მარინა კახიანის ,,უცნობი მხარე” 👇
– ვინ არის მარინა კახიანი?
მარინა კახიანი: მარინა ბევრნაირია და ეს მიხარია. სხვანაირად მსახიობიც ვერ ვიქნებოდი. უფრო მეტად, მარინა არის პატარა გოგონა. დრო რომ გადის, ისეთი განცდა გაქვს, თითქოს სარკეში სხვა ადამიანს უყურებ, შენ კი თავი ისევ პატარა გოგო გგონია. ეს ცოტა რთულია, მაგრამ მე ჯერჯერობით ამ ბარიერს კარგად ვლახავ და მაინც მგონია, რომ მარინა არის პატარა გოგონა საოცრებათა ქვეყანაში, რომელიც სულ ელოდება რაღაც ჯადოსნურს და ჰგონია, რომ ყველაფერი წინ არის. ვაღიარებ, რომ ძალიან საინტერესო ცხოვრება მქონდა. ბევრი იყო სასიამოვნო, ტკივილიც ბევრი იყო. საერთოდ, ადამიანები უფრო ბედნიერები არიან, თუ ცხოვრებას ცოტა ზღაპრულად, ვარდისფერი სათვალით უყურებენ. რა საჭიროა მიწაზე დანარცხება? თუმცა, რეალობასაც არ უნდა მოსწყდე.
– გიკეთებიათ საქმე, რომელიც გძულდათ?
– სახლში მტვრის გადაწმენდა მძულს (იცინის). ვცდილობ, ამ საქმეში ვიღაც დამეხმაროს, მაგრამ ყოველთვის არ გამოდის. დაუთოებაც არ მიყვარს (იცინის). მხოლოდ ეს ორი რამ, დანარჩენი – კი ბატონო. ვგიჟდები კერძების მომზადებაზე, ახლის მოფიქრებაზე. ძალიან საინტერესო პროცესია ხელოვანი ადამიანისთვის. კიდევ, არ მიყვარს ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა. მსახიობისთვის საოცრებაა, მაგრამ ასეა. თუ პროფესიას ეხება საქმე, მირჩევნია, ბევრ ხალხთან ერთად მე ამაღლებულ ადგილას ვიდგე, დანარჩენები კი ქვემოთ. ცუდად არ გამიგოთ. მე ბავშვობიდან შეყვარებული ვარ ამაღლებულ და ჯადოსნურ სივრცეზე, რომელსაც სცენა ჰქვია. აქ ძალიან კარგად ვგრძნობ თავს ბევრ ხალხთან ერთად. ისე, როგორც გითხარით, არ მიყვარს ხალხმრავლობა. საბედნიეროდ, ადამიანებთან ურთიერთობა არ მიჭირს და ძალიან მაბედნიერებს, მაგრამ ხალხმრავლობაში ძალიან ვიღლები. შედარებით ნაკლები ადამიანის გარემოცვაში უკეთ ვგრძნობ თავს.
– ბოლოს როდის იტირეთ და რატომ?
– იყო დრო, როცა საერთოდ არ ვტიროდი. საკუთარ თავს ავუკრძალე. უცნაური ხასიათი მქონდა. ალბათ, ეს ჩემი გენეტიკის ბრალიცაა. სვანური ფესვები, ცოტა თურქულიც, თქვენ წარმოიდგინეთ, მაგრამ კარგია, რომ ყველაზე მეტად მეგრული მაქვს, კოლხური – მოქნილი, ლავირების უნარის მქონე და ეს ბევრ რამეში მშველის.. ცხოვრების პირველი ნაწილი უფრო სვანი ვიყავი, მეორე ნაწილში მეგრული შემომეპარა და ძალიან მსიამოვნებს. ეს უფრო ადრე რომ მომხდარიყო, შეიძლება, უფრო მეტისთვისაც მიმეღწია (იცინის). სვანებს შეურაცხყოფას არ ვაყენებ, პირიქით, ძალიან ვამაყობ ჩემი ფესვებით.
ცრემლებს რაც შეეხება, სამწუხაროდ, ძალიან ბევრჯერ მქონდა ტირილის მიზეზი. დიდმა ფრანგმა დრამატურგმა, მოლიერმა თქვა, რომ ადამიანები ერთხელ ვკვდებით, მაგრამ დიდი ხნით. არ შევეკამათები, მაგრამ მე ვიტყვი, რომ ადამიანები ბევრჯერ ვკვდებით. ვკვდებით, როდესაც ჩვენი ახლობლები მიდიან და გვგონია, რომ ყველაფერი დამთავრდა, ცხოვრებას ვეღარ გავაგრძელებთ. ჩემს თაობას სულ გვეუბნებოდნენ, თქვენ ომი არ გინახავთ, თქვენ გადასარევად ცხოვრობთ, რა გიჭირთო, მაგრამ იმდენი ომი გამოვიარეთ და იმდენი ტკივილი ვნახეთ, თან მოყოლით არა, საკუთარი თვალით, რომ ძალიან მძიმეა. მე რუსთაველის პირველში ვცხოვრობ, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველთვის მოვლენების ეპიცენტრში ვიყავი. ბევრჯერ მეტკინა. ხანდახან შეიძლება, ძალიან მტკივნეულზე არ ვიტირო, მაგრამ ცრემლები ვერ შევიკავო წიგნის კითხვის ან არც ისე შედევრი ფილმის ყურებისას. საერთოდ, ბოლო დროს ყველაზე მეტად გულს სიკეთის დანახვა მიჩუყებს. სიკეთის, რომელიც საპასუხოდ არაფერს მოელის.
– თქვენი ყველაზე ცუდი საქციელი, რასაც ნანობთ?
– ადამიანები ვართ და ამის გარეშე გამორიცხულია. თუმცა რამე განსაკუთრებულს ვერ ვიხსენებ. ხანდახან ადამიანები ცუდს არაფერს ჩავდივართ, მაგრამ ჩვენი არსებობით უკვე ვიღაცას ვაზიანებთ. შესაძლოა, ვერც ვხვდებოდეთ ამას, თუმცა შეიძლება, ვხვდებოდეთ კიდეც პოსტ ფაქტუმ. იმდენად რელიგიური არ ვარ, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი დავთმო, მაგრამ ადამიანი ხანდახან თმობ კიდეც, როდესაც ხვდები, რომ შენი არსებობით უკვე ვიღაცისთვის ცუდს სჩადიხარ.
– გიფიქრიათ მსოფლიო მასშტაბის ცნობადობაზე?
– ალბათ, ამაზე მეტ-ნაკლებად ყველა მსახიობი ფიქრობს. თუმცა, ჩემი პროფესიის ადამიანები დიდად ვერ ვცვლით სამყაროს. ხანდახან შეიძლება, ვახერხებთ კონკრეტული ადამიანებისთვის რაღაცის შეცვლას და ეს უკვე დიდი ბედნიერებაა. სტუდენტი რომ ვიყავი, მაშინ თეატრალურ ინსტიტუტში ამბობდნენ ხოლმე, როდესაც ადამიანი აბარებს, ჰგონია, რომ გენერალი გახდება, რომ ამთავრებს ოფიცრობაზე ფიქრობს და შემდეგ ყველანი ჯარისკაცები ვხვდებითო და ასეა, როცა თეატრში მოვდივართ. თუმცა, ეს არ არის მიწაზე დანარცხება, უფრო რეალობაა და მე ძალიან მიხარია, რომ დღემდე თეატრის ჯარისკაცი ვარ. სტუდენტობისას სადღეგრძელოში ვამბობდი ხოლმე, როდესაც სცენაზე ვიდგები, დარბაზში თუნდაც ერთი ადამიანი თუ იქნება ბოლომდე ჩემთან, იტირებს და იცინებს ჩემთან ერთად, ესე იგი, მე მივაღწიე ჩემს მიზანს-მეთქი. ხანდახან უკმაყოფილოები ვართ, რომ ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც გვინდოდა, მაგრამ არ შემიძლია, მთლიანად უკმაყოფილო ვიყო, რადგან ვიცი, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ და არაერთი.
– უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენიათ…
– მაშინ საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ არ იყო დაშლილი… „მეფე ლირი“ გვაქვს ახალი დადგმული. ამ სპექტაკლში საქართველოს საუკეთესო არტისტები თამაშობდნენ და მოსკოვში „მეგობრობის თეატრის“ გახსნაზე მიგვიწვიეს, ამ სპექტაკლით უნდა გაგვეხსნა. მთელი საბჭოთა კავშირის საუკეთესო მსახიობები იქ იყვნენ. მიღება კრემლის სასახლეში გაიმართა და ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზე იყო. საქართველოდან სულ სამი ქალბატონი ვიყავით წასული და რა თქმა უნდა, ვეცადეთ, ძალიან ლამაზები და გამორჩეულები ვყოფილიყავით. არგენტინიდან მქონდა ჩამოტანილი ულამაზესი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები და პირველად იქ ჩავიცვი. მიღებაზე ფანტასტიკური სუფრა დაგვხდა, მაგრამ ფეხზე უნდა ვმდგარიყავით. შავი თუ წითელი ხიზილალა, საუკეთესო თევზი და საოცრებები, მოკლედ, რა გინდა, სულო და გულო, იქ რომ არ ყოფილიყო, თუმცა ფეხზე დგომა, თან, ჩემი ახალი ულამაზესი, მაგრამ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელით, რომელიც ცოტა მიჭერდა კიდეც, უკვე შემაწუხებელი იყო. რაღაც მომენტში, მივხვდი, რომ ვეღარ დავდივარ, არადა ვხვდები, კიდევ ორი საათი მაინც მომიწევს ფეხზე დგომა. ვუყურებ ამ ხიზილალას და თევზეულს, რომლის დიდი მოყვარული ვარ, მაგრამ ჭამის თავიც არ მაქვს. რაღაც „მოვწიწკნე“, მაგრამ თავს ვეღარ ვიკავებ, ისე ცუდად ვარ, გული მიმდის. გრძელი სუფრის ბოლოსკენ მივდივარ გაურკვეველი იმედით, მაგრამ უცებ სუფრაზე ვხედავ შოკმანჟეს… ვერ აღგიწერთ შოკმანჟეზე რა მემართება, საოცრად მიყვარს (იცინის). ვუყურებ და გული მიმდის, თან, ისე საოცრად გამოიყურება, როგორ შეიძლება არ შევჭამო?! დავტაცე ხელი და ვწრიალებ, რა ვქნა, სად წავიდე, დასაჯდომი არსადაა და როგორ შევჭამო ეს ჩემი შოკმანჟე. უცებ მარმარილოს კიბეები და ხსნა დავინახე (იცინის). გავიქეცი, რამდენიმე კიბეზე ავირბინე, დავჯექი, ფეხზე გავიხადე და ჭამა დავიწყე (იცინის). ნახევარი ბროლის ჯამი რომ დავაცარიელე, მერე დავაფიქსირე, სად ვიყავი და რა მდგომარეობაში. ფეხშიშველა ვზივარ კიბეზე, შოკმანჟეთი ხელში, გამწარებული ვჭამ, ფეხსაცმელები გვერდით მიყრია და წინ მთელი საბჭოთა კავშირის ელიტაა გადაშლილი. გორბაჩოვიდან დაწყებული, მთელი პოლიტიკური თუ თეატრალური ელიტა იქაა. ძალიან შემრცხვა და თან სიცილი ამიტყდა. ვფიქრობდი, რა უნდა მიქნან, დამიჭერენ? რაც არ უნდა მომხდარიყო, შოკმანჟეზე უარს ვერ ვიტყოდი, ამიტომ ჩემი უხერხულობა გვერდზე გადავდე და ბოლომდე გემრიელად მივირთვი. მერე ავდექი, ჩემი ფეხსაცმელი ჩავიცვი და ბედნიერი დავუბრუნდი მაღალ საზოგადოებას (იცინის).
– მოგიპარავთ რამე?
– კი, ერთხელ. ცუდი საქმე გავაკეთე დიდი ხნის წინ. პირველად ვიყავი კაპიტალისტურ ქვეყანაში, მაშინდელ დასავლეთ ბერლინში. მაღაზიაში შევედი მეგობართან ერთად და თვალის თეთრი ფანქარი მოვიპარე. დიდი კუპიურა მქონდა და დამენანა ამ ფანქრისთვის დახურდავება (იცინის).
– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი?
– ვყოფილვარ არაერთხელ. ხანდახან არ მომწონებია ჩემი თავი ამ მდგომარეობაში, ხანდახან კმაყოფილიც ვყოფილვარ. არ მიყვარს ზედმეტად ამბიციური ადამიანები, დიდი წარმოდგენებით საკუთარ თავზე და მინდება ხოლმე, საკუთარი ადგილი მივუჩინო. ასეთ დროს შეიძლება, სასტიკი გავხდე. შეიძლება, კარგი სიტყვები ვუთხრა, მაგრამ ისეთი სახით და ღიმილით, რომ ახლობლებს უთქვამს, ეს უფრო საშიშიაო. ხანდახან ვერ მომითოკავს თავი და წყობიდანაც გამოვსულვარ. აი, ამ დროს არ მომწონს ჩემი თავი, ეს მიშლის ყველაზე მეტად ნერვებს, მაგრამ რას ვიზამთ, სამწუხაროდ, ადამიანები ყოველთვის ვერ ვაკონტროლებთ საკუთარ თავს.
– როგორ ისურვებდით სიცოცხლის დასრულებას?
– სცენაზე, ოღონდ ძალიან ბევრი წლის შემდეგ. ამას ვამბობდი წლების წინაც, მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. არის ასეთი ფრანგული პიესა „მამურე“, სადაც 105 წლის ქალბატონია მთავარ როლში. ვამბობდი, მინდა, ეს როლი ვითამაშო და ამ დროს გარდავიცვალო, 100 წელს გადაცილებული-მეთქი. თუმცა, ისე მოხდა, რომ 16 წლის წინ ბათუმის თეატრში მიმიწვიეს და „მამურე“ ვითამაშე. მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი (იცინის). ახლა არ ვიცი, რა როლში ყოფნის დროს მინდა, ეს მოხდეს, მაგრამ ვიცი, რომ მინდა გარდავიცვალო სცენაზე. მინდა, რომ ჩემი შვილი და შვილიშვილები ამ სპექტაკლს ესწრებოდნენ. მათთვის ეს შოკი იქნება, მაგრამ 100 წელს გადაცილებული თუ ვიქნები, რას ვიზამთ… მინდა, იქ მოვკვდე, სადაც ყველაზე მეტად მომწონდა ყოფნა და მინდა, ბოლო წამამდე საჭირო ვიყო.
– ყველაზე დიდი შიში როდის განიცადეთ?
– ბევრჯერ მომხდარა ასეთი რამ. ადამიანები ბევრჯერ კვდებიან, ეს უკვე ვთქვი. თუმცა, ყველაზე მეტად შეუცნობლის გვეშინია ადამიანებს. ფიზიკურადაც რამდენჯერმე გადავრჩი. ერთხელ მამამ გადამარჩინა, მეორედ მაჩუქა სიცოცხლე. 15 წლის ვიყავი, ზღვაში შევედით და ძალიან დიდმა ტალღამ ჩამითრია. ბევრი ვიბრძოლე, რომ ამოვსულიყავი და მერე ფარ-ხმალი დავყარე. ვიფიქრე, ეტყობა დღეს მთავრდება-მეთქი და გავჩერდი. გავჩერდი, იმიტომ რომ ძალა აღარ მქონდა. უკვე ფსკერისკენ მივდიოდი, როცა მამამ თმაში ხელი ჩამავლო და ამომიყვანა. ძალიან კარგად მახსოვს იმდროინდელი განცდები, თუმცა, ეს არ იყო შიში. შიში უფრო სასაყვარელი ადამიანების სიცოცხლის მიმართ გაქვს.