როგორ აღიდგინა ძალები თათა გიორგობიანმა „ცეკვავენ ვარსკვლავების“ დასრულების შემდეგ, როგორია მისთვის იდეალური დასვენება და რა ასწავლა ცხოვრებაში გადატანილმა რთულმა გამოცდილებებმა – ამ ყველაფერზე ის თავად მოგვიყვება.
თათა გიორგობიანი: იმ დროს, როდესაც ადამიანი, წესით, უნდა ისვენებდეს, ჩემი სამსახური განსაკუთრებით აქტიურდება – ზაფხულის სეზონზე ბენდი, ძირითადად, აჭარის რეგიონში ვმღერით და ზამთრის არდადეგები კი შეიძლება, კორპორატიული საღამოების სეზონად ჩაითვალოს. ამიტომ, როცა სხვები ისვენებენ, ჩვენ, პირიქით, განსაკუთრებული დატვირთვით ვმუშაობთ. დასვენებისა და განტვირთვის, როცა საშუალება მაქვს, მოგზაურობა მიყვარს. მაგრამ სამწუხაროდ, ხშირად არ გამომდის და სულ სამ ქვეყანაში ვარ ნამყოფი. ბოლოს ეგვიპტეში დავისვენე. პირამიდები ვერ ვნახე, რადგან სულ ოთხი დღით ვიყავი ჩასული. მოგეხსენებათ, მაგისტრატურაზეც ვსწავლობ და დროში ძალიან ვარ შეზღუდული. ოთხ დღეში კი ბევრი რამის ნახვა ვერ მოვასწარი, მაგრამ ზამთარში მზის სხივები და სითბო ძალიან მჭირდებოდა, მით უმეტეს, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ დამღლელი რეჟიმის შემდეგ.
– ოთხი დღე ნამდვილად ცოტაა ძალების აღსადგენად, როგორ მოახერხე დასვენება ასე ცოტა ხანში?
– ვერ მოვახერხე (იცინის). მთელი ჩემი დასვენება ეს იყო. უბრალოდ, ძალიან მიზანდასახული ადამიანი ვარ და რასაც ვაკეთებ, იმაში ჩემს მაქსიმუმს ვდებ. მგონია, რომ ახლა მაქვს ასაკი, როცა ჩემი მაქსიმუმი უნდა გავაკეთო და დასვენება მერეც მეყოფა. ზოგჯერ ჯანმრთელობის ხარჯზე, ზოგჯერ მეგობრებთან შეხვედრის შეუძლებლობის ხარჯზე ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ აბსოლუტურად რაციონალურად ვიაზრებ, რომ ამ ეტაპზე ჩემი ცხოვრებისთვის ასე ჯობს.
– ორგანიზმი ამას არ აპროტესტებს?
– ხანდახან აპროტესტებს, მაგრამ ბუნებით ინტროვერტი ვარ, დღეში ერთი-ორი საათი საკუთარ თავთან მარტო ვრჩები და საკუთარ სამყაროში ვმოგზაურობ, მედიტაციას ვაკეთებ, წიგნს ვკითხულობ, ვლოცულობ და ამით ვმშვიდდები. თან, როცა გიყვარს საქმე, რომელსაც აკეთებ, ყოველი დღე აღარ არის ძალიან მძიმე და სტრესული. თუ ეს სიყვარული არ გაქვს, მაშინ არც ღირს, საკუთარი თავი ასე დატანჯო. მე მიყვარს ჩემი საქმე და მხოლოდ დროსთან დაკავშირებით მაქვს პრობლემა. პროდიუსერების მხრიდან იყო თხოვნა, რომ ამ პროექტში მიმეღო მონაწილეობა, მეგობრებმა და ოჯახმაც ასე მირჩიეს და ამიტომ დავთანხმდი. უფრო მეტი დრო რომ მქონოდა, უფრო კარგ შედეგს ვაჩვენებდი. იმ ადამიანების მიმართ ვგრძნობ პასუხისმგებლობას, ვინც მხარს მიჭერდა და სადამდეც მივედი, იქამდე მათმა თანადგომამ და ჩემმა შრომამ მიმიყვანა. ყველას მადლობელი ვარ, ვინც ხედავდა როგორ ვშრომობდი, მიუხედავად იმისა, რომ ამის გარდა, კიდევ ათას რამეს ვაკეთებდი.
– გული გწყდება ამ შედეგის გამო?
– არა, იმიტომ, რომ მე მაქსიმუმს ვაკეთებდი. არ მინდა, ცუდად გამომივიდეს, მაგრამ ვინც იცის, რა რეჟიმი მაქვს და რამდენ რამეს ვაკეთებ, მიხვდება, რომ აქამდე ძალიან დიდი შრომის ფასად მივედი და ამას ბევრი ვერ გააკეთებდა. არ მინდა, ამპარტავნულად გამომივიდეს, მაგრამ რთულია, როცა რამეს აკეთებ, თან სწავლობ და პარალელურად რამდენიმე საქმეზე ფიქრობ. სამი თვის განმავლობაში, ღამეში სულ ოთხი საათი მეძინა და კიდევ კარგად გავუძელი. ჩემი მოცემულობიდან გამომდინარე, მეტს ფიზიკურად ვერ გავაკეთებდი, მაშინ ზეადამიანი უნდა ვიყო. ამიტომ გული არაფერზე მწყდება, პირიქით, ჩემი თავის ძალიან მადლიერი ვარ.
– კონკურენციამ შენსა და ბაბის მეგობრობაზე ხომ არ იმოქმედა?
– არა, ჩვენ ვართ კოლეგები და ამ კოლეგიალურობას ყოველთვის ვიცავთ. ეს ყოველთვის ასე იქნება. როდესაც ადამიანი კულტურულია, რაღაცნაირად უნდა ახერხებდეს ამას და ვფიქრობ, რომ ეს ორივეს ძალიან კარგად გამოგვივიდა.
– დავუბრუნდეთ დასვენებას, ეგვიპტეში დრო ცოტა გქონდა, მაგრამ იქიდან როგორი შთაბეჭდილებებით დაბრუნდი?
– მე ცოტა ასაკოვანი ადამიანებისთვის დამახასიათებელი დასვენება მიყვარს – ძალიან წყნარი და მშვიდი (იცინის). ზოგადად, ალკოჰოლს არ ვსვამ. არანაირ მათრობელა საშუალებებს არ ვიღებ. ვისვენებდი, წიგნს ვკითხულობდი და მზის სხივებით ვტკბებოდი. ჩემი მიზანიც ეს იყო, ნამდვილი დასვენება და არა გართობა.
– აქტიური დასვენება და ღამის ცხოვრება სხვა დროსაც არ გიყვარს?
– არა. ღამის ცხოვრებაც არ არის ჩემი სტილი, თუმცა, მეგობარი თუ მთხოვს, კლუბში შეიძლება, გავყვე. მე თუ დრო მაქვს, ბუნებაში ლაშქრობა ან თხილამურებზე სრიალი მირჩევნია, რაც კარგად გამომდის და მიყვარს კიდეც. მიყვარს ყველაფერი, რაც ბუნებასთან არის დაკავშირებული. ბუნებაში აქტიურადაც სიამოვნებით ვერთობი და უბრალოდ, სიმშივიდითაც შემიძლია, დავტკბე, მაგრამ სხვა მხრივ, მეძახიან ხოლმე, ბებერი ხარო (იცინის). ძალიან მიყვარს ხატვა და თავისუფალ დროს ამით ნამდვილად ვისვენებ. ჩემს ოთახში რომ შემოიხედოთ, ერთ მხარეს კლავიში დევს, მეორე მხარეს ნახატები, სამედიტაციო ხალიჩაა გაშლილი და მოკლედ, ისეთი სივრცე მაქვს მოწყობილი, სადაც შემიძლია, კარგად დავისვენო და გონება განვტვირთო.
– ეკრანიდან, ალბათ, ყველას ჰგონია, რომ აქტიური დასვენებაც გიყვარს, გლამურული წვეულებებიც და ასე შემდეგ.
– ამ დროს ასე საერთოდ არ არის. მირჩევნია, საინტერესო ლექციას დავესწრო და უფრო აკადემიურ წრეებში გავატარო დრო, ვიდრე გლამურულ წვეულებაზე ვიყო (იცინის).
– მამა არ ცხოვრობს საქართველოში, მასთან ხშირად ჩადიხარ დასასვენებლად?
– მამა ევროპაში ცხოვრობს და როცა ვახერხებ, ჩავდივარ. მყავს და-ძმა და მათთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს.
– როგორია უფროსი და თათა?
– ძალიან მიყვარს ბავშვები და ფსიქოლოგიაშიც სულ ვეცნობი ლიტერატურას ბავშვებთან მიდგომებისა და აღზრდის მეთოდების შესახებ. ჩემს სიყვარულს ეს ცოდნაც რომ ემატება, ჩვენს ურთიერთობაში აბსოლუტურად არ იგრძნობა ის, რომ მე „უფროსი და“ ვარ, პირიქით, ჩემი ძმა ოთხი წლისაა და მასაც ისეთივე პატივისცემით ვექცევი, როგორც თანატოლს.
– ცუდად ყოფნა და უბედურება ადამიანს უდიდეს ძალას აძლევს და უბიძგებს, რაღაც შეცვალოს – წერდი სოციალურ ქსელში. რა გამოცდილება გაქვს ამ თვალსაზრისით?
– მე ვმუშაობ საკუთარ ბავშვობის ტრავმებზე. საკმაოდ ბევრი ტრავმა მაქვს მიღებული, თუნდაც დაბადების მომენტში. როდესაც დავიბადე, ექიმებმა საჭიროდ ჩათვალეს, რომ სისუსტის გამო სამი დღით ინკუბატორში უნდა მოვეთავსებინეთ. ანუ, დაბადებიდან სამი დღე დედა არ მინახავს. ვისაც ფსიქოლოგია ესმის, იცის, რომ ეს ბავშვისთვის უდიდესი ტრავმაა. კიდევ იყო სხვა ტრავმები და ბევრი სტრესი, რომელიც მე ზედაპირზე ამოვიტანე, გადავამუშავე და ვფიქრობ, რომ ამან კი არ დამასუსტა, შემქმნა იმად, ვინც ვარ დღეს. მე ეს სტრესი და ტრავმები საკუთარ ძლიერებად გარდავქმენი. ნებისმიერი სტრესისგან, თუ მას თვითშეცოდების განცდას, მსხვერპლის როლსა და ტრაგიზმს გამოვაცლით, რჩება მხოლოდ გამოცდილება, რომელიც რაღაცას გასწავლის. შედეგად, ერთხელ თუ ორმოში ჩავარდები, ეს მეორედ აღარ დაგემართება ან თუ მაინც მეორედაც ჩავარდები, უკვე იცი, რომ ეს ტრაგედია არ არის, დრო გავა და მას თავს აუცილებლად დააღწევ. სულ ვამბობ, რომ სტრესი ძალიან დიდი რესურსია საკუთარი თავის უკეთ გასაცნობად და საკუთარი თავის განსავითარებლად.
– ფსიქოლოგიური მიდგომები ძალიან გეხმარება?
– კი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე შეცდომები არ დამიშვია. პირიქით, ცოტა დაუბალანსებელი მქონდა ემპათია – ზედმეტად მიმტევებელი და მიამიტი ვიყავი იმ ადამიანების მიმართ, ვინც, თურმე, როგორც შემდეგში აღმოჩნდა, ბოროტად იყენებდნენ ამ მეგობრობასა და ნდობას. ანუ, რაღაც კუთხით, თავდაცვის უუნარო ვიყავი. ცხოვრებაში გარკვეულმა უსამართლობებმა და გულისტკენებმა მასწავლა, რომ ყოველთვის არ შეიძლება იყო ასეთი გულწრფელი, გაღიმებული, განურჩევლად ყველას მიმართ კეთილი. მანამდე მეგონა, რომ როგორც მე ვიყავი ყველას მიმართ, ისე იყო ყველა ჩემ მიმართაც და ვერ წარმომედგინა, როგორ შეიძლებოდა, ძალიან ახლობელ ადამიანს ჩემთვის ცუდი გაეკეთებინა. თუმცა, ცხოვრებაა და ყველაფერი ხდება. ზუსტად რამდენიმე მეგობრის დაკარგვის შემდეგ მივხვდი, რომ ასეთი კეთილი ყველას მიმართ არ უნდა ვიყო.
– ზღვარი და ზომიერება ყველაფერში საჭიროა?
– მე ვფიქრობ, რომ ზომიერებაშიც კი ზომიერებაა საჭირო. სულ მოჭიმული რომ იყო, სულ რომ საკუთარი თავი აკონტროლო იმისთვის, რომ რამე გადაცდომა არ მოგივიდეს, ესეც დამატებითი სტრესია. ამიტომ ხანდახან, როცა ძალიან გინდა შენში ემოციამ ამოხეთქოს, მასაც უნდა მისცე გზა.
– დღეს რამდენად ძლიერი გოგოა თათა?
– საკმაოდ ძლიერი ვარ. არსებობს რამდენიმენაირი თათა. თათა ეკრანს მიღმა, რომელიც უფრო ინტროვერტი და აკადემიურია და თათა ეკრანზე, რომელიც არის ისეთი, როგორიც შეეფერება მომღერლისა და ცნობადი სახის როლს. ჩემში განვავითარე პერსონა, რომლის დანახვაც ადამიანებს უნდათ. თუმცა, მოვა დრო და ჩემი მეორე მხარეც აუცილებლად იტყვის თავის სათქმელს.