ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი, დონარა გვრიტიშვილი, ამერიკაში ერთ-ერთ პროექტში მონაწილეობის მისაღებად წავიდა. იქ დარჩენას არ აპირებდა, მაგრამ სრულიად გაუთვალისწინებელმა გარემოებამ მისი იქ დარჩენა განაპირობა.
დონარა გვრიტიშვილს მძიმე დაავადების დიაგნოზი ამერიკაში დაუსვეს. იქაურმა ექიმებმა კი ყველაფერი იღონეს, რომ დღეს ჯანმრთელად ყოფილიყო.
მსახიობი “სარკეს” თავის ამბავს უყვება:
– 2021 წლის სექტემბერი იყო, დოკუმენტური ფილმის პროექტზე სამუშაოდ რომ წავედით ჯერ ევროპაში და მერე ამერიკაში ჩავედით. გადაღებები გვქონდა ევროპის ბევრ საინტერესო ქვეყანაში და ამერიკა იყო სიურპრიზი. მე მქონდა ამერიკის ვიზა და შემეძლო, შემოვსულიყავი და გავსულიყავი.
მერე კი ისეთი რამ გადამხდა თავს, არც ვიცი, რა დავარქვა. ხშირად წაიკითხავთ სტატუსებს სოციალურ ქსელში, რომ ჩვენი ერი გადაგვარდა, აპოკალიფსია დაწყებული ქართულ სულისკვეთებაში და ა.შ. ამ დროს ვერ წარმოიდგენთ, რა თანადგომა და სიყვარული ვნახე აქ ქართველების მხრიდან. ამ საოცარმა თანადგომამ და ენერგიამ გადამარჩინა და სიცოცხლე მაჩუქა.
– რა გადაგხდათ თავს?
– ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა გაჩნდა და არასასიამოვნო დიაგნოზი დამისვეს. არ მინდა, დავკონკრეტდე, მაგრამ საკმაოდ სერიოზული სნეულება იყო და ოპერაციაც გავიკეთე. აქ დამეწყო სიმპტომების გამოვლენა. ყველა, ვინც მიცნობდა ან არ მიცნობდა და მხოლოდ ჩემი სახელი და გვარი გაეგონა, ისე დამიდგა გვერდით… მადლიერება რომ არ გამოვხატო, დანაშაული იქნება. ჩვენ ძალიან მაგარი ერი, ძალიან მაგარი ხალხი ვართ!
ქართულ სათვისტომოში არის ასეთი პიროვნება, ნიკოლოზ ჩხეიძე, რომელსაც ჰყავს ასეთივე საოცარი და არაამქვეყნიური არსება ცოლად – ეკა ანდრიაშვილი. მინდა, მთელმა ქვეყანამ იცოდეს, რომ ამერიკაში არიან ქართველი ადამიანები, რომლებიც ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ფუნქციას ასრულებენ ადამიანურ სხეულში. სიტყვა ,,მადლობა” ვერ დაიტევს იმ განცდას, რასაც მათ მიმართ ვგრძნობ და რაც მათ ჩემთვის გააკეთეს. ეს შეიძლება მხოლოდ ღვიძლ ძმას, მამას თუ სხვა ახლობელს გაუკეთო. არადა მე აქ გავიცანი.
ჩემი ქართველების გარდა, ამ ქვეყნის მადლიერი ვარ იმიტომ, რომ ახალჩამოსულს, ამერიკის მოქალაქეობის არმქონეს, მკურნალობის ისეთი კურსი ჩამიტარეს… ამ ქვეყანას გააჩნია ისეთი რესურსი და მენტალობა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, მისი მოქალაქე ხარ თუ ემიგრანტი. ისეთივე მიდგომა აქვთ ემიგრანტების მიმართ, როგორიც საკუთარი მოქალაქეებისადმი. რასაც თავისი ქვეყნის დაზღვეულ მოქალაქეებს გაუკეთებს, იმავეს უკეთებს ემიგრანტებსაც. გროში არ დამიხარჯავს მე, პირადად. ამერიკაში მართლა მაჩუქეს სიცოცხლე.
ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და არ მინდა, ვინმემ ისე გაიგოს, რომ საქართველოს ვაკნინებ. პირიქით, საოცარი ნოსტალგია მაქვს, მიყვარს ჩემი ქვეყანა და ხალხი მენატრებით, სცენა და როლები, ყველაფერი, მაგრამ ვმადლობ უფალს, რომ აქ მაჩუქეს სიცოცხლე.
– ქართული თეატრიც აქვთ იქ. შეიძლება თქვენც ითამაშოთ მის სცენაზე?
– მთავარია, კარგად ვიყო და, რა თქმა უნდა, აქაც ვიტყვი ჩემს სათქმელს.
– პირად ცხოვრებაში რამდენად გაგიმართლათ, როგორ თვლით?
– ქვრივობა იყო ჩემი ბედისწერა. წლებია, მეუღლე გარდამეცვალა. გამიმართლა იმ მხრივ, რომ ძალიან კარგი მეუღლე მყავდა. არაჩვეულებრივი შეყვარებული იყო და მის გვერდით ყოველთვის ბედნიერ ქალად ვგრძნობდი თავს. ლექსებს მიწერდა, მანებივრებდა…
სამი შვილი მყავს – ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი. ძალიან ხშირი კავშირი მაქვს სამივესთან. ძალიან კარგი შვილები მყავს. სამივე თბილისში ცხოვრობს და წარმატებულებიც არიან. უფროს გოგოს, ეკას, 4 შვილი ჰყავს, მეორეს, ხატიას – 2 და ბიჭს, გიორგის – ერთი.
მე და ჩემმა შვილებმა ძალიან რთული პერიოდი გადავიტანეთ ჩემი ავადმყოფობის გამო, მაგრამ, მადლობა უფალს, ყველაფერი უკან მოვიტოვეთ. ხომ შორს არიან, მაგრამ ერთი წუთითაც არ ვყოფილვარ მათგან შორს. ჩემი დაავადების შესახებ მხოლოდ ძალიან ახლობლებმა იციან და პირველად ვყვები საჯაროდ. შეგნებულად გადავდგი ეს ნაბიჯი. არ მინდოდა, გამოტირებული ვყოფილიყავი, რადგან ვიცოდი, ვიბრძოლებდი.
იყო სირთულეები, იყო შიშები, იყო ცრემლი… ზუსტად ამ დროს იწრთობი ადამიანი. რთულ სიტუაციაში უნდა მიხვდე, რომ შენ აქაც კი გაქვს არჩევანი და თუნდაც გახვიდე ამ სამყაროდან, ეს ისე უნდა გააკეთო, რომ… უკვდავები არ ვართ, მაგრამ ამას რომ პირისპირ შეეჯახები, სხვა რამ ხდება შენს ცნობიერებაში. ეს ისეთი ძვრებია, სიტყვები არ ეყოფა, ვერ გადმოსცემ, ისეთი პროცესია. თან, როცა შენი ქვეყნის გარეთ ხარ…
– ანუ ეს გამოცდაა ადამიანისთვის?
– ამ ფაქტმა სერიოზული ძვრები მოახდინა და სინანულიც და მიტევების განცდაც უფრო ტოტალური იყო. ეს არის უზარმაზარი, წარმოუდგენელი გამოცდა ცხოვრებისგან. მიუხედავად იმისა, რომ მეუღლე დამეღუპა, დედ-მამა არ მყავს, ძმა გარდამეცვალა… ყველა ხომ ჩვენ-ჩვენი ტკივილებით ვცხოვრობთ, მაგრამ ეს სულ სხვა რამაა, ეს არის სულში ვულკანი, აფეთქებული ვულკანი, რომელიც უნდა დააცხრო და ჰარმონიაში მოიყვანო, რომ ცხოვრებას დაუბრუნდე, თორემ დაგწვავს, გადაგყლაპავს, გშთანთქავს.