ნატალი ცხადაძე წარმატებული ბალერინაა, რომელსაც ამ პროფესიაში ძალიან დიდი შრომა აქვს ჩადებული. მისთვის ბალერინობა ახდენილი ოცნებაა, განვლილ გზაზე კი თავად მოგვიყვება.
ნატალი ცხადაძე: ბავშვობის პირველი წლები ძალიან ლაღი და ბედნიერი მქონდა, ჩვენს დიდ ოჯახში სულ ჟრიამული სუფევდა. მე ოჯახის ყველაზე აქტიური და მხიარული ბავშვი ვიყავი, სულ აქეთ–იქით დავრბოდი და გაუჩერებლად ვცეკვავდი. ძალიან მიყვარდა ცეკვა და ალბათ, მაშინ დაიწყო ჩემი და ცეკვის სიყვარულიც.
– პატარა იყავი, მამა რომ გარდაგეცვალა, ალბათ, ძალიან რთული იქნებოდა ცხოვრება მამის გარეშე…
– მამასთან ერთად გატარებული დრო ნაკლებად მახსოვს, რადგან პატარა ვიყავი, როცა ის გარდაიცვალა. მასზე ყოველთვის აღფრთოვანებით საუბრობდნენ. ის ძალიან ხელგაშლილი და პოზიტიური ადამიანი იყო. ამბობენ, რომ მისი იუმორის გრძნობა მეც გამომყვა და პარალელს მარტივად გაავლებ ჩვენ ორს შორის. რთული იყო იმის გაანალიზება, რომ მამა არ მყავდა და ვერასდროს გავიგებდი, თუ რა იყო მამური სიყვარული და სითბო. რა თქმა უნდა, იყო მომენტები, როცა კეთილი შურით ვუყურებდი სხვებს, როცა მათი მამები სკოლაში აკითხავდნენ ან, უბრალოდ, ერთად იცინოდნენ. ყველაზე ნათელი მოგონება, ალბათ, ის არის, როცა ბაღში მომაკითხა – როგორ გავრბოდი მისკენ ბედნიერებით აღსავსე… თუმცა, ეს ის იშვიათი გამონაკლისია, სადაც მამის დანაკლისსა და მონატრებას ვგრძნობდი, რადგან დედაჩემმა თავიდანვე იზრუნა იმაზე, რომ ჩვენ გვქონოდა ყველაფერი ის, რაც სხვებს ჰქონდათ. მამის გარდაცვალებამ, რა თქმა უნდა, ბევრი სირთულე და გამოწვევა მოიტანა. ჩემი ოჯახისთვის, აწ უკვე სამი ადამიანისთვის, რომლებიც თავისთვის, მარტო ცხოვრობდნენ, ყველა გამოწვევასთან მარტო დავრჩით, თუმცა ამ ყველაფერმა ერთმანეთი უფრო მეტად შეგვაყვარა, გაგვაძლიერა.
– ბალეტით როდის და როგორ დაინტერესდით?
– როგორც გითხარით, ძალიან ცელქი და მოუსვენარი ბავშვი ვიყავი. უშრეტი ენერგია მქონდა, რომელიც როგორმე უნდა დამეხარჯა, ამიტომ სულ ვცეკვავდი, გამუდმებით რაღაც მოძრაობებს ვიგონებდი და სწორედ, ეს მაბედნიერებდა. ერთხელ ტელევიზორში დავინახე, ბალერინები როგორ ცეკვავდნენ და ჩემს გამოგონილ მოძრაობებსა და მათ ცეკვაში საერთო შევამჩნიე. წამიერი აღფრთოვანება და კმაყოფილება ვიგრძენი, როცა მათ ადგილას საკუთარი თავი წარმოვიდგინე, რაც დღემდე მომყვება. იმ დღიდან დედას შევჩიჩინებდი, რომ მეც შევეყვანე ისეთ ცეკვებზე, რაც ეკრანზე ვიხილე. ყველა ამბობდა, რომ ბალეტის შესაფერისი აღნაგობა მქონდა და კარგი იქნებოდა, თუ დავინტერესდებოდი ან თუნდაც, სამოდელო სფეროში მეცადა ბედი. ასეც მოხდა, დედამ გადაწყვიტა, რომ წავეყვანე ბათუმის ვახტანგ ჭაბუკიანის კლასიკური ბალეტის სკოლის მიღებაზე. მაგრამ, ასაკობრივი შეზღუდვის გამო იმ წელს უარი მივიღეთ. შესაბამისად, გეგმები მომავალი წლისთვის გადაიდო. ერთი წლის შემდეგ ისევ მივედით საბალეტო სკოლაში. მახსოვს, მოსაცდელში ველოდებოდით პედაგოგებთან შეხვედრას, რა თქმა უნდა, გული გამალებით მიცემდა. შემოვიდა სკოლის დირექტორი – ქალბატონი ირმა მსხალაძე. მან დასაწყისშივე აღნიშნა, რომ ჩემი მონაცემები მათ სტანდარტებს ემთხვეოდა, რამაც ძალიან გამახარა. გამსინჯეს, სხვადასხვა მოძრაობების შესრულება მთხოვეს და ბოლოს მითხრეს, რომ შემეძლო, მეცადა ჩემი პატარა ოცნების რეალიზება და დიდი შრომითა და მოთმინებით, იმ სამყაროს ნაწილად გადაქცევა, რასაც ბალეტი ჰქვია. სწორედ, ამგვარად დაიწყო ჩემი და ბალეტის ჯადოსნური ისტორია.
– სამწუხაროდ, საკმაოდ პატარა ასაკში მიიღეთ ტრავმა. რამდენად რთული აღმოჩნდა მომხდარის შემდეგ ბალეტში დაბრუნება?
– პირველი პატარა წარმატების მერე მუხლზე მივიღე ტრავმა. ცამეტის თუ თორმეტის ვიყავი და ამ ასაკში ასეთი ტრავმა ძალიან დამანგრეველი იყო და ამან ნამდვილად დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე და ჩემს კარიერაზეც. ფსიქოლოგიურადაც დიდი ტრავმა იყო და მიჭირდა იმის გააზრება, რომ ცეკვას ვეღარ შევძლებდი და იმ მომენტში სიკვდილი მინდოდა. წამერთვა ის, რაც ყველაზე მეტად მიყვარდა და მაბედნიერებდა. ჩემზე იყო დამოკიდებული, გავიკეთებდი ოპერაციას და გავაგრძელებდი ცეკვას ექვსი თვის მერე, რომლის რეაბილიტაციაც ხანგრძლივი და რთული პროცესი იქნებოდა, თუ არ გავიკეთებდი და დავასრულებდი ცეკვას. ალბათ, მიხვდებოდით ჩემი საუბრიდან გამომდინარე, რომ მე ბალეტისთვის ყველაფერს გავაკეთებ, ყველაფერს დავთმობ, რომ ვიდგე სცენაზე და ვიცეკვო. დიახ, გავიკეთე ოპერაცია, ნამდვილად რთული ექვსი თვე მქონდა, ბევრ სირთულეს შევეჭიდე. მიჭირდა ყურება, როგორ ცეკვავდნენ ჩემი თანაკლასელები და აკეთებდნენ იმას, რაც მე იმ ეტაპზე არ შემეძლო. დავდიოდი კლასიკებზე, უბრალოდ, ვჯდებოდი და ვუყურებდი, არ შემეძლო სახლში ყოფნა, ტირილი მინდოდა, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, ყველაფერი დროებითია და ეს ექვსი თვეც გავიდა, მე უკვე სიარულიც შემეძლო და სირბილიც. დავუბრუნდი იმ ყველაფერს, რაც მაბედნიერებდა, რა თქმა უნდა, ნაბიჯ-ნაბიჯ და ნელ-ნელა, თუმცა, დავუბრუნდი და ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი.
– ამ გზაზე ვინ მოახდინა თქვენზე ყველაზე დიდი გავლენა?
– ყველაზე დიდ გავლენას ერთ კონკრეტულ ადამიანს ვერ მივაწერდი. ალბათ, ჩემმა პედაგოგმა – ეკატერინე ღლონტმა, რომელმაც საბალეტო ხელოვნება შემასწავლა და ჩვენი ერთობლივი შრომით მივედით იქამდე, სადაც ახლა ვარ. მის გარეშე ნამდვილად დავიკარგებოდი შუაგზაზე. უდავოდ, სწორედ მას მიუძღვის უდიდესი წვლილი ჩემს ცხოვრებაში. სამწუხაროდ, არ მომეცა შანსი, მენახა ის სცენაზე. მხოლოდ ერთხელ იყო ასეთი შემთხვევა, როცა ის სცენაზე ვიხილე და ისეთ ენერგიას ასხივებდა, ყველა მას უცქერდა და მაშინ გავიფიქრე, რომ იმედია, ოდესმე მეც შემომხედავდა მაყურებელი ამგვარად და დიდ სცენაზე მსგავსი ოვაციებით შემეგებებოდნენ. ხოლო კარიერის მეორე ეტაპზე მარიამ უგრეხელიძემ, ჩვენი კამერული დასის სამხატვრო ხელმძღვანელმა, მასწავლა ბევრი რამ, მან საბალეტო ხელოვნების ახალი სახე დამანახვა. სწორედ მისი დახმარებით შევძელი, მეცეკვა სოლო პარტიები და წამყვანი როლები. ის დღესაც დიდ გავლენას ახდენს ჩემს საბალეტო წარმატებაზე და მისი დიდი მადლობელი ვარ. დაბოლოს, დედა. დედაჩემის გვერდში დგომისა და დახმარების გარეშე საერთოდ არაფერი ვიქნებოდი. ის ნამდვილი გმირია ჩემს თვალში და ჩემს ცხოვრებაში.
– სამოდელო საქმიანობა როგორ დაიწყეთ?
– ჩემ ირგვლივ მოდელობაზე ყოველთვის იყო საუბარი, ყველა მეუბნებოდა, რომ უნდა მეცადა და ამას არ ვინანებდი. სანამ გარდაიცვლებოდა, მამაც მეუბნებოდა, რომ მოდელი უნდა ვყოფილიყავი და რომ მე მისი პატარა მოდელი ვიყავი. თუმცა მე იმდენად ვიყავი საბალეტო სფეროში ჩაძირული, რომ მოდელობის მიმართ დიდად არ ვიჩენდი ყურადღებას, მანამ, სანამ პანდემია არ დაიწყო და ცეკვა ფიზიკურად შეუძლებელი გახდა. მივედი, „ნატალის“ სამოდელო სააგენტოში და ვეცადე, შემესწავლა ეს ყველაფერი, კარგად გამომდიოდა, ვიპოვე ის ხიბლი, რასაც აქამდე ვერ ვხედავდი, თუმცა პანდემია დასრულდა, ბალეტს დავუბრუნდი და ის საქმე მივივიწყე. რამდენიმე წლის შემდეგ ისევ გამიღრმავდა სურვილი, თავიდან მეცადა და ვცადე კიდეც. არაერთ ფოტოსესიაზე ვიყავი, საბედნიეროდ, კომპლიმენტებიც დავიმსახურე, რამაც უფრო თავდაჯერებული გამხადა. რამდენიმეჯერ ჩვენებაზეც გამოვედი და ეს არც თუ ისე ცუდი იყო, პირიქით, მომეწონა და დღესდღეობითაც ვფქირობ, ამ მხრივ განვვითარდე. დროდადრო, როცა ბალეტიდან თავისუფალი ვარ, ისევ მაქვს ფოტოსესიები და შეიძლება, მომავალში უფრო ჩავუღრმავდე.
– პროფესიად რა აირჩიეთ?
– პანდემიის პერიოდში ცეკვა შეუძლებელი იყო, ვერსად წავიდოდი. საზღვარგარეთ მინდოდა ცეკვის გაგრძელება, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო და დავიწყე ფიქრი ეროვნული გამოცდების ჩაბარებაზე. უცხო ენებსა და განსაკუთრებით ინგლისურ ენას ყოველთვის კარგად ვსწავლობდი და მისი სიღრმისეულად ათვისება მსურდა. ყველაზე ახლოს ეს იყო ჩემთან და საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისურ ფილოლოგიაზე ჩავაბარე. სტუდენტური ცხოვრება რადიკალურად განსხვავდება საბალეტო სფეროსგან. გამიხარდა, რომ მომეცა შანსი, ეს მხარეც მენახა და მართლაც საინტერესო გამოცდილება დამიგროვდა.
– დღეს რომელი დასის წევრი ხართ?
– დღესდღეობით მარიამ უგრეხელიძის საბალეტო კამერულ დასში ვცეკვავ, ვარ სოლისტი. პირველად მარიამი პანდემიის პერიოდში დამიკავშირდა შემოთავაზებით, რომ იგეგმებოდა მცირე თეატრის ჩამოყალიბება და ეძებდნენ ბალერინებს. ვინაიდან იმ პერიოდში მე საზღვარგარეთ წასვლას ვეღარ ვახერხებდი და წელიწად-ნახევარი ცეკვის გარეშე ვიყავი, სიხარულით დავთანხმდი ამ შემოთავაზებას და ამ პატარა გუნდს შევუერთდი. საბალეტო სკოლისგან განსხვავებით, აქ სულ სხვა სიტუაცია იყო, ბევრი რამ ვისწავლე და ბევრი გამოწვევა მივიღე. უფრო მეტად გავიზარდე, როგორც ამ სფეროს არტისტი და ბევრი საინტერესო როლიც მოვირგე. ასევე, მომეცა შანსი, პირველი წამყვანი პარტიაც მეცეკვა მათთან. მართლა ერთი პატარა ოჯახივით ვართ. ბევრი ახალი მეგობარი შევიძინე. ქალბატონი მარიამისა და მადონა ნიორაძის დახმარებით, ბევრ ახალს ვსწავლობ და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე იქნება.