“რა ჯანმრთელი და ყველაზე კარგი ხარ ჩემო ქვეყანა, როცა არ კითხულობ, ნაცია თუ ქოცი, გეი თუ არაგეი, უბრალოდ დგები და დახმარებას იწყებ”
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და 11 წლის მარიამის პოვნას ეხმაურება.
“რა ჯანმრთელი და ყველაზე კარგი ხარ ჩემო ქვეყანა, როცა არ კითხულობ, ნაცია თუ ქოცი, გეი თუ არაგეი, გვარსაც არ კითხულობ, ეთნიკურად რა წარმომავლობისაა. არც მშობლების სოციალურ მდგომარეობას იკვლევ, უბრალოდ დგები და დახმარებას იწყებ. ამ დროს ჩანს ხოლმე, რა ღირსეული ხარ სინამდვილეში, სადღაც შენი თავის შენთვისვე მივიწყებულ სიღრმეში და რა სამწუხაროა, რომ ისევ ივიწყებ საკუთარ თავს ჩვეულებრივ დღეებში. არადა, სამოთხეს შევქმნიდით, ეს რომ ყოველდღიური ჩვევა და რწმენა იყოს. არა მაინცდამაინც სიყვარული, არამედ პატივისცემა.
დაკარგული ბავშვი იპოვეს,“ – წერს ნათია ფანჯიკიძე.
შეგახსენებთ, მოზარდს ოჯახის წევრები 16 ივნისის საღამოს 7 საათიდან ეძებდნენ. გაუჩინარებამდე გოგონა დიდ დიღომში მდებარე “მწვანე სკოლასთან” ნახეს.
ის 17 ივნისს გვიან ღამით იპოვეს.
სამძებრო სამუშაოებში სამართალდამცველებთან ერთად მოსახლეობაც იყო ჩართული.