“ოჯახის დანგრევამ ჩემში “ჩემი თავი“ დამინგრია”

129

იღბალი და შრომისმოყვარეობა, რომელს რა წვლილი მიუძღვის მომღერალი მაცაცო თოხაძის ცხოვრებასა და წარმატებაში – ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

– მაცაცო, რამდენად იღბლიან ადამიანად მიიჩნევთ თავს?

მაცაცო თოხაძე: ყოველდღე მადლობას ვწირავ უფალს ყველაფრისთვის – როგორიც ვარ, ვინც მყავს, რაც მაქვს, რაც შემიძლია და სადაც ვარ. იღბალს ვერ დავემდურები. იღბლიანი ვარ ჩემი ოჯახისა და მშობლების გამო. სამი ბიჭის დედობაზე მეტი მიზეზი რა შეიძლება მქონდეს? მზრუნველი და საყრდენი მეუღლე, უძვირფასესი სამეგობრო, უერთგულესი ბიძაშვილ– მამიდაშვილები… ახლა დავფიქრდი და ჩამონათვალი, ალბათ, ძალიან დიდი გამომივა.

– რამდენად შრომისმოყვარე ხართ?

– ამაზე ერთი სასაცილო ამბით გიპასუხებთ. აგარაკზე რემონტის დროს ხელოსანმა მიყურა, მიყურა… თავის თვალით ნახა, როგორ უკიდეგანოდ შემიძლია შრომა და ბოლოს მითხრა – მე ვირივით მუშაობა ვიცი და შენ ჩემზე ვირი ყოფილხარო (იცინის). უსაქმოდ ჯდომა, უბრალოდ, არ შემიძლია და არც ზომა ვიცი… თავს ბოლომდე ,,ვწურავ”.

– ყველაზე დიდი შრომა რისთვის გაგიღიათ?

– ყველაზე დიდი ფიზიკური შრომა ჩვენი სააგარაკო სახლის რემონტში ჩავდე და ჯერ კიდევ ამ პროცესში ვარ. სამსართულიანი სახლის კედლები მთლიანად მე გავაკეთე – ფითხი, გრუნტი, საღებავი… ეს ყველაზე შრომატევადი საქმეა, რაც კი მიკეთებია… ვარდებისა და ხეხილის მოვლა-პატრონობასა და ბალახის თიბვას აღარც ვთვლი (იცინის). მოკლედ, პატარა ,,მაგდანას ლურჯა” ვარ (იცინის).

– როდის აძლევთ თავს სიზარმაცის უფლებას?

– როდესაც ჩემი სხეული აღარ მემორჩილება… როდესაც ვხვდები, რომ ჩემი ფიზიკური შესაძლებლობების ყველა რესურსი ამოვწურე… აი, ასეთ დროს, შეიძლება, წამოვწვე… ან, უბრალოდ, ერთი დღე გავჩერდე.

– წარუმატებლობის შემთხვევაში ან რთულ პერიოდებში რა გეხმარებათ ფეხზე წამოდგომაში?

– იყო რთული პერიოდები ჩემს ცხოვრებაში… ზოგჯერ ახლაც დგება. მაგის გარეშე, აბა, როგორ იქნება ცხოვრება? ალბათ, ჩემი მებრძოლი ხასიათი მეხმარება. ურთულესი პერიოდები გამივლია მეგობრების ,,ხელის გულზე”. ყველაზე მეტად მეიმედებიან. და, რაც მთავარია, ვალდებულებები და პასუხისმგებლობები, რაც არ მაძლევს დანებების უფლებას.

– ვინ არის თქვენთვის ყველზე დიდი მოტივატორი?

– ამ ეტაპზე, ალბათ, ჩემი ნაბოლარა შვილი. ჯერ 8 წლისაა. ასე ვთქვათ, ,,სიბერეში” გავაჩინე. ამიტომ მის გამო ყველაზე მეტად ვარ მოტივირებული. მინდა, ბევრი კარგი საქმე მოვასწრო მისთვის. უფროსი შვილები უკვე დიდები არიან (29 და 24 წლის). ასე თუ ისე, ისინი უკვე დავაფრთიანე.

– ცხოვრებისეული სირთულეები ხელს გიშლით პროფესიაში?

– უკვე, თითქმის, 10 წელია, ჩემი პროფესია დიასახლისობაა და ესაა ყველაზე მრავლისმომცველი და უკიდეგანო პროფესია. იმდენი ქვე–პროფესია მაქვს გაერთიანებული, სათვალავი ამერია (იცინის).

– ხართ ადამიანი, ვინც საკუთარ ფიზიკურ თუ მენტალურ ჯანმრთელობას უფრთხილდება?

– სამწუხაროდ, ვერ ვარ ასეთი ადამიანი… ან ძალიან უმნიშვნელოდ. ეს სულაც არ მომწონს. ცოტა მეტი ეგოიზმი დამამშვენებდა, მაგრამ პიროვნულ თვისებებს, ალბათ, ვერაფერი ცვლის. საკუთარ თავზე ზრუნვა ,,რომელიღაცა” პრიორიტეტია ჩემთვის. მაგრამ, თან, ძალიან კარგად ვხვდები, რომ ეს ცუდია. ხელოვნურად ამას ვერ გააკეთებ, ხასიათში უნდა გქონდეს და ვისაც აქვს, ვულოცავ! (იცინის)

– რამდენად ზრუნავთ საკუთარ გარეგნობაზე?

– საკუთარ გარეგნობაზე თითქმის, აღარ ვზრუნავ. მგონი, უიშვიათესი გამონაკლისი ვარ თქვენს რესპონდენტებში, არა? რაღაც გარდატეხები მოხდა ჩემში. რაღაცები გადამიფასდა. თავის მოვლა მინიმუმამდე მაქვს დაყვანილი. ბუნებრივია, ჰოგიენას არ ვგულისხმობ. ჩემი თავი სრულებით აღარ მომწონს და აღარც სხვებისგან ველი, რომ მოვწონდე. მთავარია, ვარ ფიზიკურად სუფთა, ხოლო შინაგანად – მარტივი და მხიარული… და ვინმესთვის საინტერესოც.

– რამდენად იღბლიანი ხართ ადამიანებში?

– ადამიანებში ძალიან იღბლიანი ვარ. უდიდესი მადლიერება მაქვს სამყაროსადმი იმის გამო, რომ ცხოვრების არცერთ ეტაპზე სიყვარულის, საყვარელი ადამიანებისა და მათთან კონტაქტის დეფიციტი არ მქონია. საერთოდ ვერ ვღებულობ ცნებას ,,ყოფილი მეგობარი”. როგორ შეიძლება, მეგობარი გახდეს ყოფილი? ესე იგი, არ ყოფილა მეგობარი. მთელი ცხოვრება სწორი ადამიანები მყავს გარშემო.

– რამდენად იღბლიანი ხართ მეორე ნახევარში?

– საერთოდ, მგონია, რომ დედობისთვის, ცოლობისთვის და სხვებზე ზრუნვისთვის ვარ გაჩენილი. ოჯახური ცხოვრება ძალიან პატარა ასაკში დავიწყე. 17 წლის გავთხოვდი. დიდი, მაგრამ ბავშვური, როგორც აღმოჩნდა, სიყვარულით. ხუთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ პირველი ოჯახის დანგრევამ ცოტა დაბნეული და შეშინებული დამტოვა. მეორე ოჯახიც იმ იმედით შევქმენი, რომ მთელი ჩემი ცხოვრება ქმარსა და შვილებზე მეზრუნა. სამწუხაროდ, იქაც არ გამოვიდა. მეორე ოჯახის დანგრევამ ჩემში საკუთარი თავი დამინგრია. ახლა უკვე, თითქმის, 20 წელიწადია, მშვიდად, წყნარად, დალაგებულად მესამე ოჯახი მაქვს. მზრუნველი და მოსიყვარულე მეუღლე, საიმედო და საყრდენი ადამიანი. თუმცა, ვერ მოვითმენ, არ ვთქვა, რომ ეს დიდწილად ჩემი დიდი მოთმინების, რბილი და უკონფლიქტო ხასიათის, ჩემი მზრუნველობისა და ოჯახის სიყვარულის დამსახურებაა. ალბათ, რომელიღაცა ნათლიამ სხვების კომფორტზე ზრუნვა დამანათლა (იცინის).

– შეცდომებზე სწავლობთ?

– ძალიან მინდა, ისეთი ჭკვიანი ვიყო, რომ სხვის შეცდომებზე ვისწავლო, მაგრამ არ ვარ (იცინის). ზოგჯერ საკუთარზეც ვერ ვსწავლობ. ან ჯიუტი ვარ და ან სულელი, არ ვიცი.

– ბავშვობაში როგორ წარმოგედგინათ საოცნებო მომავალი და რამდენად შეეფერება მას დღევანდელი რეალობა?

– შემიძლია, ვთქვა, რომ ჩემი ცხოვრება შედგა! მადლობა უფალს ამისთვის. ადამიანის ფანტაზია და ოცნებები უკიდეგანოა… ყოველთვის შეგიძლია, შენი თავი ბედნიერად ან უბედურად აღიქვა. გააჩნია, ვისთან ან რასთან გაქვს სწორება. მე მინდოდა, მყოლოდა შვილები, მქონოდა ოჯახი, ვყვარებოდი ადამიანებს, მოსწონებოდათ ჩემი გაკეთებული საქმეები… დღევანდელ რეალობაში ეს ყველაფერი მაქვს და ძალიან, ძალიან მადლიერი ვარ.