რა ჯოჯოხეთური ტკივილის გამოვლა მოუწია ნინა კენჭიაშვილს და როგორ ცდილობს ის საკუთარი თავისა და ცხოვრების დაბრუნებას
მოდელ ნინა კენჭიაშვილს ძალიან რთული პერიოდის გამოვლა მოუხდა. მის ცხოვრებაში მომხდარ ტრაგედიას ბევრი სირთულე მოჰყვა და ფეხზე წამოსადგომად დღესაც დიდი ბრძოლა სჭირდება.
– ცოტა ხნის წინ შენს ცხოვრებაში ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა. როგორც ვიცი, ძალიან ცუდად იყავი. რა მოხდა, ვინ დაკარგე და როგორ გამოიარე ის პერიოდი?
– კი. უმძიმესი პერიოდი მქონდა, დავკარგე საუკეთესო მეგობარი, რომელთანაც ერთად 11 წლიდან მოვდიოდი და ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც მუდამ ჩემ გვერდით იყო, არ ჰქონდა მნიშვნელობა, რომელი საათი იქნებოდა, ჩვენ სულ ერთმანეთის გვერდში ვიდექით. უამრავი ბედნიერი მომენტი გვაკავშირებდა. იმის გააზრება, რომ ეს ადამიანი აღარ მყავს, დღემდე ძალიან მტკივნეულია. ვერ ვიტყვი, რომ ახლა კარგად ვარ, მაგრამ აგვისტოდან მოყოლებული, ყველანაირად ვცდილობ, არ გავტყდე და არ დავნებდე, რადგან რთულია, გაიაზრო, რომ ის, ვინც ყველაზე მეტად გიყვარს და ყოველდღიურობაში გყავდა, ფიზიკურად აღარასდროს იქნება შენ გვერდით და გიწევს მარტოობას შეეგუო.
– რა დაგეხმარა ფეხზე წამოდგომაში?
– ფეხზე წამოდგომის რა გითხრათ, ჯერ მყარად არ ვდგავარ, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ, რომ ეს გამოსწორდეს. ვცდილობ, ვივარჯიშო, ვცდილობ, ვისეირნო, ვცდილობ, საკუთარი თავი შევიგრძნო და ყველა ემოცია ვიგრძნო, არ აქვს მნიშვნელობა, ტკივილია თუ ბედნიერება, ეს ყველა ემოცია მე ვარ და ამაზე პასუხისმგებლობას ვიღებ.
– როგორც ვიცი, დიდ სტრესს სერიოზული პრობლემები მოჰყვა მხედველობასთან დაკავშირებით.
– კი, ნამდვილად ასე იყო. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ სტრესის ფონზე მხედველობასთან რამე პრობლემა შემექმნებოდა, მაგრამ აგვისტოში, როდესაც ის დავინახე და გავიაზრე, რომ აღარ მყავს, ემოციურად გავტყდი და იმ დონემდე დიდი სტრესი განვიცადე, რომ ორივე თვალის ბადურა დამიზიანდა. მხედველობის აღსადგენად ორი ოპერაცია დამჭირდა.
– ამას დაერთო ემოციური პრობლემებიც, როგორ გრძნობდი თავს?
– ემოციური პრობლემები ჯოჯოხეთის ტოლფასი იყო. აღარ ვიცოდი, რა მინდოდა, რა ვარ ან რისთვის ვარ. მეგონა, რომ ყველაფერში წავაგე, მეგონა, რომ აღარასდროს ვიქნებოდი ბედნიერი. ყველაზე მტკივნეული კიდევ ის იყო, რომ სარკეში როდესაც ვიყურებოდი, ვხვდებოდი, საკუთარ ტკივილს ვმალავდი, რათა სხვებს არ შეემჩნიათ, რომ შიგნიდან ვკვდებოდი. სულ ვიღიმოდი, მაგრამ ძალიან ყალბი ღიმილი იყო. ალბათ, ესეც თავდაცვითი რეჟიმია და ამასაც დიდ პატივს ვცემ, რადგან სხვანაირად ვერ გამოვიდოდი მდგომარეობიდან. როდესაც ძალიან მტკივა სული, სულ სიცივესა და იზოლაციას მივყვები.
– როგორც მახსოვს, პანიკური შეტევების გამოცდილება აქამდეც გქონდა. ალბათ, ამჯერად კიდევ უფრო მწვავე მდგომარეობა იყო.
– პანიკური შეტევების გამოცდილება აქამდე ნამდვილად მქონდა, მაგრამ ეს განსხვავებული რამ იყო – ჩემი საუკეთესო მეგობარი საგზაო უბედურ შემთხვევაში მოყვა. როდესაც მანქანებს ვხედავდი ან მოტოციკლეტის ხმა მესმოდა, ღებინება მეწყებოდა, უაზროდ, არსაიდან ტირილი და იმის შეგრძნება, რომ ის უკანასკნელი დღე იქნებოდა ჩემთვის. ვერ ვხვდებოდი, რა მჭირდა და ვერც სხვას ვუხსნიდი, რას განვიცდიდი. ჩემი ძალიან ცოტას ესმოდა, მაგრამ ვერავინ მეხმარებოდა. შეშინებული ვიყავი, უსუსურად თავი პირველად ვიგრძენი. მეგონა, რომ ეს აღარასდროს დამთავრდებოდა. მორალური ტკივილი ფიზიკურ ტკივილში გადამეზარდა და ამის გააზრება საკმაოდ მწარე იყო.
– რა იყო გადამწყვეტი, რამაც ჩაყოლის უფლება არ მოგცა და ყოველდღიურობაში დაგაბრუნა?
– საკუთარი თავი იზოლაციაში მყავდა. ვიცოდი, რომ იმათ ვტკენდი, ვისაც ყველაზე მეტად ვუყვარვარ და ალბათ, ეს იყო გადამწყვეტი, როდესაც ჩემი ტკივილი აგრესიაში გადაიზარდა. იმ დროს ვამჯობინე, რომ მარტო დავრჩენილიყავი. დიდად არც არავის გაუკვირდა. ისედაც ნათელი იყო, რომ იზოლაცია მჭირდებოდა და საკუთარი თავისთვის ძალის შეხსენება. მარტოობაში გავიაზრე, რომ მე ცოცხალი ვარ, რომ მე პასუხისმგებლობები მაქვს. გავიხსენე, ვინ ვარ და რას წარმოვადგენ და ვიგრძენი, რომ მე ახლაც შევძლებ ყველაფერს. ვიცოდი, არ იქნებაოდა მარტივი გზა, მაგრამ არც არავის უთქვამს, რომ ცხოვრება მარტივია. მთავარია, ცოცხალი ვარ და ყველაფერს ეშველება. ტკივილს გამოვიყენებ და რაღაც საოცარ სილამაზეს შევქმნი საკუთარ სულში.
– ახლა როგორ გრძნობ თავს?
– ახლა სტაბილურად ვარ, ვერ ვიტყვი, რომ კარგად ვარ, ტყუილი იქნება ყველას მიმართ, ვისაც ამ ყველაფერს გულწრფელად ვუყვები. თავიდან მიწევს ცხოვრებისა და საკუთარი თავის სწავლა, მაგრამ ესეც ხომ ნორმალურია? ხან დაეცემი, ხან ადგები. ალბათ, ასეთიც უნდა იყოს ცხოვრება ამ ეტაპზე ვიაზრებ, რომ არა უშავს, თუ ცუდად ვარ, მთავარია, არ ვნებდები; მთავარია, წინ მივდივარ; მთავარია, ძალა ვიგრძენი საკუთარ თავში. ამ სიცივისგანაც გამოვალ და კვლავ გავანათებ.
– როგორც ვიცი, პროფესიულადაც გააქტიურდი და მოდი, კარგ ახალ ამბებზეც მოვყვეთ.
– პროფესიულადაც გავაქტიურდი. ვცდილობ, ბევრ საქმეში ვიყო ჩართული. არა მგონია, ვინმეს დასაკარგი დრო გვქონდეს; ცხოვრება არავის ელოდება. ამიტომ, დავბრუნდი სამოდელო სფეროში. ამ ეტაპზე მყავს ფოტოგრაფი – ოლღა სტეპანოვა, რომელთანაც ერთად, ბარტერული თანამშრომლობის მეშვეობით, ვეხმარებით დამწყებ დიზაინერებს საქმის წინ წაწევაში. ვაწყობთ გადაღებებს, ასევე, ჩვენს სოციალურ ქსელებშიც ვაპიარებთ. ჩემთვის ყოველი ხელოვანი ადამიანი მნიშვნელოვანია, რადგან რაც ადამიანებში ანათებს, ის არ უნდა ჩავაქროთ, არამედ ხელი უნდა შევუწყოთ, რომ წინსვლა და ნათელი მომავალი ჰქონდეთ.