“ლევანს ვაღვიძებდი ღამით და ვეუბნებოდი: აბა კითხვა დამისვი, თუ გიპასუხებ-მეთქი, გაგიჟებული მყავდა ქმარი”
ნინი კენჭიაშვილი ყოველთვის გამოირჩევა განსაკუთრებული ჩაცმულობით. მართალია, საკმაოდ დატვირთულია, მაგრამ სულ ფორმაშია და ცდილობს, მაქსიმალურად გამოიყენოს დრო და შინაგანი რესურსი იმ მიზნების მისაღწევად, რაც დასახული აქვს. ახლახან დუეტმა „ლეონმა“ – ნინიმ და მისმა მეუღლემ, ლევანმა, მეორე შვილი მონათლეს და სასწაულ გარემოში საოცარი წვეულება გამართეს. ვულოცავთ პატარა იესეს გაქრისტიანებას და უფლის წყალობას და მადლს ვუსურვებთ ცხოვრების გზაზე. ნათლობაზე ნინი თვალსმომჭრელად გამოიყურებოდა და უამრავ კომპლიმენტს იღებდა. ჩვენ მას დავუკავშირდით, ამბები გამოვკითხეთ და გავიგეთ ისიც, თუ როგორ დაიკლო უმოკლეს დროში 22 კილო და ჩადგა სასურველ ფორმაში.
ნინი კენჭიაშვილი: ბავშვბიდან მიყვარდა პრანჭიაობა და თავის მოვლა. გამოვიტანდი დედის პარფიუმერიას, ქუსლიან ფეხსაცმელებს, შევიღებებოდი, შევდგებოდი ქუსლებზე, ჩავიცვამდი დედას გრძელ კაბას და სარკესთან ვიპრანჭებოდი საათობით (იცინის). უბნის ბავშვები ხშირად ვმართავდით კონცერტებს. გამოვიპრანჭებოდით, შევიღებებოდით, გავყიდიდით მშობლებზე ფურცელზე კალმით დაწერილ ბილეთებს 50 თეთრად, ზოგი ხუთ ლარს გვჩუქნიდა და კონცერტებიდან შემოსული ფულით ტკბილეულს ვყიდულობდით. ძალიან ტკბილად და თბილად მახსოვს ჩემი ბავშვობა. სკოლაშიც მიყვარდა გამოპრანჭულს სიარული, ლამაზად ჩაცმა, მაღალქუსლიანებით დავდიოდი, მსუბუქი მაკიაჟით და ერთხელ, დირექტორს მშობელი ვეგონე (იცინის). კი ამიკრძალეს, მაგრამ ბოლომდე არ დავემორჩილე. ასე რომ, პრანჭიაობა, ბავშვობიდან დამყვა.
– ლევანი, შენი მეუღლე ქუთაისელი ბიჭია და თბილისელი გოგო როგორ შეეგუე ქუთაისში ცხოვრებას?
– თბილისზე არანაკლებად მიყვარს ქუთაისი და გათხოვების შემდეგ არც იქ ცხოვრება გამჭირვებია. ძირითადად თბილისში ვართ, ქუთაისში სტუდია გვაქვს და ხან იქით ვართ და ხან – აქეთ. ხშირად გვიწევს უცხოეთში გადაფრენა კონცერტებზე და ლევანს ვეუბნებოდი: რომ არა საქმე, ალბათ, ქუთაისიდან არსად წავიდოდი-მეთქი (იცინის). უსაყვარლესი ხალხი ცხოვრობს, უთბილესი, ჩემთვის ქუთაისში ცხოვრება უკომფორტულესია, ყველაფერს ვასწრებ – მეგობრების ნახვას, კაფეში წასვლას, რესტორანში დაჯდომას, ბავშვის გასეირნებას და ასე შემდეგ. ზოგადად, საყვარელი ადამიანის გვერდით, ნებისმიერ ადგილას ვიცხოვრებდი.
– ჩაცმის მხრივ, მოდის ტენდენციებს ითვალისწინებ თუ თავად არჩევ, რა გიხდება?
– მოდის ტენდენციებსაც ვითვალისწინებ, მაგრამ რაც მიხდება, იმას ვიცვამ. უფრო სწორად, რაც მიხდება, ჩემთვის მოდურობა ისაა. არის რაღაცები, რაც მომწონს მოდის ხაზში, მაგრამ არის რაღაც, რაც არ მომწონს და არ ვიცვამ. ისე კი, ყველა სტილს ვიხდენ – სპორტულსაც და კლასიკურსაც. ავანგარდული ჩაცმა მიყვარს, მომწონს და ხანდახან მეგობრები მეუბნებიან, ეს როგორ გაცვიაო (იცინის). კი ამბობენ, გემოვნებაზე არ დავობენო, მაგრამ ჩემი აზრით, სწორედ გემოვნებაზე დავობენ (იცინის).
– გეთანხმები, ყოველთვის ავანგარდულად და გამორჩეულად გაცვია. შენი დიზაინით იკერავ სამოსს თუ დიზაინერი გირჩევს?
– მყავს ფანტასტიკური დიზაინერები, საოცარი ადამიანები – დები დარჩიები, თეკო ვარდანიძე და ხატია სატელი. რა თქმა უნდა, ერთად ვფიქრობთ, ერთად ვარჩევთ და საბოლოოდ ძალიან კარგი გამოდის. ძირითადად, ჩემს გემოვნებას ითვალისწინებენ. ახლახან, მეორე ბავშვის ნათლობა გვქონდა და სასწაული და დახვეწილი კაბა მეცვა, გარემოს შესაბამისი, რომელიც ხატიამ შექმნა და ხალხი გაგიჟდა. ახლა რომ ჩემი კარადა გამოაღოთ, ყველა სტილისა და ფერის სამოსი დაგხვდებათ – ავანგარდულიც, სპორტულიც, კლასიკურიც, აჯაჯულ-დაჯაჯულიც (იცინის). ყველა ფერს და სტილს ვირგებ, იმის მიხედვით, სად მივდივარ და რა მჭირდება.
– საკმაოდ ლამაზი თმა გაქვს და ალბათ, ბევრს უკვირს, რომ იგებს, დაგრძელება არ გაქვს გაკეთებული და ბუნებრივია. ექსპერიმენტები თუ ჩაგიტარებია ამ მხრივ?
– თმაზე ექსპერიმენტებს არ ვერიდებოდი და სანამ შავად შევიღებავდი, ყველა ფერზე მქონდა შეღებილი, ვარდისფრის და მწვანის გამოკლებით. ჩემმა თმამ დაისვენა, რაც შავ ფერზე ვიღებავ და მეც დავისვენე. სხვათა შორის, მანამდე კონიაკისფერი თმა მქონდა და ძალიან მიხდებოდა, ქუჩაში მაჩერებდნენ და მეკითხებოდნენ, რითი გაქვთ შეღებილიო. არ მაქვს დაგრძელება, რაც ხშირად ჰგონიათ. ჩემი ბუნებრივი თმაა. მართალია, ხანდახან მბეზრდება გრძელი თმა და მინდა შეჭრა, მაგრამ ჯერ თავს ვიკავებ. სასწაული ხარისხის თმა მაქვს და სტილისტთან რომ მივდივარ და ვეუბნები, დახვევვა მინდა-მეთქი, უარს მეუბნებიან – საცოდაობაა ამ თმის გაფუჭებაო (იცინის). ვფიქრობ, ყველა ქალს უხდება გრძელი თმა. დროდადრო ვიკეთებ თმის გამაჯანსაღებელ პროცედურებს და ვსვამ ვიტამინებს, სულ ესაა.
– რაც შეეხება სახეს? თუ გაქვს პლასტიკური ოპერაციები ჩატარებული?
– სახეს, უბრალოდ ვიტენიანებ, სხვა პროცედურები არ მაქვს ჩატარებული, მით უმეტეს, ქირურგიული ან პლასტიკური. არც ტუჩი მაქვს გაკეთებული და არც ცხვირი, არადა ბევრს ჰგონია, რომ გაკეთებული მაქვს. ისიც კი თქვეს, ბარიატრია აქვს გაკეთებულიო. ნოე რომ გავაჩინე, ცოტა მომატებული ვიყავი და მერე რომ დავიკელი, ასე ეგონათ. ზოგი იმას მაბრალებს, ზოგი – ამას (იცინის). ახლაც 22 კილო დავიკელი და მადლობა ღმერთს, ნებისყოფა მაქვს და რასაც მიზნად დავისახავ, აუცილებლად ყველაფერს ვაკეთებ მის მისაღწევად. მართვის მოწობის აღება რომ მომინდა, ზუსტად ოთხ დღეში ვისწავლე თეორია. რომ ვიცოდი, მიზანი მქონდა, ისე ვმეცადინეობდი, თავის ტკივილამდე მივდიოდი და მაინც ავიხდინე, რაც დავისახე – მართვის მოწმობა ავიღე. არ დამავიწყდება, ლევანს ვაღვიძებდი ღამით და ვეუბნებოდი: აბა, კითხვა დამისვი თუ გიპასუხებ-მეთქი (იცინის). გაგიჟებული მყავდა ქმარი.
– მიუხედავად იმისა, რომ მეორე შვილი ახლახან გააჩინე, გადასარევ ფორმაში ხარ. როგორ დაიკელი საკმაოდ დიდი წონა თან უმოკლეს დროში?
– სწორი კვებით დავიკელი 22 კილო 2 თვეში და მხოლოდ, 5-6 კილო დამრჩა დასაკლები. ჩემი მეგობარი იყო გერმანელი ენდოკრინოლოგის მიერ დანიშნულ სწორ კვებაზე, მეც გავიარე კოსნულტაცია ონლაინ, საათობრივი სწორი კვება დამინიშნა და საკმაოდ კარგი, ფანტასტიკური შედეგი მაქვს. ზოგადად, მიდრეკილებაც არ მაქვს სიმსუქნისკენ, მხოლოდ ორსულობის პერიოდში ვიმატებ და მერე, სწორი კვებით, მარტივად ვიკლებ. ნამდვილად არ მიჭირს წონაში დაკლება, მაგრამ ეს არის უდიდესი ნებისყოფის ხარჯზე. ახლა, 61 კილო ვარ, ჩემი იდეალური წონა კი 55-56-ია. ამიტომ, ვცდილობ, ამ წონამდე დავიდე და მერე, ვეცდები მის შენარჩნებას.
– ორი ბავშვი, სახლის საქმეები, ჩაწერები, კონცერტები, წვეულებები, შეხვედები და ასე შემდეგ. როგორ ახერხებ იყო ფორმაში და ყველაფერი მოასწრო?
– სულ ვამბობ, ჩემი მოხერხებულობის დამსახურებაა, მიუხედავად ამდენი საქმისა, რომ მაინც სულ ფორმაში ვარ. ალბათ, როცა მიზანი გაქვს, შინაგანი ძალა გეძლევა. ყველა ადამიანშია ძალა, რომელიც აუცილებლად უნდა აღმოაჩინო, რაც ყველაფერს გაგაკეთებინებს. თუ ვხვდები ენერგია არ მყოფნის, ნახევარი საათი ჩამოვჯდები, დავლევ ყავას ჩუმად და წყნარად და უცებ რაღაც ძალას ვგრძნობ, თითქოს ვიმუხტები. ამ ნახევარ საათში, ჩემს თავს მოტივაციას ვაძლევ. თუ ადამიანი მოინდომებს, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ასეა და ასე ვფიქრობ, შეუძლებელი არაფერია, ყველაფერი გამოგივა. იესეს ნათლობისთვის რომ მოვირგე კაბა და სარკეში ჩავიხედე, ვთქვი: ხომ მაინც მოვახერხე, დავდექი სასურველ წონაზე და იდეალურად გამოვიყურები-მეთქი (იცინის). უბედნიერესი ვიყავი, რომ ეს ორ თვეში მოვახერხე.
– სად მონათლეთ ბავშვი და სად გქონდათ გამართული წვეულება?
– იესე წმიდა გიორგის გოგნის ეკლესიაში მოვნათლეთ და ქუთაისში, პანორამა „სორმონში“ გვქონდა სასწაულ გარემოში 100-კაციანი წვეულება, რომელიც ჩვენს საყვარელ ლაშა რამიშვილს მიჰყავდა. კარგად ვავერთეთ და ვიმხიარულეთ. ფაქტობრივად, იესეს ნათლობა პატარა კონცერტი გამოვიდა. ჩემი შვილის ნათლია კი ფიქრია მეგრელაძე და ჩვენი უსაყვარლესი ადამიანი, ჩვენი ოჯახის წევრი, მომღერალი თამუნა ამონაშვილია. თავის ორ უსაყვარლეს ტყუპ ქალ-ვაჟთან ერთად იყო ჩამოსული ქუთაისში ნათლობაზე და სასწაული დრო ვატარეთ. სხვათა შორის, თამუნას ვუთხარი კიდეც, რომ ისიც სასწაულ ფორმაშია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დატვირთულია.