,,მამა გაგრაში დაიღუპა, დედამ სამი და მარტომ გაგვზარდა..”

176

ნანუკა ქაჯაია რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა ტელესივრცეში და ახლა ნახავთ ყველგან, სადაც ცხელ-ცხელი ამბები ტრიალებს. კვირაში 5 დღე სამსახურითა და რესპონდენტებით ცხოვრობს. განსაკუთრებით მოსწონს, როცა მოვლენების შუაგულში უწევს ყოფნა და ყველაფერი მის თვალწინ ხდება. თავის საქმიან და პირად ცხოვრებაზე ნანუკა ,,სარკესთან” ჰყვება.

„31 წლის ვარ და აქედან 10 წელია, რაც ჟურნალისტი ვარ. თავდაპირველად ტელეკომპანია “იმედში” დავიწყე მუშაობა. სხვათა შორის, სტაჟირებაზე ნოდარ მელაძის რეკომენდაციით ამიყვანეს.

პირველივე დღეს მკითხა პროდიუსერმა, გადაღებაზე წავიდოდი თუ არა. ცხადია, ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გამიშვია. იმ დღეს ექვს გადაღებაზე ვიყავი. მთელი კვირა ამ რეჟიმში ვმუშაობდი. კვირის ბოლოს კი საინფორმაციოს უფროსმა, მათე კირვალიძემ, დამიძახა. არასდროს დამავიწყდება, როგორი შეშინებული შევედი მის კაბინეტში. მეგონა, რაღაც გავაფუჭე. მითხრა, მაინტერესებს, ვინ ხარ, სულ შენი გვარი მიწერია ე.წ. ვიორსტკაშიო და მომცა შესაძლებლობა, პირველივე კვირას გამეკეთებინა პირველი სიუჟეტი. ეს ეხებოდა სეზონურ ინფექციებს. მესამე წელს ითვლის, რაც „ტვ პირველში” ვმუშაობ.

ბავშვობისდროინდელი ოცნება თუ გაქვთ, რომელიც ვერ აისრულეთ?

სხვათა შორის, ბავშვობაში მსახიობობაზე ვოცნებობდი, კინოში გადაღება მინდოდა. ალბათ, ეს მხოლოდ ბავშვური ოცნება იყო, თორემ ძირითადად, რაც ძალიან მინდა, ყოველთვის ვაკეთებ.

აქვე გვითხარით, როგორი ბავშვობა გქონდათ…

თბილისში ვიზრდებოდი, მაგრამ ჩვენ გაგრიდან ვართ. მამაჩემი იქ დაიღუპა. მე და ჩემი ორი და დედამ, მადონა ცომაიამ, მარტო გაგვზარდა. ვფიქრობ, რთული პერიოდის მიუხედავად, დედამ შეძლო, რომ უდარდელი და ბედნიერი ბავშვობა გვქონოდა სიყვარულსა და ბევრ სითბოში. სხვადასხვა წრეზე დავყავდით – სამსახიობოზე, ცეკვაზე, მუსიკაზე. სიმღერა საერთოდ არ გამომდის, მაგრამ მაინც ვმღერი.“