“ვფიქრობ ხოლმე, მიხაროდეს თუ მწყინდეს კახის წასვლა, ის ძალიან თავმოყვარე ადამიანი იყო”

661

თეატრისა და კინოს ვარსკვლავის, ლეგენდარული კახი კავსაძის ვაჟი, ირაკლი, 20 წელზე მეტია, ამერიკაში ცხოვრობს. მისი ქალიშვილებიდან კავსაძეების სამსახიობო დინასტიას უფროსი, ირინკა, მიჰყვება, მეორე ქალიშვილი ნატალია-ბელა კი ხელოვნების სხვა დარგში ხედავს თავის მომავალს. ირაკლი ცოლთან, ლიკა გორგილაძესთან ერთად ბევრს ფიქრობს, საბოლოოდ სად უნდა იყოს მისი სახლი, საქართველოში თუ ამერიკაში და ჯერჯერობით ვერც ერთს თმობს. თუ როგორი იყო პირველი წელი მამის გარეშე, ამ ემოციებს ირაკლი ,,სარკის” მკითხველს უზიარებს:

– ის გრძნობა, რომ კახი აღარ არის, სულ დამყვება. დედა რომ გარდაიცვალა, 22 წლის ვიყავი. სანამ დავკრძალავდით, 23 წლის გავხდი. მას შემდეგ ჩემი დაბადების დღე არ აღმინიშნავს…

მისტიკა დედაჩემის გარდაცვალებაშიც იყო და კახის წასვლაშიც. დედა 28 აგვისტოს, მარიამობას გარდაიცვალა და თითქოს იცოდა, რომ ამ დღეს მოხდებოდა ეს. კახი თბილისში არ იყო, გადაღებებზე იმყოფებოდა ქალაქგარეთ. დედამ დაურეკა და უთხრა, ჩამოდიო. კახიც ჩამოვიდა და პირველი, რაც უთხრა, ის იყო, ვგრძნობ სუბსტანციასო. კახი აპროტესტებდა, ასე ნუ ფიქრობო, მაგრამ ბოლო სიტყვები, იცით, რა უთხრა? ნეტარებაში ხელს ნუ მიშლითო და ამ სიტყვების შემდეგ წავიდა.

კახიც გარდაიცვალა და რამდენიმე საათში აღდგომა დადგა. მეორმოცე დღე კი მის დაბადების დღეს დაემთხვა. ვფიქრობ ხოლმე, მიხაროდეს თუ მწყინდეს მისი წასვლა. მწყინს იმიტომ, რომ მომაკლდა, მიხარია იმიტომ, რომ მან იმ მდგომარეობას თავი დააღწია, რაც არ მოსწონდა.

ძალიან თავმოყვარე ადამიანი იყო და ვერ იტანდა, როდესაც დახმარება ესაჭიროებოდა.  სანამ შეეძლო, ბოლო წუთამდე აქტიურად ცხოვრობდა, სულ ფეხით დადიოდა და ცურვას არ ღალატობდა. ამერიკაშიც კი, ჩემთან რომ იყო, ყველაზე ადრე იღვიძებდა, მიდიოდა სასეირნოდ, არ გამოტოვებდა აუზს.

– როდესაც დედა გამოგეცალათ, როგორ დაიწყეთ ორმა მამაკაცმა ცხოვრება, რა კანონები შემოიტანეთ თქვენს ურთიერთობებში?

– ამ დროს ძალიან დიდი ყურადღება გადავიდა კახიზე, რადგან ყველა კარგად ხედავდა, ვინ დაკარგა მან. დედაჩემის გარდაცვალებიდან თითქმის ერთ წელში გაჩნდა ჩემი უფროსი ქალიშვილი ირინკა. კახი ელოდა, რომ ბელას დავარქმევდი, მე კი არ მინდოდა იმ გაგებით, რომ ჩემთვის ბელა იყო ერთი. კახის ეწყინა, როცა გაიგო, რომ ბავშვს ირინა დავარქვი და ამის გამო ცოტა დისტანციაც კი დაიჭირა ბავშვთან. მერე დაველაპარაკე და შევახსენე, რომ ბელას ნათლობის სახელი ირინა იყო და ამიტომაც დავარქვი. ამის შემდეგ გაიხსნა და ირინა მისი სამყარო გახდა. ირინკას დაბადება ორივეს ძალიან დაგვეხმარა ამ ტკივილის გადატანაში.

მეორე ქალიშვილს ნატალი-ბელა ჰქვია. როდესაც დაიბადა, კახიმ მკითხა, რას არქმევო. მე ვუთხარი, ნატალიას-მეთქი. ამ დროს ჩაილაპარაკა, ესე იგი ნატალია-ბელა და ზუსტად ამ ფორმით ჩაიწერა ეს სახელი დაბადების მოწმობაში.

– ამ ფონზე თქვენი და თქვენი ცოლის ცხოვრებისეული პრიორიტეტები რა არის?

– იყო პერიოდები, ფიზიკურად ცუდად ვიყავი და ჩემი ცოლისგან საოცარ მხარდაჭერას ვხედავდი. ბევრ რამეში გამოვცადეთ ერთმანეთი. ამ ბოლო დროს სერიოზულად ვფიქრობთ ჩვენს გეგმებზე, რას ვაპირებთ, ამერიკაში გვინდა საბოლოოდ დამკვიდრება თუ არა. მე ვეუბნები, რომ ორივეგან ვიცხოვროთ. აზრი “სულ ჩამოვედი” ცოტა მაშინებს. ვგიჟდები აქაურობაზე, მაგრამ ამერიკაც ჩემია. იქაც ჩემი მეგობრები არიან. საერთოდ, ვგიჟდები წესრიგზე. შეიძლება რაღაც დონემდე პედანტიც ვარ, ამიტომ ამერიკაში ცხოვრების სტილი და ტემპი მისაღებია ჩემთვის.