“მე-9 სართულზე სახანძრო კიბით ავიდა და მოხუცი გადაარჩინა” – ლალი პარკაულის ცხედარი სახლამდე პატრულის ესკორტმა მიაცილა

216

ლალი პარკაულის ცხედარი ამერიკიდან ჩამოასვენეს. ერთ-ერთი პირველი პატრული ქალი საქართველოში სახლამდე პატრულის ესკორტმა მიაცილა. ლალი პარკაული ამერიკაში გულის უკმარისობით გარდაიცვალა. რამდენიმე თვეში სამშობლოში დაბრუნებას გეგმავდა, მაგრამ…

,,ყველაზე მეტად, მისი დედა და ლალი – მისი და ელოდებოდნენ, დედა, რომელსაც ერთი შვილი უკვე დაკარგული ჰყავდა. ამ დღეს ყველა ველოდით, მაგრამ არა ისე, როგორც ახლა ხდება. თბილისში და განსაკუთრებით ვაკეში, ერთ-ერთ პირველ პატრულ ქალს ყველა იცნობდა.

მინახავს, როგორც მკაცრი პოლიციელი, ასევე სხვების დამხმარე. ერთხელ  მოხუცის დასახმარებლად მრავალსართულიანი კორპუსის მე-8 თუ მე-9 სართულზე სახანძრო კიბით ავიდა და მოხუცი გადაარჩინა. ერთხელაც  ჭავჭავაძის გამზირზე ორი შეიარაღებული კაცი, რომლებმაც სავაჭრო ობიექტი დააყაჩაღეს, მიწაზე დაყარა და იარაღის ნაცვლად, რაცია მიუშვირა – დაწექით,  თორემ გესვრითო. თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ იყო, იარაღს არ იყენებდა.

ისიც გამახსენდა, ვარაზის ხევში როგორ მისდევდა მაღალქუსლიანებით დანით შეიარაღებულ კაცს, რომელმაც ჯიხური დაყაჩაღა. დაეწია, დააწვინა და დააკავა კიდეც – რას გარბოდი ამხელა კაცი, რას მარბენინებდიო… ავტომანქანასაც საოცრად მართავდა, შეუდარებელი იყო დევნის ოპერაციებში და წინა ხაზზე იდგა ლია.

პოლიციიდან წასვლამდე მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, საჩუქრად იარაღი გადასცა და მადლობის სიგელი. დამსახურებული მაიორი, პოლიციელობიდან დამსახურებულად და სიამაყით წავიდა…

პოლიციელობის მიღმა იყო საოცარი მეგობარი. გვეუბნებოდა, რომ მალე ჩამოვიდოდა…” – წერს ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი.

 

No description available.