“ ყველგან და ყველაფერში მე ვიყავი მისი და ის ჩემი ცხოვრების სასიამოვნო ნაწილი”

91

ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

”… წლის ასაკში (ციფრები დავწერე და წავშალე) უკანასკნელად მაინც შევუწყო ხასიათი და საჯაროდ არ გავთქვა ის, რასაც მუდმივად მალავდა. იმდენად ლამაზი იყო და იმდენად არ ეტყობოდა ასაკი, რომ ეს უბოროტო ტყუილიც ყველასთვის უმტკივნეულოდ მისაღები იყო. მისი და მამაჩემის წყალობით სახლში ცხოვრება მუსიკის ფონზე მიდიოდა. ენით აღუწერელი სიყვარული ჰქონდა ჩემ მიმართ.
თითქმის ჩემ დაოჯახებამდე, ყოველ პარასკევს განსაკუთრებული რიტუალი მეწყებოდა – უნდა ჩავბარგებულიყავი და ორშაბათამდე ჩუღურეთიდან ვაკეში მამიდასთან გადავბარგებულიყავი. ეს იმდენად ჩვეული რიტმი იყო, რომ მიკვირდა, სხვა ბავშვები, რომლებსაც მამიდა ჰყავდათ, ანალოგიურად რატომ არ ცხოვრობდნენ. ყველა მისი კოლეგა მუსიკოსი მიცნობდა. აკლებული მქონდა მეექვსე მუსიკალურიც და 29-ე სტუდიაც, სადაც მის სამუშაო კაბინეტზე დატანილ წარწერას – “გამგე – ლ.ჟვანია”-ს ჩემად მივიჩნევდი.
ყველგან და ყველაფერში მე ვიყავი მისი და ის ჩემი ცხოვრების სასიამოვნო ნაწილი. ეს დიდი სიყვარული და გრძნობა ვერ გატეხა იმ ფიზიოლოგიურმა პროცესმაც, რომელიც პროგრესირების გამო ადამიანს ცნობიერებას უთრგუნავს და გარშემომყოფებს ავიწყებს. ყველაზე კარგად მხოლოდ მე ვახსოვდი. რამდენიმე კვირის წინაც, მასთან ოთახში შესულს, პირველივე შემოხედვისთანავე “მოხვედი ლაშა” მითხრა და სიხარულით სახე გაუნათდა. ჩემთან საუბრისას ახსენდებოდა თითქმის ყველა და ყველაფერი, სხვადასხვა ისტორიაც.
მგონი მადლობაც არასოდეს მითქვამს. ბოლოს, მინდოდა ჩხეიძის ქუჩაზე, ლამაზად მოწყობილი მისი მშობლების ერთსაუკუნოვანი ეზო კიდევ ერთხელ მეჩვენებინა, მაგრამ უძლურების გამო ვეღარ მოვახერხეთ. ამიტომ, ჩემი დაბადების დღეს, სვეტიცხოვლობას, მისი დაბადების ადგილიდან, წმინდა ნინოს ჩუღურეთის ბაზილიკიდან გამოვასვენებთ, სიმბოლურად, მის საყვარელ, თითქმის ნახევარსაუკუნენამსახურებ მე-6-ე მუსიკალურ სკოლამდე გავატარებთ იმ გზას, რომელიც, მთელი ცხოვრების მანძილზე ყველაზე მეტჯერ აქვს გავლილი და შემდეგ მისი მეუღლის, საყვარელი ძმის, მამიდის, ბებია-ბაბუის, ბიძებისა და ბიძაშვილების გარემოცვაში მივაბრძანებთ.
მადლობა ამაგისთვის, სითბოსთვის, თანადგომისთვის, ზრუნვისთვის, დიდი სიყვარულისთვის. 🙏❤️
ჰო, და კიდევ, აუცილებლად – მუსიკისთვისაც მადლობა! 🎶🎵
მადლობა ლიო ❤️”

… წლის ასაკში (ციფრები დავწერე და წავშალე) უკანასკნელად მაინც შევუწყო ხასიათი და საჯაროდ არ გავთქვა ის, რასაც მუდმივად…

Posted by Lasha Zhvania on Sunday, October 12, 2025