როგორ გაიარა ყველაზე მძიმე და ბედნიერი პერიოდი ერთდროულად ლიკა გაგნიძემ და რა თავგადასავლები გადახდა მას ქორწილის დღეს

102

ლიკა გაგნიძე „ტიკ-ტოკის“ მეშვეობით პანდემიის დროს გავიცანით. მან საზოგადოების ყურადღება დასაწყისში უცნაური იუმორით მიიპყრო, შემდეგ კი, დროსთან ერთად, მისი ცხოვრების არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენის მომსწრეები გავხდით. ლიკას ახლახან ულამაზესი ქორწილი ჰქონდა.

ლიკა გაგნიძე: ჯერ ისევ ქორწილის შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. ზღაპრული დღე გამოვიდა, ძალიან ბედნიერი ვიყავი და არ მინდოდა, მალე დასრულებულიყო.

– თავგადასავლებით დატვირთული დღე იყო, სახალისო თუ ხელის შემშლელი ამბებით…

– ზოგადად, ბავშვობიდან ხიფათიანი ვარ. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი უცნაურად ხდება, ყველაფერი რთულდება, მაგრამ საბოლოოდ მაინც გამოდის. ამ მხრივ, არც ქორწილი ყოფილა გამონაკლისი. მაგალითად, წინა დღეს კანალიზაციამ ამოხეთქა უბანში, ზუსტად ჩემი სადარბაზოს წინ, მაგრამ ეს პრობლემა, ასე თუ ისე, მოგვარდა. უშუალოდ ქორწილის დილას მკერავთან ავედით კაბის ჩამოსატანად, რომელიც ჩემს კორპუსში ცხოვრობს. თითქოს, განა რა უნდა მომხდარიყო, მაგრამ ლიფტი გაიჭედა და ეს დიდი მოწიწებით გაუთოვებული კაბა კიბეებით ჩამოვაბრძანეთ ორმა ადამიანმა მხარზე გადებული (იცინის).

მერე ავდექი და რადგან ვიზაჟისტი ვარ, დედას და ჩემს მეჯვარეებს მაკიაჟი გავუკეთე. ბოლოს, როცა გადავწყვიტე საკუთარი თავისთვის მიმეხედა, შუქი გაითიშა, თუმცა, საბედნიეროდ, ბოლო მომენტში მოვიდა.

ცოტა ხანში კარზე კაკუნი გაისმა, ფოსტიდან იყვნენ და ყველას გვეგონა, საჩუქარი გამომიგზავნეს, მაგრამ სინამდვილეში ჯარიმა მომივიდა (იცინის).

კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი დაემთხვა ჩემი ქორწილის დღეს, გვერდზე სადარბაზოში გასვენება იყო. ამიტომ უფრო ვნერვიულობდი, მინდოდა, სწრაფად გავსულიყავით სახლიდან, მაგრამ ჩამოთვლილი მიზეზების გამო არ გამოვიდა და ისე მოხდა, რომ გასვენებისა და ქორწილის ხალხი ერთად იდგა დაბლა. ვინ ვის ულოცავდა და ვინ რას იზიარებდა, ვეღარ გაიგებდი, დიდი არეულობა იყო (იცინის).

– როგორი დაიწყო თქვენი სიყვარულის ისტორია?

– ეს ბევრი წლის წინ მოხდა. მე დიდად არ მიყვარდა გარეთ გასვლა, მაგრამ ჩემს დაქალს ძალიან უყვარდა სეირნობა და სულ მეხვეწებოდა, წამო, სადმე წავიდეთო. თან, მაშინ პატარები ვიყავით. ისე მოხდა, რომ ერთ დღეს მე დავუწყე ხვეწნა, წამო, გავისეირნოთ-მეთქი. თან, იმ დღეს ქარი იყო, მე კიდევ ქარს ვერ ვიტან. ასეთ ამინდში გარეთ სეირნობას მირჩევნია, მთელი დღე სახლში ვიყო გამოკეტილი. საქმე ისაა, რომ რატომღაც დღე ამერია, რუსთავქალაქობა მეგონა და ვფიქრობდი, რომ კონცერტზე გავერთობოდით, მაგრამ უცნაური ისაა, რომ არც კონცერტები მიყვარდა. რომ გავდიოდით, ჩემს დაქალს ვუთხარი, იცოდე, თუ ვინმე მოვიდა და ჩვენს გაცნობას შეეცადა, „არ ავვარდეთ“, ცივილიზებულად გავესაუბროთ, უხეშობა არ გვინდა-მეთქი. არ ვიცი ეს რატომ ვთქვი, ალბათ, გულმა მიგრძნო. მოკლედ, მერიის წინ ვიყავით, როცა ჩემმა მომავალმა მეუღლემ, რომელიც თვითონაც მეგობრებთან ერთად იყო, შეგვამჩნია. მოვიდნენ, გვერდით დასხნენ და ნელ-ნელა შემოგვეცნენ. მაშინ სხვა დრო იყო, სხვა ხიბლი ჰქონდა ცოცხალ ურთიერთობებს. „ფეისბუქი“ უკვე არსებობდა, მაგრამ სოციალური ქსელები ასე აქტიური არ იყო.

– რამდენი წლისები იყავით?

– ჩემი მომავალი მეუღლე 16 წლის იყო, მაგრამ მომატყუა 25 ის ვარო. მე 18-ის ვიყავი. ჯერ არ მქონდა ნათქვამი ჩემი ასაკი, როცა თვითონ წლები მოიმატა. ერთი კვირის შემდეგ მითხრა 19-ის ვარო, მაგრამ არ მჯეროდა, უფრო დიდი იქნები, პირადობა მაჩვენე-მეთქი. პირადობა არა, მაგრამ დაბადების მოწმობა რომ მაჩვენა და გავიგე, 16-ის იყო, ვერ ვიჯერებდი (იცინის).

– საკმაოდ დიდი ხანი იყავით შეყვარებულები, ქორწინება რამდენ ხანში გადაწყვიტეთ?

– რადგან პატარები ვიყავით და თან ორივეს უნივერსიტეტში ჩაბარება გვინდოდა, ვგეგმავდით, რომ ჩაბარებიდან 2-3 წელში დავოჯახებულიყავით. თავიდან ცოტა მკაცრი იყო. ცდილობდა, დომინანტი ხასიათი გამოეჩინა. რადგან ასაკით ჩემზე პატარა იყო, ალბათ, იფიქრა, რომ მე უფრო ძლიერი ვიყავი და ამიტომ, მაგრამ ჩემი ჯიუტი ხასიათის გამო „თავის ჭკუაზე“ ვერ მომიყვანა და ხშირად ვშორდებოდით (იცინის). რეალური მიზეზი არცერთმა არ ვიცოდით, სერიოზული პრობლემა არასდროს გვქონდა, ამიტომ მალევე ვრიგდებოდით, თუმცა, ასე წლები გავიდა. ბოლოს რომ შევრიგდით, 2020 წელი იყო.

უკვე სერიოზულად მივუდექით ჩვენს ურთიერთობას, მივხვდით, რომ თამაშის დრო აღარ იყო და მას შემდეგ აღარ გვიჩხუბია.

როცა ჩემი დიაგნოზის შესახებ გავიგე, მაგ პერიოდში უკვე მისი საცოლე ვიყავი. ყველგან თან დამყვებოდა, სულ ჩემ გვერდით იყო. მე დედა აქ არ მყავს, ის წლებია, იტალიაშია და საქმრო დედასავით მედგა გვერდით. ზეპირად იცოდა ჩემი წამლების გრაფიკი თუ გამოკვლევების თანმიმდევრობა. ექიმსაც თვითონ ეკონტაქტებოდა. დიაგნოზი რომ გავიგეთ, აღარ გადავდეთ დაქორწინება, მალევე მითხრა, რომ უნდოდა, ერთად გადავსულიყავით და ცოლ-ქმარი გავმხდარიყავით.

– საკმაოდ რთულ პერიოდში გადადგით ეს ნაბიჯი.

– ძალიან. ეს ორი ამბავი პარალელურად მოხდა, დაოჯახება და დაავადებასთან ბრძოლა – სასიხარულო და ძალიან რთული პერიოდი, თითქოს ერთმანეთს აბალანსებდა და ალბათ, ამან ეს ყველაფერი უფრო მარტივად გადამატანინა. სირთულეების მიუხედავად, ბევრი კარგი რამ ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში.

–შარშან დაქორწინდით, თუმცა ქორწილი წელს იყო და აღნიშნე კიდეც სოციალურ ქსელში, შარშან უმძიმეს დაავადებას ვებრძოდი და წელს ქორწილისთვის ვემზადებიო. როგორ გახსენდება ის მომენტი, როცა პირველად გააცნობიერე, რა ხდებოდა?

– დღემდე ძალიან რთულია ამაზე საუბარი, იმ დღეებს რომ ვიხსენებ, თითქოს, ყელში ბურთი მეჭედება და შინაგანი კანკალი მეწყება. ახლა კიდევ უფრო კარგად ვიაზრებ, რა რთული პერიოდი გავიარე. მაშინ მთელი სიმძაფრით ვერ აღვიქვამდი, რადგან თითქოს ბრძოლაში ვიყავი და ბევრი ფიქრისთვის დრო არ მქონდა. ძალიან დამეხმარა სრულიად უცხო ადამიანების გვერდში დგომა. მახსოვს, ერთმა გოგონამ ისე, რომ თავისი ვინაობა არ გაამხილა, თაიგული გამომიგზავნა სიურპრიზად. მერე გავიგე ვინ იყო და დიდი მადლობა გადავუხადე, რადგან ძალიან გამახარა. იმდენი უცხო ადამიანი გამოხატავდა სითბოს და მგულშემატკივრობდა, რომ თითქოს, საკუთარი თავის ფასი შევიგრძენი, თურმე, რამდენ ადამიანს შევაყვარე თავი.

– დიაგნოზის დასმა საკმაოდ რთული აღმოჩნდა…

– კი, ასე იყო. სიმსივნე რომელიმე ორგანოზე არ ყოფილა, კანსა და კუნთს შორის იყო, მუცლის წინა კედელში, რაც ყველა ექიმისთვის უცნაური ფაქტი იყო. გერმანიაშიც რომ გადავგზავნეთ მონაცემები, იქაც კითქვა გაუჩნდათ, ეს აქ როგორ აღმოჩნდაო?! კერა არსად ჩანდა. თითქოს ჰაერში იყო გამოკიდებული. ბევრი კვლევის შედეგად, საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ პირველადი იყო, პირველი სტადიის დასაწყისი. საბოლოოდ, სიმსივნის დიაგნოზი რომ გავიგე, ეს ჩემთვის შოკი იყო. ერთი თვე ხან სიკვდილს ვეგუებოდი, ხან ვფიქრობდი, რომ უნდა მებრძოლა. ვდილობდი, იმ აზრსაც შევგუებოდი, რომ სიკვდილი გარდაუვალია. ადრე თუ გვიან, სამწუხაროდ, ეს ყველა ადამიანის ცხოვრებაში ხდება, მერე კი სხვა ფორმით გრძელდება არსებობა-მეთქი, – ასეთი ფიქრებით ვიმხნევებდი თავს. ასეთი ფიქრები ზოგჯერ დღესაც მაქვს. ბოლომდე გარანტირებული არაფერია. შეიძლება, სიმსივნე აღარ მქონდეს, მაგრამ მაინც.

– თუმცა, ყველაფერი გაკეთდა, რაც საჭირო იყო და ყველაფერი თავის ადგილას დალაგდა, ხომ?

– ასეა. ოპერაციის შემდეგ, გამოკვლევებს ვიკეთებდი და მდგომარეობა რომ დავაზუსტეთ, მერე დავიწყე ქიმიები. მანამდე ექვსი თვე ვიკვლევდით, კიდევ სადმე ხომ არ იყო სიმსივნე, თუმცა, ეს პერიოდი სოციალურ ქსელში არ გამისაჯაროებია. ქიმიების გაკეთება რომ გადაწყდა, მერე ვთქვი, რადგან ვიცოდი, რომ ეს ვიზუალზეც აისახებოდა თმის ცვენის, შეშუპების ან სხვა სახით. ქუჩაში რომ დავდივარ, ხალხი მცნობს, ყველას გაუკვირდებოდა ამ მდგომარეობაში ჩემი დანახვა და გაურკვევლობა და კითხვები რომ ამერიდებინა თავიდან, გადავწყვიტე, ხალხისთვის მეთქვა, რაც ხდებოდა. იმასაც ვფიქრობდი, რომ სხვა ონკოპაციენტებისთვისაც მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩემი გამოცდილების გაზიარება.

– ქიმიების პერიოდში რა დაგეხმარა?

– ჩემი საქმიანობა. ვიზაჟისტი ვარ, მე და ჩემმა დაქალებმა სალონი გავხსენით და ამ პერიოდშიც ვმუშაობდი. ქიმიის გაკეთებიდან მეორე, მესამე დღეს ჩვეულებრივად ვაკეთებდი მაკიაჟს. მხოლოდ ერთხელ ვერ შევძელი ამის გაკეთება. რადგან ქიმიის შემდეგ რამდენიმე დღე საჭმელს ვერ ვჭამდი, იმდენად დასუსტებული ვიყავი, რომ გონება დავკარგე. სულ ექვსი ქიმია დამჭირდა. სამ კვირაში ერთხელ ვიკეთებდი. ერთი კვირა იყო ძალიან კრიზისული. თავისებური უკუჩვენებები გამომივლინდა, თორემ სხვა შემთხვევაში ჩემი საქმე არ მიმიტოვებია.

როგორც უკვე ვთქვი, ქიმიების გაკეთება რომ დავიწყე, ორგანიზმში უკვე აღარ იყო სიმსივნე. სანამ ამაში არ დავრწმუნდით, მანამდე ეს ნაბიჯი არ გადაგვიდგამს. ქიმია პროფილაქტიკის მიზნით გაკეთდა და მისი დასრულების შემდეგ, კვლევა რომ ჩავიტარე, ისევ მოვიდა პასუხი, რომ ორგანიზმში არაფერი იყო. ახლა სამ თვეში ერთხელ მიწევს კვლევების გაკეთება, ამ მომენტშიც პასუხს ველოდები. დღემდე მიჭირს ამაზე თავდაჯერებული საუბარი. შიში და შფოთვა მაინც მაქვს. თმაც რომ მეზრდება და მიხარია, ცოტა მაშინებს, ისევ იგივე არ მოხდეს. ასე მგონია, სულ ასეთ განცდებში ვიქნები. შეიძლება, წლების მერე გამიაროს, მაგრამ ჯერ რადგან მალ-მალე მიწევს კვლევების გაკეთება, ასეა და ეს საკმაოდ სტრესულია.

– ალბათ, ამას დრო სჭირდება, თუმცა მთავარია, ყველაფერი კარგადაა. როგორც თქვი, სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან გცნობენ, რადგან უკვე რამდენიმე წელია, სოციალურ ქსელში აქტიური ხარ და უამრავი გულშემატკივარი გყავს. როგორ დაიწყო ყველაფერი თავიდან?

– კარანტინის პერიოდში, ჯერ სხვა ტიკ-ტოკერებს ვუყურებდი და ერთ დღესაც გადავწყვიტე, ამ სივრცეში მეც ჩემებურად მეხუმრა. იუმორი, რომელიც ჩემგან ჩემი ახლობლებისთვის ნაცნობი იყო, საზოგადოების ნაწილისთვის ცოტა გაუგებარი აღმოჩნდა. მეგონა, მიმიხვდებოდნენ განზრახ დაშვებულ შეცდომებს და აბსურდულ იუმორს, რაზეც ჩემს სამეგობროში გემრიელად ვიცინით ხოლმე, მაგრამ მთლად ასე არ აღმოჩნდა. მაგალითად, ერთი ვიდეო მქონდა, სადაც ვამბობ, იცოდით, რომ ხიზილალას ზაზუნის თვალებისგან ამზადებენ?! თან ხელში ზაზუნა მიჭირავს, რომელიც შეშინებული თვალებით მიყურებს. ხალხმა დაიჯერა, რომ მე მართლა ასე მეგონა და სხვებსაც ამაში ვაჯერებდი. მერე ვიდეოებს წერდნენ იმის შესახებ, თუ როგორ მზადდებოდა სინამდვილეში ხიზილალა. ამ ტიპის ვიდეო ბევრი მქონდა, ხან რას ვიგონებდი, ხან – რას და ბევრი იჯერებდა.