს. ხასიათით – უფრო ორივეს. მე და გიგაც რაღაცით ვგავართ ერთმანეთს. ერთადერთი, რაშიც არ ვგავართ, ისაა, რომ გიგა უფრო იმპულსურია, ვიდრე მე… მე, მაგალითად, შემიძლია, როცა რაღაცაზე გავბრაზდები, მოვითმინო, დავმშვიდდე და მერე ავუხსნა…