“ტვინში რაღაც გადაბრუნდება და… თვითონაც შემშინებია საკუთარი თავის, ალბათ, ყველაფერზე წამსვლელი ვიყავი”

267

ზურა ბერიკაშვილის „უცნობი მხარე“ 

– ვინ არის ზურა ბერიკაშვილი?

ზურა ბერიკაშვილი: ვფიქრობ, რომ ერთი ჩვეულებრივი თბილისელი კაცი ვარ. არავისგან არაფრით განსხვავებული და ადამიანების მოყვარული.

– გიკეთებიათ საქმე, რომელიც გძულდათ?

– რა თქმა უნდა, ჩემს პროფესიაშიც კი. არის რაღაც, რასაც ვერ აკეთებ, არც გინდა გააკეთო, რადგან არ არის შენთან ახლოს, მაგრამ საქმე მოითხოვს და საკუთარ თავს უნდა გადაახტე. ხან ხელფასის გამო, ხან სხვა აუცილებლობის გამო მიკეთებია ის, რაც არ მსიამოვნებდა.

– გულჩვილი ხართ?

– ვფიქრობ, რომ ვარ, მაგრამ არ ვიმჩნევ. ყველაფერს განვიცდი. ზოგჯერ იმაზე ვნერვიულობ, ქუჩაში რომ ადამიანი შემხვდა, ცუდად ხომ არ მივესალმე. ისე ხომ არ ვუთხარი რამე, რომ ჩემში რამე ამპარტავნული დაინახა-მეთქი, მიფიქრია ამაზე, გულთან მიმიტანია და მინერვიულია. თუმცა, ამას გარეგნულად ნაკლებად გამოვხატავ. არ მინდა, ჩემი განცდები სხვას მოვახვიო თავს.

– თუ გაიხსენებთ, ბოლოს როდის იტირეთ და რატომ?

– ფილმების ყურების დროს მიტირია. ცხარე ცრემლით არ ვტირი ხოლმე, მაგრამ ცრემლი წამომსვლია. ახლობელი ადამიანის დაკარგვის დროსაც რთულია ცრემლების შეკავება, თუმცა, ხმამაღლა, ალბათ, ბავშვობის შემდეგ არ მიტირია.

– რას ნანობთ?

– ისეთი სინანული, რომ თავი ვერ ავწიო და ადამიანს თვალი თვალში ვერ გავუყარო, არ მაქვს, ასეთი რამ მართლა არ გამიკეთებია, მაგრამ რაღაც-რაღაცები ყოფილა და ვფიქრობ, რომ დღეს სხვანაირად მოვიქცეოდი. შეიძლება, სწავლას დავაკელი რაღაც, დროც უცებ გავიდა და თან, ჩვენს თაობას ცუდი პერიოდი დაგვემთხვა. ბევრი რამის გაკეთება ვერ მოვახერხეთ ჩვენს პროფესიაში.

– უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდათ…

– ასეთი ბევრი ყოფილა. ერთხელ სპექტაკლი გვქონდა ლონდონში, „გლობუსის თეატრში“. სპექტაკლის შემდეგ ფართიზე ულამაზესი გოგო მოვიდა ჩემთან და აღფრთოვანებული რაღაცას მელაპარაკება. მე ვუყურებ გაბეცებული თვალებით და ვფიქრობ, ნეტა, რა უნდა-მეთქი. არადა, ადამიანი თვალებიდან ასხივებს. ბევრი ლაპარაკის შემდეგ სახე მოეღუშა და წავიდა. ახლოს ერთი ქართველი ემიგრანტი იდგა და მას ვკითხე, გაიგე რა უნდოდა-მეთქი და მან მითხრა, თურმე, „სამეფო თეატრის“ მსახიობი ყოფილა და თვითონაც ამ პიესაში თამაშობს, დიდ კომპლიმენტებს გეუბნებოდაო. მე ამ სპექტაკლში ცოტა მოდებილო ტიპის როლს ვთამაშობდი და არაფერზე რომ რეაქცია არ მქონდა, ეტყობა, იფიქრა, ეს მართლა დებილია, კი არ თამაშობსო და დამტოვა გაშტერებული (იცინის). აბა, რას იფიქრებდა, რომ ინგლისური არ ვიცოდი (იცინის).

– თქვენი ცხოვრების განსაკუთრებული დღე…

– ჩემი შვილებისა და შვილიშვილის დაბადების დღეები. ცუდად გამორჩეული დღეებიც მქონია. მაგალითად, როცა მამაჩემი წავიყვანე კლინიკაში თავის ფეხით და უკან ცოცხალი ვეღარ წამოვიყვანე, ეს განცდა მძიმედ დამრჩა.

– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი?

– რამდენჯერმე მოხდა ასეთი რამ. სასტიკი გავმხდარვარ ჩხუბის მომენტში. საერთოდ ძალიან დინჯი და მშვიდი ვარ, მაგრამ ისეც მომხდარა, რომ ვეღარ გამიკონტროლებია თავი. მერე, როგორღაც, გავჩერებულვარ, შინაგანად ღიმილში გადამიტანია ბრაზი და საკუთარი თავისთვის მითქვამს, რას შვრები, გაჩერდი-მეთქი. თუმცა, არის მომენტები, როცა ტვინში რაღაც გადაბრუნდება და ადამიანს ეკეტება – ასეთ მომენტში თვითონაც შემშინებია საკუთარი თავის, ალბათ, ყველაფერზე წამსვლელი ვიყავი, მაგრამ მერე, უცებვე შევძელი გამოფხიზლება. სამწუხაროდ, არ გვაქვს ისეთი ცხოვრება, რომ რამემ წყობიდან არ გამოგიყვანოს, ქართული ხასიათიც მოგეხსენებათ, მაგრამ მაინც თავშეკავებულ ადამიანად მივიჩნევ თავს. საერთოდ, ვერ ვიტან კონფლიქტს. შეიძლება, მონაწილე ვყოფილვარ, მაგრამ ჩემ გამო კონფლიქტი არასდროს მომხდარა. მინდა, ყველა დავაწყნარო, გავუღიმო, ჩხუბი თუა, შუაში ჩავდგე – ამისკენ უფრო ვარ მიდრეკილი. ბოლომდე ვერ ვიჯერებ ადამიანის სიცუდეს და ძალიან მიმნდობი ვარ. ალბათ, როცა თვითონ ვერ უშვებ რაღაც ცუდის გაკეთებას, გგონია, რომ სხვაც ასეთივე განწყობითაა. სულ იმას ვცდილობ, ადამიანში კარგი დავინახო, მაგრამ სამწუხაროდ, ხშირად გამწბილებია იმედი და მოლოდინი. რას ვიზამთ…

– რისი კეთება გიყვართ და რისი არა?

– მიყვარს რეპეტიციები და საკუთარი საქმის კეთება. დილით ადგომა და სამსახურში წასვლა რომ არ გეზარება. უბრალოდ, შენს საქმეს სამუშაოდ რომ არ აღიქვამ და მას, პირიქით, სიყვარულით აკეთებ. ეს კარგი მგონია. სხვანაირად მე ვერ შევძლებდი. რაც შეეხება საოჯახო საქმეებს, როცა მარტო ვცხოვრობდი, სახლში ყველაფერს თვითონ ვაკეთებდი. ახლა ჩემი მეუღლეა და მან გამაზარმაცა, აღარაფერს ვაკეთებ, მაგრამ ყველაფერი შემიძლია. საჭმელი, გაუთოება, გარეცხვა თუ სხვა, ყველაფერი გამომდის, სიბინძურეში არასდროს მიცხოვრია. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭებიც მსტუმრობდნენ, ქეიფიც იყო და დროსტარებაც, ყოველთვის ყველაფერი მოწესრიგებული მქონდა. თუმცა, რაც მეუღლე მოვიყვანე, გავზარმაცდი (იცინის).

არ მიყვარს, როცა რაღაცის კეთება არ გინდა, მაგრამ აუცილებლობას წარმოადგენს. ამის გამო წინასწარ ვიძაბები ხოლმე. ყველაზე ძალიან არ მიყვარს ადამიანისთვის რამის თხოვნა. ეს ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია, ოღონდ ვინმესთვის რამე არ მათხოვნინო…

– ყველაზე დიდი შიში როდის განიცადეთ?

– ერთხელ გასტროლიდან ვბრუნდებოდით და თვითმფრინავში დამწვრის სუნი დადგა. ფრენის არ მეშინია, მაგრამ თვითმფრინავში ასვლამდე ასი გრამის დალევა მიყვარს. ვისკდაულევლად, მგონი, არასდროს მიფრენია და მაშინაც ასე იყო. მოკლედ, მოვიდა ეს დამწვრის სუნი და სტიუარდესებმაც დაიწყეს აქეთ-იქით სირბილი. ისინიც პანიკამ შეიპყრო. საჰაერო კატასტროფაზე ყველას გვქონდა წარმოდგენა და თვითონაც მიხვდებით, იქ რა მდგომარეობა იქნებოდა. ქვემოთ გადავიხედე და ვხედავ, სახანძროების, სასწრაფოების, პოლიციის მანქანებია ჩამწკრივებული. ვიფიქრე, მე რომ ვინერვიულო, ამცდება თუ რა-მეთქი?! ასე დავიმშვიდე თავი.

ერთხელ ლენინგრადში მივფრინავდით. ძალიან ცუდი ფრენა იყო, ძაგძაგებდა თვითმფრინავი. მაშინ შეიძლებოდა თვითმფრინავში სასმლის შეტანა. გურამ ჯაშმა კონიაკი ამოიღო, დავლიეთ ერთი ბოთლი, გამომხედა და მითხრა, თუ გინდა, ახლა ფრთები მოუკეცია ამ თვითმფრინავსო და მეც – აბა, ახლა სხვამ იდარდოს-მეთქი (იცინის).