“ზოგისთვის ჩემი სახელი მხოლოდ იარაღია, რომელსაც დედაჩემის წინააღმდეგ იყენებს”

95

მსახიობ მანანა აბრამიშვილის ქალიშვილი, მსახიობი თეკლა სულაქველიძე მიმართვას ავრცელებს.

მე ვარ მსახიობი. ეს არის ჩემი გზა, ჩემი სახელი, ჩემი არჩევანი. მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ზოგისთვის ჩემი სახელი მხოლოდ იარაღია, რომელსაც დედაჩემის წინააღმდეგ იყენებს. დედა – ადამიანი, რომელმაც ყველაფერი მომცა – ხდება სამიზნე მათთვის, ვინც ცდილობს, ჩემით მანიპულაცია მოახდინოს, მასზე. მაგრამ ჩემი სახელი მხოლოდ მე მეკუთვნის და მას ვერავინ გამოიყენებს ჩემგან დამოუკიდებლად.

ბოლო დროის მოვლენებში მეც ვიდექი რამდენჯერმე იმ ქუჩებში, სადაც დღეს უამრავი ხმა ისმის. ვიდექი, რადგან მინდოდა საკუთარი თვალით მენახა, გამეგო, მეგრძნო. მაგრამ მალევე მივხვდი – ეს არ იყო ჩემი ადგილი. ეს არ იყო ის ბრძოლა, რომელშიც ჩემი თავი ვიპოვე. მე მიყვარს ჩემი სამშობლო, ადგილი, სადაც დავიბადე, რომელმაც შემიფარა და რომელიც უძვირფასესია ჩემთვის. როგორც კი ვიფიქრებ, რომ მას საფრთხე ემუქრება, მაშინვე ჩავერთვები ბრძოლაში, მაგრამ ჩემი თვალით ნანახმა, დამარწმუნა რომ ეს ის ბრძოლა არ იყო, სადაც ხმალამოღებულს მინდოდა მეომა. ეს ჩემი სამშობლოს გადარჩენის ბრძოლა არ იყო. დედაჩემი თავიდანვე წინააღმდეგი იყო და ამაზე ხშირად გვიკამათია. მაგრამ რაც უნდა მომხდარიყო, ერთი რამ ყოველთვის ვიცოდი – დედაჩემი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია, და როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი აზრთა სხვადასხვაობა, ეს არასდროს შეცვლის ჩემს სიყვარულსა და პატივისცემას მის მიმართ.

ჩვენ არ ვართ ერთი ადამიანი, მაგრამ არც მტრები ვართ. დედაჩემი პატივს სცემს ჩემს აზრს, და მე – მისას. არ მჭირდება არავის დაცვა დედაჩემისგან, და არც არავის აქვს უფლება, ჩემით დედაჩემს ებრძოლოს. ის ყველაზე ძვირფასი ადამიანია, რაც ცხოვრებამ მაჩუქა და არავის არასდროს არ მივცემ უფლებას მას შეურაცხყოფა მიაყენოს და მით უმეტეს ეს ჩემი სახელის გამოყენებით განახორციელოს.

მე ვარ თავისუფალი. მე მაქვს ჩემი ხმა, ჩემი გადაწყვეტილებები, ჩემი ცხოვრება და ამას ვერავინ შეცვლის.

მადლობა და ნახვამდის.”