ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ბიოლოგიური მშობლები იპოვა და ასევე ბიოლოგიურ მამას შეხვდა, სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.
ცისნამი საყვარლიშვილი გამზრდელ ბებიას და მასთან ერთად გატარებულ დროს იხსენებს და მას გაწეული ამაგისთვის საჯარო მადლობას უხდის.
„უსაყვარლესი ქალბატონის, საუკეთესო ბებიის გაზრდილი ვარ. ლუბა ედიშერაშვილი, ჩემი გამზრდელი დედის – დარეჯან ღვინიაშვილის დედა იყო. დედაჩემს რომ თავისი საკუთარი შვილი გაუჩნდა, ორი პატარის გაზრდა გაუჭირდა და ბებოს მიმაბარა. ლუბა ბებიამ ამადგმევინა ფეხი, მასწავლა აი-ია და შემაყვარა სამშობლო. ჩემს ოქროს კულულებს სათითაოდ კოცნიდა ხოლმე. ზედ მყვებოდა და არაფერს მაკლებდა. ასევე ლუბა ბაბოს გაზრდილები არიან ჩემი ბიძაშვილები: ნინო, ნონა, ნატო და ვასიკო. მათთან ერთად ვიზრდებოდი ლოტკინზე. ბებიას სახლს ულამაზესი მთაწმინდის ხედი ჰქონდა. ძალიან მიყვარდა იქ ყოფნა. ლუბა ბებიას დედას ვეძახდი. დედაჩემმა ამაზე სასტიკად იეჭვიანა და კახეთში წამიყვანა. მახსოვს, ღამის სქელ ფარდებს ვეფარებოდი და განწირული ვტიროდი, ლუბა ბებიასთან მინდა, წამიყვანეთ ლუბა ბებიასთან. გავხდებოდი ავად, დამესეოდნენ ტილები და წამიყვანდნენ თბილისში. ლუბა ბებია მომხედავდა, გამომასწორებდა, ტილებს გამაცლიდა და სუფთა, გაწრკიალებულს ისევ კახეთის გზას გამაყენებდნენ ხოლმე. მე ჩემი ლუბა ბებია მინდოდა.
ასე წინ და უკან სიარულში გაიარა ჩემმა ბავშვობამ. სტუდენტობაც ლუბა ბებიას სახლში და მის კალთაში გავატარე. შემდეგ ემიგრაციაში წავედი და მისი გარდაცვალების შესახებ უკვე ამერიკაში გავიგე. უსაბუთობის გამო ვერ ჩამოვედი და ვერ დავიტირე. მას ჩემზე დიდი ამაგი აქვს. მან მე, სხვისი შვილი ისე გამზარდა, როგორც თავისი.
სამშობიაროში გაყინული რომ მნახა, ექთანს უთხრა, ამ ბავშვს მე წინდებს დავუქსოვ და თუ ჩვენ არ ვიშვილეთ, მაინც ჩააცვით და ფეხიდან არ გახადოთო. გამჩენმა დედაჩემმა უმოწყალოდ დამტოვა, ლუბა ბებიამ კი შემიფარა და გამზარდა.
თუ ვინმეს ყველაზე დიდი მადლობა უნდა ვუთხრა, ეს ჩემი ლუბა ბებოა. არ შემეძლო მის საფლავზე არ ამოვსულიყავი და სანთელი არ დამენთო. ლუბა ბებია და ვასილი პაპა ჩემთვის სიყვარულის ეტალონები იყვნენ.
ძალიან ლამაზად უყვარდათ ერთმანეთი და მათ მე ნამდვილი, წრფელი, ერთგულებით სავსე სიყვარული მასწავლეს. დაგილოცავთ გამზრდელ ბებიებს“, – წერს ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში.