“დაბადების დღეს გილოცავთ ჩვენო დიდო სიყვარულო და ტკივილო…“ – მარიამ სირბილაძეს დღეს 39 წელი შეუსრულდებოდა
ერთი წლის წინ, 2023 წლის 18 დეკემბერს გარდაიცვალა იტალიაში მცხოვრები მარიამ სირბილაძე, რომელსაც მთელი ქვეყანა გულშემატკივრობდა. მარიამმა რამდენიმე წლით ადრე, სიმსივნე დაამარცხა, გასულ წელს კი, მისი გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.
მარიამ სირბილაძეს, რომელიც საკუთარ დიაგნოზზე, გამოცდილებასა და ბრძოლის გზებზე საჯაროდ, სოციალურ ქსელში ხშირად საუბრობდა და უამრავ ადამიანს მოტივაციას აძლევდა, დღეს 39 წელი შეუსრულდებოდა.
გარდაცვლილ გოგონას მისი მეგობრები და ახლობლები კიდევ ერთხელ იხსენებენ:
„ჩემი ბრდღვიალა მარიკუნას დაბადების დღეა დღეს, უზომოდ მიყვარს და უკიდეგანოდ მენატრება“, – წერს EUROPA DONNA GEORGIA-ს პრეზიდენტი და ონკოსაზოგადოება „ჰოუფი“-ის დამფუძნებელი.
„მე ლამაზი მეგობარი მყავდა, თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით… ერთხელ მტრედმა მოუტანა ფრთები, დამტოვა და ღრუბლებს გაჰყვა ცადა… ღრუბლებს გაჰყვა… სად ვეძებო, სადა? დაბადების დღეს გილოცავთ, ჩვენო დიდო სიყვარულო და ტკივილო“