“მთელი ცხოვრება არ დავივიწყებ” – ამერიკაში ქართველ სტუდეტს უცნობმა ქართველმა ემიგრანტმა საოცარი სიურპრიზი მოუწყო (ფოტო)
აშშ-ში მცხოვრები ქართველი სტუდენტი, მაგდა იმერლიშვილი იმ საჩუქარზე წერს, რომელიც სააღდგომოდ მას ქართველმა ემიგრანტმა გაუკეთა.
“არ შეიძლება, რომ ეს არ გაგიზიაროთ. მოკლედ, ამერიკაში პატარა ქალაქში ვცხოვრობ, სოლტლეიკიდან ერთი საათის დაშორებითაა, სტუდენტი ვარ. რამდენიმე კვირის წინ, დედაჩემმა ყუთი გამომიგზავნა ქართული საჭმელებით და ვიდეო გადავიღე ტიკტოკზე ამ ყუთის გახსნის. ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა, აქედან ნახევარმა რაღაც არარსებულად მლანძღა, ემიგრანტებმაც და საქართველოში მყოფებმაც, რო თურმე გიჟივით ვიქცევი და უნახავი ვარ, ასეთი რეაქცია რახან მაქვს საჭმელზე. არადა, მიდი და აუხსენი, რო სახლი გენატრება, დედის გაკეთებული საჭმელი, ჩახუტება. ხოდა ამდენ არაადამიანს შორის გამოჩნდა ერთი ბრუკლინში მცხოვრები ქართველი ქალი, რომელმაც მომწერა და მითხრა, რო უნდოდა ჩემთვის ყუთი გამოეგზავნა ბრუკლინიდან, რადგან თქვენთან უფრო მეტი წვდომაა ქართულზე და ქართველებზე, ვიდრე ჩემთან. მართლა გამომიგზვნა და ამ წამს გავხსენი. ღამის 3 საათზე ასე რამე თუ გამახარებდა ვერ წარმოვიდგენდი. აქ თუ ხართ და ამას კითხულობთ, მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ, მეღირსა აღდგომას ამდენი წლის მერე პასკის ჭამა. თან გამოცდების გადამკიდე ისეთ პანიკებში ვარ, რომ კიდევ უფრო მეტად მენატრება სახლი და ოჯახი ამ ქაოსში. ვიღაცისთვის შეიძლება ბევრი არაფერი იყოს, მაგრამ თქვენ ისეთი რაღაც გამიკეთეთ, რო მთელი ცხოვრება არ დავივიწყებ. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს თვითონ დედაჩემმა გამიკეთა, იმიტომ, რომ ვერ წარმომედგინია ასეთი ყურადღება და სიყვარული სხვა ადამიანისგან. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა და იმედი მაქვს, თქვენი შვილიც ისეთი ბედნიერი იქნება მთელი ცხოვრება, როგორც მე გამახარეთ დღეს!”, – წერს ქართველი სტუდენტი.