„მინდოდა მის თვალებში სიხარული დამენახა“ – თამო ვაშალომიძე შვილის ოცნებაზე, ვენეციის კინოფესტივალსა და შინაგან ბრძოლაზე

5

თამო ვაშალომიძე ფსიქოლოგ ნინო კერესელიძის გადაცემა „სესიას“ ეწვია, სადაც საკუთარ შინაგან განწყობებზე, პასუხისმგებლობებსა და ვენეციის კინოფესტივალზე გამგზავრების ემოციურ დეტალებზე ისაუბრა.

– ახლა მშვიდად და წყნარად ვარ. თუმცა ცხოვრება ისეთია, სულ ვერ იქნები კარგად, ყოველთვის არის დაძაბული მომენტები თუ სიტუაციები, მით უმეტეს, როდესაც ბიზნესს მართავ და ბავშვები გყავს.

სტრესი არის, მაგრამ მაქვს პასუხისმგებლობა საკუთარ თავთან, 50-მდე ადამიანი მყავს დასაქმებული, ამის გარდა ბავშვები გადმომყურებენ… 35 წლის ვარ და როგორღაც მოვედი ამ ასაკამდე. არის დაღლის მომენტებიც, რაც ყველას ცხოვრებაშია – ამას ზოგი აღიარებს, ზოგი კი არა. მაგრამ როდესაც უკან ვიყურები და ვხედავ, რამდენი ადამიანი დგას ჩემს ზურგს უკან, გაჩერების უფლება უბრალოდ არ მაქვს.

ვცდილობ, საკუთარ თავს ბევრი რამ ვასწავლო: დავთრგუნო ემოციები, გულს ავუარო გვერდი და ვიფიქრო გონებით. ადრე ასე არ ვიყავი. ძალიან რთულია, როცა გული გტკივა და ამ ტკივილს უნდა გადააბიჯო, რადგან ცუდად ყოფნის უფლებაც კი არ გაქვს. საკუთარ თავთან ბრძოლა მიწევს.

– მე ვიყავი კანის კინოფესტივალზე. როდესაც ჩამოვედი, სოფიამ მითხრა, რომ სურდა, წითელ ხალიჩაზე მისი დახატული ესკიზით შექმნილი კაბით გავსულიყავი. ამაზე, რა თქმა უნდა, დავთანხმდი. რამდენიმე ნახატი დახატა და იქიდან შევარჩიეთ.

მე მინდა, რომ ჩემს შვილებს ჰქონდეთ ნამდვილი ბავშვობა – არ მინდა, ნაადრევად გაიზარდონ. ბავშვობის ეს პერიოდი და ეზოში თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. სოფია დადის ხატვასა და ცეკვაზე, ყველა იმ წრეზე, რაც თვითონ მოინდომა – მან შემომთავაზა და მეც დავთანხმდი. რაც არ უნდა დაეხატა, მაინც ჩავიცვამდი, რადგან ეს მთელი გულითა და სულით იყო დახატული.

ესკიზი ბოლო ორ კვირაში ავარჩიეთ, რადგან წითელ ხალიჩას ყველა ფერი არ უხდება. როდესაც დახატა და მკერავთან მივიტანე, ყველაფერი იდეალურად შეირჩა. ცოტა სანერვიულოც იყო, რადგან ეს სოფიასთვის პირველი ფრენა გახლდათ – თან ვნერვიულობდი, ფრენის შიში არ ჰქონოდა, რადგან საქართველოს ფარგლებს გარეთ ერთად პირველად გავედით.

საერთოდ არ ვღელავდი იმაზე, თუ როგორ გავივლიდი. ერთადერთი, რაზეც ვფიქრობდი, ის იყო, რომ მის თვალებში სიხარული და დადებითი ემოციები დამენახა. მივეცი სრული თავისუფლება, რომ პროცესში ჩართულიყო და ვეპყრობოდი, როგორც გუნდის თანასწორ წევრს. იმ ინციდენტის დროსაც მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ ამ ფოტოგრაფებისა და ხალხის უკან ჩემი შვილი და ჩემი მეგობრები იდგნენ. მე არ მქონდა უფლება, თავი დამეხარა. რეალისტი ვარ და არ ვოცნებობ – საქართველოში ცნობილი ვარ და ხალხის რეაქციებიც მესმის, თუმცა გააჩნია, ამას როგორ გამოხატავენ.