“თუ საჭიროა შეიძლება ვინმეს ვუკბინო კიდეც”

275

ზურაბ შარიას „უცნობი მხარე“ 👇

– ვინ არის ზურაბ შარია?

ზურაბ შარია: პირველ რიგში, მინდა, რაჭის ტრაგედიის დროს გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს და მთელ საქართველოს მივუსამძიმრო მომხდარის გამო.

რაც შეეხება კითხვას, ზურაბ შარია არის ქართველი.

– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?

– ვიჯდე გემზე და ვიცურო ძალიან ბევრი. სამწუხაროდ, გლობალური დათბობის გამო წინ რთული პროცესები გველოდება და ამიტომ კარგად უნდა გავიხედოთ წყლისკენ.

– გიკეთებიათ საქმე, რომელიც გძულდათ?

– პროფესიიდან გამომდინარე, შეიძლება, უარყოფითი პერსონაჟი ითამაშო, მაგრამ ეს არ ითვლება საძულველ საქმედ. შესაძლოა, რაღაცები არ გსიამოვნებდეს, მაგრამ საჭირო იყოს და აკეთებდე, ასე ხდება, მაგრამ შენთვის მიუღებელი საქმის კეთება ანაზღაურების მისაღებად არასწორი მგონია და ასეთი რამ არასდროს გამიკეთებია. რაღაცის გამო შეიძლება, მაგრამ გამორჩენის მიზნით ან ფულის გამო ძალიან არასწორია და მე ვფიქრობ, რომ აქედან სამშობლოს ღალატამდე ერთი ნაბიჯია.

– რამდენად გულჩვილი ადამიანი ხართ?

– გულჩვილობას გონება ერევა, მაგრამ მთავარია, ადამიანმა ისწავლო სხვისი გაჭირვების გაგება, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, სხვისი სიხარულით გულწრფელად გახარება.

– რას გააკეთებდით, ახლა რომ ლატარიაში მილიონები მოიგოთ?

– ჯერ ვალებს გავისტუმრებდი. შემდეგ, შეძლებისდაგვარად დავეხმარებოდი გაჭირვებულებს. აუცილებლად შევწირავდი ეკლესიას და რაც დამრჩებოდა, კრუიზში წავიდოდი სამოგზაუროდ.

– გინდათ, რომ მსოფლიო მასშტაბით ძალიან ცნობილი და გავლენიანი ადამიანი იყოთ?

– ძალიან საპასუხისმგებლო ამბავია. ზოგადად, ყველა ფიქრობს, რომ ყველაზე ჭკვიანია და ყველაფერი იცის, მაგრამ მგონია, რომ დღევანდელ სამყაროში არავის სიტყვას არ აქვს ფასი. ეს კარგი არ არის. ადამიანები გამოცდილ და ცოტა ავტორიტეტულ ადამიანებს რომ უსმენდნენ, არც რუსეთი მივიდოდა უკრაინასთან ომის წამოწყებამდე. ზედმეტმა ინფორმაციამ ის გამოიწვია, რომ ყველა ყველაფრის ექსპერტი გახდა. საკუთარი თავის ზედმეტად გვჯერა.

იყო გავლენიანი მსოფლიო მასშტაბით, ამის სურვილი, ალბათ, ყველას აქვს, მაგრამ მთავარია, ლაზათი და შნო გქონდეს, რომ ამ პასუხისმგებლობას მოერიო.

– რა გააკეთეთ ბოლოს ცხოვრებაში პირველად?

– ბევრ რამეს ვაკეთებ პირველად. სახლში თუ რამე გაფუჭდა, ყველაფერს მე ვაკეთებ, ხშირ შემთხვევაში – პირველად. ნებისმიერ ხელოსანზე კარგად შემიძლია გავართვა თავი ამა თუ იმ საქმეს. მთავარია, მექანიზმის მუშაობის პრინციპი გაიგო და მერე მიზეზებს ნელ-ნელა გაარკვევ. დაფიქრდები, ლოგიკურად გაჰყვები ჯაჭვს და შეიძლება, იმაზე უკეთ გააკეთო, ვიდრე თავიდან იყო. იაპონელები ახალს არაფერს იგონებენ. შეიძლება, ყველაზე უტოპიური გამოგონება აიღონ, დაამუშაონ და განავითარონ. სწორიცაა, ველოსიპედის გამოგონება არ არის საჭირო, მაგრამ არსებულის გაუმჯობესება ძალიან სასარგებლოა.

– ყველაზე მნიშვნელოვანი დღე თქვენს ცხოვრებაში, არის?

– ჩემი შვილების დაბადება. სამი ქალიშვილი მყავს და სამივე ერთნაირად განუმეორებელი.

– როგორც ვიცი, გამორჩეული მამა ხართ.

– შვილზე ახლობელი და ძვირფასი ვინ ჰყავს ადამიანს?! ვხუმრობ ხოლმე, ბავშვებთან ერთად ძუ მგელივით ვარ-მეთქი. პატარები რომ იყვნენ, მაშინ – განსაკუთრებით. თუ საჭიროა, შეიძლება, ვინმეს ვუკბინო კიდეც. გადაფოფრილი მამა ვარ – შეიძლება, ასეც ითქვას. ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობაში თავი და თავი მოვლენების მისი თვალით აღქმაა და არა მხოლოდ საკუთარი პრიზმიდან.

– რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე ცუდ საქციელად, რასაც ნანობთ?

– შეიძლება, რაღაც მომენტებში უფრო ლმობიერი ვყოფილიყავი. თუმცა, ასეთ რამეებზე არ უნდა ჩაიციკლო. სჯობს, არ გააკეთო სანანებელი რამ, მაგრამ თუ გააკეთე, მაშინ ნუ გრცხვენია. თუ არასწორად თვლი, მეორედ აღარ გააკეთო, სინანულში რომ ჩავარდე, ამით რას უშველი? ადექი და უკეთესი საქმით გამოასწორე. საერთოდ, ადამიანს და მათ შორის, საკუთარ თავსაც, რაც მეტს მიუტევებ, მით უკეთესი. პირველ რიგში, საკუთარ თავთან უნდა იყო მოლაპარაკებული – რას აკეთებ და რისთვის.

– ყველაზე უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენიათ, არის?

– მაგალითად, პანაშვიდებზე მეუღლე მაფრთხილებს ხოლმე, ვის უნდა მივუსამძიმრო, ვინ არის გარდაცვლილის ახლობელი და ვინმე კონკრეტულზე რომ მეტყვის, ისე გადავერთვები ხოლმე მასზე, შეიძლება, სხვა ახლობელს სამძიმრის გარეშე ჩავუარო. ვერ აგიხსნით ეს რატომ ხდება. შეიძლება, ვიღაც შემხვდეს ქუჩაში, ველაპარაკო და მერე დამარტყას თავში, რომ ძალიან ახლობელი იყო. ყველაფერში იდეალური მეხსიერება მაქვს, მაგრამ როცა სახელებსა და გვარებს ეხება საქმე, რაღაც სხვა ხდება. ეტყობა, ჩემს გონებაში ამ საკითხისთვის სათანადო ადგილი არ მაქვს გამოყოფილი. ეკრანისა და პირდაპირი ეთერის გადამკიდე, ტექსტებთან მიმართებით ყველაფერი „დამუღამებული“ მაქვს, ყოველი შემდეგი წინადადება დალაგებული ჩამოდის თავიდან, ისე, რომ ფიქრიც არ მჭირდება, დაპროგრამებული მაქვს გონება, მაგრამ სახელებსა და გვარებს ვერაფერი მოვუხერხე, ეტყობა, დაპროგრამების დროს არ მივაქციე (იცინის). არა უშავს, გამოვასწორებ. ზოგჯერ კიდევ ისე ვცდილობ ვიღაც ჩემს ნაცნობს მივამსგავსო და ვცდები, რომ ამის გადამკიდე შემდეგ შეიძლება, ნაცნობსაც აღარ მივესალმო იმაზე ფიქრით, რომ მხოლოდ ვამსგავსებ და სინამდვილეში შეიძლება, ჩემი ნაცნობი სულაც არც არის.

დედაჩემის ძმას ესტონელი მეუღლე ჰყავს, იქ ცხოვრობდნენ. ერთხელ, ახალგაზრდობაში, ტალინში ჩავედით. ჩვენი ავტობუსი შუქნიშანზე გაჩერდა და ვხედავთ, რომ გაჩერებაზე ადგილობრივი მცხოვრებლები დგანან. მეგობარს ვანიშნებ ერთ გოგოზე და ვეუბნები, ის ძალიან მაგრად ჰგავს ბიცოლაჩემს და სხვათა შორის, ბიცოლაც ამ ქალაქში ცხოვრობს-მეთქი. დავიძარით ადგილიდან და ამ გოგონამაც გამომხედა. საღამოს ოჯახში დავრეკე იმის სათქმელად, რომ კარგად მოვეწყვეთ და დედა მეუბნება, ოლიამ დარეკა, დღეს ავტობუსის გაჩერებიდან, ავტობუსში ბიჭი დავინახე, ისე მაგრად ჰგავდა ზურიკოს, რომ გავოცდიო. თურმე, ერთმანეთს ვუყურებთ (იცინის). ვერცერთმა ვერ დავუშვით, რომ მართლა ერთმანეთი დავინახეთ.

– მოგიპარავთ რამე?

– ბავშვობაში სულ საზამთროს ვიპარავდით. ისეთ უბანში გავიზარდეთ, საზამთრო რომ არ მოგეპარა, არ შეიძლებოდა. კოლმეურნეობის მოედანზე, სეზონზე საზამთროს ბაზრობა იყო ხოლმე. ღამით საზამთროებს გისოსებით იცავდნენ, მაგრამ ჩვენ ჩვენი მეთოდი გვქონდა და მაინც ვახერხებდით მოპარვას. მივიდოდით, გავჭრიდით საზამთროს, ჯერ ერთ ნახევარს გამოვიღებდით, მერე მეორეს. კიდევ მეზობლებს ცარიელ ბორჯომის ბოთლებს ვპარავდით, ვაბარებდით და კინოში მივდიოდით, ზოგჯერ კი „მაროჟნს“ ვყიდულობდით. ოჯახშიც გვაძლევდნენ ფულს, მაგრამ ჩვენი გვინდოდა.

– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი?

– ზოგჯერ შეიძლებოდა, უფრო ლმობიერი ვყოფილიყავი, მაგრამ მაინცდამაინც სასტიკი არ ვარ. ჩხუბში დანა არასდროს გამომიყენებია. შეიძლება, იმიტომ, რომ კარგად ვჩხუბობდი და არ დამჭირვებია. ყოველ შემთხვევაში ჯიბეში სულ მედო, კარგადაც ვისროდი, მაგრამ არასდროს ასეთი რამ არ გამომიყენებია.

– რისი კეთება გიყვართ ყველაზე მეტად და რისი – არა?

– წყალი მიყვარს მაგრად და ყვინთვა, ეს ჩემი მეორე პროფესიაა. დედამიწის ზურგზე ყველაზე მეტად ვერ ვიტან ფარდების ჩამოკიდებას. ჭირის დღესავით მეზიზღება. თუ ძალიან გამოუვალი მდგომარეობა არ არის, თავიდან ვირიდებ. უნდა ამოვიღო ფარდები ცხოვრებიდან, გადავიდეთ ჟალუზებზე. რა უბედურებაა ფარდები?!

– ახლობლები რის გამო გაქებენ და გაკრიტიკებენ?

– მაკრიტიკებენ იმისთვის, რომ ჩემს პოტენციალს ბოლომდე არ ვიყენებ. მაქებენ იმის გამო, რომ საოცარი ნებისყოფა მაქვს. მაგალითად, თუ საქმეს სჭირდება, შემიძლია 25 დღეში 27 კილოგრამი დავიკლო.

– ბევრი წლის შემდეგ, როგორ ისურვებდით სიცოცხლის დასრულებას?

– იმის იმედით, რომ იმქვეყნად იმას მიიღებ, რაც დაიმსახურე. უფლის რწმენით, ღირსეულად, შიშის გარეშე. ზოგს ფრენის პანიკური შიში აქვს. მე ექვსი თვიდან, წელიწადში, მინიმუმ, ოთხჯერ მიწევდა ფრენა და თვითმფრინავთან ძალიან გაშინაურებული ვარ. მანქანაში ადამიანს რომ ვუზივარ გვერდით, შეიძლება, იქ უფრო მეშინოდეს, ვიდრე თვითმფრინავში. ერთხელაც მივფრინავთ და თვითმფრინავი დასაჯდომად დაეშვა. უხერხული მდგომარეობა შეიქმნა, ისეთი სახიფათო, რომ მეც შემეშინდა. ატყდა ერთი წიოკი, ბიჭებმაც კი კივილი დაიწყეს. ვერ მოვითმინე, წამოვხტი და ყველას მივმართე, კაცურად მაინც მოკვდით-მეთქი. სხვათა შორის, ცოტა უშველა სიტუაციას (იცინის). ყველანაირ სიტუაციაში ღირსება პირველ რიგში დგას.