„4 წლის ოქროსთმიანი ლამაზი ლუსიც ვნახე, დედიკოს დაბრუნებას და ჩახუტებას ამაოდ რომ ელის“

157

პარლამენტის წევრი მარიამ ლაშხი, რომელიც რაჭაში, სტიქიის ზონაში იმყოფება, ტრაგედიის ადგილიდან ემოციურ პოსტს ავრცელებს.

„რაჭა, ჩემო სიყვარულო, ჩემი დიდი ტკივილი ხარ შენ დღეს.  ფეხს ვითრევდი, ატირებული რაჭის ნახვას ვერ შევძლებ-თქო.

გულმა არ გამიძლო. ამას მაინც არ ველოდი-  სიკვდილის საშინელი სუნი, ახლად ნაპოვნი გვამები, დათრგუნული, გაპარტახებული გარემო, გაცამტვერებული რაჭის მშვენება-შოვი…

4 წლის ოქროსთმიანი ლამაზი ლუსიც ვნახე. დედიკოს დაბრუნებას და ჩახუტებას ამაოდ რომ ელის. არ ვიცი რა ვთქვა. სულის შემძვრელია ეს ყველაფერი.

ამბობენ, ტკივილი აკეთილშობილებსო. ღმერთმა ქნას! იქნებ, ამ თავსდატეხილმა საერთო უბედურებამ გაგვხადოს უფრო კეთილშობილები, მიმტევებლები, შემართებულები, რომ ყველამ ერთად სიყვარულით უფრო მეტი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისათვის“, – წერს მარიამ ლაშხი სოციალურ ქსელში.