”ძუძუებს დაგაჭრით ზნაურშიო მითხრეს”

39

გიორგი კეკელიძე საკუთარი წიგნიდან ემოციურ ფრაგმენტს ავრცელებს, რომელიც ცნობილ პედაგოგს და “ვის უნდა 20 000”-ის გამარჯვებულის მანანა მაისურაძის ისტორიას მოგვითხრობს.

ძუძუებს დაგაჭრით ზნაურშიო, მითხრეს. თვალებში ჩავხედე და გავიღიმე. არ მინდოდა ენახათ, რომ მეშინოდა. არადა, მეშინოდა. ძალიან. ძალიან.

მანანა მაისურაძე ვარ. ქართულის მასწავლებელი.

ნაბაკევში დავიბადე. ქალეთში გამოვთხოვდი. ქალეთი სოფელია ფრონეს ხეობაში. ფრონეს ხეობა ლამაზია. ქართლის გრილი მინდვრებია და თხელი ქედი. ქალეთში ღვთისმშობლის საყდარი დგას. საყრადი აღარ – საყრდის ნანგრევები.

და დგას 1991 წელი.

ღამ-ღამობით ჩამოდიან და გვძარცვავენ. ქედიდან გადმოდიან და იქაურ გზაზე რომ შუქი მოძრაობს, ვიცით, მათი მანქანაა. ვეძახით ბიჭებს. ბიჭები სოფლის ბოლოებში დგანან და გვიცავენ. ბიჭები რომ ბრუნდებიან, ისინი ვეღარ ბედავენ და უკან იხევს შუქი ქედზე.

ერთი საღამოა და ეს შუქი აინთო. აინთო და გაშეშდა. არ იძვრის. ვდგავართ მოედანზე და ვაკვირდებით. ვფიქრობთ – ალბათ გადაიფიქრეს. შეიძლება – სვამენ. შეიძლება – სხვა რამეა.

უცებ ნაბიჯების ხმა ისმის და ხმამაღალი ლაპარაკი. გინება და სიცილი.

თურმე ფეხით გადმოსულან. მანქანა იქ დატოვეს თვალის ასახვევად და ჩამოიპარნენ.

ქალები და მოხუცები ვიყავით მხოლოდ. დავიფანტეთ უმისამართო სირბილით.

მე მეზობლის სახლში შევვარდი, სარდაფში ჩავირბინე და იქ ცარიელი ტომრები რაც ვნახე, სულ ტანზე დავიყარე. ტანზე და თავზე. მინდა სუნთქვა მოვათვინიერო, მაგრამ ფილტვები დაჟინებით მთხოვენ, როგორც ჯიუტი ბავშვები იქცევიან ხოლმე უხერხულ დროს.

შიში ისედაც მწირ ჰაერს კიდევ უფრო ხრავს. ხრავს, ხრავს და ხველა გავამხილე.

შემოდის ერთი, მაცლის ტომრებს, ყვირის, კონდახს მიშვერს, მკლავზე ხელს მიჭერს და გარეთ მიმათრევს.

ლულით ჯერ ნიკაპს ამაწევინებს და მერე შუბლზე მადებს. თავს ვხრი, არ მინდა ცრემლი წამომცდეს და ამან დამინახოს. ეს კი ისევ ასე, ამიწევს ნიკაპს და ლულას მაბჯენს. რამდენჯერმე.

ვხედავ, ერთი მოხუცი ქალი გამოუყვანიათ ლოგინით. ლოგინად ჩავარდნილი. დაუდგამთ ეს ლოგინი ეზოში, შემოურტყამთ ალყა, უშვერენ თოფებს და თავზე დასძახიან: შენი შვილი სად არისო?!

ვუყვირე გაბრაზებულმა, ხომ ხედავთ, სნეული ბაბოა და ხმაც არ ესმის, რას თხოვთ, რას ემართლებით-მეთქი და გამოეყო ერთი.

მოვიდა. შენ გიჩვენებ სეირს ქართულის მასწავლებლოო და ნიღაბი მოიხსნა. ჩემი მოსწავლეების მამა იყო.

ჩამტენა მანქანაში და ფერმაში წამიყვანა. იქ ჩვენი სოფლის ზოგიერთი ბიჭი ჰყოლიათ ტყვედ. შემაგდო, შემოვიდა, ავტომატი დამიმიზნა და დამყვირის: ,,მორჩა თქვენი ბაირამობა!’’

მესროლა. ვიფიქრე, ასეთი უგრძნობია ტყვია? ასეთი იოლია სიკვდილი?

ხელი აუკრა თურმე ერთმა და ტყვიამ კედელი გახვრიტა. ნიღბიანი იყო ხელის ამკვრელი და ვერ ვიცანი. შეიძლება მის შვილებსაც ვასწავლიდი. არ ვიცი. მერე იმ თავისიანმა თითი ტუჩებთან მიიდო და მანიშნა, ჩუმად იყავიო. ამ კაცს, ჩემი მოსწავლეების მამას, ხელი გადახვია და გაიყვანა.

გარედან ხმამაღალი ლაპარაკი მესმის. ამბობენ, მოდი ამ ფერმას ცეცხლი გავუკიდოთ და ეს ღორები გამოვწვათო. მამშვიდებს ეს ლაპარაკი. მინდა, გაუკიდონ და გამომწვან. რადგან მანამდე სხვა ლაპარაკი მესმის და მაშინ თქვეს, ეს ქალი ზნაურში წავიყვანოთ და ძუძუები დავაჭრათო. არ მინდოდა ძუძუები დაეჭრათ. ყველაზე მეტად ეს არ მინდოდა. ახალგაზრდა და ლამაზი გოგო ვიყავი.

გამოგვიყვანეს. ჯიბეში ათკაპიკიანი მიდევს და ვათამაშებ. ამ ნერვიულ თამაშში უცებ ამოვარდა ეს ათკაპიკიანი. დავიხარე და ვეძებ.

რას ვეძებდი, არ ვიცი. რად მინდოდა ეს ათი კაპიკი საწამებლად გამზადებულს. მერე მივხვდი, რომ ის ათი კაპიკი კი არ იყო, ცხოვრება იყო, ლაღი და მშვიდი, ახლა თებერვლის თოვლში რომ ჩავარდა და გაქრა.

ყვირილით ამაყენეს.

მერე დაგვამწკვრივეს და მივყავართ.

ყეფა მესმის. ვხედავ, ჩემი ძაღლი გამომყოლია და გვერდით მომდევს. ერთი ნიღბიანი უმიზნებს და ხარხარებს. ახლა დაგბრიდავ ქართველო ძაღლოო, ყვირის. ბაჩი! – ვიყვირე მეც – ბაჩი წადი სახლში! გეხვეწები, წადი! წადი! წადი!

ბაჩიმ დამიჯერა და წავიდა.

აგვსვეს სატვირთოზე. კუთხეში ვდგები და ვმშვიდდები. ხევზე რომ გადავივლით, გადავხტები და მოვკვდვები. რა კარგია სიკვდილი, ძუძუებს აღარ დამაჭრიან.

ნაბაკევს რომ ჩავუარეთ, ჩვენი სალოცავი დავინახე, ჩემი წინაპრების საფლავები. ვფიქრობდი, ნეტავ თუ მიყურებენ წინაპრები ახლა და თუ მიყურებენ, რას ფიქრობენ-მეთქი.

ხევთან რომ მივედით, გადავიხედე და დიდი თოვლია. რომ გადავხტე, არ მოვკვდები. დავიმტვრევი და დავმახინჯდები. არ მინდა დავმახინჯდე. ახალგაზრდა და ლამაზი გოგო ვიყავი. ყველაზე მეტად ეს არ მინდოდა.

ზნაურში, შტაბში მიგვიყვანეს. ოთხი ბიჭი წააქციეს და კონდახებით სცემდნენ. თვალი დავხუჭე. არც მე მინდოდა დანახვა და არც ის მინდოდა, მათ რომ დაენახათ ჩემი მზერა. თავმომწონე ბიჭები იყვნენ.

თვალი დავხუჭე და მხოლოდ კონდახების ცემის ხმა მესმოდა. ერთი ვაი არ უთქვამთ, კვნესა არ დასცდენიათ.

მერე პატარა ოთახში შემიყვანეს. ბნელ ოთახში. მთვარის მორცხვი შუქი ფრთხილად ანათებდა ვიწრო სარკმელიდან. შემოდის ერთი და შემოაქვს დანა და ასანთი. გაკრავს ასანთს, თვალებთან მომიტანს და ჩურჩულებს: ახლა ძუძებს დაგაჭრი! გეშინია? ხომ გეშინია?!

ჩაქრება ასანთი. მოუკიდებს ახალ ღერს და იმეორებს.

გეშინია? ხომ გეშინია?!

მეშინოდა. ძალიან მეშინოდა. მაგრამ მეათედ რომ გააკეთა, თვალებში ჩავხედე და გავიღიმე.

წამოხტა და გაიქცა.

იმ ღამით ჩემი ოსი ნათესავის სახლში დამტოვეს. ბიჭები სარდაფში ჩაყარეს.

იმ ნათესავის სახლში მანამდეც ვყოფილვარ სტუმრად. რცხვენოდათ, ძალიან რცხვენოდათ, რომ სტუმარი ტყვედ ვიქეცი, მაგრამ ხმას ვერ იღებდნენ, რადგან სინამდვილეში ისინიც ტყვეები იყვნენ.

ვკითხე, უსაფრთხო საპარსი სად გაქვთ-მეთქი. ეგ რა არისო. ბრიტვა-მეთქი. მიხვდნენ და უი, ეგ აღარ გვაქვს, გაგვითავდაო.

მეორე საღამოსაც იქ ვიყავი. ბავშვს ვუთხარი, მოდი ჟირაფს დაგიხატავ-მეთქი. ფანქარი მოვატანინე და დავისვი. უი, წვერი არ უვარგა-მეთქი. გასათლელია. წადი, ბრიტვა მომიტანე და გავთალოთ.

გაიქცა და ლოტოს კოჭების შეკვრა მოარბენინა. იქ ჩაუყრიათ ეს საპარსის პირები. ერთი ცალი სახელოში შევიცურე და დავმალე. დავმშვიდდი.

თურმე ჩვენს ბიჭებს ტყვეების ამბავი რომ შეუტყვიათ, ამათი ბიჭები მოუხელთებიათ სადღაც და მესამე დღეს გვითხრეს, რომ უნდა გაგვცვალონ.

სცენაა ასეთი. ერთი მიჰყავთ ამათ და მეორე მოჰყავთ ჩვენებს. სათითაოდ. სოფლის ერთ ბოლოში ესენი დგანან, იქით ჩვენები. ადრე ორივე ბოლოს ჩვენი ერქვა და ვინც აქეთ იდგა, მათაც – ჩვენები.

ახლა სხვანაირადაა.

მოვიდა ჩემი ჯერი.

გამტაცებლებმა სეირის საყურებლად ხალხი გამოიყვანეს და აქეთ-იქით დააყენეს. კორიდორი მოაწყვეს. უნდათ სეირად აჩვენონ, როგორ აბრუნებენ ქართველ ტყვეს.

ვიცოდი, ირგვლივ სულ ჩემი მოსწავლეები და მათი მშობლები იდგნენ. არ მინდოდა რომელიმე დამენახა. ყველა მიყვარდა და არ მინდოდა ვინმე შემძულებოდა. არ მინდოდა შემეხედა და მეგრძნო, რომ უხარიათ.

გვერდით ერთხელაც არ გამიხედავს, ისე გავიარე კილომეტრი და მეტი.

მაგრამ არც მიწისკენ დამიხრია თავი.

იქით, მეორე ბოლოში, ნაძვის კენწეროს ვხედავდი, იმას ვუყურებდი და მივდიოდი.

კენწერო ჯერ შორს იყო. მერე ახლოს.

და მერე მივედი.

წიგნიდან #ანწუხელიძე ომის ნამსხვრევები

#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze”