“ჩემი სიმღერა მინდა იყოს პირდაპირი მესიჯი მსოფლიოს რომ სიმსივნე განაჩენი არ არის”

68

რიგით 69-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსი წელს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში 13, 15 და 17 მაისს გაიმართება. საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზია 2025-ზე მეორე ნახევარფინალში, 15 მაისს წარდგება. აი, თუ ვინ წარადგენს ჩვენს ქვეყანას, ეს ჯერ არავინ იცის. ამ ეტაპზე მომღერლებმა პირველ არხს სიმღერები გაუგზავნეს და პასუხს ელოდებიან.

სხვებთან ერთად ამ მასშტაბურ გამოწვევაში ჩაება თათია კობალაძეც. იცით, რომ ორი კვირის წინ თათიამ თურქეთში სიმსივნე ამოიკვეთა. თავს მხნედ გრძნობს. როგორც ის “პრაიმტაიმთან” ამბობს, სურს ამ ავი სენის მქონე ადამიანებისთვის იმედის მიმცემი მოტივატორი იყოს.

“სიმღერა ორი თვის წინ გავაგზავნე. ჯერ ვერ გავამხელ ბევრ რამეს, თუმცა ვიტყვი, რომ მელოდია არის საოცარი კომპოზიტორის – მაიკო კაჭკაჭიშვილის. ტექსტს რაც შეეხება, სავარაუდოდ, შევცვლი. ჩემი სიმღერა მინდა იყოს პირდაპირი მესიჯი მსოფლიოს, რომ არცერთი დაავადება და მათ შორის, არც სიმსივნე არ არის განაჩენი! რომ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი და მედგრად დავუდგეთ განსაცდელებს, რომლებსაც ცხოვრება გვიგზავნის. სიბნელის შემდეგ დიდი სინათლე აუცილებლად გამოანათებს. მთავარია იყო შეუჩერებელი და არასოდეს დანებდე. მინდა კიბოთი დაავადებული ადამიანებისთვის მოტივაციის მიმცემი ვიყო და რა თქმა უნდა, ჩემი ქვეყანა ღირსეულად წარვადგინო. ზუსტად ვიცი, ეს სიმღერა ჩემს ქვეყანას უდიდეს წარმატებას მოუტანს. მე კი ჯანმრთელად მაშინ ვარ, როცა ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ” – ამბობს თათია “პრაიმტაიმთან“.