“ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ხანდახან პურის ფულიც არ აქვს, ზარმაცია”

392

მსახიობ ზვიად დოლიძეს რამდენიმე ამპლუით ვიცნობთ. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტიურია, როგორც მხატვრული კითხვის ოსტატი, გახმოვანების დამსახურებით, ალბათ, მის ხმასაც ყველა კარგად ვარჩევთ და ცოტა ხნის წინ, ბედი პოლიტიკაშიც მოსინჯა, თუმცა, თავად თავს პოლიტიკოსად სულაც არ მიიჩნევდა.

ზვიად დოლიძე: თბილი და ტკბილი ბავშვობა მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში რთული პერიოდი გვედგა, ყველაფერი ძალიან ლამაზად მახსენდება. დღეს ისე ვეღარ ვიცლით ერთმანეთისთვის, როგორც მაშინ, 90-იან წლებში, რაც ძალიან სამწუხაროა. მაშინ ყველაფერს ერთად ვაკეთებდით და ეს გვაერთიანებდა. თქვენ წარმოიდგინეთ, უშუქობის დროს, სამი-ოთხი ოჯახი ერთად ვამზადებდით საჭმელს სადარბაზოში და იქ სიყვარულის დიდი ატმოსფერო იკვრებოდა.

დაახლოებით, მე-6 კლასიდან დავიწყე პროფესიაზე ფიქრი. თეატრი და კინო იქცა ჩემი ინტერესის ობიექტად. ამის კონკრეტული მიზეზი არ მახსოვს, თითქოს თავისთავად მოვიდა მსახიობობაზე ოცნება. ძალიან მიყვარდა ქართული კინო. მე და ჩემმა დამ, ფაქტობრივად, ზეპირად ვიცოდით ფილმების ტექსტები.

– თეატრალური ბავშვი იყავით?

– კი, სადარბაზოში ვმართავდით სპექტაკლებს. ერთი მეზობელი გვყავდა, გიჟდებოდა ჩვენს დადგმებზე. შეიძლებოდა, თეატრში არ წასულიყო, მაგრამ ჩვენს სპექტაკლს არ გამოტოვებდა. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან გამორჩეული ვიყავი, მაგრამ ალბათ, რაღაც იყო ჩემში. მახსოვს სკოლაში სასწავლო ნაწილის იმიტაციას ერთი ერთში ვაკეთებდი და ამან ძალიან გამიადვილა სწავლა (იცინის). ჩვენი სასწავლო ნაწილი ძალიან პოზიტიურად იღებდა ამას, თვითონაც მთხოვდა ხოლმე, მისი იმიტაცია გამეკეთებინა, სიამოვნებდა და მეც არ ვზარდებოდი.

– პროფესია, რომელიც აირჩიეთ, არ იყო მაინცდამაინც შემოსავლიანი. ოჯახმა როგორ მიიღო თქვენი გადაწყვეტილება?

– ჩემი სურვილი იმდენად დიდი იყო, მატერიალურ მხარეზე არც ვფიქრობდით, არც მე და არც ჩემი ოჯახი. ახლა ვიღაც ფიქრობს ამერიკაში წასვლაზე იმისთვის, რომ ის ოცნებების ახდენის ქვეყანაა და შეუძლია, იქ მილიარდერიც კი გახდეს. მე არ მქონია მსგავსი ოცნება. არც ჩემ ირგვლივ გაზრდილ თაობას. ჩვენი მიზანი ბევრი ფული არ ყოფილა. გაცნობიერებული მქონდა, რომ მე ამით მილიონერი ვერ გავხდებოდი. უფრო მეტიც, გამიჭირდებოდა კიდეც.

როცა ადამიანი საყვარელ საქმეს აკეთებს და გვერდით ჰყავს საყვარელი ადამიანი, ვინც მისთვის ყველაფერია, ეს დიდი ბედნიერებაა. მარტო საქმეს არ მოაქვს ბედნიერება. ეს საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. მე იმდენად ბედნიერი ვიყავი და ვარ ერთითაც და მეორითაც, რომ მიუხედავად იმისა, ვიცოდი ეს საქმე ფულს არ მომიტანდა, ამაზე არ მიდარდია და არც ვდარდობ.

– როგორც ჩანს, ძალიან რთულ მდგომარეობაშიც არ აღმოჩენილხართ. ბევრი მსახიობისგან გვსმენია, რომ დაბალი ანაზღაურების გამო ლუკმაპურის ფულიც კი პრობლემაა.

– მოდი პირდაპირ ვიტყვი, ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ხანდახან პურის ფულიც არ აქვს, ეს ნიშნავს, რომ ის ზარმაცია. ძალიან დიდ დანაშაულად მიმაჩნია, კაცს რომ რაიონში დიდი მიწები აქვს, მისი დამუშავება ეზარება და თბილისში ქარხანაში 800-1 000 ლარზე სამუშაოდ მოდის. მაშინაც ასე იყო და დღესაც ასეა, ადამიანი თუ ხელს გაანძრევს, ღმერთი აუცილებლად აჩვენებს უკეთეს გზას. მე 13 წელი არ ვმდგარვარ სცენაზე. ამ პერიოდში მთლიანად გახმოვანებაზე გადავერთე. მეუღლე უკვე მყავდა, მამა გარდამეცვალა, დიდი ოჯახის წინაშე დამეკისრა პასუხისმგებლობა და როდესაც რუსთავის თეატრიდან გოგი ქავთარაძესთან ერთად წამოვედი და უმუშევარი დავრჩი, ორი კვირის განმავლობაში მთელი თბილისი ფეხით მოვიარე. თუ კი რამე სამსახური არსებობდა ჩემს პროფესიასთან ახლოს, ყველას მივაკითხე. დილით გავდიოდი და ჯიბეში მხოლოდ წასასვლელი და უკან დასაბრუნებელი გზის ფული მქონდა. ამიტომ ბევრგან ფეხით მიწევდა მისვლა. ორთაჭალიდან ვაკეშიც ავსულვარ ფეხით. ორი კვირის თავზე დავიწყე გახმოვანებაზე მუშაობა. ეს სულაც არ ყოფილა მარტივი. იქ ისეთი პროფესიონალები დამხვდნენ, მე მრცხვენოდა ჩემი შეცდომების. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი ვიყავი და ეს საქმე მესმოდა, მიკროფონმა იმდენი ლაფსუსი გამომიჩინა, მივხვდი, რომ ძალიან ბევრი უნდა მემუშავა. ექვსი თვე ძალიან ბევრს ვშრომობდი, ზამთარ-ზაფხულ წურწურით გამდიოდა ოფლი, ერთი სული მქონდა ჯიხურიდან გამოვსულიყავი და ამომესუნთქა. შემდეგ მივხვდი, რომ მე უკვე შემეძლო ამ საქმის კარგად კეთება.

ბასა ფოცხიშვილის ინტერვიუ მაქვს წაკითხული 90-იანების შესახებ. ამბობს, რამდენადაც ნიჭიერი ვიყავი, ისე ვცხოვრობდი. მე თუ მიჭირდა, თუ ფული არ მქონდა, ესე იგი, უნიჭო ვიყავი. ამიტომ დავანებე იმ საქმეს თავი და სხვა გზა მოვძებნეო. ვიცით, რომ კლიპმეიკერი გახდა და თან ისეთი წარმატებული, რომ მაშინ თუ ბასა გადაგიღებდა, ეს ძალიან დიდი წარმატების მომტანი იყო. მე მისი სიტყვები გონებაში ჩამრჩა. მეც განვიცადე სახეცვლილება, თან, არაერთხელ. მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი საქმე ჩემთვის მხატვრული კითხვაა. ეს პოეზიისადმი სიყვარულმა დამაწყებინა. დიდი კორიფეები მასწავლიდნენ და ვცდილობდი, მათგან ისეთი რამ ამეღო, რაც შემეძლო, ჩემად მექცია. ცოდნა ყველაზე დიდი კაპიტალია. ცოდნამ გამაბედვინა, პოეზია წამეკითხა. გალაკტიონი სულ რამდენჯერმე მაქვს წაკითხული, ახლა უკვე „ვეფხისტყაოსნის“ წაკითხვაზე დავფიქრდი. ეს დიდი თავხედობაა, მაგრამ კარგი ამბიციააცაა. თუ გამომივა, გამომივა, ჯვარზე ხომ არ გამაკრავენ, ცუდს ხომ არაფერს ვაკეთებ?!

ვიღაც მეუბნება, თქვენ პოპულარული ადამიანი ხართო. მე ასე არ მიმაჩნია. პოპულარული ადამიანები არიან პოპულარული ადამიანი დიდბუნოვანი უნდა იყოს, ცხოვრების მრწამსი უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული, თორემ კაცმა ტაძარი დაწვა იმისთვის, რომ ისტორიაში შესულიყო და ისიც პოპულარულია და კახი კავსაძეც?!

– მაშინ რა დავარქვათ იმას, რაც თქვენ გაქვთ?

– მცნობენ. მცნობენ, რადგან ხანდახან ტელეეთერებში მხედავენ, ფილმსა თუ სერიალში მხედავენ. ეს არის და ეს. სერიალი „ტიფლისი“ არის ყველაზე გამორჩეული პროექტი, რამაც ყველაზე დიდხანს შემინარჩუნა ცნობადობა. გარკვეული პროექტები მანამდეც იყო. ვხუმრობ ხოლმე, რეჟისორებს როლი რომ მორჩებათ, მე მათამაშებენ-მეთქი და მანამდეც მორჩათ რაღაც-რაღაცები (იცინის).

– პოლიტიკაში როგორ აღმოჩნდით და რა როლი შეასრულა ამან თქვენს ცხოვრებაში?

– ჩემთვის ქალაქის მმართველობაში მონაწილეობის მიღება პოლიტიკა არასდროს ყოფილა. ჩემს ოჯახში რა თანხაც შემოდის, იმას რომ მიზანმიმართულად ვანაწილებ, პოლიტიკოსი ხომ არ ვარ?! იგივე თემა იყო ჩემთვის ქალაქის საკრებულოში მუშაობა. მე არ ვიყავი რომელიმე პარტიის პოლიტიკური კურსის გამტარებელი. ხალხთან ურთიერთობა კი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და მე არასდროს ვკითხულობ მათ პოლიტიკურ გემოვნებას. ყველა ფიქრობს, რომ მე პოლიტიკური თანამდებობა მეჭირა, მაგრამ ჩემთვის ეს პოლიტიკა არ ყოფილა. მერე, როდესაც იმ ხალხმა ვისთან ერთადაც „პოლიტიკაში მოვედი“, შეცვლა დაიწყეს, ანუ ისეთები აღარ იყვნენ, როგორც დასაწყისში და რაღაც თემებს გადაუხვიეს, მე გადავწყვიტე, გვერდზე გავწეულიყავი. კიდევ ერთი მომენტია მნიშვნელოვანი – მე ქალაქ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ვიყავი ჩემს უბანში და 16 ათასამდე ადამიანი მებარა. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ძალიან ძნელი და შრომატევადი იყო. ბევრი უმადურობაც შემხვედრია, ამას გული გაუტეხია. ბევრი მადლიერებაც იყო, რაც მაძლებინებდა, მაგრამ იმდენად რთული და დამღლელი იყო ეს ყველაფერი, რომ მე „ოცნებიდან“ გამოვედი.

შემდეგ გახარიას პარტიიდან მივიღე შემოთავაზება. მე 16 ათას ადამიანზე აღებულ პასუხისმგებლობაში ვხედავდი სირთულეს და ამ დროს, ადამიანი, რომელმაც ორი წლის განმავლობაში საქართველოს პანდემია ისე გამოატარა, რომ ჩვენზე გაცილებით დიდი ქვეყნები გვასახელებდნენ მაგალითად, თავისთან მეძახდა. ამ ადამიანის გუნდი მეუბნებოდა, მოდი და ჩვენ გვერდით იყავიო. დავთანხმდი და არჩევნებზე გახარიას გუნდის სიაში ვიყავი, მაგრამ დღეს არც საკრებულოს წევრი ვარ და არც სახელმწიფო სამსახურში ვარ დასაქმებული. ანუ, ერთიდან მეორე პარტიაში შურისძიების მიზნით ან თანამდებობისთვის არ გადავსულვარ. გახარიას პარტიაში მე არაფერი მომითხოვია, ამიტომაც ვამბობ, რომ მე არ ვარ პოლიტიკოსი. უბრალოდ, მე მათ მიმართ გულწრფელი თანადგომა გამოვხატე.

– სამი შვილის მამა ხართ. ვინ არის თქვენი მეორე ნახევარი?

– ჩემი მეორე ნახევარი ხათუნა ოქროპირიძე გახლავთ, მხატვარი და პირველად ვამბობ ხმამაღლა, ძალიან კარგი მხატვარი. ამას უკვე სხვებიც ხშირად ამბობენ და არ მინდა, მე მკაცრი ქმარი გამოვიდე (იცინის). იმედი მაქვს, რომ საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც გაითქვამს სახელს, მას ამის ნიჭი ნამდვილად აქვს. სამი არაჩვეულებრივი გოგონა გვყავს: 14, 12 და 11 წლისები. სკოლის მოსწავლეები არიან და ნერვების მოშლისა და მამის სიყვარულის მეტს არაფერს აკეთებენ. ნერვებსაც სიყვარულით მიშლიან (იცინის). სახლში ვცხოვრობთ დედა, მე, მეუღლე, ჩვენი სამი ანგელოზი და ორწლინახევრის გერმანული ნაგაზი. ასე რომ, ოჯახში მთლიანად ქალთა გარემოცვაში ვარ.