როგორ მოხვდა მარიამ ჩოფლიანი “ჰოლივუდურ“ სერიალში და რა ტკივილებმა აქცია ის ძლიერ ქალად

3

მარიამ ჩოფლიანის ცხოვრება, საკმაოდ რთული გამოცდილებებით არის სავსე, თუმცა იმავდროულად, მისი ცხოვრების თანმდევია წარმატებები, ბედნიერების არაერთი მიზეზი და საზოგადოებისგან განსაკუთრებული სიყვარული.

– მარიამ, მოდი, ჩვენი ინტერვიუ სილამაზის კონკურსზე საუბრით დავიწყოთ. მოგვიყევი, რა კონკურსი იყო, როგორ გახდი მისი მონაწილე და როგორი შედეგით დასრულდა?

მარიამ ჩოფლიანი: ეს არის რეგიონული სილამაზის კონკურსი, რომლის გამარჯვებული „მის ესპანეთზე“ გადის. ყოველთვის მქონდა მსგავს კონკურსში მონაწილეობის მიღების ინტერესი და ესპანეთში გადმოსვლიდან მალევე მოვიძიე საჭირო ინფორმაცია ამ საკითხზე. ერთ–ერთი პროვინციის გამარჯვებული ქართველი გოგო გავიცანი და მისგან ბევრი რამ შევიტყვე. მალევე ვნახე, რომ დაწყებული იყო 2025 წლის „მის გრანდ ეუსკადის“ რეგისტრაცია. ეუსკადი იგივე ბასკეთია – ავტონომიური რეგიონი ჩრდილოეთ ესპანეთში. თითოეულ ავტონომიურ რეგიონში ტარდება მსგავსი კონკურსი და შემდეგ გამარჯვებულები „მის ესპანეთზე“ გადიან. სიმართლე რომ გითხრათ, განსაკუთრებული სტანდარტები არ ჰქონიათ, რამაც ცოტა გამაკვირვა. თავიდანვე დიდად არ აღვფრთოვანდი ორგანიზაციითა და დირექტორით, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი მონაწილეობის მიზანი არ ყოფილა გამარჯვება, ბევრ რამეზე თვალი დავხუჭე და გადავწყვიტე, პროცესით მაქსიმალური სიამოვნება მიმეღო.

კონკურსში მონაწილეობა მე და ჩემმა მეგობარმა მივიღეთ. ჩვენი მიზანი იყო მოდის სფეროში საკუთარი პოზიციების გაძლიერება და შემოსავლების ზრდის შესაძლებლობების გაფართოება. ვფიქრობდით, რომ ამ გზით უფრო მეტ ხალხს გავიცნობდით – ფოტოგრაფებს, დიზაინერებს, სააგენტოებსა და სხვა პროფესიონალებს. ბილბაო ამ კუთხით განსაკუთრებული მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა, არც ბევრი სამოდელო სააგენტოა, სამთვიანი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ და ფინალი 15 ნოემბერს გაიმართა. ათეულში მოვხვდი, თუმცა კარგად ვიცოდი, რომ ორგანიზატორებთან დაძაბული ურთიერთობის გამო ეს შედეგი ჩემი თანამემამულეების მხარდაჭერის გარეშე ნაკლებად სავარაუდო იქნებოდა. „ინსტაგრამზე“ მიღებული ხმები და აქტიურობა აშკარად მაძლევდა უპირატესობას, რასაც ვერაფერი დაუპირისპირეს. თუმცა როგორც შემდეგ მონაწილეებმა მითხრეს, ერთ-ერთი ორგანიზატორი აღნიშნავდა, მსგავსი მიდგომით იმ ხმებითაც ვერ გავა ეს ქართველიო.

საბოლოოდ აქაურმა გოგომ გაიმარჯვა.

– როგორია შენი ცხოვრება ესპანეთში, რით ხარ დაკავებული?

– ესპანეთში ამ ეტაპზე მარტო ვცხოვრობ, ჩემთან ერთად ჩემი სამი პატარაა. ვსწავლობ, ასევე, ვმუშაობ ჩემს პირველ წიგნზე და პერიოდულად ვიღებ მონაწილეობას მეორეხარისხოვან როლებში სხვადასხვა სერიალში. სხვათა შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სერიალი „ამაზონისა“ და „ჰოლივუდის“ გადაღებულია, ქეთრინ ზეტა ჯონსი მონაწილეობს და თუ არ ვცდები, მომავალ წელს გამოვა. ასევე, მაქვს კოლაბორაციები ფოტოგრაფებთან. წელს მეორედ მივიღებ მონაწილეობას ბილბაოს შემოდგომა-ზამთრის მოდის კვირეულზე. რამდენიმე რეკლამაშიც გადამიღეს და მაქვს მსგავსი პატარა წინსვლები.

– რატომ გადაწყვიტე ემიგრაციაში წასვლა?

– ემიგრაციაში 2018 წელს წამოვედით, მამას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მე, ჩემი ყოფილი მეუღლე და მამაჩემი. პირველად საფრანგეთში ვცხოვრობდით და სწორედ იქ დაიწყო ჩემი ემიგრანტული ცხოვრება. ემიგრაციაში წამოსვლისას, სულ რაღაც, 19 წლის ვიყავი. ახალი შექმნილი გვქონდა ოჯახი, დაახლოებით, ნახევარი წლის. ერთი თვის ორსულს მომიწია, ყველაფერი დამეტოვებინა, მაგრამ მაშინ მთავარი საზრუნავი მამას ჯანმრთელობა იყო. საფრანგეთთან უამრავი მძიმე მოგონება მაკავშირებს. აღმოვჩნდით ისეთ სიტუაციებში, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი. მაშინ დავინახე, როგორ წვალობენ საზღვარგარეთ ჩაბარებული ადამიანები. როცა მეუბნებოდნენ საქართველოდან: „ნეტავ შენო“, სიმწრით მეცინებოდა. მაშინ არც განწყობა მქონდა და არც დრო, რომ ყველასთვის ყველაფერი მომეყოლა. წარმოუდგენლად რთულია, უყურებდე სიცოცხლისთვის მებრძოლ მამას და იყო უცხო ქვეყანაში, სადაც არავის იცნობ.

2018 წლის დეკემბერში საფრანგეთში პირველი შვილი შეგვეძინა. მალევე ჩემი ყოფილი მეუღლე ესპანეთში წავიდა სამუშაოდ, მე კი, შვილთან ერთად, საფრანგეთში, ჩემებთან დავრჩი. ცხრა თვე კიდევ ერთად ვიცხოვრეთ. შემდეგ გარკვეული პერიოდი საქართველოში დავბრუნდი, რომ ბებია-ბაბუასაც გაეცნოთ შვილიშვილი. ხუთ თვეში კი ესპანეთში წამოვედით და მას შემდეგ აქ ვცხოვრობ. 2019 წლიდან სამშობლოში აღარ ვყოფილვარ.

– უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება ისედაც რთულია, მაგრამ როცა სამი შვილი გყავს, მით უფრო ბევრი პასუხისმგებლობა გაქვს და რა სირთულეების გავლა მოგიხდა, სანამ ახალ ცხოვრებას ფეხს აუწყობდი?

– ალბათ, ემიგრაციაში რამდენი წელიც არ უნდა გაატარო, თავს ბოლომდე მაინც ვერ იმკვიდრებ და უცხოობის შეგრძნება ყოველთვის გრჩება. სირთულეები ყოველდღიურად არის. მარტივი ცხოვრება, მგონი, არავის აქვს, თუმცა მე პატარა ასაკიდან ბევრ სირთულესთან და ტკივილთან გამკლავება მომიწია. სწორედ ამიტომ ვამბობ ხოლმე ნაადრევ ქორწინებაზე, რომ წინააღმდეგი ვარ. არ ვუსურვებდი ჩემს შვილებს ასეთ პატარა ასაკში საკუთარ თავზე ამხელა პასუხისმგებლობის აღებას. დაახლოებით, ორი წლის წინ ქმარს დავშორდი და მანამდე თუ პასუხისმგებლობებს ვინაწილებდით, ახლა თითქმის ყველაფერი ჩემზეა. ბავშვები ჩემთან არიან, მას შემდეგ მხოლოდ მე ვზრდი და ვუვლი. მთელ ენერგიას ვდებ იმაში, რომ ვიყო კარგი დედა და ბავშვებს, შეძლებისდაგვარად, არაფერი მოვაკლო. მადლობა ჩემს არაჩვეულებრივ მშობლებს და ერთ-ორ უახლოეს ადამიანს, რომლებიც ყოველთვის გვერდში მიდგანან.

აქ გავიცანი უსაყვარლესი ოჯახი – რუმინელი ცოლ-ქმარი, რომლებიც ჩემთვის მეორე მშობლები გახდნენ, სრული მნიშვნელობით და ბებია-ბაბუა – ჩემი შვილებისთვის. მათი წყალობით შევძელი ძალიან ბევრი რამ. ამ ქალს ჩემი გამომწერები იცნობენ. მათთან ვცხოვრობდით ორი თვე, პირველი შვილი სულ რაღაც ერთი წლისა და შვიდი თვის იყო. მას შემდეგ მათთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს. ახლა უფროსი გოგონა შვიდი წლის ხდება. თითქმის ექვსი წელია, უანგაროდ, გვერდით მიდგანან და რაც შეუძლიათ, ყველაფერში მეხმარებიან. უცხო ქვეყანაში, ასეთი უცხო და უკვე შენი ადამიანების პოვნა მართლაც უზარმაზარი საჩუქარია.

ცოტა ხნის წინ მანქანა ვიყიდე და წვიმიან, ცივ ამინდებში ბავშვებს სკოლასა და ბაღში მანქანით ვატარებ. ერთ დღეს საშინელი სეტყვა იყო, მიმყავდა და ვიფიქრე, როგორ დავდიოდი ორი კილომეტრით დაშორებულ ბაღში ორიანი ეტლით, ერთი პატარა ფეხით რომ მომყვებოდა… მივდიოდით გაყინულები და ვბრუნდებოდით გაყინულები. ამას ვერავინ მიხვდება და არც არავის უნდა აუხსნა, რადგან თუ არ დაგინახავს, როგორ ტიროდი გზაში, გულდაწყვეტილი, როგორ იჯექი ღამეები აივანზე, როცა სამ შვილს დააძინებდი და მარტო რჩებოდი, ვერავინ გაიგებს, რა გაიარე. ამიტომ, შენი ეკლიანი გზა ვისაც არ გაუვლია, ვერც იგრძნობს ამ ეკლის ჩხვლეტას…

– როგორი იყო შენი ცხოვრება საქართველოში? რით იყავი აქ დაკავებული?

– როგორც უკვე გითხარით, საქართველოში, 19 წლამდე ვიცხოვრე. სიყვარულით სავსე ოჯახში გავიზარდე – მზრუნველი მშობლები, ძალიან კარგი მეგობრები და უამრავი ლამაზი მოგონება. ორივე მხრიდან სვანი ვარ და სვანეთი დღემდე ჩემი დიდი სიყვარულია. მამის მხრიდან ბიძაშვილები და მამიდაშვილები, ბიძები, მამიდები, უსაყვარლესი ბიცოლა მყავს. ყოველ ზაფხულს კი დედულეთში ვატარებდი, სადაც საოცარი ადამიანები მყავს – ბებო, ბიძები, მოკლედ, დიდი და თბილი ოჯახი ვართ, რაც ჩემთვის მთავარი სიმდიდრეა. მყავს დედმამიშვილები – და და ძმა. ეს ხომ განძია! საქართველოში შვიდი წელი ვცეკვავდი ქართულ ცეკვებს და ძალიან ვნანობ, რომ თავი დავანებე. ძალიან კარგად ვსწავლობდი. უნიჭიერესი ბავშვი არ ვყოფილვარ, მაგრამ მონდომებული და შრომისმოყვარე ვიყავი. მეცხრე კლასში ლეპტოპი ავიღე, შემდეგ სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე. გრანტით ჩავაბარე თსუ-ში და მეორე კურსამდე ვსწავლობდი. დიდი გეგმები მქონდა – შემდეგ მინდოდა, სწავლა საზღვარგარეთ გამეგრძელებინა და კიდევ ბევრი ახალი ნაბიჯი გადამედგა. თუმცა ერთმა არასწორმა გადაწყვეტილებამ ჩემი ცხოვრება შეცვალა! სულ ვამბობდი, 25 წლამდე ოჯახს არ შევქმნი-მეთქი, მაგრამ 25 წლისას უკვე სამი შვილი მყავდა… და ქმარს დავშორდი. როგორ მოვასწარი?! ხუმრობით ვამბობ, ცოტა იუმორიც საჭიროა, თორემ ძალიან მძიმე ინტერვიუ გამოვა.

– სოციალურ ქსელში აქტიურობა როგორ გადაწყვიტე და რამდენად მოგწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა?

– სოციალურ ქსელებში ყოველთვის აქტიური ვიყავი, თუმცა ბლოგი მანამდე არ მქონია. ჯერ კიდევ პირველ შვილთან ერთად ვტვირთავდი ვიდეოებს – სალომეს ბევრი უყურებდა. საკმაოდ დიდი აუდიტორია ადევნებდა თვალს და იცნობდა. შეიძლება ითქვას, რომ პოპულარული ბავშვი იყო. მეორე პატარას ველოდებოდი, როცა ერთ დღეს ჩემს „ფეისბუქ გვერდზე“ პირდაპირი ჩართვა გავაკეთე, სადაც ბავშვობას ვიხსენებდი. იმ პერიოდში სოფელში ვცხოვრობდით და განსაკუთრებულ სიმარტოვეს ვგრძნობდი. ადამიანებთან სოციალური სივრცის მეშვეობით კომუნიკაცია განტვირთვად მექცა.

ერთ-ერთმა გოგონამ მომწერა: „ისე კარგად საუბრობ და წერ, არ გიფიქრია ბლოგის შექმნაზე?“ ასე დავიწყე ბლოგი „პატარა გოგოს დიდი ამბები“. ძალიან მოკლე დროში 40 000 გამომწერს მივაღწიე. ჩემს ვიდეოებს „ფეისბუქზე“ თითქმის მილიონამდე ნახვა ჰქონდა და ადამიანებისგან უდიდეს სიყვარულს ვგრძნობდით – მე და ბავშვებმა უამრავი გულშემატკივარი შევიძინეთ.

– და ბოლოს, როგორია შენი და შენი შვილების ოცნებები?

– ძალიან ბევრი ოცნება და მიზანი მაქვს. ბევრი უკვე შევასრულე, ბევრი კი ჯერ კიდევ წინ მაქვს. თუმცა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი შვილებისა და საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობა და კეთილდღეობაა — თუ ეს არ არის, სხვა არაფერი მინდა ცხოვრებაში. მხოლოდ ამის შემდეგ მოდის მატერიალური გეგმები და პროფესიული სურვილები. მყავს პატარა ბიჭი, რომელიც ხუთი წლის ხდება და აქვს საუბრის პრობლემა. ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა ის დღე, როდესაც პირველად დამიძახებს „დედას“ და ისე დამელაპარაკება, როგორც ამას მისი დები აკეთებენ. მჯერა, ეს აუცილებლად მოხდება. ჩემს გოგონებს შინაგანად ესმით ეს ყველაფერი. სალომე, რომელიც შვიდი წლის ხდება, საოცრად ზრუნავს ძმაზე და ყველაფერს აცნობიერებს.

ამ ეტაპზე პირველი, რაც გეგმაშია ჩემი წიგნის დასრულება და გამოცემაა. წიგნის დაწერის სურვილი სულ მქონდა, თუმცა ვერასდროს დავიწყე. როგორც ჩანს, ბევრი რამ მქონია დარჩენილი ცხოვრებაში, რაც უნდა გამევლო და უფრო საინტერესო წიგნი დამეწერა. მინდა, შევიძინო პროფესია, დავასრულო სწავლა, შემდეგ კი საქართველო ისევ ჩემი ცხოვრების მთავარ ადგილად ვაქციო.