ძმრიანი გოზინაყის რეცეპტი კახეთიდან

24

თამუნა მახარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მე მოგიყვებით ადამიანზე, რომელიც გოზინაყს 35 წელია საკუთარი რეცეპტით ამზადებს და მისი გოზინაყის მთავარი ნიუანსი არც მეტი,არც ნაკლები – ძმარია.

ქალბატონი თინა ქიტესაშვილი გურჯაანის მინიციპალიტეტში, სოფელ ჩუმლაყში ცხოვრობს. მისი გოზინაყი ოჯახში, სანათესაოში და საახლობლოში ძალიან პოპულარულია. იმისთვის, რომ უფრო დეტალურად გავიგოთ საფირმო გოზინაყის მთავარი საიდუმლოება, ქალბატონ თინას დაუკავშირდა.

– მოგესალმებით, გილოცავთ ახალ წელს და თქვენი საახალწლო ნუგბარის შესახებ გვიამბეთ, პირველად როდის გააკეთეთ და არის თუ არა თქვენი რეცეპტი ოჯახური ტრადიციის გაგრძელება?

-მოგესალმებით, მეც გილოცავთ ახალ 2020 წელს! რაც შეეხება ჩემს გოზინაყს, პირველად, 35 წლის წინ გავაკეთე და ეს არ არის დედას ან ბებიას რეცეპტით. ჩემს ოჯახს უყვარს კნატუნა გოზინაყი და ამიტომ მე დავუმატე მას ძმარი.

– რატომ ძმარი?

– ეს მიგნება ,,მამალოების“ რეცეპტის გამოცდილებიდან მაქვს გამოყენებული და წელს უკვე 35 -ე ახალი წელია ასე ვაკეთებ. ძმრის დამატებით გოზინაყი გამოდის საოცრად ხრამუნა და შესაბამისად, არც თაფლს სჭირდება ბევრი დუღილი. ფაქტიურად, ჩემმა იდეამ გაამართლა. გოზინაყმა ოჯახის, ახლობლების მოწონება დაიმსახურა. რაც არ უნდა ბევრი მოვამზადო, სუფრიდან უცბათ ,,ქრება“. მის დასაგემოვნებლად ჩემთან სტუმრობა უყვართ.

– რას ურჩევდით დამწყებ დიასახლისებს, თუ გაქვთ რაიმე რჩევა?

– ვეტყოდი ჩვენს ახალგაზრდებს, რომ მთავარი მონდომებაა და ყველაფერი გამოუვათ. ცადონ, არ შეეშინდეთ სიახლეების, რეცეპტების მორგების…ამ ასაკის ქალი ვარ და სიამოვნებით ვადევნებ თვალს ახალ კულინარიულ ნიუანსებს.სწავლა სიკვდილამდეო – ნათქვამია.

და ბოლოს, გთავაზობთ თინა ქიტესაშვილის რეცეპტს.

გოზინაყი

🔘 თაფლი 700 გრ
🔘 ნიგოზი 1 კგ -1,200
🔘 ძმარი 1 სკ
🔘 შაქარი 1 სკ
🔘 ვანილი გემოვნებით

მოუხალავი, ნედლი ნიგოზი დავთალოთ.

ქვაბში ჩავასხათ თაფლი, მოვადუღოთ და გავაციოთ. მეორედაც გავიმეოროთ.

მესამე მოდუღებაზე დავუმატოთ ძმარი და შაქარი. ვურიოთ და ვადუღოთ იქამდე, სანამ თაფლი ცივ წყალში ჩაგდებისას წვეთებად არ შეიკვრება.

ამის შემდეგ დავუმატოთ ნიგოზი, ვანილი და ვშუშოთ,თან ვურიოთ.

მასა გადმოვიტანოთ და ცივ წყალში დასველებული საბრტყელებლით გავაბრტყელოთ. დავჭრათ სასურველ ზომებად.”