“პაწაწინა სიას თუ დამიდებთ, ნაცების რომელიმე მილიონერს რომ გაუღია ქვეყნისთვის, პროფილის ფოტოდ პირში ჰალსტუხგაჩრილი მთავარსარდლის სურათს ვაყენებ”

ყოფილი ტელეწამყვანი თეა გვასალია, პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.

გვასალია, იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ივანიშვილი არ მოსწონთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მაშინდელი ჩინოვნიკების მიერ ჩადანილი საქველმოქმედო საქმეების ნუსხას ითხოვს.

მისივე თქმით, თუკი ვინმე ივანიშვილის მიერ ჩადენილი საქველმოქმედო საქმეების ნუსხის საპირწონედ, ერთ სიას მაინც დადებს, რომელიმე „ნაციონალი“ მილიონერის მიერ ჩადენილს, ის პოლიტიკურ ორიენტაციას შეიცვლის.

„ეს კაცი კი წავიდა პოლიტიკიდან (ან აქამდე რას გალანძღინათ თავი) და აწი, რაც არ უნდა მთვარის ნატეხი და აღმოსავლეთის მშვენება უძახოთ, უკან მომბრუნებელს არ ჰგავს, (არც მე მოვბრუნდებოდი მის ადგილას), მაგრამ მისი საქველმოქმედო საქმეების ცნობილი ნუსხის საპირწონედ, ერთ პაწაწინა სიას თუ დამიდებთ, ნაცების რომელიმე მილიონერს რომ აქვს ქვეყნის საკეთილდღეოდ, საკუთარი (არა წამებით და შანტაჟით წართმეული) ფულით გაკეთებული, ვიცვლი ორიენტაციას (პოლიტიკურს ), მანქანის ნომრებად 555-ს ვიღებ, პროფილის ფოტოდ პირში ჰალსტუხგაჩრილი მთავარსარდლის სურათს ვაყენებ და მომდევნო 5 არჩევნებში 5 ნომერს ვხაზავ. არადა, არ ვარ „ოცნების“ ფანი, სულ რამდენიმე ადამიანი მომწონს, ამ პარტიიდან, საერთოდაც თუ რამე არ მაინტერესებს ცხოვრებაში – პოლიტიკაა, მაგრამ ქართული რეალობის ჰორიზონტზე დე გოლს ვინ ჩივის, ხოსე მუხიკასაც რომ ვერ ვხედავ და არჩევანი კვლავ წამგლეჯებსა და უნიათოებს შორის მაქვს გასაკეთებელი, პირველებს მაინც ვერ ავირჩევ“, – წერს თეა გვასალია.

ასევე იხილეთ