როდის ხდება მარი ჩახვაძე ხვიჩა მაღლაკელიძის კოშმარი და როგორ იქცა ხვიჩა რომანტიკულ ქმრად

259

მარიამ ჩახვაძე ხვიჩა მაღლაკელიძის მეუღლე გახლავთ. ხვიჩას ეკრანებზე გამოჩენა კარგ განწყობასთან ასოცირდება. ვნახოთ, როგორი მეოჯახეა ის და როგორია კამერებს მიღმა.

მარი ჩახვაძე: ხვიჩა ჩვენც ისე გვიქმნის კარგ განწყობას, როგორც მთელ საქართველოს. ჩვენც გვიხარია მასთან ერთად ყოფნა და როცა სადმე მიდის, ძალიან მოწყენილები ვართ. არადა, სახლში ძალიან იშვიათად არის. ამიტომ, მუდმივად მის მოლოდინში ვართ და როცა სახლში მოდის, მართლა სულ სხვა განწყობა მოაქვს.

– სულ ასეთი ენერგიულია?

– მე თვითონაც მიკვირს, მაგრამ დიახ, სულ ასეთი ენერგიულია. მინახავს მსახიობები, რომლებიც როლში სულ სხვანაირები არიან, სახლში კი სულ სხვა, მაგრამ ხვიჩას ეს არ ეხება, სახლშიც ისეთივეა, როგორსაც მაყურებელი იცნობს. მისთვის ორი ადამიანი უკვე პუბლიკაა. თუმცა, სახლში ოდნავ განსხვავებულია – შინ უფრო თავისუფლადაა. საერთოდ, სახლში ყოფნა ხომ რელაქსთან ასოცირდება, მაგრამ მაინც ისეთივე გიჟური ხასიათი აქვს, როგორიც თქვენც იცით.

– რა ხელშეწყობა სჭირდება თქვენი მხრიდან, როგორ ცდილობთ მის მხარდაჭერას?

– პირველ რიგში, ვცდილობ, ყველა პრობლემა მოვარიდო, დიდი იქნება თუ პატარა, არ აქვს მნიშვნელობა. ძალიან დაკავებულია, უამრავი საქმე აქვს და რადგან მე არ მაქვს მასავით გადატვირთული გრაფიკი, მინდა, ბევრი რამ ავარიდო, რომ მან დრო უფრო ნაყოფიერად გამოიყენოს. მას უფრო მნიშვნელოვანი მისია აკისრია – მე ასე მგონია. ამიტომ, ვცდილობ, სახლში ისეთი გარემო შევუქმნა, რომ მოვიდეს, დაისვენოს, ენერგიით შეივსოს და თავის საქმე ჩვეული რიტმით გააგრძელოს. ხვიჩასთვის რომ ხელი შემეწყო, სამსახური და ცხოვრების სტილიც შევიცვალე. როცა მეორე შვილი გვინდოდა, თავი შევიკავეთ. ხვიჩა ძალიან დაკავებული იყო, არ ვცხოვრობდით ისეთ ფუფუნებაში, რომ ძიძები დაგვეხმარებინა, სხვა დამხმარეებიც არ გვყავდა, მარტოები ვცხოვრობდით და თავი შევიკავეთ. იგივე შემიძლია ვთქვა სამსახურზეც. ტურისტულ სფეროში ვმუშაობდი, ეს საქმე ძალიან ბევრს მოითხოვს – არა ზაფხული, არა შვებულება, პირიქით, დასვენების სეზონზე უფრო მეტად დატვირთული ხარ. ასე ძალიან გაგვიჭირდებოდა და ამიტომ, გადავწყვიტე, სამუშაოდ სკოლაში წავსულიყავი. ძალიან მიხარია, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე. მომწონს გარემო, რომელშიც ახლა ვმუშაობ და საქმე, რომელსაც ვაკეთებ. შედარებით თავისუფალიც ვარ, ოჯახისთვის მეტი დრო მრჩება.

– ახლა სკოლაში სპორტს ასწავლით, არა?

– დიახ. ადრე სპორტთან ვიყავი დაკავშირებული, მაგრამ ოფიციალური საბუთები არ მქონდა და სიბერეში მომიწია ჩაბარება და სტუდენტობის გავლა (იცინის). ახლა ყველა შესაბამისი საბუთი მაქვს და სკოლაში სპორტს ვასწავლი.

– ადრე რა შეხება გქონდათ სპორტთან? სულ კარგ ფორმაში რომ ხართ, ამის დამსახურებაა?

– ბავშვობიდან ტანვარჯიშით ვიყავი დაკავებული. მერე ჩამოვშორდი, მაგრამ არ მახსოვს ჩემი ცხოვრება ვარჯიშისა და სპორტული აქტივობების გარეშე. ამიტომ ამ სამსახურთან გამკლავება არ გამიჭირდა, შესაბამის ფორმაში ვიყავი. რაც შეეხება გარეგნობას, ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ვარჯიში ჯანმრთელობის შენარჩუნებაში მეხმარება.

– ამ ამბავში მეუღლე ვერ აიყოლიეთ?

– 23-ე წელია, ერთად მოვდივართ. უკვე ვეღარ და აღარ ვცდილობ, დავანებე თავი. ვფიქრობ, თუ რამე დაანგრევს ჩვენს ურთიერთობას, ეს მისთვის ვარჯიშისა და დიეტის დაძალება იქნება (იცინის). სარბენი ბილიკი ვაჩუქე, ათასნაირ დიეტურ კერძს ვუმზადებ. უფრო სწორად, ვცდილობ, სწორად იკვებოს (იცინის). ყველანაირად ცდილობს, მაგრამ ფსიქოლოგიურად იმდენად უჭირს, რომ აღარც კი ვაძალებ. მახსოვს, ახალშეუღლებულები ვიყავით და კუს ტბაზე დავრბოდი. ავიყოლიე, ერთად ვირბინოთ-მეთქი. მე გავიქეცი და მეუბნება, მიდი, მიდი, დაგეწევიო. ერთი წრე დავასრულე და უკანა გზაზე, ვხედავ მოდის ლუდით და პოპკორნით. ეს არის მისი სპორტი (იცინის). ცხოვრების წესიც ნაკლებად მოძრავი აქვს, ძირითადად, სულ ზის და ესეც მოქმედებს. გარემოც არ უწყობს ხელს. დილით სახლიდან რომ გავდივარ, ყველაფერს გამზადებულს ვუტოვებ – იქნება ეს სადილი, ვახშამი, ხილი თუ ბოსტნეული, მაგრამ რომ მოვდივარ, ჩემი გამზადებული კონტეინერები ისევ ისე, ხელუხლებელი მხვდება, თვითონ სადმე საქეიფოდ არის წასული ან სახლში გამოიძახებს ხაჭაპურს. წყლის დალევასაც სულ ვაძალებ. მისი კოშმარი ვარ, როცა ოთახში ჭიქა წყლით შემოვდივარ და მის დალევას ვთხოვ (იცინის). ამის გამო ბევრჯერ მოგვსვლია კონფლიქტი. ბოლოს დავანებე თავი, ბევრი ვიჩხუბე და დავნებდი. ზოგჯერ ძალიან დაკავებულია და ჭამისთვის არ სცალია – ეს არის მისი დიეტა (იცინის).

– ორი შვილი გყავთ, მამას ჰგვანან?

– უფროსი ან მე მგავს, ან ბაბუებს, მაგრამ უმცროსი სუფთა მამაა (იცინის). აბსოლუტურად ყველაფრით ჰგავს. მამა მისთვის კუმირია, მოსწონს მისი მანერები, ირგებს კიდეც, ხასიათითაც ძალიან ჰგავს.

– რთულია სამ მაღლაკელიძესთან „გამკლავება“?

– შეიძლება, რთულიცაა, მაგრამ ბედნიერებაა. ბიჭები ძალიან მეხმარებიან, განსაკუთრებით უფროსი შვილი. ყველაფერს შეხმატკბილებულად ვაკეთებთ. მაგალითად, ახლა სააბაზანოში დაგვჭირდა რემონტის გაკეთება და ყველაფერი უფროსმა ბიჭმა ითავა. თან არქიტექტურულზე სწავლობს, თვითონ დახაზა და მერე ხელოსანთანაც ყველაფერი მოაგვარა. ხვიჩას ძალიან არ უყვარს მსგავსი მომენტები და ვცდილობთ, მსგავსი საქმეებით არ შევაწუხოთ. ფიზიკურადაც არ სცალია. უმცროსი შვილიც გვეხმარება, მაგალითად, თუ მაღაზიიდან არის რამე მოსატანი, მას შეუძლია, ეს თავის თავზე აიღოს.

– ესე იგი, განებივრებენ.

– აი, დღესასწაულები რომ არის, მაშინ მეტი საჩუქარი და მეტი ყვავილია სახლში, მაგრამ სადმე რომ მიდიხარ, როგორც წესი, ხომ ქალს აგვიანდება, მას მეტი დრო სჭირდება მოსამზადებლად, მაგრამ არა, მე გამზადებული ვდგავარ ლიფტში და სამივეს ველოდები. ასე რომ, ჩვენ პირიქით ვართ (იცინის). ფეხბურთი ავიღოთ, ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, მე უკეთ ვერკვევი და თვალყურსაც ვადევნებ, ხვიჩას საერთოდ არ უყვარს ფეხბურთი. როცა ფრჩხილების მოვლას ეხება საქმე, ესეც ხვიჩას პრეროგატივაა. გიტარის გამო მას ფრჩხილები სულ მოწესრიგებული უნდა ჰქონდეს და რადგან სამივე უკრავს გიტარაზე, სახლში ქლიბებზე სერიოზული ნადირობა გვაქვს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ისინი უფრო მეტად უვლიან ფრჩხილებს, ვიდრე მე (იცინის). რემონტს უფრო მე ვითავებ ხოლმე და უკეთაც მესმის შესაბამისი საკითხები, მაგრამ ხვიჩას უფრო გემრიელი კერძები გამოსდის, ვიდრე მე. ამიტომ ხვიჩა ტრიალებს სამზარეულოში და მე დავრბივარ ელიავაზე (იცინის).

– ქართველი კაცისგან ხშირად მოგვისმენია, რომ ოჯახში უფროსი კაცია. როგორ არის თქვენს ოჯახში?

– „მე ვთქვი და მორჩა, ასე უნდა იყოს!“ – მსგავსი რამ ხვიჩას არ ახასიათებს. თუმცა, ზოგჯერ ძალიანაც მომწონს ეს, მოდუნების საშუალებას გაძლევს, მთელი პასუხისმგებლობა რომ შენზე არ არის, სასიამოვნოა და ზოგჯერ, მინდა კიდეც, იუფროსოს და მეტი პასუხისმგებლობა მან აიღოს თავის თავზე (იცინის). ჩვენ, ძირითადად, ერთად ვსხდებით ხოლმე და მნიშვნელოვან საკითხებს ასე განვიხილავთ. მხოლოდ ჩვენსას არა, ბავშვების აზრებსაც ვითვალისწინებთ. ჩვენი რეჟიმიდან გამომდინარე, მე და ხვიჩა უფრო დაღლილები ვართ, შვილებს უფრო საღი აზრი აქვთ, უფროსი ასაკითაც უკვე დიდია და ვხედავ, რომ ყველა სფეროში გათვითცნობიერებულია და მისი არგუმენტები იმდენად მყარია, რომ ვენდობით და ჭკუას უკვე მას ვეკითხებით.

– შეყვარებულობისას და ქორწინების დასაწყისში რომ რომანტიკულები არიან ქმრები და მეუღლეებს ანებივრებენ, ეს მომენტები თუ შეინარჩუნა თქვენმა ქმარმა?

– შემიძლია ვთქვა, რომ თავიდან საერთოდ არ იყო რომანტიკული. ეს მომენტები ახლა უფრო აქვს. როცა ჩვენ დავქორწინდით, რთული პერიოდი იყო. ცუდად არ მინდა, გამომივიდეს, მაგრამ ფინანსურ მდგომარეობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული და ჩვენ მაშინ, ამ მხრივ, ბევრი პასუხისმგებლობა დაგვაწვა. ბათუმიდან თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად, ვლაგდებოდით და ბევრი სირთულე შეგვხვდა. ამიტომ რომანტიკულობისთვის ნაკლებად გვეცალა და ვთვლიდი, რომ ასე იყო საჭირო. თუმცა, ახლა ასაკთან ერთად, უფრო მეტად აქვს რომანტიკული მომენტები.

– არ ეჭვიანობს ასეთი მეუღლე რომ ჰყავს?

– საერთოდ არ არის ეჭვიანი. ხანდახან მინდა კიდეც, რომ იეჭვიანოს, რა არის, ღირსი არ ვარ-მეთქი? – დავიწუწუნებ ხოლმე (იცინის). თუ სახლში მაგვიანდება, შეიძლება, დარეკოს და მკითხოს, ხომ არ მოგაკითხო, მანქანის პრობლემა ხომ არ არისო ან რამე მსგავსი, ანუ პრაქტიკული საკითხებით დაინტერესდება. მოკლე კაბა თუ მაცვია ან დეკოლტე, მეკითხება, ხომ არ შეგცივდებაო (იცინის). ამბობს, რომ უდიდესი ნდობა აქვს ჩემ მიმართ და ეს, რა თქმა უნდა, მსიამოვნებს.

– ამ მხრივ, თქვენ როგორი ხართ?

– შემიძლია, ვთქვა, რომ მე ვეჭვიანობ (იცინის). მე ისეთ გარემოში ვმუშაობ, ნამდვილად არ არის საეჭვიანო, მაგრამ თვითონ ისეთ გარემოშია, იმდენი ხალხია მის გარშემო… რამდენჯერმე გასტროლებზე რომ წავყვევი, ვნახე, რომ ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ რაღაც-რაღაცები მოხდეს (იცინის). მოკლედ რომ ვთქვა, სასიამოვნო ნამდვილად არ არის, მაგრამ ვცდილობ, ამაზე არ ვიფიქრო (იცინის).