პრაღაში რუსი სოპრანოს, ანა ნეტრებკოს კონცერტი გააუქმეს – მან დაგმო უკრაინის ომი, მაგრამ პუტინს არ გაემიჯნა

190

ორგანიზატორებმა გააუქმეს რუსი საოპერო მომღერლის, ანა ნეტრებკოს დაგეგმილი კონცერტი, რომელიც ოქტომბერში, პრაღის მუნიციპალურ სახლში უნდა გამართულიყო.

უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში შეყვანილი არტისტის სპექტაკლის წინააღმდეგ პრაღის მმართველი კოალიციის წარმომადგენლები გამოვიდნენ.

კონცერტის ორგანიზატორი სააგენტოს ხელმძღვანელის, ალენა კუნერტოვას თქმით, ეს გადაწყვეტილება მხარეებმა ერთობლივად მიიღეს და ანა ნეტრებკო პრაღის მუნიციპალური სახლისგან კომპენსაციას არ მოითხოვს.

შეთანხმებას მიესალმა პრაღის მერის მოადგილე კულტურის საკითხებში, ირჟი პოსპიშილი, რომელიც პირველი იყო, ვინც რუსი მომღერლის კონცერტის წინააღმდეგ გამოვიდა.

ანა ნეტრებკო წლებია, ავსტრიაში ცხოვრობს, მაგრამ წარსულში ის პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში ეხმარებოდა, გადაღებული აქვს ფოტოები უკრაინაში მებრძოლ რუს ბოევიკებთან, სეპარატისტთა ლიდერს, ოლეგ ცარევს კი მილიონი რუბლი ჩაურიცხა.

უკრაინაზე რუსეთის სამხედრო თავდასხმის დაწყების შემდეგ, ნეტრებკოს კონცერტებს დასავლეთში ბოიკოტი გამოუცხადეს. მოგვიანებით, მან დაგმო უკრაინის ომი, მაგრამ პუტინს არ გაემიჯნა.

სააგენტო Nachtigall Artists-ის ხელმძღვანელი, ალენა კუნერტოვა, რომელიც ორგანიზებას უკეთებდა პრაღაში ნეტრებკოს გამოსვლას, ამბობს, რომ არ ესმის, რას ემსახურება ღონისძიების გაუქმება, რადგან „რუსმა სოპრანომ დაგმო ომი“.