“იმ შემაძრწუნებელმა შიშმა ახალი ადამიანი დაბადა, ასჯერ ძლიერი ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ”

278

თამუნა გომართელის „უცნობი მხარე“ 👇

– ვინ არის თამუნა გომართელი?

თამუნა გომართელი: ბედნიერი, თავდაჯერებული და ჭკვიანი ქალი, რომელსაც საკუთარი თავის იმედი აქვს ყოველთვის, ყველგან და ყველაფერში; რომელიც ძალიან შრომისმოყვარეა და საკუთარ თავში ახალი უნარებისა და შესაძლებლობების მუდმივ ძიებაშია.

– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?

– ისეთი, როგორიც მაქვს, მიყვარს და მომწონს საკუთარი თავი ზუსტად იმ ცხოვრებაში, რომლითაც ვცხოვრობ. არ ვარ მეოცნებე, რეალისტი ვარ და ყოველთვის მადლიერებით ვიღებ ყველაფერს, რაც მაქვს. მგონია, რომ ბედნიერების შეგრძნებასაც დიდი ნიჭი უნდა და თუ ეს უნარი არ გაგაჩნია, არასოდეს არაფერი არ გაგაბედნიერებს. არადა, ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა საიმისოდ, რომ ბედნიერი არ ვიყო.

– გიკეთებიათ საქმე, რომელიც გძულდათ?

– კი, იყო ასეთი პერიოდიც. საბედნიეროდ, ხანმოკლე აღმოჩნდა. მაგრამ საქმე კი არ იყო საძულველი ან ადამიანები, უბრალოდ, გარემო იყო ტოქსიკური. არათუ დღე, არცერთი წუთი არ უნდა გავატაროთ ასეთ გარემოში, ამაზე დიდ სასჯელს საკუთარ თავს ვერაფრით დავუწესებთ.

– ბოლოს როდის იტირეთ და რატომ?

– ცოტა ხნის წინ მამას ასაკის ადამიანი მყავდა გადაცემაში სტუმრად, რომელიც შვილებმა მიატოვეს და სხვა ქვეყანაში გადასახლდნენ. ვუყურებდი და ვფიქრობდი, ნეტა მამა იყოს ახლა ცოცხალი და შემეძლოს, ჩავეხუტო-მეთქი. მის შვილებს კი ამის შესაძლებლობა აქვთ და ვერც ხვდებიან, რამხელა ბედნიერებაა ეს. მთელი გულით მინდოდა, ფინალში გასულიყო, მაგრამ სხვამ მოიგო და მაშინ ვიტირე საეთეროში, გადაცემის ჩაწერის დროს.

– რას გააკეთებდით, ახლა რომ ლატარიაში მილიონები მოიგოთ?

– საყვარელ ადამიანებს ყველაზე სანუკვარ ოცნებებს ავუსრულებდი და სამოგზაუროდ წავიდოდი პლანეტის ირგვლივ.

– გინდათ, რომ მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ცნობილი და გავლენიანი ადამიანი იყოთ?

– არა, გავლენიანი ადამიანები ყველაზე უბედურები არიან. მე ბედნიერებას ვირჩევ. ცნობადობა საკმარისია და მყოფნის ჩემს პერიმეტრში. მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი ხალხის ცხოვრება არაა ჩემი საოცნებო ცხოვრება, სრულებითაც არ ჰგავს იმას, რაც ჩემთვის ბედნიერებას ნიშნავს.

– თქვენი ყველაზე ცუდი საქციელი, რომელსაც სინანული უკავშირდება….

– ყველა საქციელი ჩემთვის გამოცდილებაა, წარსულზე სინანული არ მახასიათებს. უბრალოდ, ყველა შეცდომა ჭკუას მასწავლის. და ერთი საუკეთესო თვისება მაქვს, რომელიც ასევე გამოვიმუშავე – არ ვდარდობ სამ რამეზე: იმაზე, რასაც ვერასოდეს შევცვლი, ანუ წარსულზე; იმაზე, რისი შეცვლაც არ შემიძლია, თუნდაც აწმყოში და იმაზე, რაც ან მოხდება, ან არა, ანუ მომავალზე.

– ყველაზე უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენიათ?

– კონცერტი მიმყავდა და კულისებში ერთ-ერთ მომღერალზე რაღაც ვთქვი, მოვიხედე და აღმოჩნდა, რომ უკან მედგა და ყველაფერი გაიგონა (იცინის). მას შემდეგ კულისებში აღარ ვსაუბრობ.

– მოგიპარავთ რამე?

– ერთადერთი ცოდვა, რის გარეშეც წავალ ამ ქვეყნიდან, ალბათ, ეგაა. მოპარვა და კაცის მოკვლა.

– სახალისო შემთხვევა პაემანზე…

– ყველაზე აქტიური გაპრანჭვის ფაზაში ჩემმა მეუღლემ დამპატიჟა პირველ სერიოზულ პაემანზე და მთელი საღამო ფეხბურთის ჩემპიონატს დიდ ეკრანზე ისეთი გატაცებით ვუყურებდით, რომ საერთოდ არ გაგვხსენებია, ერთად თუ ვიყავით (იცინის).

– როდის ყოფილხარ ყველაზე სასტიკი?

– ალბათ, მაშინ, როცა ღიად და შეულამაზებლად ვეუბნები ადამიანებს ჩემს სათქმელს. ეს მაშინ ხდება, როცა უსიტყვოდ და ახსნა-განმარტების გარეშე თავისით ვერ ხვდებიან ან არ უნდათ, რომ მიხვდნენ. ასეთ დროს, ვთვლი, რომ პირდაპირ უნდა აჯახო და ამას ბოლო დროს ხშირად ვაკეთებ.

– რა არის თქვენი ყველაზე დიდი მარცხი და გამარჯვება?

– ყველაზე დიდი მარცხი იმ პერიოდს უკავშირდება, როცა იდიოტურად მიმნდობი ვიყავი და ყველას გულწრფელობის მჯეროდა. ანდრო დგებუაძის ერთი „პოდკასტი“ მახსენდება, მიამიტობასა და გულუბრყვილობაზე სადაც საუბრობს. ადრე სინდისიერება და გულუბრყვილობა თითქმის ერთი და იგივე მეგონა, დღეს კი განუვითარებლობის ყველაზე აშკარა გამოვლინებად მივიჩნევ და ბედნიერი ვარ, რომ ისე დავძლიე, უკან გახედვაც აღარ მინდა. ყველაზე დიდი გამარჯვებაც სწორედ ამის დაძლევის ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესის ფინალი იყო.

– ბოლოს რა მოისმინეთ საკუთარ თავზე კარგი და ცუდი?

– აღარც კარგს ვიმახსოვრებ და აღარც ცუდს, იმიტომ, რომ ხალხის აზრი ძალიან ცვალებადია, დღეს რომ ცამდე აგიყვანენ, ხვალ მიწასთან გაგასწორებენ, რეალურად კი არც ერთს იმსახურებ და არც – მეორეს. ესეც ერთგვარი პოზაა, ტრენდული ტენდენცია, რომ ერთმანეთს უნდა აჰყვნენ, ან გაგაღმერთონ ან ტალახი გესროლონ. საზოგადოებრივი აზრი ერთი დიდი იდიოტური კლიშეა, რომელიც მხოლოდ გაფერხებს, ან ჩიხში გაქცევს და თვითშეფასებას გიქვეითებს, ან კიდევ უარესი – ძალიან მაგარ ტიპად გაგრძნობინებს თავს. ორივე შემთხვევაში ზარალდები. მე თვითონ ვარ ჩემი თავის ცენზორი, სრულებით აღარ მაინტერესებს, სხვა რას ფიქრობს ჩემზე. ამ კონდიციამდე მისასვლელად ძალიან დიდი დრო, შრომა და ძალისხმევა დამჭირდა, მაგრამ ეს შედეგი ამად ღირდა, მერწმუნეთ.

– რისი კეთება გიყვართ და არ გიყვართ ყველაზე მეტად?

– მიყვარს ზღვა და მზე, მიყვარს ჩემი საქმე ტელევიზიაში, ზრუნვა მიყვარს საკუთარ თავზე და საყვარელი ადამიანების განებივრება, მიყვარს ფეხით სიარული, კარგი მუსიკა, ფერადი ტანსაცმელი. არ მიყვარს უთოობა, ხანგრძლივად ტელეფონზე საუბარი, ნამცხვრები და ავტომობილით მგზავრობა.

– რომ გაიგოთ, მეგობარს პარტნიორი ღალატობს, რას გააკეთებდით?

– ადრე გიპასუხებდით, რომ ვეტყოდი და აუცილებლად ჩავერეოდი, მაგრამ ახლა გულწრფელად გეტყვით, რომ ყველა ადამიანი თვითონაა თავისი ცხოვრების ბატონ-პატრონი და თვითონ წარმართავს ყველა პროცესს, რაც მის თავს ხდება. არავითარ შემთხვევაში არ ჩავერევი არავის ცხოვრებაში, მით უმეტეს პირადში. ყველა ღალატს თავისი მიზეზშედეგობრიობა უძღვის წინ და ახლავს თან, გვერდიდან ხშირად ყველაფერი სულ სხვაგვარად ჩანს, ხომ გინახავთ ჩრდილი მზეზე – გოლიათი რომ ჯუჯა ჩანს ან პირიქით, ჰოდა, ნუ ენდობით თქვენს პროექციას, ის მხოლოდ თქვენი პირადი აღქმაა და საერთოდ არ ნიშნავს ჭეშმარიტებას. სინამდვილეში ზოგჯერ ყველაფერი სულ სხვაგვარად არის ხოლმე, ვიდრე გვერდიდან ჩანს.

– რას ამბობენ მეგობრები თქვენზე? რის გამო გაკრიტიკებენ და რის გამო გაქებენ?

– აღარც ქების მოსმენა მსიამოვნებს და აღარც კრიტიკის, გამოვედი მაგ ასაკიდან, ერთი თავდაჯერებულობას რომ მმატებდა და მეორე თვითგანვითარებისკენ მიბიძგებდა. მე თვითონ მშვენივრად ვიცი ჩემი ძლიერი და სუსტი, ბნელი და ნათელი მხარეები.

– ბევრი წლის შემდეგ როგორ ისურვებდით სიცოცხლის დასრულებას?

– ძალიან ღრმა სიბერეში, სადმე ზღვისპირა დიდ სახლში თეთრი გამჭვირვალე ფარდებით და პანორამული ვიტრაჟებით, სარწეველაში მშვიდად და ტკივილის გარეშე, სახეზე ღიმილით და იმაზე ფიქრით, რომ ზედმეტად ბედნიერი მოხუცი ვარ და რომ ეს ცხოვრება ყველაზე საინტერესო თავგადასავალი იყო.

– რომელ დროსა და ეპოქაში ისურვებდით ცხოვრებას?

– აუცილებლად მომავალში, თუნდაც ნახევარი საუკუნით წინ.

– ყველაზე დიდი შიში როდის განიცადეთ?

– როცა მამის გარეშე დავრჩი და იმ შემაძრწუნებელმა შიშმა ახალი ადამიანი დაბადა, ასჯერ ძლიერი, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ. როგორც ბავშვი იზრდება ძილში, ასევე იზრდება შიშის დროს ადამიანი.

– რაშია ძალა?

– გონიერებაშია ყველაზე დიდი ძალა, ჭკვიანი ადამიანი ყოველთვის ყველაფერს შეძლებს, თუ საკუთარი ჭკუის იმედზეა და არა ილუზორულ ფანტაზიებსა და ოცნებებში.

– ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ?

– იმით, რომ ვარ ზუსტად ისეთი, როგორიც ვარ.