როგორია ანო მაისურაძის მულტიფუნქციური ქმარი და რა გამოცდა მოუწყვეს მან და ნიკო ნანიტაშვილმა საკუთარ თავს

842

როგორია ანო მაისურაძისა და ნიკო ნანიტაშვილის ოჯახური ცხოვრება, რაში ჰგავს ცოლ-ქმარი ერთმანეთს და რით განსხვავდებიან, ამაზე ანო მოგვიყვება. მასთან საუბარი მოგზაურობით დავიწყეთ, სადაც სულ ცოტა ხნის წინ იმყოფებოდნენ.

ანო მაისურაძე: მე და ნიკომ პოლონეთში მოგზაურობა და ბიონსეს კონცერტზე დასწრება მოულოდნელად დავგეგმეთ. ყველაფერი ორი კვირით ადრე გადავწყვიტეთ და ვარშავაში წავედით. ძალიან კარგი დრო გავატარეთ, სხვათა შორის, კონცერტზე, ნახევარი დარბაზი ქართველები ვიყავით (იცინის).

ორი შვილი გვყავს და ხშირად აღარ გვაქვს ასეთი ფუფუნება, რომ მარტოები წავიდეთ სამოგზაუროდ, მაგრამ ბოლო პერიოდში ვცდილობთ, მოვუხშიროთ. ახლა თუ მოვეშვით, მერე საერთოდ აღარ გამოგვივა (იცინის). ჩვენი მეორე შვილი ჯერ ერთი წლისაა და დიდი ყურადღება სჭირდება. ელისაბედი უკვე დიდი გოგოა, მაგრამ მაინც დიდი დოზით ვჭირდებით, ამიტომ ამ სიტუაციაში თუ შევძელით საკუთარი თავისთვის დროის გამონახვა, ესე იგი, ყოველთვის გამოგვივა. მოკლედ, გამოცდა მოვუწყვეთ საკუთარ თავს და მგონი, ჩავაბარეთ (იცინის).

– ორი შვილი ახსენე და როგორ მოახერხე, ზუსტად მათზე ზრუნვის პარალელურად, სოციალურ ქსელებში გააქტიურება და ინფლუენსერების რიგებში ჩაწერა?

– არ ვიცი, ჩავეწერე? (იცინის). რამდენიმე ვიდეოს გადაღება და დამონტაჟება რომ გადავწყვიტე, მივხვდი, რამდენად შრომატევადი ყოფილა ეს საქმე. ჟურნალისტიკა მაქვს დამთავრებული და ამის გარეშეც მინახავს გადაღება და მონტაჟი, მაგრამ ვფიქრობდი, რომ „ტიკ-ტოკისა“ და „ინსტრაგრამისთვის“ უფრო მარტივი იქნებოდა. არ ყოფილა ასე (იცინის). თან, მე ყველა დეტალზე ვიცი დაკვირვება და რამე თუ არ მომწონს, ყველაფერი შემიძლია, წავშალო და ხელმეორედ გავაკეთო ან საერთოდ დავანებო თავი. ჩემგან დიდი პატივისცემა ყველა ინფლუენსერს, რომელიც ძალიან აქტიურია. ფაქტობრივად, ეს ცალკე სამსახურია. მე სათანადო დროს ვერ ვუთმობ ამ საქმეს, მხოლოდ ხანდახან თუ მომეცემა საშუალება. ზოგადად, მე მიყვარს ჩემი გამოცდილების მეგობრებისთვის გაზიარება და ამჯერადაც ეს იყო ჩემი მოტივაცია. ძალიან ბევრი ადამიანისთვის მირჩევია რაღაც პირადი გამოცდილებით და მერე უთქვამთ, რომ ძალიან გამოადგათ ჩემი ნათქვამი. პირადად მე ძალიან ვაფასებ კარგ რჩევას და არ მომწონს, როცა ვინმე ზედაპირული რჩევით დროს მაკარგვინებს. ამიტომ გადავწყვიტე, რაც ზუსტად ვიცოდი, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ის სხვებისთვისაც გამეზიარებინა.

– შვილებმა და ოჯახმა თუ შეგცვალა?

– შვილების გაჩენამ ჩემში დიდი გარდატეხა მოახდინა. უფრო მეტად თავდაჯერებული გავხდი, მეტი გულისყურით ვეკიდები როგორც ბავშვებთან, ისე სხვებთან ურთიერთობას თუ საქმეს. დედობა ბევრ პასუხისმგებლობას ნიშნავს, მაგრამ ამან კიდევ უფრო მეტის კეთების სტიმული მომცა და ბევრად მობილიზებულიც გამხადა. ბავშვები მაგალითს უფროსებისგან იღებენ, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, ის გავაკეთო, რასაც ვამბობ. ორი შვილის აღზრდა რთულია, მაგრამ ამ პროცესში უზარმაზარი როლი აქვს ნიკას, როგორც მეუღლეს და როგორც მამას. თანაბრად კი არა, ხანდახან ის ჩემზე მეტ პასუხსიმგებლობასაც იღებს და ამ მხრივ, ორივეს გაგვიმართლა. რაღაცებში უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის, არ გვჭირდება ბევრი ლაპარაკი, მაგალითად, იმაზე, თუ ვინ დაიტოვებს ბავშვს, ვინ გამოუცვლის ან უყიდის რამეს და ასე შემდეგ.

– ვიდეო გედო სახელწოდებით – „მულტიფუნქციური ქმარი“, რომელიც თან ბავშვს ართობს, თან საჭმელს ამზადებს და პარალელურად, სიმღერით განწყობაზეც ზრუნავს. როგორია რეალურად?

– ზუსტად ასეთი (იცინის). მე მიყვარს ხოლმე ოჯახური მომენტების გადაღება. გივისთანაც ასე ვიყავი. იმიტომ კი არა, რომ მერე სადმე გამოვაქვეყნო, უბრალოდ, მიყვარს ჩვენი არქივისთვის ყოველდღიურობის ასახვა, არა დადგმულის, ბუნებრივის. ეს ვიდეოც ერთ-ერთი ასეთია, ჩვენს ჩვეულებრივ დღეს ასახავს, როცა ნიკა, თან, სამზარეულოში ტრიალებს, თან, ბავშვზე ზრუნავს და თან, მღერის. გულწრფელად ვამბობ, რაღაცებში მას ვეკითხები ხოლმე აზრს. ერთმანეთისთვის აზრის კითხვა ბუნებრივია, მაგრამ არის რაღაცები, რაშიც ნიკას შეიძლება, უფრო ვენდობოდე, ვიდრე საკუთარ თავს. მე უფრო სპონტანური და რისკიანი ვარ, ნიკა უფრო დინჯია. მეც და ნიკაც მამების გარეშე გავიზარდეთ, ეს არის რეალობა. ნიკასაც და მეც მაგალითად ბაბუები გვყავდა. ნიკას ბაბუაც გადაყოლილია ოჯახზე, უზომოდ მოსიყვარულეა და ასეთი იყო გივიც. ალბათ, ამან ორივეზე დიდი გავლენა მოახდინა. ნიკას პლუს კიდევ ბევრი ისეთი თვისებაც აქვს, რაც ჩვენი ბაბუების თაობის წარმომადგენლებს არ ჰქონდათ და რაც, თუნდაც, მის მრავალფუნქციურობაში გამოიხატება. თუმცა, ყველაფერი ძალიან ბუნებრივად ხდება და არა დაძალებით. ხანდახან პირიქით ვეუბნები ხოლმე: კარგი, დაანებე ბავშვებს თავი, გაუშვი, რაც უნდათ, ქნან-მეთქი, რადგან ძალიან გადაფოფრილი მამაა (იცინის).

– ერთნაირ გარემოში აღზრდის გამო ხასიათით თუ ჰგავხართ ერთმანეთს?

– რაღაცებში ვგავართ, მაგრამ ჩვენი ცხოვრება მაინც განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. მე თითქოს კოლბაში გავიზარდე. სულ ცდილობდნენ ჩემი ოჯახის წევრები – არიქა, არაფერი მოაკლდესო. გივის პირველი შვილიშვილი ვიყავი და ხელის გულზე მატარებდნენ. ნიკას კი, მიუხედავად იმისა, რომ ბებია-ბაბუის ზრუნვა ნამდვილად არ აკლდა, ჩემთან შედარებით გაჭირვებაში იზრდებოდა. თუმცა, ძალიან ჩვენც არ გვილხინდა, მინიმუმ, უპრობლემო ცხოვრების ილუზიას მიქმნიდნენ და ამანაც იმოქმედა. ნიკა ადრეული ასაკიდან გახდა დამოუკიდებელი და ბრძოლისუნარიანობა და სხვებზე ზრუნვის მომენტიც ადრეულ ასაკში შეიძინა. მე ასე მგონია. ძალიან მობილიზებულია, ყველაზე ფიქრობს და ზრუნავს. სცენაზეც რომ დგას, საკუთარი კი არა, ყველას ტექსტი ზეპირად იცის – ვაიდა, სადმე რამე გაიჭედოს, ყველას გადამრჩენელი ნიკაა. საერთოდ, ძალიან საიმედო ადამიანია.

– ოჯახშიც ასეთია? შეუძლია, უცებ იპოვოს გამოსავალი?

– კი. ბანალურ მაგალითს მოვიყვან, მაგრამ ნათურით დაწყებული, ნებისმიერი ნივთით დამთავრებული, თუ რამე გაფუჭდა, ნიკამ თუ ხელი მოჰკიდა, გამორიცხულია, რომ ვერ გააკეთოს.

– ოჯახისთვის როგორი სიძეა?

– მე უფრო ვარ რძალი ამ ოჯახში, ვიდრე ნიკაა სიძე (იცინის). ბებიაჩემისა და ნიკას სიყვარულის ისტორია საერთოდ ცალკე ამბავია. ის ნიკას გარდა არავის ენდობოდა.

ბოლოს ნიკას გაკეთებული საჭმლის გარდა აღარაფერს ჭამდა. გივიმ თავიდანვე შვილიშვილივით მიიღო. აქამდეც მითქვამს, რომ წლების შემდეგ ბებიას უჩურჩულა, ჩემს თავს მაგონებსო. ნიკა მართლა იმდენად ორგანულად ჩაეწერა ჩვენს ოჯახში, რომ სიძედ არავინ აღიქვამს. დედასაც საოცარი დამოკიდებულება აქვს მასთან.

– „როცა მეკითხებიან, რომელია ჩემი საყვარელი სუპერგმირი“ – ამ სათაურით გედო ბაბუას ფოტო. ბატონი გივი იყო ადამიანი, ვისზე საუბრისასაც თვალებში ყველას სითბო ეღვრება. შენთვის რას ნიშნავს მისი შვილიშვილობა?

– რაც მეტი დრო გადის მისი გარდაცვალებიდან, სულ იმას ვფიქრობ, რომ ამ ადამიანმა იმდენი რამ დამიტოვა საფიქრალად და გასაანალიზებლად, რომ ეს პროცესი არასდროს დასრულდება. ძალიან მარტივ ყოველდღიურ ამბებში იკითხებოდა მისი ხასიათი. სულ ცდილობდა, ვინმეს დახმარებოდა, ხელი გაეწვდინა მისთვის, ვისაც ეს ძალიან სჭირდებოდა, ყველასთან საუბარი უხაროდა და ცდილობდა, სხვაც გაეხარებინა. ეს ყველაფერი იმდენად ბუნებრივად ხდებოდა, ძალიან ჩვეულებრივი ამბავი მეგონა. ვფიქრობდი, რომ ყველა მისნაირი იყო, მაგრამ როცა დრო გადის, იზრდები და რაღაცებს შორიდან და სხვა თვალით უყურებ, შედარებებს აკეთებ და ამიტომაცაა, რომ ახლა სულ ვფიქრობ, როგორ შეძლო ამ ადამიანმა, რომ ბოლომდე შეინარჩუნა ასეთი სისუფთავე, სიყვარული ადამიანების მიმართ და არასდროს გაბოროტდა. არ მახსოვს, კოლეგაზე ცუდი ეთქვა. სხვა თუ იტყოდა ცუდს, ან გადიოდა ან სთხოვდა დაესრულებინათ საუბარი და სხვა თემაზე გადასულიყვნენ. ხომ გვქონია ადამიანებს მომენტი, გული მოგვიფხანია ვინმეზე ცუდის თქმით, ამ ადამიანში მსგავსს ვერაფერს ნახავდით. უნიკალური ნიჭი ჰქონდა, სხვის ტყავში შემძვრალიყო, საოცრად გამგებიანი იყო. ვინმეს რამე თუ შეეშლებოდა, იტყოდა ხოლმე, შენ რა იცი, მის გულში რა ხდებოდა იმ დროსო. ყველას უპოვიდა გამართლებას, არასდროს არავის კიცხავდა და დასცინოდა. მე გივის ვაფასებ, როგორც ხელოვანს, მაგრამ ჩემთვის ის უფრო დიდი აღმოჩენაა, როგორც პიროვნება და შემდეგ როგორც ხელოვანი. მგონია, რომ მისი სამსახიობო ნიჭიც დიდწილად მისი გულწრფელობისა და სიკეთითაა განპირობებული. შესაძლოა, ამპარტავნულად გამომდის, მაგრამ თუკი ვინმე სახალხოს წოდებას იმსახურებს, გივი ერთ-ერთი მათგანია, მას ხალხის სიყვარული აცოცხლებდა. დღეს გივი ჩემი ყოველდღიური საფიქრალია იმის გამო, თუ როგორები უნდა ვიყოთ. ახლა განსაკუთრებით კარგად ვხვდები, რა ბედნიერება ყოფილა ასეთი ადამიანის გვერდით აღზრდა.