რა ტრავმა გადაიტანა თეკლა სულაქველიძემ ბავშვობაში და რატომ არ უნდოდა მანანა აბრამიშვილს შვილის მსახიობობა
მსახიობი თეკლა სულაქველიძე სტუდენტობიდანვე აქტიურია და წარმატებებმაც არ დააყოვნა. მას საზოგადოება სხვადასხვა პროექტიდან იცნობს და ალბათ, ისიც ბევრმა იცის, რომ თეკლა რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობის, მანანა აბრამიშვილის ქალიშვილია.
თეკლა სულაქველიძე: ბავშვობიდანვე მომწონდა თამაშები, რომელშიც ინტერვიუებს ვაძლევდი ჟურნალისტებს, ვყვებოდი ჩემს ცხოვრებაზე და ასე შემდეგ, თუმცა, მაშინ მსახიობობაზე არ ვოცნებობდი. დაახლოებით, 16-17 წლამდე ამ პროფესიაზე სერიოზულად არც მიფიქრია, ანუ მანამ, სანამ სტუდიაში არ დავიწყე სიარული და მივხვდი, რომ ნამდვილად მსიამოვნებს სცენაზე დგომა და გარდასახვა.
– დედა წარმატებული მსახიობია და მგონია, რომ კულისებში გაიზრდებოდი.
– კი, ასე იყო. 6 წლიდან დავდიოდი დედაჩემის და არა მხოლოდ, მისი კოლეგების სპექტაკლებზე. აღფრთოვანებული ვიყავი თეატრით. ამ სამყაროში დედამ შემადგმევინა ფეხი და მაჩვენა მსახიობის ცხოვრება, თავისი სირთულეებით. ხშირად მეუბნებოდა, შენ არ გაქვს მსახიობის ხასიათიო. არ უნდოდა, რომ მეც ეს პროფესია ამერჩია.
– წინააღმდეგი იყო?
– კი. პირველ წელს საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩავაბარე, ზუსტად იმიტომ, რომ დედას უნდოდა, ნებისმიერი პროფესიის ვყოფილიყავი, გარდა მსახიობისა. პირდაპირ უნიჭო ხარო, არ მეუბნებოდა, მაგრამ სულ მიმეორეობდა, არ გამოგივა, არ გაქვს მსახიობის ხასიათი, ნებისყოფა, ამ პროფესიას თავგანწირვა სჭირდებაო. მე გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ ეს შემეძლო, მაგრამ დედა არ იყო ამაში დარწმუნებული. ამიტომ მითხრა, სახლში აღარ შემოხვალ, თუ მსახიობობას აირჩევო (იცინის). მერე მართლა ძალიან ვთხოვე, ერთი შანსი მოეცა. დამთანხმდა. კარგი, გადი გამოცდებზე და თუ ჩააბარებ, დაიწყე სწავლა, მე არაფერში დაგეხმარები, არ ჩავერევი, მაგრამ თუ ვერ ჩააბარებ, შემდეგ წელს აღარ იტყვი, რომ კიდევ ცდი და ამ პროფესიასთან აღარანაირი შეხება არ გექნებაო. შევთანხმდით, გავედი და გამიმართლა – ჩავაბარე.
რაც შეეხება საერთაშორისო ურთიერთობებს, პირველივე სემესტრში მივხვდი, რომ იქ ვერ გავჩერდებოდი. ერთ-ერთ ლექციაზე პოლიტიკის შესავლის ლექტორმა გვკითხა, რა მოგვწონდა და გვაინტერესებდა ცხოვრებაში. მე ყველაფერი ვთქვი, გარდა თეატრისა. მერე ლექტორი თვითონაც გაგვეცნო ამავე კითხვების პასუხებით და გვითხრა, პირველ რიგში, თეატრი მიყვარს და ყოველთვის ვოცნებობდი მსახიობი ვყოფილიყავი, მაგრამ ჩემი მშობლები წინააღმდეგები იყვნენ და ამ მიმართულებაზე ამიტომ ჩავაბარე. დღემდე ვახსენებ ჩემს მშობლებსა და თავს და ვნანობ, ეს ნაბიჯი რატომ არ გადავდგი, თუმცა, თავს ვიმართლებ ხოლმე – ისეთი პროფესია ავირჩიე, რომელიც ნორმალურ შემოსავალს მომიტანდაო. ეს სიტყვები რომ მოვისმინე, იმ წუთას გადავწყვიტე, რომ მეც იგივე შეცდომა არ დამეშვა და უნდა მებრძოლა, რომ წლების შემდეგ იგივე ისტორია არ მქონოდა მოსაყოლი.
– დედა რატომ იყო ასეთი წინააღმდეგი, როცა ხედავდა, რომ ასე გაინტერესებდა ეს პროფესია?
– მეც სულ ამას ვეკითხებოდი – დედა, რატომ ხარ წინააღმდეგი, როცა თვითონ მსახიობი ხარ და ასე გიყვარს ეს პროფესია-მეთქი?! მითხრა, შენ ხარ კარგი მოსწავლე, ათოსანი, ოქროს მედალოსანი, კარგი განათლება გაქვს და ის აუცილებლად უნდა გამოიყენო. უნდა გქონდეს ისეთი საქმე, რომელიც როგორც მატერიალურად, ისე ფსიქოლოგიურად, გამოგადგება. ჩვენს ქვეყანაში მსახიობობა არ მოგცემს იმის საშუალებას, რომ პროფესიულად შემდგარი იყო. მატერიალურად და დაფასების მხრივაც არ გექნება იმის საპირწონე, რა შრომის ჩადებაც მოგიწევსო.
– ჩაბარებიდან საკმაოდ მალე მოვიდა წარმატება: გამოჩნდი სერიალებში, თეატრში…
– მართლა მალე დაიწყო ჩემი კარიერული ზრდა. პირველკურსელი სტუდენტი ვიყავი, პირველივე სემესტრში მოკლემეტრაჟიან ფილმში მივიღე მონაწილეობა, შემდეგ დაიწყო სერიალი „იდეალური დედა“. ქასთინგზე გავედი, თუმცა იმხელა კონკურენცია იყო, ვერ ვიფიქრებდი, რომ როლზე დამამტკიცებდნენ, მაგრამ გამოვიდა. გამიმართლა. შემდეგ გამოჩნდა რეკლამებიც. მგონი, იღბალი მეხმარება ჩემს პროფესიაში. რაც შეეხება თეატრს, არცერთ დასში არ ვარ, ეს ჩემი არჩევანია. მგონია, რომ მე და თეატრი დღემდე ვერ ვმეგობრობთ, მე ძალიან მიყვარს, მაგრამ მას – ნაკლებად (იცინის).
სამწუხაროდ, ხალხი, როგორც თეატრის მსახიობს, არ მიცნობს, მაგრამ მგონია, რომ ამასაც დრო და გამოცდილება სჭირდება. მეორე კურსის ბოლოს „ახმეტელის თეატრში“ ვითამაშე. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. შემდეგ კიდევ რამდენიმე სპექტაკლი იყო. დღეს რამდენიმე თეატრის სცენაზე ვთამაშობ, თუმცა, გადასაღებ მოედანზე უფრო შინაურულად ვგრძნობ თავს, ვიდრე თეატრში.
– რამდენიმე წელია, რაც ამ პროფესიაში ხარ და დღეს როგორ უყურებ იმ შიშებს, რაც დედას ჰქონდა თავის დროზე, თუნდაც მატერიალური თვალსაზისითი ან სხვა კრიტერიუმის მიხედვით?
– ზოგადად, დამოუკიდებელი ბავშვი ვიყავი. 14 წლიდან ჩემი შემოსავალი მაქვს. ბოლოს დედას ფული როდის ვთხოვე, არ მახსოვს. მუშაობა ძალიან მიყვარს, ძალიან შრომისმოყვარე ადამიანი ვარ. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ იმდენი შემოსავალი მაინც მექნებოდა, რომ კმაყოფილი ვყოფილიყავი, თან ვგრძნობდი, რომ ამ პროფესიაში უდიდესი სიამოვნება მელოდა, რადგან მე ის ძალიან მიყვარს. კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით. არც მატერიალური თვალსაზრისით ვარ ცუდ მდგომარეობაში. პირიქით, იმაზე კარგ მდგომარეობაში ვარ, ვიდრე ვფიქრობდი.
– დედას მიდგომა შეეცვალა?
– ამას ჩემთან არასდროს აღიარებს, არ იტყვის, რომ კმაყოფილია ჩემი გადაწყვეტილებით, მაგრამ მომდის ხმები (იცინის). ვიგებ, რომ დედა როგორც კარგ და შემდგარ მსახიობს, ისე მახასიათებს, თუმცა არ ვეთანხმები, ჯერ ისეთი ფასეული არაფერი გამიკეთებია, რომ ჩემი სახელი იცოდნენ.
– როგორი დედა-შვილი ხართ, როგორ გესმით ერთმანეთის?
– დედას რომ ჰკითხო, ერთმანეთისგან ძალიან განვსხვავდებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერში ვგავართ (იცინის). ძალიან კარგი მეგობრები ვართ, დედას ყველაფერს ვუყვები, უკარგესი მრჩეველი და მსმენელია. ანალოგიურად, ძალიან მიხარია, როცა თავის ამბებს მიზიარებს, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როცა ვგრძნობ, მისთვის რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანი ვარ, რომ დედას ვჭირდები და ვეიმედები. ვაღიარებ, არ არსებობს, ადამიანზე მითხრას, ეს არ გამოგადგებაო, რაზეც, რა თქმა უნდა, მე არ ვეთანხმები და ვაპროტესტებ, შენ ყველას ეჭვით რატომ უყურებ-მეთქი, მაგრამ ცოტა დრო რომ გადის, ვხვდები: უი, თურმე, დედა მართალი ყოფილა-მეთქი (იცინის).
– არ გექნებოდა მარტივი ბავშვობა, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან პატარა იყავი, როცა თქვენს ოჯახში ტრაგედია მოხდა და მამა დაკარგე.
– ორი წლის ვიყავი, როდესაც მამა გარდაიცვალა და როგორც ამბობენ, ხუთ წლამდე ვყვებოდი, რაც მოხდა, მე შევესწარი მამის დაჭრის მომენტს, იქ ვიყავი, როცა ეს უბედური შემთხვევა მოხდა. მქონდა ბავშვური დეპრესიაც. მარტივად ვერ გამოვძვერი ამ სიტუაციიდან. დღემდე, როცა ფსიქოლოგს ვესაუბრები, მეუბნება, შენს ქვეცნობიერს სულ ახსოვს, რაც ნახა და შენი ყველა კომპლექსი და შიში აქედან მოდისო.
მე ბებოსთან გავიზარდე. სამწუხაროდ, დედასთან არ გავზრდილვარ. დედას რომ „დედა“ დავუძახე და კარგად გავიცანი, 14 წლის ვიყავი, როცა მასთან გადმოვედი საცხოვრებლად. მანამდე დედაც ძალიან რთულ მდგომაროებაში იყო. მგონი, ის უფრო რთულ მდგომარეობაში იყო, იმის გამო, რომ მე ბებოსთან ვიზრდებოდი. მე ისეთ ქალთან ვიზრდებოდი, რომელიც ჩემთვის დედაც იყო, მამაც და ბებია-ბაბუაც. მას ჰქონდა ამისთვის საკმარისი გამბედაობა და ენერგეტიკა. მე არ მიგრძნია უმამობა და უდედობა, მიუხედავად იმისა, რომ დედა ხშირად მომნატრებია და მითქვამს, ჩემს მშობელთა კრებაზე რატომ არ მოდის ჩემი მშობელი-მეთქი. უსამართლობის შეგრძნება მქონდა, მაგრამ ისეთი არა, რომ ამას გადავყოლოდი. დედასთან ზაფხულისა და ზამთრის არდადეგებზე დავდიოდი და მერე რთული იყო ხოლმე მასთან განშორება.
– რატომ გადაწყვიტეთ, რომ ბებიასთან გეცხოვრა?
– ეს ბებოს თხოვნა იყო. ბებოს ორივე შვილი გარდაცვლილი ჰყავდა. წინა წელს ბებოც გარდაიცვალა და ჩემთვის ეს ძალიან რთული იყო. ჩემი ადამიანი დავკარგე, ვინც პიროვნებად ჩამომაყალიბა. როცა მამა გარდაიცვალა, ბებომ დედას სთხოვა, ორი შვილი გყავს, ერთ-ერთი გამატანე, რომ მე გავზარდო, თორემ მართლა გადავყვები ჩემს შვილებსო. ქმარიც გარდაცვლილი ჰყავდა. დედას ძალიან შეეცოდა ბებო და ამიტომაც გავიზარდე მასთან. მაშინ ხუთი წლის ვიყავი და მეც ძალიან მინდოდა ბებოსთან. დედამ გადაწყვიტა, რომ ბებოსადმი ჩემი სიყვარულის გამო, ძალიან არ გამიჭირდებოდა. თვითონ ძალიან რთულად გადაიტანა. ადრე ამაზე არ ლაპარაკობდა, მაგრამ ბოლო პერიოდში უფრო მიყვება ხოლმე, რამდენად რთული იყო ეს მისთვის. ალბათ, ესეც ჩაივლის. ჩემთვის დედაჩემი გმირია, მისაბაძი ადამიანია და ვისურვებდი, რომ მასავით პატიოსანი და ძლიერი ვიყო. ჩემთვის ის ყველაფერში პირველი და საამაყოა. ამიტომ უსამართლობის განცდა არ მაქვს, მადლობელი ვარ, რომ ბებოსთანაც მომიწია ცხოვრება. დედამ ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენთვის და მეც და ჩემი ძმაც ძალიან მადლობლები ვართ. ვუფრთხილდებით, როგორც შეგვიძლია და იმედია, კიდევ უფრო მეტადაც შევძლებთ.