რა არის ლიზი მორის ცხოვრების ტკივილი და რა დააფასა მან მეუღლესთან რამდენიმეთვიანი განშორების შემდეგ

371

დღეს ბევრი მოცეკვავისთვის საოცნებო კარიერა აქვს და ყველაზე პრესტიჟული ჯილდოების მფლობელია. თუმცა, გზა, რომელმაც მწვერვალამდე მიიყვანა, ძალიან რთული იყო. როგორ დაძლია დაბრკოლებები და რა გზით აქცია მარცხები დიდ გამარჯვებად, ამის შესახებ ლიზი მორი ,,თბილისელებს” უყვება.

ლიზი მორი: არაჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა, ყველა სურვილი მისრულდებოდა. სპორტზეც დავდიოდი და ცეკვაზეც – მშობლები ძალიან მათამამებდნენ. როგორც ყველა ბავშვი, მეც მსახიობობაზე ვოცნებობდი და თეატრალურ წრეზეც შემიყვანეს. ინსტიტუტშიც ჩავაბარე და დამთავრების შემდეგ რუსთავის თეატრში გამანაწილეს. იქაც ძალიან დიდი წარმატებები მქონდა. პარალელურად, ბევრს ვცეკვავდი. ბავშვობიდან მყავდა მეწყვილე, რომელიც ჩემი ცხოვრების თანამგზავრად იქცა. დავქორწინდით და ისრაელში წავედით. დღემდე გრძელდება ჩვენი ბავშვობა და ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა. ამასთან, ჩვენ ერთად ვემსახურებით ორივესთვის საყვარელ საქმეს.
– როდის დაიწყო თქვენი ოცნებების ახდენა?
– ბედნიერ ვარსკვლავზე რომ დაიბადები, რასაც ჩაიფიქრებ, ყველაფერი გისრულდება. მეც ყველა ოცნება მისრულდებოდა, თუმცა, ისრაელში რომ წავედით, იქ თავიდან საკმაოდ რთული ცხოვრება გვქონდა.
– რატომ წახვედით?
– 1990-იანი წლები იყო: უშუქობა, სიცივე, უფულობა – ყველას ძალიან გაუჭირდა და მათ შორის, ჩვენც. ყველაფერი აირია და იძულებულები გავხდით, აქედან წავსულიყავით. აქ ჩემი ოჯახი დარჩა და ბევრს ვშრომობდი, რომ მათ დავხმარებოდი.
 როგორ მიაღწიეთ წარმატებას?
– იქ ცხოვრება ნულიდან იწყება. არ იცი ენა, არც ეკონომიური მდგომარეობა გიმაგრებს ზურგს, სრულიად უცხო სამყაროში იწყებ ცხოვრებას და ეს ძალიან დიდ სირთულეს წარმოადგენს. მით უმეტეს, მე რომ ჩავედი, მაშინ დაიწყო აღმოსავლეთ ქვეყნების დაუსრულებელი ომი ისრაელთან. ჩასვლიდან ერთ კვირაში საშინელებები ხდებოდა. მანამდე ომი მხოლოდ ფილმებში მქონდა ნანახი – იქ კი ჩემ თვალწინ ყუმბარები ცვიოდა, ფეთქდებოდა, სახლები ზანზარებდა. მერე სიტუაცია ნელ-ნელა დალაგდა. მიუხედავად სირთულეებისა, მე ძალიან მიყვარს ისრაელი. ის ჩვენი წარმატებების ტრამპლინია. დავიწყეთ ენის სწავლა, შემდეგ ჩვენი სტუდია გავხსენით, მოსწავლეები ავიყვანეთ და ნელ-ნელა წინ მივიწევდით. შემდეგ ინგლისსა და იტალიაში გავაგრძელეთ სწავლა, რადგან მივხვდით, რომ აქედან წაღებული ცოდნა არ იყო საკმარისი. მერე დაიწყო ჩემი, როგორც მსაჯის, კარიერა და მალე მსოფლიო ვარსკვლავებში აღმოვჩნდი.
– ეს როგორ მოხდა?
– ჩემი მოსწავლეები მასტერკლასების გასავლელად მიმყავდა იტალიაში, ინგლისსა და საფრანგეთში. ამ პროცესში ზუსტად იმ ადამიანების გარემოცვაში აღმოვჩნდი, ვინც მანამდე ჩემი კუმირი იყო. ვისზეც ვოცნებობდი, მათთან ერთად გავდიოდი პრაქტიკას და საღამოს კი ერთად ვატარებდით დროს. ასე ჩაგვიხუტა მსოფლიო ცეკვის ოჯახმა.
– მძიმე – რა თვალსაზრისით?
– ყველაფერი ფინანსებს უკავშირდებოდა. ეს სამყარო ძალიან ძვირად ღირებული იყო. ბევრს ვმუშაობდით, კაპიკს კაპიკზე ვადებდით, რომ ფული შეგვეგროვებინა, რომ იქ წავსულიყავით და განათლება მიგვეღო. ეს გრძელდებოდა10-15 წელი. მთელი ეს პერიოდი ჩვენ ყველაფერს ვიკლებდით. ადვილი არ არის მწვერვალზე ასვლა. მაგრამ ყველაზე დიდი ბედნიერებაა, რომ ამ ოჯახში გიღებენ. ერთ მშვენიერ დღეს დაგვიბარეს და გვითხრეს: თქვენ ხვალ გალა კონცერტზე დაჯილდოვდებითო. უდიდესი პრიზი მივიღეთ მსოფლიო ცეკვის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და გავხდით ამ ჯადოსნური ოჯახის წევრი. ამ ოჯახის წევრობა ძალიან ბევრს ნიშნავს. აქედან დაიწყო ჩვენი საოცარი კარიერა, მაგრამ მანამდე, კიდევ ვიმეორებ, ბევრი ვიბრძოლეთ. უარს ვამბობდით ფუფუნების საგნებზე, ბინაც კი არ გვიყიდია – მთელ რესურსს განვითარებაში ვდებდით. მსოფლიო ვარსკვლავების გვერდით რომ მსაჯობ, ისინი გამოწმებენ – ვინ ხარ, იმსახურებ თუ არა იქ დგომას, დიდი გზა იყო გასავლელი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს შევძელი. სხვათა შორის, ნოემბრში პროფესიონალი მოცეკვავეების მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა მემსაჯა. ასეთი ჩემპიონატის მსაჯობა ძალიან დიდი პატივია. ამ პოზიციაზე მსოფლიო ცეკვების პრეზიდიუმი გამტკიცებს და ტურნირამდე ერთი თვით ადრე გატყობინებენ, მანამდე კონფიდენციალური ინფორმაციაა. ეს ცნობა რომ მომივიდა საოცრად გამიხარდა. თუმცა, პანდემიიდან გამომდინარე, გეგმები ჩაიშალა. არადა, ვოცნებობდი საქართველოს სახელით მემსაჯა. ლიცენზია შევცვალე და უკვე სამი წელიწადია, უზომოდ გახარებული ვარ, რადგან შემიძლია ჩემი ქვეყანა მსოფლიოს მასშტაბით წარვადგინო. მსოფლიო ჩემპიონატის მსაჯობა – ეს უმაღლესი წერტილია ჩვენს პროფესიაში და უნდა ვილოცო, რომ პანდემიის შემდეგ, როცა ის გაიმართება იგივე შემადგენლობა დატოვონ.
– როცა წარმატების საკუთარი სამშობლოსთვის გაზიარება გადაწყვიტეთ და კეთილი გეგმებით ჩამოხვედით, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდით. რატომ?
– ეს იყო 2014 წელს, თუმცა არ ვნანობ, მე ეს უნდა გამეკეთებინა. ჩემი ოცნება იყო, საქართველოში დამენერგა მსოფლიო მასშტაბის ტურნირი და მსოფლიო დონის ვარსკვლავები ჩვენთან ჩამოსულიყვნენ. ჩვენი პირადი კავშირებითა და ფინანსებით მე და ჩემმა მეუღლემ დიდი ღონისძიების ჩატარების ლიცენზია ვიყიდეთ. შევძელით, საუკეთესო მოცეკვავეები და მსაჯები მოგვეწვია და შედეგად, 2014 წელს აღმოსავლეთ ევროპის თასი საქართველოში ჩატარდა. ოცნებად მქონდა ჩემი სახელობის ტურნირის დაარსება, რაც განვახორციელე კიდეც და მას „საქართველოს სამეფო ცეკვის თასი“ დავარქვი. სირთულე იმაში მდგომარეობდა, რომ ვერ ვიპოვეთ სპონსორები, იყო ბევრი ტყუილი, საქართველოში მოცეკვავეც არ იყო ბევრი, ცეკვის ასოციაციები დაქსაქსული იყო – ძალიან ბევრი გულისტკენა შეგვხვდა, მაგრამ მაინც ჩავატარეთ სამდღიანი დღესასწაული. ტურნირმა მაღალ დონეზე ჩაიარა, თუმცა, ყველაფერმა ჩვენს ზურგზე გადაიარა. წელში გამწყვიტა ამ კონკურსმა, ფინანსურად თუ მორალურად. უკვე იმ დონეზე ვიყავით, შეიძლებოდა, სახლიც კი გამეყიდა, რომ მსოფლიოს წინაშე არ შევრცხვენილიყავით. თუმცა, საერთო ჯამში, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს კონკურსი ჩატარდა და იმედი მაქვს, რომ უკანასკნელი არ იქნება. მერე ნელ-ნელა მეც გამოვფხიზლდი, ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა, რა გზას დავდგომოდი. ერთ მშვენიერ დღეს ისე შეიცვალა ჩემი კარიერა, ისეთი წარმატება მომივლინა მაღალმა ღმერთმა, რომ ის რამდენიმეთვიანი ტანჯვა-წამება სულ დამავიწყდა.
– რა წარმატებას გულისხმობთ?
– საქართველოში „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მსაჯად მომიწვიეს, რამაც ძალიან დიდი პოპულარობა მომიტანა ჩემს სამშობლოში და საყვარელ ხალხთან უფრო დამაახლოვა. დიდი სიამაყით ვიტყვი, რომ ვმსაჯობდი ინგლისიდან მოწვეულ „ბიბისის“ პროდიუსერ დარენ ბენეტის და „ფლამენკოს“ მეფის, ხუაკინ კორტესის გვერდით.
– უამრავი წარმატება გხვდათ წილად – თუმცა, თქვენს ცხოვრებას, შვილთან დაკავშირებით, რთული ფონიც ახლავს.
– მიუხედავად წარმატებებისა, ეს სევდიანი მოტივი გასდევს ჩემს ცხოვრებას. ეს არის ჩემი დიდი ტკივილი. მე რომ მომენდომებინა და ჩემი კარიერა გვერდზე გამეწია, თუნდაც ცოტა ხნით, დღეს ხომ მეყოლებოდა შვილები? აუცილებლად მეყოლებოდა, მაგრამ რაღაც მომენტში შეუჩერებლად მიქრი, ცხოვრებაც ძალიან სწრაფად და უკანმოუხედავად გადის. ამაზე ბევრჯერ დავფიქრებულვარ, მითქვამს, რომ უნდა მოვიცალო, ეს უნდა გავაკეთო, მაგრამ ბევრი შესაძლებლობა გავუშვი ხელიდან, რასაც დღეს ვნანობ. მე რომ ჩემი კარიერა გვერდზე გადამედო და მიზნად ის დამესახა, რაც აუცილებელი იყო, ალბათ, დღეს ასე გულნატკენი არ ვიქნებოდი. იყო მცდელობა, მაგრამ არ გამოვიდა. თუმცა, ბევრჯერ უნდა გამემეორებინა, რაც ვეღარ შევძელი და ეს სანანებლად მაქვს. დღესაც ვდგავართ ბავშვის აყვანის რიგში. სამწუხაროდ, ამ პროცესში ძალიან მძიმე კანონებია, წლებია, შეტანილი გვაქვს განცხადება, მაგრამ არ გამოვიდა, არადა ყველაფერს თავისი დრო აქვს.
– პანდემიის გამო აქ ჩაიკეტეთ მეუღლის გარეშე. როგორ უმკლავდებით ამ რეალობას?
– ძალიან მინდოდა, ყველა სეზონზე შემეგრძნო საქართველოში ცხოვრება და პანდემიის „დამსახურებით“, 30 წლის შემდეგ ასეც მოხდა. საქართველოში დედაჩემის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო ჩამოვედი და ერთი კვირის შემდეგ გზები ჩაიკეტა. მერე ორივეს კორონა დაგვემართა და ძალიან ცუდად ვიყავით. ყველაფერი იყო მოსალოდნელი, მაგრამ ნელ-ნელა გამოვიხსენით სიკვდილისგან დედა და მეც გადავრჩი. ღმერთის წყალობით, ახლა ყველაფერი ნორმალურად არის. ჩემსა და მეუღლეს შორის რომ ამხელა მანძილია, ჩვენთვის დიდი ტრაგედიაა. ყოველდღიურ კავშირზე ვართ, ერთმანეთის ყველაფერი ვიცით, მაგრამ ომი რომ დაგაცილებს საყვარელ ადამიანს, ზუსტად იგივე მდგომარეობა გვაქვს და ეს ძალიან რთულია. მინდა, მალე დადგეს მომენტი, როცა ერთად ყოფნას შევძლებთ. ჩვენც უკვე 30-წლიანი ისტორია გვაქვს და ეს დაშორება კიდევ ერთხელ მაბრუნებს ბავშვობაში. ამ დროს უკეთ ხვდები, რამდენად ძვირფასია ეს ურთიერთობა შენთვის, აცნობიერებ, რომ ამის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია.
– როგორც ვიცი, მემუარების გამოცემას აპირებთ…
– ბავშვივით „ვზრდი“ ამ მოგონებებს. უამრავი ჩანაწერი მაქვს ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპიდან. არ ვიცი, როდის, მაგრამ ძალიან მინდა ავტობიოგრაფიული წიგნი გამოვცე და ეს იყოს მსოფლიო ვარსკვლავებთან ურთიერთობის, მათგან მიღებული ცხოვრებისეული თუ პროფესიული ცოდნის გაზიარების საშუალება. კიდევ ერთი გეგმა მაქვს – ლათინურ-ამერიკული და ევროპული ცეკვების ტექნიკის საფუძველების შესახებ სახელმძღვანელოს შექმნას ვაპირებ და იმედია, ორივეს განვახორციელებ.