“ასაკს ვერსად გაექცევი, ამიტომ ხშირად გაიღიმეთ არა მხოლოდ ტუჩებით, არამედ გულით და აუცილებლად იქნებით მომხიბვლელი”

221

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ია შუღლიაშვილი ქართველი ხალხის საყვარელი კომპოზიტორის, ინოლა გურგულიას, ქალიშვილია, მამაც ცნობილი კომპოზიტორი იყო. გოგონა ბავშვობიდან ზღაპრული მელოდიებით გაიზარდა.

ნიჭიერთა მუსიკალური ათწლედი დაამთავრა. კონსერვატორიაში აბარებდა, როცა შეიტყო, რომ თურმე დედას უნდოდა, ია მსახიობი გამოსულიყო, ამიტომ თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა.

მარჯანიშვილის თეატრში ინსტიტუტის დამთავრებიდან დღემდე უამრავ სპექტაკლში ითამაშა. კინოს სამყაროში მოგვიანებით შეაბიჯა. მისი რეკომენდატორი და მეგზური კინოში ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი უნიჭიერესი მსახიობი მიშა გომიაშვილი გახლდათ. პირველი ფილმი ,,კახეთის მატარებელი” ფეხბედნიერი აღმოჩნდა, რადგან შემდეგ რეჟისორებმა, ნანა ექვთიმიშვილმა და სიმონ გროსმა, შეარჩიეს ფილმისთვის ,,ჩემი ბედნიერი ოჯახი”, რომლის მსოფლიო პრემიერა სანდესის კინოფესტივალზე გაიმართა, ხოლო პრემიერა ,,ბერლინალეზე”. ია შუღლიაშვილს ამ ფილმმა მსოფლიო აღიარება მოუტანა. კინოკრიტიკოსებმა, ჟიურიმ ია ათ საუკეთესო მსახიობს შორის დაასახელეს.

როგორია მსახიობი ქალის შემოქმედებითი და ოჯახური ცხოვრება დღეს, ამის შესახებ ქალბატონი ია ,,სარკეს” ესაუბრა.

– რას იტყვით თქვენს გმირზე, ოჯახის დედაზე, პედაგოგზე, 52 წლის ქალზე, რომელმაც ერთფეროვანი, მძიმე  რუტინის შემდეგ ამბოხება მოაწყო და პირადი თავისუფლება მოიპოვა ? როგორი პარტნიორი იყო ჩვენი სახელოვანი მერაბ ნინიძე?

– როცა სცენარი წავიკითხე, მაშინვე მივხვდი, როგორი ქალიც უნდა მეთამაშა. სულ ორიოდე შეკითხვა გამიჩნდა და ჩემს გონებაში ძირითადი ხაზი გამოიკვეთა. მშვიდი, გაწონასწორებული, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ორი შვილის დედა, ხანდაზმული მშობლების პატრონი, მეუღლე, ყოველდღიური საზრუნავით დაღლილი, რომელსაც შორს დარჩა ცისფერი ოცნებები და პატარა,  თავისუფალი პირადი სივრცეც აღარ გააჩნდა. 52 წლის ასაკში მიიღო მტკიცე გადაწყვეტილება, დაეტოვებინა ეს ყველაფერი და ეცხოვრა საკუთარი ცხოვრებით, ეპოვა თავისუფლება, რაც საბოლოოდ შეასრულა კიდეც.

ფილმის გადაღებას წინ უძღოდა ხანგრძლივი რეპეტიციები. ჩემი გმირის ქმრის როლზე ძალიან ბევრი გაისინჯა, ბოლოს მერაბს სთხოვეს ჩამოსვლა. ჩამოვიდა, პირველი სინჯიდან მიხვდნენ, რომ ის ნამდვილად ,,ისძძ იყო. მერაბი დიდი მსახიობია, ცნობილი, ძალიან ნიჭიერი, გამოცდილი. ჩემთვის დიდი პატივი იყო და დიდი პასუხისმგებლობა მის გვერდით მუშაობა.

ცოტა არ იყოს, ვღელავდი, მაგრამ პირველივე ერთობლივი სცენიდან ისეთი დამამშვიდებელი ენერგია წამოვიდა მისგან, ისეთი მუხტი გადმომეცა, არ გამჭირვებია. თავადაც კმაყოფილი იყო ჩემით. არაჩვეულებრივი პარტნიორობა გამიწია, გამოცდილებასაც მიზიარებდა. თავისთავად მასტერ კლასი ჩამიტარა, არა გამიზნულად, არამედ ძალიან ბუნებრივად.

-გთხოვთ, გაიხსენოთ ის გარემო, სადაც თქვენ ეზიარეთ ინოლას მშვენიერ შემოქმედებას.

– ყოველთვის მიჭირს დედაზე საუბარი, იგი ყოველთვის მახსოვს და სულ მის ირგვლივ ვტრიალებ, არასდროს დამცილებია, მუდმივად ჩემთან არის. ძალიან მახარებს, რომ მისი სიმღერები უყვართ და დღეს ახალგაზრდები ასრულებენ.

სიმღერა დაბადებიდან დაგვყვა მე და ჩემს ძმებს, ამის გარეშე ჩვენი ოჯახი არ არსებობდა. ხუმრობით ვამბობ ხოლმე, რომ ზედმეტი დოზით იყო სიმღერა ჩვენს ოჯახში. მე მეგონა, ყველა ოჯახში ასე ხდებოდა. არც არის გასაკვირი, ქართველებს ხომ ძალიან გვიყვარს და გვეხერხება სიმღერა. ჩვენთან შეიძლება ცოტა უფრო მეტი და ცოტა მეტად პროფესიონალურად იყო.

– ბუნებრივი იქნბოდა, მომღერალი გამოსულიყავით, ამისთვის ყველაფერი გქონდათ – ხმა, სმენა, შესრულების კულტურა. რატომ აირჩიეთ მსახიობობა?

– მომღერლობა არასდროს მდომებია, სიმღერა ისეთივე ბუნებრივი იყო ჩემთვის, როგორიც პირის დაბანა, კვება, დაძინება, მაგრამ პროფესიად არ მიფიქრია, თუმცა ნიჭიერთა ათწლედიც დავამთავრე და კონსერვატორიისთვისაც ვემზადებოდი. გულის სიღრმეში იქ ჩაბარება არ მინდოდა, რაღაც სხვას ვეძებდი.

მოულოდნელად გავიგე, რომ დედას უნდოდა, მსახიობი გამოვსულიყავი. მაშინ მივხვდი, რომ მეც ძალიან მომწონდა ეს პროფესია. ჩემი სურვილი და დედის ნატვრა თანხვედრაში მოვიდა, ჩავაბარე თეატრალურში. დღეს ვხვდები, რომ დედის თვალმა და გულმა სწორად განსაზღვრა ჩემი მომავალი.

– თქვენ წილად გხვდათ ბედნიერება, მარჯანიშვილის თეატრში იმ დროს მისულიყავით, როცა იქ  ოქროს თაობა მოღვაწეობდა. რა დაგახვედრეს მათ და ახლა, როცა თქვენ ხართ წინა თაობა, რას ახვედრებთ ახალგაზრდებს?

– მე როცა მივედი, ბატონი თემურ ჩხეიძე დამხვდა და ეს იყო ძალიან დიდი გამართლება ახალგაზრდა მსახიობისთვის. როგორც ჩემი წინა თაობა ლეგენდებს ყვებოდა სესილია თაყაიშვილზე, ვასო გოძიაშვილზე, ვერიკო ანჯაფარიძეზე, ასე შემიძლია ვისაუბრო სოფიკო ჭიაურელზე, მედეა ჯაფარიძეზე, ნოდარ მგალობლიშვილზე, ოთარ მეღვინეთუხუცესზე, ირაკლი უჩანეიშვილზე, რომელიც დედაჩემის ბაღის მეგობარი იყო და დიდ ყურადღებას მაქცევდა.

მათ დიდი სითბო დაგვახვედრეს, ბევრი რამ გვასწავლეს.  მერე ნელ-ნელა წავიდნენ, გაიკრიფნენ და სიცარიელე დატოვეს, მაგრამ რას ვიზამთ, ასე ხდება, მიდის წინა თაობა. ბოლოს დიდი ტკივილი იყო ბატონი თემურ ჩხეიძის გარდაცვალება, ახლა კი ჩვენი მიშა გომიაშვილი  წავიდა.

მოდიან ახალგაზრდები, სიხარულით ვხვდებით, ცოტა უკანაც კი გადავინაცვლეთ, მათ უფრო დიდი ასპარეზი მივეცით. ასეც უნდა იყოს, მათ უნდა გააცოცხლონ თეატრი, ახალი სუნთქვა შემოიტანონ.

– მსახიობი როგორი ხანდაზმულიც უნდა იყოს,  მუდმივად ცდილობს, იაქტიუროს. ბრძანეთ, უკან გადავინაცვლეთ და ასპარეზი ახალგაზრდებს დავუთმეთო. ეს გულდასაწყვეტი არ არის?

– რა თქმა უნდა, მსახიობი სიცოცხლის ბოლომდე ვერ ელევა თეატრს და სულ ოცნებობს როლზე, მაგრამ მაყურებლის და დროის მოთხოვნა ასეთია. რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდული სპექტაკლი უნდა იყოს რეპერტუარში. ჩვენც არ ვართ უქმად, მართალია, ბევრი – არა, მაგრამ ჩვენი ასაკის შესაფერისი როლებიც არის.

– ორი ვაჟის დედა ხართ. რას საქმიანობენ შვილები?

– უფროსი უკვე 34 წლის არის, დაოჯახებულია, ორი შვილიშვილის ბებია ვარ, ცალკე ცხოვრობენ. პროფესიით ეკონომისტია, მაგრამ გენეტიკას ვერ გაექცა და მუსიკოსობა არჩია. მღერის კიდეც, თავისი სტუდია აქვს, მუსიკას წერს ფილმებისთვის, არანჟირებას აკეთებს, უყვარს თავისი საქმე და ჩვენ დაუხმარებლად ახერხებს ცხოვრებას.

პატარა 17 წლის არის, მეთორმეტეკლასელია, ხატავს კარგად და სამხატვრო აკადემიაში აპირებს ჩაბარებას.

– ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ, ასე მგონია, ოჯახში თქვენ ხართ სიმშვიდის და სიმყუდროვის გარანტი.

– ნამდვილად მშვიდი ვარ, ბევრის მოთმენა შემიძლია, არ მიყვარს კონფლიქტები, თუმცა ზოგჯერ გამოვდივარ წყობიდან. ეს უფრო ადრე იყო, როცა ბავშვები გამაბრაზებდნენ. ზოგადად ერთი ადამიანი ოჯახში სიმშვიდეს ვერ შეინარჩუნებს, თუ მეუღლემაც არ აუბა მხარი. მთავარი ფაქტორი ბედნიერი, მყარი და მშვიდი  ოჯახისა არის ურთიერთგაგება და აუცილებლად დათმობა.

მე და ჩემს მეუღლეს დიდი ძალისხმევა არ გვჭირდება, რადგან კარგად ვუგებთ ერთმანეთს, პატივს ვცემთ ერთმანეთის აზრებს და ერთობლივად ვუძღვებით ოჯახს.

– ისეთ ასაკში ხართ, როცა ახალგაზრდობამ ჩაიარა, სიბერე ჯერ შორია. როგორ უვლით თავს, რას ნიშნავს თქვენთვის კარგ ფორმაში ყოფნა?

– მართლაც შუა ასაკში ვარ, ამ დროს საკუთარ ჯანმრთელობას და გარეგნობას ცოტა მეტი ყურადღება უნდა მიაქციო. ზედმეტ წონას არასდროს შევუწუხებივარ, მაგრამ  რაც ასაკი მომემატა, ცოტათი მოვიმატე. ვთვლი, რომ ჩემს ასაკს ესეც უხდება. სახესაც ისე ვუვლი, როგორც მსახიობს შეეფერება, ესთეტიკურ და კოსმეტოლოგიურ ცენტრებს დიდად არ ვწყალობ. ალბათ გაცვეთილია, მაგრამ მაინც ვიტყვი, გარეგნობა შინაგან განწყობაზეა დამოკიდებული.

ასაკს ვერსად გაექცევი, ამიტომ ხშირად გაიღიმეთ  არა მხოლოდ ტუჩებით, არამედ გულით და აუცილებლად იქნებით მომხიბვლელი.