new_year

“ხშირად მინდა ტირილი მაგრამ ვითმენ, როგორც დიდი ბიჭი”

83

ზაზა მარჯანიშვილის “უცნობი მხარე”👇

– ვინ არის ზაზა მარჯანიშვილი?

ზაზა მარჯანიშვილი: ალბათ, ამ კითხვაზე უფრო სხვებმა უნდა გაგცენ პასუხი. მე არ მაქვს დრო საკუთარ თავზე ფიქრისა და დახასიათებისთვის. ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი ამ ცხოვრებაში და ჩვენ მხოლოდ შვიდი დღე გვაქვს კვირაში.

– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?

– მშვიდობა, ერთობა, კეთილგანწყობა ჩემ გარშემო ყველა ადამიანის მხრიდან. ძალიან მომბეზრდა დღევანდელი დაპირისპირება და ეგოს მეფობა, არა მარტო ქართველებში, არამედ მთელ მსოფლიოში, თუმცა, სამწუხაროდ, საქართველო არის ეგოს ეპიცენტრი. თუ ეგ მოვიშორეთ, მაშინ ნამდვილად საოცნებო ცხოვრება გვექნება.

– ოდესმე გიკეთებიათ საქმე, რომელიც ძალიან არ გიყვარდათ?

– დიეტა…როცა წონაში მოვიმატე. ძალიან არ მინდოდა, მაგრამ მგონი, კარგი შედეგი გამოიღო (იცინის). სერიოზულად თუ დავფიქრდებით, ცხოვრებაში ყველაფერია – ხანდახან საერთოდ არ მინდა სახლიდან გასვლა, იმიტომ, რომ მაგალითად, მანქანაში ჯდომისას სხვა ავტომობილის მძღოლი ისეთ რამეს გააკეთებს, რომ ნერვები მოგეშლება იმის გამო, რომ ამ ადამიანმა არ იცის, რამდენად მარტივია სწორად ცხოვრება. გადატანითი მნიშვნელობით ვსაუბრობ და ბუნებრივია, მხოლოდ მძღოლს არ ვგულისხმობ.

– რამდენად გულჩვილი ხართ?

– ვაიმე, ამ ბოლო დროს, მგონი, სიბერე შემომეპარა. რეკლამაში იმასაც რომ ვხედავ, შვილიშვილი ბაბუას ურეკავს, მე უკვე ცრემლები მომდის. თუმცა, გულჩვილობა ყოველთვის მახასიათებდა, ალბათ, უფრო საბედნიეროდ, რადგან როცა ნეგატივს და სევდას გარეთ უშვებ, თავისუფლდები და შეგიძლია, კარგით შეივსო.

– ბოლოს როდის იტირეთ და რის გამო?

– სატირალი ყოველდღე არის არსებული ატმოსფეროდან გამომდინარე. თუნდაც, ტელევიზორი ავიღოთ: ჩართავ და ხედავ, ყველა ერთმანეთს აგინებს. ერთი ბეწო ქვეყანაში ასეთი მტრული განწყობა სატირალია. ამიტომ, ხშირად მინდა, მაგრამ ვითმენ, როგორც დიდი ბიჭი.

თუმცა, სასიხარულოც ბევრია. დილით რომ გაიღვიძებ, ეს უკვე სიხარულის მიზეზია. მერე, რომ გაგახსენდება, რომ შვილიშვილი გყავს, ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს, რამაც შეიძლება, ცრემლი მოგგვაროს?!

– ბოლო პერიოდში რა გამოსცადეთ ცხოვრებაში პირველად?

– ყოველი დღე საოცარია, უბრალოდ, ჩვენ შევეჩვიეთ ამას. ყოველი ახალი წამი ახალი გამოცდილებაა, დაწყებული სწრაფად გაწვიმებიდან, დამთავრებული სწრაფად გამოდარებით. ჩემს პროფესიაში ყოველი ახალი ნოტი ახალი გამოცდილებაა ჩემთვის. ჩვენი ცხოვრებით საოცარ მოგზაურობას გავდივართ და თუ ადამიანს გონების კარი ღია აქვს, ყოველი წამი იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ვისწავლოთ და იმაზე უკეთესები გავხდეთ, ვიდრე ვართ.

– რას გააკეთებდით, ახლა რომ ლატარიაში მილიონები მოიგოთ?

– ვინც მოიგო, რა მოიგო?!

– გინდათ, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყოთ ძალიან ცნობილი და გავლენიანი ადამიანი?

– არა. მაგრამ მინდა, როცა მე აღარ ვიქნები, ჩემმა მუსიკამ ბევრზე მოახდინოს დადებითი გავლენა. ხომ იცით, რა განსხვავებაა განათლებულსა და ნაკითხს შორის. სამწუხაროდ, ჩვენ ბევრი გვყავს ნაკითხი. ის ძალიან ბევრს ლაპარაკობს და აქედან ვხვდებით, რომ ნაკითხია. განათლებული ბევრს აკეთებს და ცოტას ლაპარაკობს. ზუსტად იგივეა მუსიკაშიც. მე მინდა, რომ ნათელი მისცეს ხალხს ჩემმა მუსიკამ. ალბათ, ამიტომ ვარ მუსიკოსი. ძალიან მძიმე ჯვარია, მაგრამ მილიონჯერ რომ დავიბადო თავიდან, მილიონის მოგებაზე კი არ ვიფიქრებდი, მილიონჯერვე მუსიკოსი გავხდებოდი.

– ოდესმე რამე მოგიპარავთ?

– სენდვიჩი მოვიპარე ერთხელ ამერიკაში (იცინის). ახალი ჩასული ვიყავი და მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ, ძალიან მაღალი დონის სასტუმროებში მივსულიყავით, მენეჯერისთვის განგვეცხადებინა, რომ კარგი მუსიკოსები ვიყავით და სამსახურში მიღება გვეთხოვა. შევედით ერთ-ერთში, მენეჯერისკენ წავედით და უცებ ვხედავთ სენდვიჩების დიდ მთას. ალაფურშეტისთვის ემზადებოდნენ. ისე გვშიოდა, ერთ-ორ ცალს გამოვკარით კბილი და იმდენად შეგვეშინდა, რომ იქიდან მენეჯერის უნახავად წამოვედით (იცინის). ღვთის მადლით, სამსახურთან დაკავშირებით ძალიან მალე გაგვიმართლა.

– ტყუილთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ, ახერხებთ მის გარეშე ცხოვრებას?

– ტყუილს სხვადასხვა ხარისხი აქვს. ვინც მეუბნება, ტყუილი არასდროს მითქვამსო, რა თქმა უნდა, ვუღიმი, ღმერთმა გაუმარჯოს! ტყუილით შეიძლება, სამშობლო გაყიდო ან დედა არ ანერვიულო იმის გამო, რომ ცუდ ამინდში პერანგის ქვეშ მაისური არ ჩაიცვი. ზღვარი ნულზე გადის და ჯობს, დედამაც იცოდეს, რომ არ მიყვარს მაისურის ჩაცმა პერანგის ქვეშ, მაგრამ ჩვენ ადამიანები ვართ და გვიწევს ზოგჯერ რაღაც ტყუილის თქმა. ამის გარეშე არ გამოდის ცხოვრება. მაშინ არ უნდა გქონდეს პრეტენზია მიწიერობაზე, წმიდანი უნდა იყო.

– როდის ყოფილხართ ცხოვრებაში ყველაზე სასტიკი?

– სასტიკი? ალბათ, ესეც უფრო სხვამ უნდა თქვას, თუმცა, ერთი მომენტი მახსენდება: 2008 წელს ამერიკაში ვიყავი და ძალიან მომინდა პუტინის ცემა. ცხოვრებაში არ ვიკადრებ ასეთ რამეს, მაგრამ მას წაქცეულსაც ვცემდი.

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და თქვენს ყველაზე დიდ მარცხად?

– ჩემი არსებობა.

– რა გსმენიათ საკუთარ თავზე, როგორც კარგი, ისე ცუდი, რაც გამორჩეულად დაგამახსოვრდათ?

– კარგს ვიტყვი. რამდენიმე წლის წინ „სამოსელ პირველზე“ ვმუშაობდი, ამ წიგნის მიხედვით მუსიკალური ფრაგმენტები გავაკეთე. ერთ-ერთ კომპოზიციაზე ბატონმა გურამმა მითხრა: ბატონო ზაზა (ეს ბუმბერაზი კაცი ასე მომმართავდა), თქვენ ისე გიყვართ ანამარია, ხანდახან ვეჭვიანობ კიდეცო. ეს იყო ყველაზე დიდი შექება, რაც მე მომისმენია.

– რისი გაკეთება გიყვართ ყველაზე მეტად არაშემოქმედებითი კუთხით, თუნდაც სახლის საქმეები რამდენად გამოგდით?

– სიგარეტის მოწევა და ყავის დალევა, ეს ჩემი ცხოვრების განუყოფელი რიტუალია. სიგარეტი ვერასდროს მოვიშორე, ერთი მარტივი მიზეზის გამო – არასდროს მიცდია.

რაც შეეხება სახლის საქმეებს, სამწუხაროდ, მე ისეთი გრაფიკი მაქვს, რომ სახლში მხოლოდ დასაძინებლად ვარ. სულ ვმუშაობ, სულ გარეთ ვარ. სახლში როცა მივდივარ, ისევ და ისევ ვმუშაობ.